ახლახან ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ ჰაერის დაბინძურება გლობალურ სიცოცხლის ხანგრძლივობას დაახლოებით ორი წლით ამცირებს. ადამიანთა ჯანმრთელობისთვის ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე დაბინძურებული ჰაერია.

მეცნიერებმა ნავთობზე დაფუძნებული საწვავის გამოყენებისგან გამოწვეული დაბინძურების შესწავლით დაადგინეს, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც დაბინძურება მაქსიმალურად მაღალია, მაგალითად, ინდოეთსა და ჩინეთში - სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით ექვსი წლით არის შემცირებული.

კვლევაში მეცნიერებმა დაბინძურების ამჟამად არსებული ყველაზე ზუსტი რუკები გამოიყენეს. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დაბინძურებული ჰაერი უფრო დიდ უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე სიგარეტის კვამლი და შიდსი.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჰაერის ხარისხისა და სიცოცხლის ინდექსი (AQLI) შექმნეს, რითაც ადამიანებს შეუძლიათ დაადგინონ, თუ რამდენი წლით უფრო მეტ ხანს იცოცხლებდნენ ისინი, ჰაერი რომ დაბინძურებული არ იყოს.

საქართველო


აღნიშნული მონაცემებში იპოვით საქართველოსაც, კერძოდ, თუ თბილისში ჰაერი WHO-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებდა, ჩვენ დაახლოებით 0.7 წლით უფრო მეტ ხანს ვიცოცხლებდით. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა რეგიონებში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში აღნიშნული მაჩვენებელი 0.4-ია, ქვემო ქართლში კი 0.5.

საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბინძურების შედეგად საშუალოდ 0.3 წლით არის შემცირებული.

"ადამიანებს შეუძლიათ, რომ მოწევა შეწყვიტონ და საკუთარი ორგანიზმი დაიცვან, თუმცა, როდესაც საქმე ჰაერის დაბინძურებას ეხება, ადამიანების უმეტესობა უძლურია", - აცხადებს ჩიკაგოს უნივერსიტეტის წარმომადგენელი და კვლევის ავტორი მაიკლ გრინსტოუნი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, მოსახლეობის 90 პროცენტი ჯანმრთელობისთვის საშიშ ჰაერს სუნთქავს, რაც ყოველწლიურად შვიდ მილიონ ადამიანს კლავს.

სავარაუდოა, რომ ეს რიცხვები მოცემულ რეალობას სათანადოდ ვერ ასახავს, რადგან კვლევაში ჰაერის დაბინძურების მხოლოდ ერთი ასპექტი - ჰაერში არსებული ნაწილაკებია შესწავლილი. უფრო კომპლექსურ მოდელებზე დაყრდნობით, ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად ცხრა მილიონ ადამიანს კლავს.

მაგალითად, ინდოეთში მცხოვრები ადამიანები საშუალოდ 4.3 წლით უფრო დიდ ხანს იცოცხლებდნენ, თუ ქვეყანაში არსებული ჰაერი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში კი ჯანსაღი ჰაერის არსებობის შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 8.6 წლით უფრო მეტი იქნებოდა.

აშშ-ში პოპულაციის ერთი მესამედი დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობს, სუფთა ჰაერის არსებობის შემთხვევაში მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ერთი წლით გაიზრდებოდა.

შეჯამებისთვის, ჰაერის დაბინძურება გლობალურ საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას 1.8 წლით ამცირებს, აღსანიშნავია, რომ თამბაქოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1.6-ია.