ჭარბწონიანობასა და დეპრესიას შორის გენეტიკური კავშირი გამოაშკარავდა
მეცნიერების თქმით, ჭარბწონიანობას დეპრესიის გამოწვევა შეუძლია, მიზეზები კი ძირითადად ფსიქოლოგიურია.
ამ დრომდე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ჭარბწონიან ადამიანებს დეპრესიის განვითარების მომატებული რისკი აქვთ, თუმცა ამ დრომდე უცნობი იყო, დეპრესია იწვევდა წონაში მატებას, თუ პირიქით.
ახლა კი აღნიშნულ საკითხზე ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კვლევაში ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გენებმა, რომელიც სხეულის მასის ინდექსის (BMI) მაღალ მაჩვენებელთან არის კავშირში, შესაძლოა დეპრესიამდე მიგვიყვანოს. დეპრესიის გამომწვევი ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორი კი საკუთარი სხეულის უარყოფით კონტექსტში აღქმა - ე.წ. ცუდი "ბოდი იმიჯი" შეიძლება იყოს.
"ჭარბწონიანი ადამიანები უფრო დეპრესიულები არიან. სავარაუდოდ, სხეულის მასის ინდექსის მომატებულ მაჩვენებელსა და დეპრესიას შორის მიზეზობრივი კავშირია", - აცხადებს კვლევის თანაავტორი და ეგზეტერის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმ ფრეილინგი.
კვლევა International Journal of Epidemiology-ში გამოქვეყნდა, რომელშიც მეცნიერები აღწერენ, თუ როგორ გააანალიზეს დიდი ბრიტანეთის ბიოლოგიურ ბანკში არსებული ინფორმაცია, რომელშიც 37-დან 73 წლამდე მყოფი 500 000 ადამიანის მონაცემები შედიოდა.
მეცნიერებმა 87 სხვადასხვა გენოტიპი შეისწავლეს, რომელთაგანაც 73 სხეულის მასის ინდექსის მაღალ მაჩვენებელსა და დაავადებების მომატებულ რისკთან, 14 კი ორგანიზმში ცხიმის მაღალ დონესთან, თუმცა დაავადებების შემცირებულ რისკთან იყო ასოცირებული.
ამ ორი განსხვავებული ჯგუფიდან, პირველში დეპრესიასთან კავშირის პოვნა ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მექანიზმებში შეიძლება, მეორეში კი კავშირი მხოლოდ ფსიქოლოგიური უნდა იყოს.
საბოლოო ჯამში მათ დაადგინეს, რომ სხეულის მასის ინდექსის მომატებული მაჩვენებლის მქონე ადამიანებს და იმათაც, ვინც ჭარბწონიანობისკენ გენეტიკურად არიან მიდრეკილნი, დეპრესიის განვითარების რისკი მომატებული აქვთ.
73 კონკრეტული გენოტიპის გაანალიზების შემდეგ, ასაკისა და სქესის გათვალისწინებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხეულის მასის ინდექსის ყოველი 4.7-ით მომატებისას კაცებში დეპრესიის განვითარების რისკი 18-ით, ხოლო ქალებში კი 23 პროცენტით იზრდება, თუმცა კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც აქვს, მასში მხოლოდ ევროპული წარმომავლობის ადამიანები მონაწილეობდნენ.
"კვლევაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეპრესიის განვითარებაში ფსიქოლოგიურ მხარეს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორიც ფიზიოლოგიურს", - აცხადებს ფრეილინგი.
"ამ კვლევის შედეგები ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელია მათ შორის, რომლებიც მიუთითებს, რომ ჭარბწონიანობამ შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, დეპრესიის განვითარებაში უამრავი სხვადახვა ფაქტორი იღებს მონაწილეობას, თუმცა მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის წონაში დაკლება შესაძლებელია კარგი იდეა იყოს", - აცხადებს გლაზგოს უნივერსიტეტის მეტაბოლური მედიცინის პროფესორი ნავედ სატარი.
კომენტარები