მსოფლიოს უძველესი მუმიები "დნებიან," მიზეზი კი კლიმატის ცვლილებაა
დაახლოებით შვიდი ათასი წლის წინ ჩილეს ჩრდილოეთსა და პერუს სამხრეთით ცხოვრობდა ხალხის ჯგუფი, რომელსაც დღეს ჩინჩოროს კულტურის სახელით ვიცნობთ.
ჩინჩოროს კულტურა ყველაზე მეტად გარდაცვლილების მუმიფიცირებით არის ცნობილი. ისინი ადამიანების მუმიფიცირებას ეგვიპტელებზე რამდენიმე ათასი წლით ადრე ახდენდნენ და მათგან განსხვავებით ეს პრაქტიკა ჩინჩოროს კულტურაში საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელზე ვრცელდებოდა.
დღეისათვის რამდენიმე ასეული ასეთი მუმიაა ნაპოვნი და მათი ნაწილი მუზეუმებში ინახება.
ცოტა ხნის წინ კი მეცნიერები პრობლემის წინაშე დადგნენ. მუზეუმში შენახულმა მუმიებმა გახრწნა დაიწყო. მუმიების ზედაპირზე შავი, ჟელეს მაგვარი ლაქები ჩნდება, რომლებიც ნელ-ნელა იზრდება.
მუზეუმებში ეს პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს, მაგრამ მეცნიერები უკვე მიწაშივე დაზიანებულ მუმიებსაც პოულობენ.
ამ ყველაფრის მიზეზი კი კლიმატის ცვლილებაა. არიკა ხშირად ერთ-ერთ ყველაზე მშრალ ადგილად მოიხსენიება, თუმცა ეს ფაქტი ნელ-ნელა იცვლება. ატაკამის უდაბნოში ტენიანობა უფრო და უფრო იმატებს. ეს პროცესი წლების განმავლობაში გაკეთებული კლიმატური ჩანაწერებითაც დასტურდება.
მომატებული ტენიანობა და სითბო მუმიის ზედაპირზე არსებულ ბაქტერიებს ააქტიურებს, რომლებიც მუმიის საკვებად გამოყენებას იწყებენ და მას ხრწნიან.
თუ მეცნიერები მუზეუმებში შენახული მუმიებისთვის საჭირო პირობების შექმნას ვერ შეძლებენ, ისინი სავარაუდოდ მალე სრულად გაიხრწნება.
კომენტარები