წვიმის დროს არ მძინავს, დღემდე მეშინია — 13 ივნისი
2015 წლის 12 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმა დაიწყო. ჭარბი ნალექის გამო ქალაქის ქუჩები დაიტბორა, თუმცა შექმნილი სიტუაცია უცხო არავისთვის იყო და არც განსაკუთრებული საფრთხის მოლოდინი შექმნილა. რამდენიმე საათში წვიმა გაძლიერდა. საბოლოოდ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პატარა მდინარე ვერე ადიდდა. ვერეს კალაპოტი იმდენად გაფართოვდა, რომ სვანიძის და წყნეთის ქუჩები, ე.წ ახალი გზა, მზიურის პარკი და ზოოპარკი დატბორა. წყლის ნაკადმა გმირთმა მოედნამდე ჩაიყოლა საცხოვრებელი სახლები, მანქანები, ცხოველები და 23 ადამიანის სიცოცხლე. 13 ივნისის დილა ტალახით და ცრემლებით გათენდა.
თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ღამიდან 3 წელი გავიდა. ქუჩები ტალახისგან გაიწმინდა, გადარჩენილი ცხოველები ვოლიერებში დააბრუნეს, ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყეს და ერთი შეხედვით, ქალაქი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.
ყოველ 13 ივნისს მოქალაქეები სტიქიის ზონაში იკრიბებიან, პოლიტიკოსები დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით ამკობენ და მედია სტიქიის დეტალებს ახსენებს საზოგადოებას. თუმცა, თბილისში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ამ ამბის გახსენება არ უყვართ, რადგან არაფერი დავიწყებიათ. სამი წლის შემდეგაც, ყოველი წვიმა მორიგი წყალდიდობის შიშს უჩენთ. ისინი დღემდე ვერეს ხეობაში ცხოვრობენ, მოვარდნილი ღვარცოფით დალაქავებულ კედლებში, რომელიც მათი გადარჩენის ისტორიას ინახავს.
წყლის ნაკადის პირველი მსხვერპლი - სვანიძის ქუჩა
სვანიძის ქუჩა - 2015 წლის 13 ივნისი
ფოტო: GHN
სვანიძის ქუჩა - 2018 წლის 12 ივნისი
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
"ღამე ძლიერი წვიმა დაიწყო. წყალი ეზოში გადმოვიდა და პირველი სართული სრულად დაფარა. სამი წელი გავიდა და ნაკვალევი ისევ ეტყობა", - სვანიძის ქუჩის მაცხოვრებელი, ომარ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ სტიქიისას ტერიტორია მალევე დატოვა, თუმცა მთელი ღამე უყურებდა სიბნელეს, რომელშიც სახლები და უზარმაზარი ხეები ცურავდა. ისევ სვანიძის ქუჩაზე ცხოვრობს, უფუნქციოდ დარჩენილ შენობებზე სტიქიის ლაქებს აკვირდება, რომელიც წყალდიდობის მუდმივ მოლოდინი უქმნის.
"გვეძინა მე, დედაჩემსა და ჩემს მეუღლეს, ჩემი შვილები გარეთ იყვნენ. ქვედა ტერიტორია ადრე დაიტბორა და წივილ-კივილი ატყდა. შემოცვიდნენ. დედაჩემი მწოლიარე ავადმყოფია, აიყვანეს და მანქანით გაიყვანეს. მე ცოტა შემაგვიანდა და რომ გამოვედი, წელს ზევით წყალში აღმოვჩნდი.
თანდათან იმატა ნაკადმა, რამდენიმე წუთში ფანჯრებიდან შედიოდა წყალი. ჩემი სახლის პირველი სართული დაიტბორა. ჩვენ გავედით, ჩემი შვილები და მეზობლები სხვებს ეხმარებოდნენ, მაგრამ ჩემი სახლის დაბლა უკვე ვეღარავინ მიდიოდა. იქ მხოლოდ სიბნელე და ხმაური იყო", - ეთერ ჯიქია ამ ისტორიას იმ ეზოში გვიყვება, რომლიდანაც 4 წლის წინ თავადაც თავის გადასარჩენად იბრძოდა.
ამბობს, რომ სტიქიის ღამეს საფრთხეს მალევე მოარიდეს, მოგვიანებით სახლი გაურემონტეს, ტექნიკა შეუცვალეს და მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოებიც დაიწყეს, მაგრამ არ ტოვებს იმის შეგრძნება, რომ საფრთხეშია.
"წუხელ, რომ წვიმდა მე არ მეძინა, სანამ არ დაიკლო წვიმამ. გუშინ რომ იყო, ასეთი მაგარი წვიმა არ მიგრძვნია სხვა დროს. ისეთი არ იყო, როგორც მაშინ [13 ივნისს], მაგრამ მაინც შევშინდი. ახლა აქ ტექნიკაცაა, გვირაბიც გაწმენდილიაო, მაგრამ მე ემოციურად მაინც ვერ..." - რესპონდენტს სიტყვა უწყდება და სამი წლის წინ წყალდიდობით კედლებზე დარჩენილ ნაკვაევს უყურებს.
79 წლის ევა ზულბულიძე 1960 წლიდან სვანიძის ქუჩაზე ცხოვრობს და ამ დროის განმავლობაში ორი წყალდიდობის თვითმხილველია. 13 ივნისის ღამეს ხედავდა როგორ დაიფარა სახლი მოვარდნილი ტალახით. ამბობს, რომ სამი წელია სახლში სტიქიის სუნი დგას, რომელსაც დალაგება არ შველის. ტრაგედიის დავიწყება უნდა, მაგრამ "თბილისში ხშირად წვიმს".
ხედი ჯოჯოხეთისკენ - წყნეთის ქუჩა
წყნეთის ქუჩა - 2015 წლის 19 ივნისი
ფოტო: GHN
წყნეთის ქუჩა - 2018 წლის 12 ივნისი
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
"გზა და სინათლე არ გვქონდა, ყველაფერი მოგვიშალა. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვიყავით. როგორია უყურო წყალი მოდის და მოაქვს ყველაფერი. ღამის 12-ის ნახევარზე მეზობლებმა დაგვირეკეს, რომ სვანეთის ქუჩა დაიტბორა და სახლებიდან გამოვსულიყავით. ზოგი გამოდიოდა, ზოგს არ სჯეროდა, მაგრამ წყალი, რომ წამოვიდა და უკვე ეზომდე ამოვიდა, მაშინ ყველა შეშინდა. შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ვიყავით", - ალა ბურნუსუზიანის სახლი ხეობის კიდეზე დგას.
ჯავოევა აზა იმ სახლში ცხოვრობდა, რომელიც მდინარემ საძირკველის გარეშე დატოვა. ამბობს, რომ ამ ისტორიის მოყოლა არ უყვარს და უნდა დაივიწყოს როგორ დაინახა ფანჯრიდან ხედი, რომელიც ჯოჯოხეთს გავდა.
"წვიმდა ჩვეულებრივად. ასეთი წვიმები სხვა დროსაც მინახავს, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ ზემოდან სტიქია მოდიოდა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია", - ამ სიტყვებით იწყებს 13 ივნისის ღამეზე თხრობას ეთერ ლესელიძე. სტიქიის ღამეს არ შეშინებია გვიან გაიგო რა ხდებოდა, თუმცა ეშინია ყოველთვის, როცა ფანჯარაში წვიმა და მდინარე ვერე ჩანს.
"გუშინ [11 ივნისი] წვიმის დროს შეგვეშინდა. შუქი გაითიშა და ვერ გავიგეთ ტელევიზიით სტიქიამ რამე დააზარალა თუ - არა. მერე ტელეფონით ვეძებდით და გავარკვიეთ, რომ რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, მაგრამ არავინ დაშავებულა. ყოველთვის ასე ვართ. მე არ დავზარალებულვარ და მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს, გადავრჩი."
წაიღო, სულ ყველაფერი გაიყოლა - წყნეთის ხევი
ვერეს ხეობა - 2015 წლის ივნისი
ფოტო: TTIMES
ვერეს ხეობა - 2018 წლის 12 ივნისი
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
ამირან ქურასბედიანი ხედავდა როგორ მიქონდა წყალს მისი ატმის, ტყემლისა და თხილის ხეები. ხედავდა როგორ დაენგრა ბაღი. თუმცა მალევე დაინახა, რომ მის ბაღთან ერთად წყალს სახლები მიჰქონდა, მათ შორის ისიც, რომელიც მისი სახლის გვერდით იდგა. 13 ივნისის ღამით, სახლში იყო შვილებთან ერთად და როგორც მაშინ ისე ახლაც, ვერეს ხეობის დატოვება არ სურს.
14 წლის ვიკა სუარიანს სტიქიის ღამე არ ახსოვს. მშობლებმა ნათესავთან აიყვანეს და სტიქიას გაარიდეს. დეტალებს ვერ იხსენებს, მაგრამ ახსოვს მეზობლები, რომელთა სახლები დილით ვეღარ დაინახა. მდინარესთან ახლოს ცხოვრება არ აშინებს, მაგრამ არ ავიწყდება რა ხმა აქვს ვერეს ყოველი წვიმის დროს:
"იცის ხოლმე, ძლიერი წვიმის დროს მდინარე დიდდება. მშობლები გვეუბნებიან ნუ გეშინიათ, არაფერი არ არისო, მაგრმა ჩვენ მაინც გვეშინია. ძალიან მაგარი ხმაური ისმის მდინარის, უფრო მეტად მაგ ხმაურის გვეშინია."
ნურია საბანაძე ხეობაში ერთი-ერთი ბოლო მაცხოვრებელია. სტიქიის დროს ორივე მხრიდან წყლის ნაკადში მოექცა. ახალი გზიდან წამოსულმა წყალმა ევაკუაციის გზა მოუჭრა და მეზობლის სახლისკენ მოუწია გზის გაჭრა შვილიშვილთან ერთად. ყოველდღე მიტოვებულ და ღვარცოფისგან დაზიანებულ სახლებს და ხეობას უყურებს, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, მაგრამ სახლს ვერ ტოვებს.
გაიგეთ მეტი: ტრაგედია, რომელიც შესაძლოა განმეორდეს
კომენტარები