რა ფერია თქვენი წითელი?
ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანები ალბათ ვთანხმდებით, რომ ამ სტატიის მთავარი ფოტო ორი სხვადასხვა ფერისგან შედგება, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ყველა ფერი, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ, რეალურად ილუზიაა.
ფერი ჩვენს გონებაში იქმნება და მხოლოდ და მხოლოდ იქ არსებობს. ფერის აღქმისას ჩვენი ტვინი გარკვეული სიგრძის ელექტრომაგნიტურ ტალღას აღიქვამს, შემდეგ კი მას ფერად გარდაქმნის. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ელექტრომაგნიტური ტალღის სიგრძე და მივიღოთ რიცხვები, მაგალითად 680 ნანომეტრი, თუმცა ჩვენ ვერასდროს შევძლებთ ჩავსახლდეთ სხვა ადამიანის გონებაში და ვნახოთ, თუ რა შეგრძნება ეუფლება მას მაშინ, როდესაც მისი ტვინი 680 ნანომეტრის ტალღებს აღიქვამს.
ამ ყველაფერზე ფიქრისას შეიძლება გაგვიჩნდეს ერთი ბუნებრივი კითხვა, როგორ შეიძლება დადგინდეს ის, რომ ამ სტატიის მთავარი ფოტოს ყურებისას, მე და თქვენ ერთი და იმავე ფერს ვხედავთ? მაგალითად, იქნებ თქვენ, ზემოთ მოცემულ ფოტოს არა მოწითალოდ, არამედ ქვემოთ მოცემულ ფრად აღიქვამთ?
თუმცა, ცხადია, რომ რამდენად განსხვავებულადაც არ უნდა აღვიქვამდეთ სტატიის დასაწყისში მოცემულ ფერს, მეც და თქვენც ბავშვობიდან გვასწავლეს, რა ფერი როგორ გამოიყურება. შესაბამისად, ჩვენ ცხოვრებას გავაგრძელებთ, ისე, რომ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რამდენად შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი რეალობები ერთმანეთისგან.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ყველა ადამიანი ფერს ერთნაირად არ აღიქვამს, ამის კარგი მაგალითი დალტონიზმია. დალტონიზმის დიაგნოზის დასმა მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი ისეთ ფერებს ვერ არჩევს, რომელთა გარჩევაც სრული მხედველობის მქონე ადამიანებს ადვილად შეუძლიათ.
ფერების აღქმის უნარში სავსებით შესაძლებელია, რომ არსებობდეს ისეთი განსხვავებები, რომელთა დაფიქსირება ტესტების მეშვეობით შეუძლებელია. მაგალითად, თქვენ შეიძლება წითელს, მწვანესა და ლურჯს ერთმანეთისგან ადვილად ასხვავებდეთ, ისევე როგორც მე, მაგრამ თქვენი წითელი, მწვანე და ლურჯი, ჩემ მიერ დანახულისგან შესაძლოა სრულად განსხვავდებოდეს.
მაგრამ, თუ ეს ასეა და ჩვენ ფერებს ყველანი განსხვავებულად აღვიქვამთ, ადამიანების ნაწილი ხომ ჩათვლიდა, რომ, მაგალითად, გარკვეული ფერები ერთმანეთს უფრო მეტად უხდება, ვიდრე სხვები? ადამიანებს ასევე სხვადასხვა შეხედულებები ექნებოდათ იმაზე, თუ რომელი ფერი უფრო ლამაზია.
ნამდვილად, თუმცა თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი უკვე ისედაც ასეა. ადამიანები ფერებსა და გემოვნებაზე მუდმივად კამათობენ.
ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ყველა ადამიანი საკუთარ თავთან მარტოა, ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენი ცნობიერი გონებაა და სამყაროზე დაკვირვებაც მხოლოდ და მხოლოდ მისი საშუალებით შეგვიძლია.
ქვალია
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეხვდით უცხოპლანეტელს, რომელსაც ტკივილის აღქმა არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია ავუხსნათ უცხოპლანეტელს, თუ რომელი რეცეპტორებითა და რა ქიმიური ნივთიერებებით ხდება ტკივილის აღქმა, რა გზით გადაეცემა ის ნერვულ სისტემას, უცხოპლანეტელს შეუძლია ისწავლოს ყველა ის მოლეკულა, უჯრედი, სიგნალი და რეცეპტორი, რომელიც ტკივილის აღქმაშია ჩართული, ის ასევე გაიგებს, რომ ტკივილი ცუდია, თუმცა რამდენიც არ უნდა ისწავლოს მან, ის ტკივილს ვერასდროს განიცდის.
შეგვიძლია ამის კიდევ ერთ ანალოგია მოვიყვანოთ, მაგალითად, დაბადებიდან უსინათლო ადამიანი ვერასდროს მიხვდება რა შეიძლება იყოს ფერი. მხედველობის მქონე ადამიანებმა შეიძლება სცადონ აუხსნან უსინათლოს, რომ, მაგალითად, წითელი თბილია, ლურჯი კი ცივი, თუმცა თუ ფერი არასდროს დაგინახავს, თბილი წითელი და ცივი ლურჯი ძალიან უცხო ცნებაა.
ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში ასეთ სუბიექტურ, ცნობიერ შეგრძნებებს ქვალია ეწოდება. ქვალია ლათინური სიტყვაა, რომელიც ქართულად შეიძლება გადმოითარგმნოს როგორც "რანაირი". მისი კონტექსტის უკეთ გასაგებად შეგვიძლია შემდეგი წინადადება გამოვიყენოთ: რანაირი შეგრძნებაა ვაშლის გემოს აღქმა?
680 ნანომეტრის ტალღების წითლად აღქმა თქვენი ქვალიაა, რომელსაც მე ვერასდროს გავიგებ, რადგან იმისთვის, რომ მე თქვენი ქვალიის შეგრძნება შევძლო, საჭირო იქნებოდა, რომ მე თქვენ ვიყო.
ეს ყველაფერი მიუთითებს იმ ფუნდამენტურ პრობლემებზე, რაც მსგავს საკითხებზე კომუნიკაციისას იჩენს თავს.
ენა
ფილოსოფოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ უუნარობა - გავიგო როგორ აღიქვამენ სხვა ადამიანები სამყაროს, შესაძლოა ჩვენი ენის არასრულყოფილების ბრალი იყოს. შესაძლოა არსებობს უცხოპლანეტელების რასა, რომელიც ერთმანეთთან კომუნიკაციას არა სიტყვებით, არამედ რაიმე სხვა ხერხით ამყარებს, მაგალითად, ამ რასის წარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ უნარი, კომუნიკაციისას ერთმანეთის ტვინში ფერების შეგრძნება აღძრან.
თუმცა, შესაძლოა ქვალიას სიტყვებით გადმოცემა ჩვენც შეგვიძლია. იმ შეთხვევაში, თუ რამდენიმე მილიონ სიტყვას ზუსტად სწორი კომბინაციით დავალაგებთ, შეიძლება უსინათლო ადამიანი საბოლოოდ მიხვდეს, რას ნიშნავს წითელი ფერი.
თუმცა, ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ჩვენს შესაძლებლობებს ცდება. ამჟამად შეუძლებელია გავარკვიოთ თქვენც ისევე აღიქვამთ იასამნისფერს, როგორც მე, თუ განსხვავებულად.
სინესთეზია
როდესაც სამყაროს აღქმასა და ცნობიერებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ სინესთეზიაც. სინესთეზია აღქმის მოვლენაა, ამ დროს ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური შეგრძნების პარალელურად ჩნდება სხვა გრძნობის ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც, მაგალითად, ფერადი ყნოსვა, ფერადი სმენა და ა.შ.
სინესთეზიის უნარის მქონე ადამიანებს შეუძლიათ დაინახონ ხმები, გასინჯონ სიტყვები, ან რომელიმე სუნის შეგრძნება შეხებად აღიქვან. მათ ასევე სხვადასხვა აბსტრაქტული ცნებების დანახვა შეუძლიათ, მაგალითად, სინესთეტების ნაწილი მათ გარშემო სივრცეში დროს ხედავს, ეს ისეთივე უცნაური რამ არის ჩვენთვის, როგორც უსინათლოსთვის ფერი, ან ჩვენი სტუმარი უცხოპლანეტელისთვის - ტკივილი.
ამ დრომდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ სინესთეზია უიშვიათესი ფენომენი იყო, თუმცა ახლა მიჩნეულია, რომ სინესთეზია დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ოთხ პროცენტს აქვს.
არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან სინესთეტია, თუმცა მათ ხშირად არ იციან, რომ მათი უნარები უნიკალურია. სინესთეზიის გამოვლენა რამდენიმე სხვადასხვა ტესტით შეიძლება მოხდეს, ერთ-ერთი მათგანი ქვემოთ არის მოცემული.
მოცემულ სურათზე 5-იანები და 2-იანებია გამოსახული, თუმცა სინესთეზიის გარეშე საკმაოდ რთულია დავინახოთ სად არის დამალული 2-იანები.
სინესთეზიის ერთ-ერთ ფორმაში ადამიანები ციფრებსა და ასოებს სხვადასხვა ფერად ხედავენ, მაგალითად, ზოგისთვის 2-იანი შეიძლება ყვითელი იყოს, 5-იანი კი ლურჯი. აღნიშნულ სურათზე სინესთეტებს მარტივად შეუძლიათ 2-იანების ამოცნობა, რადგან ისინი არა უბრალოდ ციფრებს, არამედ ფერებს ხედავენ, ალბათ დამეთანხმებით, რომ 2-იანებით შექმნილი სამკუთხედის დანახვა ნამდვილად მარტივია.
არსებობს მრავალი სხვადასხვა ტიპის სინესთეზია, ზოგ შემთხვევებში ციფრებს ფერები აქვს, ან ხასიათი, ზოგჯერ გარკვეული სიტყვის მოსმენა რაიმე გემოს შეგრძნების აღძვრას იწვევეს, მაგალითად, შესაძლოა სიტყვა "ფეხბურთს" ვაფლის გემო ჰქონდეს, "ტელეფონს" კი ლიმონის, არსებობს ხმოვანი სინესთეზიაც, რა დროსაც რაიმე ხმის გაგებისას ადამიანები ფერებს ხედავენ.
სინესთეზებისგან გაიგებთ, რომ ზოგჯერ ისინი მუსიკას ფერების გამო უსმენენ.
"მე მახსოვს, როდესაც ხუთი წლის ვიყავი, როგორ ვეძებდი კასეტებს ჩემი მშობლების ოთახში, რათა ყველაზე ლამაზი ფერის მქონე მუსიკა ამერჩია", - აცხადებს სინესთეტი შონ დეი, რომელსაც აღნიშნულ საკითხზე წიგნი აქვს დაწერილი.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფორმა დრო-სივრცის სინესთეზიაა, ამ დროს ადამიანები მხედველობის არეში ერთგვარ კალენდარს ხედავენ, რომლის ერთ მხარესაც გასული დღეები, თვეები და წლებია, მეორე მხარეს კი პირიქით. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები მათ გარშემო წელიწადის სეზონებსაც ხედავენ, თითოეულ მათგანს გამოკვეთილი ფერით.
ადამიანთათვის, ვისაც მსგავსი უნარი არ გვაქვს, ამ ყველაფრის წარმოდგენა და დაჯერებაც კი რთულია, თუმცა სინესთეზია რეალური მოვლენაა.
ადამიანებს ხშირად გვგონია, რომ რეალობას შეგვიძლია ობიექტურად შევხედოთ, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, გვავიწყდება, რომ ყველა ადამიანი მისივე ცნობიერების ჩარჩოებითაა შეზღუდული.
ადამიანები ჩვენს გარშემო არსებულ "რეალობას" ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ და მას ისეთს ვიღებთ, როგორი სახითაც ის წარმოგვიდგება, სწორედ ამიტომაც, სინესთეტების დიდი ნაწილი ხშირად ისე ატარებს საკუთარ ცხოვრებას, რომ მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან ჩვენი და მათი სამყარო.
კომენტარები