ჰარვარდის პროფესორი: ქოქოსის ზეთი საწამლავია
ქოქოსის ზეთი ხშირად მოიხსენიება როგორც საუკეთესო საშუალება კანის, კუჭ-ნაწლავის, თმისა და ზოგადად ორგანიზმის გამოსაჯანმრთელებლად, თუმცა ჰარვარდის ერთ-ერთი პროფესორი სრულიად საპირისპირო რამეს ამბობს.
ჰარვარდის ეპიდემიოლოგი კერინ მიშელსი აცხადებს, რომ ქოქოსი ზეთი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ არის იმ პროდუქტებისგან, რომელთა ჭამაც შეგიძლიათ.
კერინმა ქოქოსის ზეთის უარყოფითი თვისებების შესახებ ფრაიბურგის უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე ისაუბრა, სადაც ის სიმსივნის პრევენციისა და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის პოზიციასაც იკავებს.
ლექცია გერმანულად ჩატარდა და მას YouTube-ზე უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მიშელსი ამბობს, რომ ქოქოსის ზეთი გაჯერებული ცხიმების დიდ რაოდენობას შეიცავს, რაც ორგანიზმში დსლპ-ქოლესტერინის ზრდას იწვევს, ეს კი თავის მხრივ გულის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.
ქოქოსის ზეთის 80 პროცენტი გაჯერებული ცხიმებია, რაც ღორის ქონში არსებულ რაოდენობაზე ორჯერ მეტია - საქონლის ცხიმში არსებულზე კი - 60 პროცენტით მეტი.
ერთი წლის წინ გულის ამერიკულმა ასოციაციამ ქოქოსის ზეთის შესახებ იმსჯელა.საზოგადოების 75 პროცენტს მიაჩნდა, რომ ქოქოსის ზეთი ჯანმრთელი და სასარგებლო პროდუქტი იყო, თუმცა ამ მოსაზრებოას დიეტოლოგების მხოლოდ 37 პროცენტი ეთანხმებოდა. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ცნობები ქოქოსის ზეთის დადებითი თვისებების შესახებ მედიასაშუალებებმა გააზვიადეს.
"ცნობილია, რომ ქოქოსის ზეთი დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის მომატებას იწვევს, რაც გულის დაავადებების რისკს საგრძნობლად ზრდის. გარდა ამისა, მოკვლევის ფარგლებში ქოქოსის ზეთის დადებითი თვისებები არ გამოვლენილა, ამიტომაც ჩვენ გირჩევთ, რომ მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოთ," - ნათქვამია კვლევაში.
მიუხედავად ამისა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ქოქოსის ზეთის გაყიდვები ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგიდან 16.5 მილიონამდე გაიზარდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ქოქოსის ზეთის გაყიდვებმა პიკს 2015 წელს მიაღწია, როდესაც წელიწადში 229 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების პროდუქტი გაიყიდა.
"ქოქოსის ზეთის 86 პროცენტი გაჯერებული ცხიმებია, რაც კარაქში არსებულ რაოდენობაზე საგრძნობლად მეტია", - აცხადებს ბრიტანეთის გულის ჯანმრთელობის ფონდის დიეტოლოგი ვიქტორია ტეილორი, - "არსებობს მოსაზრება, რომ ქოქოსის ზეთში არსებულ გაჯერებულ ცხიმებს სხვა მსგავსი პროდუქტებისგან განსხვავებით დადებითი თვისებები გააჩნია, თუმცა ჯერჯერობით ამის დამასაბუთებელი ფაქტები არ არსებობს."
ცნობილია, რომ გაჯერებული ცხიმების გაუჯერებელი ცხიმებით ჩანაცვლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. გაუჯერებელი ცხიმების წყაროა ბოსტნეულის, ზეთისხილის, ან სიმინდის ზეთები.
"თუ ქოქოსის ზეთის გემო განსაკუთრებით მოგწონთ, მათი იშვიათად გამოყენება დიდ ზიანს არ მოგაყენებთ. მაგრამ უმჯობესია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გაჯერებული ცხიმების მიღება მაქსიმალურად შევამციროთ", - ამბობენ მეცნიერები.
კომენტარები