კვლევა: მეხსიერების წყარო შესაძლოა უძველესი ვირუსი იყოს
ნეირომეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ მუშაობს მეხსიერება. მეხსიერება უკიდურესად რთული მოვლენაა, რომელშიც ტვინის მრავალი სხვადასხვა უბანია ჩართული.
ჩვენ ვიცით, რომ ტვინში ცილები დიდი ხნის განმავლობაში არ ინახება, მიუხედავად ამისა, გარკვეული მოგონებები ჩვენი მეხსიერებიდან არასდროს იშლება, რა პროცესები დგას ამ ყველაფრის უკან?
იუტას უნივერსიტეტის, კოპენჰაგენის უნივერსიტეტისა და ბრიტანეთში არსებული მოლეკულური ბიოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგად მეცნიერებმა ტვინში არსებული ცილის, კერძოდ, Arc-ის შესახებ საინტერესო რამ აღმოაჩინეს.
ეს კონკრეტული ცილა ხანგრძლივი მეხსიერების ჩამოყალიბებაში იღებს მონაწილეობას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის თავისი ქცევითა და თვისებებით ვირუსს წააგავს.
"Arc გრძელვადიანი მეხსიერების ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ის ტვინში ნეირონებს შორის არსებული სინაფსების რეგულირებაში იღებს მონაწილეობას, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტად ძნელია თქმა, თუ კონკრეტულად რას აკეთებს ეს ცილა მოლეკულურ დონეზე, ასევე უცნობია მისი ევოლუციური წარსული", - აცხადებენ მეცნიერები.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ახლა მეცნიერები თვლიან, რომ Arc ჩვენს ორგანიზმში რამდენიმე ასეული მილიონი წლის წინ შემთხვევით მოხვდა. კვლევის ავტორი იუტას უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეისონ შეპარდია, რომელიც ამ ცილას უკვე 15 წელია სწავლობს.
"როდესაც ცილას ელექტრონული მიკროსკოპით სურათი გადავუღეთ და კაფსიდები დავინახეთ, მივხვდით, რომ საქმე რაღაც განსხვავებულთან გვქონდა", - აცხადებს შეპარდი.
დადგინდა, რომ Arc ცილა აწყობის პროცესში HIV-ის ვირუსის მსგავსად იქცევა.
მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ ცილას შეიძლება ვირუსივით ემოქმედა და გამხდარიყო პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ნეირონები ერთმანეთს "ესაუბრებიან". Arc-ის საშუალებით ტვინში მეხსიერების გრძელვადიანად ჩაწერა ხდება. თაგვებს, რომლებსაც Arc ცილის გენი წაშლილი აქვთ, გრძელვადიანი მეხსიერება არ აქვთ.
შეპარდი და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ 350-400 მილიონი წლის წინ ერთ-ერთი ვირუსი ხმელეთზე არსებულ რომელიღაც ოთხფეხა ცხოველში მოხვდა და საბოლოოდ მისი ნაწილი გახდა.
კაფსიდი ვირუსების გარეთა ცილოვან გარსს ეწოდება და ის ვირუსის გენეტიკურ მასალას გარემოს ზემოქმედებისგან იცავს. ვირუსი საკუთარი გენეტიკური მასალის გასავრცელებლად სწორედ კაფსიდს იყენებს.
Arc ცილა, ისევე როგორც ვირუსები, საკუთარ რნმ-ს კაფსიდში სვამს, რათა ის ნეირონებს შორის გაავრცელოს.
"როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ Arc-ს უჯრედებს შორის რნმ-ის ტრანსპორტირება შეუძლია გაოცებულები ვიყავით. ეს ერთადერთი ცნობილი არავირუსული ცილაა, რომელიც ასეთ ქცევას ამჟღავნებს", - აცხადებს კვლევის თანაავტორი ელისა პასტუზინი.
აღნიშნული კვლევა ევოლუციის პროცესზე ჩვენს წარმოდგენებს ცვლის. როგორც ჩანს, ორგანიზმები ახალი თვისებებს, შემთხვევითი მუტაციების გარდა, სხვა ორგანიზმებისა და სახეობებისგანაც ხშირად იღებენ.
კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები