თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

სამართალდამცავები დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და მათი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ერთ-ერთმა დაკავებულმა პოლიციის მანქანის საქარე მინა დააზიანა. ამ საქმეს უწყება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს. ამ მუხლით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შვილმოკლული მამების აქცია

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს პარლამენტთან მე-16 დღეა აქციას მართავენ. ზაზა სარალიძე ითხოვს მისი შვილის მკვლელისა და იმ ადამიანების დასჯას, ვინც მკვლელს ხელს აფარებდა, მალხაზ მაჩალიკაშვილი კი სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის საქმის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილი არ იყო დაკავშირებული ტერორისტებთან და სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომას.

ზაზა სარალიძემ აქციები 10 სექტემბერს მას შემდეგ განაახლა, რაც პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც დავით სარალიძის მკვლელი უცნობია, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.