კვლევა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ - მთავარი მიგნებები
ფოტო: Angela Waye / Shutterstock
სიღარიბე, სხვადასხვა სახის პრობლემა ოჯახში, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ბავშვებს უბიძგებს ქუჩისკენ - ამბობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დღეს წარმოდგენილი ახალი კვლევა.
კვლევამ აჩვენა, რომ როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების პოპულაცია ძალიან მრავალფეროვანია. კვლევის ავტორების თქმით, ქუჩაში ცხოვრების წესისა და ბავშვების მახასიათებლების მრავალფეროვნების მიუხედავად, მათ გარკვეული მსგავსი კანონზომიერებები ახასიათებთ და ბავშვების წინაშე მდგომ გამოწვევებზე რეაგირების შეფასება ამ კანონზომიერებების შესაბამისად უნდა მოხდეს.
გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევაში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ 14 მნიშვნელოვანი მიგნება გამოყო:
ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების ქვეკატეგორიები
უსახლკარო (ქუჩაში მცხოვრები) ბავშვები და მოზარდები
მოზარდები/ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და მუშაობენ, ქუჩაში ყოფნისას არ ახლავთ მშობელი და არ არიან მშობლის დაცვისა და მზრუნველობის ქვეშ. ასეთ ბავშვებს შეიძლება ზოგჯერ კონტაქტი ჰქონდეთ მშობლებთან. ბავშვები, რომლებიც ქუჩაში მშობლების გარეშე არიან, მაგრამ დასაძინებლად სახლში მიდიან.
ბავშვები, რომლებიც დღის უდიდეს ნაწილს ქუჩაში ატარებენ
ისინი მუშაობენ ან სხვა სახის ეკონომიკური აქტივობით არიან დაკავებულნი, არიან მშობლის თანხლების გარეშე, მაგრამ მშობლები რეგულარულად უზრუნველყოფენ მათ საკვებით და/ან რესურსებით, ხოლო ბავშვებს თავიანთი წვლილი შეაქვთ ოჯახის შემოსავალში.
ქუჩის მობილური ოჯახების ბავშვები
ბავშვები, რომლებიც ქუჩაში მომუშავე უფროსის თანხლებით არიან, ქუჩაში მუშაობენ, მაგრამ იქ არ სძინავთ.
უსახლკარო ოჯახების ბავშვები
უსახლკარო ოჯახების ბავშვების სიტუაცია ქუჩის მობილური ოჯახების ბავშვების სიტუაციის მსგავსია, მაგრამ ისინი ღამით სახლში არ ბრუნდებიან.
ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების პოპულაციის ლინგვისტური და ეთნიკური მრავალფეროვნება
საქართველოში ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების ჯგუფში ყველაზე მეტად ჭარბობენ ეთნიკური ქართველები, ბოშები და აზერბაიჯანელი ქურთები. უმცირესობათა ინტეგრაციის პოლიტიკა და რეგულაციები შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ბავშვთა სპეციფიკურ საჭიროებებთან და რისკებთან. ზოგიერთ წრეში ფართოდ არის გავრცელებული ბოშების სტიგმატიზაცია. სტიგმა კიდევ უფრო დიდია აზერბაიჯანელი ქურთების მიმართ, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რომ ეს უკანასკნელნი სოციალურ მომსახურებებს ვერ იღებენ.
ეთნიკური განსხვავებულობა მშობელთა თანხლებითა და მათ გარეშე ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების ჯგუფებში
კვლევის მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიას შორის არსებული განსხვავებები გარკვეულწილად ეთნიკურ განსხვავებებს ასახავს. ჯგუფში "უსახლკარო ახალგაზრდები / ქუჩის ბავშვები" ყველა ეროვნების ბავშვებს ვხვდებით. ჯგუფში "უფროსის თანხლების გარეშე მყოფი ბავშვები / ქუჩის ახალგაზრდები" აგრეთვე ყველა წარმომავლობის ბავშვები შედიან და ბევრმა მათგანმა განაცხადა, რომ ეროვნებით ქართველია. ამავე დროს, "ქუჩაში მობილური ოჯახების ბავშვთა" ჯგუფში დიდ უმრავლესობას მოლდაველი ბოშები და აზერბაიჯანელი ქურთები შეადგენენ. ამ ბავშვებს შორის არიან როგორც ბიჭები, ასევე გოგონები. იგივე შეიძლება ითქვას უსახლკარო ოჯახებზეც.
კვლევის ავტორების პოზიციით, ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგანაც ბავშვობის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ქუჩაში ცხოვრების ტიპების მთელ სპექტრში არიან წარმოდგენილნი. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის ბავშვების პოპულაციას გარკვეული ეთნიკური მახასიათებლები აქვს, ქუჩის ბავშვების ფენომენი მხოლოდ კულტურულ ფენომენად ან მენტალიტეტთან დაკავშირებულ საკითხად არ უნდა ჩავთვალოთ.
სოციალურ მუშაკებს განსაკუთრებით უჭირთ დახმარების გაწევა აზერბაიჯანელი ქურთებისთვის. ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე აზერბაიჯანელ ოჯახებთან მუშაობისას ისინი ნდობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან.
"მოხეტიალე აზერბაიჯანელი ოჯახები აცხადებენ, რომ სახელმწიფოსგან მომსახურების მიღებას არ მოელიან და რომ სახელმწიფოსთან (ან თემთან) კონტაქტი არაფერს აძლევთ. ამის შედეგად ბევრი მათგანი სისტემატურად თავს არიდებს სახელმწიფო სერვისებს. ისინი ცდილობენ, არ დაარეგისტრირონ ბავშვის დაბადება, არ ცდილობენ პირადობის მოწმობების მიღებას და არ შემოაქვთ განცხადებები სოციალური დახმარების მოთხოვნით", - ნათქვამია კვლევაში.
ამავე კვლევის მიხედვით, ზოგი მათგანი ამ სახის მომსახურებებს იმის გამო ვერ იღებს, რომ ზოგჯერ საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები მოკლე მიმოხილვა არარეგულარულ შრომის ანაზღაურებას იღებს ან ვერ ახერხებს ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევას. ზოგი მალავს ან ანადგურებს პირადობის მოწმობას და სხვა დოკუმენტებს, რომ ოფიციალური პირებისგან შორს დაიჭირონ თავი.
ქუჩის ბავშვთა რომელიმე ქვეჯგუფისადმი ბავშვის კუთვნილებას ასაკი, ცხოვრების ციკლი და წარმომავლობა განაპირობებს
ზოგი ბავშვი ასაკის მატებასთან ერთად "უფროსის თანხლებით მყოფი ქუჩის ბავშვების" ჯგუფიდან "უფროსის გარეშე მყოფი ქუჩის ბავშვების" ჯგუფში გადადის.
"უფროსი ასაკის ბავშვები ქცევის განსაკუთრებულ კოდექსს იმუშავებენ და შიდა ურთიერთდამოკიდებულების კავშირებს ქმნიან, რის გამოც ბავშვმა შეიძლება ქუჩას თავი ვეღარ დააღწიოს და კრიმინალურ ან ძალადობრივ საქმიანობაში ჩაებას", - ნათქვამია კვლევაში.
ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების დაჯგუფებებში, ბანდებსა და გაერთიანებებს შორის განსხვავებები
კვლევის მიხედვით, ამ ჯგუფების შიდა ორგანიზაცია ნაწილობრივ ურთიერთდახმარებისა და გაზიარების პრაქტიკას გულისხმობს.
"ბავშვები შეიძლება ჯგუფად შეიკრიბონ და ერთად იმოძრაონ იმისთვის, რომ ერთმანეთი დაიცვან, ღამის გასათევი ადგილი იპოვონ, დასვენებისა და გართობის სივრცეები შეიქმნან, მეგობრული ურთიერთობები დაამყარონ და ითანამშრომლონ ეკონომიკურ აქტივობებში, მაგალითად, წვრილმან ვაჭრობასა და ქუჩაში მათხოვრობაში, ასევე წვრილმან დანაშაულში", - ვკითხულობთ კვლევაში.
ჯგუფის შიდა სტრუქტურა და ბავშვების ვალდებულებები ერთმანეთის ან გარეშე პირების მიმართ
კვლევის მიხედვით, ამ ვალდებულებების გამო ბავშვები დიდი ხნის მანძილზე ქუჩას თავს ვერ აღწევენ. მომსახურების პროგრამაში ბავშვის ჩართვის შემდეგ, მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის მიერ დაგროვებული ვალიც.
შიდა სტრუქტურა, რომელიც ბავშვებს ხელმძღვანელის / უპირატესი სტატუსის მქონე და დაქვემდებარებულ ბავშვებად ყოფს
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ერთმანეთის დაცვის და დახმარების პროცესში ბავშვები სუბორდინაციულ სტრუქტურებს ქმნიან და დაქვემდებარებულ ბავშვებს "ფარად" იყენებენ - დანაშაულის ჩადენას აიძულებენ და ამ გზით მიღებულ შემოსავალს ართმევენ.
ხშირად ეს საქმიანობა ისეა ორგანიზებული, რომ დანაშაულს უმცროსი ასაკის ბავშვები ჩადიან, ხოლო უფროსი ბავშვები სადარაჯოზე დგანან და უმცროსებს მათთვის ნაძარცვი მოაქვთ.
ასეთი პრაქტიკა იმ გარემოებას უკავშირდება, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ გამოიყენება. შესაბამისად, უფროსი ბავშვები დანაშაულებრივი ქმედებებისთვის უმცროს ბავშვებს იყენებენ სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან აცილების მიზნით.
პოლიცია სამართლებრივი დევნისთვის დადგენილ მინიმალურ ასაკს (14 წელს), შესაძლოა, თავის სასარგებლოდ იყენებდეს
კვლევის მიხედვით, მინიმალური ასაკის გამოყენება ქუჩის ბავშვთა ჯგუფში "უპირატესი სტატუსის" მქონე ბავშვებს სტიმულს უქმნის, კრიმინალური მიზნებისთვის უმცროსი ასაკის ბავშვები გამოიყენონ.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბავშვების მონაყოლის მიხედვით, ქურდობასთან ან რაიმე სხვა დანაშაულთან დაკავშირებით ბავშვების ჯგუფის დაკავების შემთხვევაში პოლიციის ოფიცრები ასკვნიან, რომ დანაშაული 14 წლამდე ასაკის ბავშვმა ჩაიდინა ან არწმუნებენ ამ ბავშვებს, დანაშაული თავის თავზე აიღონ. მოზარდები ვარაუდობენ, რომ ამ გზით პოლიციელები დოკუმენტაციის გაფორმებას და ბავშვების პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ შემდგომ სამუშაოს იცილებენ თავიდან.
ქუჩის ბავშვებისა და ახალგაზრდების ზოგიერთი ქვეჯგუფი ბანდის ტიპის სტრუქტურას ქმნის
კვლევის მიხედვით, ასეთი ჯგუფები შეიძლება დიდიც იყოს და პატარაც. მათი ორგანიზაციული სტრუქტურა ტერიტორიული დაყოფის პრინციპს ემყარება, ანუ ისინი ცდილობენ, ქალაქის გარკვეული უბნები აკონტროლონ იმისათვის, რომ იქ ეკონომიკური აქტივობების (წვრილმანი ვაჭრობის, მათხოვრობის და ა.შ.) შესაძლებლობა ჰქონდეთ.
კვლევაში საუბარია ე.წ. მორფის ბავშვებზეც. კვლევაში ვკითხულობთ, რომ თბილისში არსებობს ერთი სექტისმაგვარი დაჯგუფება (ცნობილი როგორც "მორგის" ბავშვები).
ტერიტორიულად ეს დაჯგუფება მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებს. მისი ყოფილი წევრების მონაყოლის მიხედვით, დაჯგუფებაში ბავშვების მოზიდვა ხდება როგორც ახალგაზრდების, ასევე ზრდასრული პირების მიერ და ბავშვის მიღებისას გარკვეული რიტუალები ტარდება.
ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ამ დაჯგუფების ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებიან.
სექსუალური დაჯილდოების სისტემა, რაც გოგონებს ძალადობის რისკის წინაშე აყენებს
კვლევაში ვკითხულობთ, რომ თბილისში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების ყოფილი წევრების ჩვენებების მიხედვით, გოგონები ვალდებულნი იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ დაჯგუფების უფროსი წევრებისთვის (ან სექტის წევრებისთვის).
"სხვა დაჯგუფებების ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილს სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებდნენ. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ქუჩის ბავშვები სექსუალური ძალადობის შედეგად ტრავმირებულნი უნდა იყვნენ", - ვკითხულობთ კვლევაში.
აზერბაიჯანელი ოჯახების მიგრაცია საქართველოში
კვლევის ავტორების თქმით, აზერბაიჯანელი ოჯახების მიგრაციას, საქართველოსა და აზერბაიჯანის სოციალური დახმარების პროგრამებს შორის არსებული განსხვავებები და სხვადასხვანაირი სამართლებრივი ჩარჩოები განაპირობებს. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ვინაიდან აზერბაიჯანში მათხოვრობა აკრძალულია, ხოლო წვრილი მოვაჭრეების მიმართ სანქციების აღსრულების უფრო მკაცრი რეჟიმი გამოიყენება, ისინი რეგულარულად გადადიან საქართველოში.
ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვთა ცხოვრება ნაწილობრივ სეზონური მიგრაციის ფორმას ატარებს
კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდ ზეგავლენას მიგრანტების გადაადგილებაზე ტურისტული სეზონი ახდენს. ზაფხულში ის არა მხოლოდ აზერბაიჯანელ ოჯახებს, არამედ ქუჩის ქართველ ოჯახებსა და ბავშვებსაც იზიდავს ბათუმში, ქობულეთში, ურეკსა და შავი ზღვის სანაპიროს სხვა ტურისტულ ადგილებში.
ძირითადი ფაქტორები, რომელთა გამოც ქუჩაში ახალი ბავშვები ხვდებიან
- მშობელთა სიღარიბე და მათ დასახმარებლად ბავშვების ჩართვა სხვადასხვა აქტივობაში, რაც ბავშვთა შრომას იწვევს;
- მშობლების იძულებითი მიგრაცია და აქედან გამომდინარე ცხოვრების გამოწვევები საარსებო საშუალებების მოპოვებასთან დაკავშირებით;
- მშობლის გარდაცვალება, დაპატიმრება, ავადმყოფობა და/ან მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება, რაც მშობლის მიერ ბავშვის მიტოვებას ან უგულებელყოფას და ბავშვის მიერ საკუთარ თავზე ზრუნვის საჭიროებას იწვევს;
- ოჯახში ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა, რის გამოც ბავშვი სახლის გარეთ ცხოვრებას ამჯობინებს;
- მკაცრი დისციპლინა – ე.ი. ბავშვის სოციალური ქსელების კატეგორიული შეზღუდვა და ზედმეტად მკაცრი წესები – სარეაბილიტაციო ან მომსახურების დაწესებულებებში, მინდობით აღმზრდელ ოჯახში ან არასრულწლოვანთა დახურულ სკოლებში, რის გამოც ბავშვებს და მოზარდებს წესების დამორჩილებას ქუჩაში ცხოვრება ურჩევნიათ და მზრუნველობის დაწესებულებებიდან არაერთგზის იპარებიან;
- სოციალიზაცია ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის, რის შედეგადაც ბავშვები (თანდათანობით) სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სახლში და სულ უფრო მეტ დროს უთმობენ ქუჩის სხვა ბავშვებთან ურთიერთობას.
უფლებების დარღვევა
ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან როგორც მზრუნველების, ასევე ქუჩის სხვა ბავშვების მხრიდან ძალადობის წინაშე. ქუჩის ბავშვების აბსოლუტურ უმეტესობას ხელი არ მიუწვდება განათლებაზე და სამედიცინო მომსახურებაზე (გარდა გადაუდებელი დახმარებისა).
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
გადახედვა
-
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
გადახედვა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
-
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
-
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
გადახედვა
-
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
-
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა 7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
-
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
გადახედვა
-
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
-
რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
-
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
გადახედვა
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
გადახედვა
კომენტარები