გიორგი მარგველაშვილის 11 ვეტო
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ხუთწლიანი მოღვაწეობიდან, საკანონმდებლო საქმიანობის კონტროლი ერთ-ერთი დასამახსოვრებელია. პრეზიდენტობის დროს მარგველაშვილმა 11 კანონპროექტს დაადო ვეტო, აქედან, პარლამენტმა მხოლოდ 2 გაითვალისწინა, დანარჩენი 9 კი დაძლია.
მაისში ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე მარგველაშვილმა სტუდენტებს უთხრა, რომ ვეტოს უფლების გამოყენება 11-ჯერვე სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის მექანიზმი იყო.
კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
გიორგი მარგველაშვილმა არჩევიდან თითქმის ერთ წელში, 2014 წლის 31 ოქტომბერს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს კანონპროექტი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ. შენიშვნები პარლამენტმა მიიღო.
პრეზიდენტის შენიშვნები ეხებოდა იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ სამი თვით, თებერვლამდე გაუხანგრძლივდებოდა პირდაპირი წვდომა მოსმენების მოწყობილობებზე.
აგვისტოში დამტკიცებული კანონპროექტით, პირველ ნოემბრამდე უნდა შეემუშავებინა პარლამენტს შესაბამისი რეგულაციები. ცვლილებით ვერ შეიქმნა კონტროლის მექანიზმი, ნოემბრამდე საკითხი ვერ გადაწყდა და პარლამენტმა შსს-ს კომუნიკაციებზე წვდომა თებერვლის ბოლომდე გაუხანგრძლივა.
ცვლილებებით ფარული მიყურადება დაიშვებოდა მაშინ, "თუ ეს იქნებოდა აუცილებელი, შესაბამისი საშუალება, ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის".
მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. გასაღების შსს-ს სისტემიდან გარეთ გატანას მოითხოვდნენ. არასამთავრობოებმა მმართველ გუნდს ე.წ. ორი გასაღების სისტემა შესთავაზეს. შედეგად, წვდომა და ჩართვის მექანიზმი სასამართლოსა და მობილურ ოპერატორებს უნდა ჰქონოდათ და არა შსს-ს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი
იმავე წლის 29 ნოემბერს პრეზიდენტმა ვეტო დაადო დეპუტატების, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. მარგველაშვილმა შენიშვნები იმით ახსნა, რომ პროექტით არ არის დაცული ბალანსი, სახელმწიფო ინტერესებსა და ადამიანის უფლებებს შორის. პარლამენტმა შენიშვნები არ გაითვალისწინა.
პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ვარიანტით, ფუნქციური გადანაწილება უნდა ყოფილიყო დაცული: უფლებამოსილი ორგანოები მიყურადებას განახორციელებენ, ნებართვას გასცემს სასამართლო, ხოლო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
მაშინ ვეტოს დაძლევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო საპარლამენტო ოპოზიციამ, მათ შორის, ფრაქცია თავისუფალმა დემოკრატებმა. ნაციონალურ მოძრაობის წევრი, ხათუნა გოგორიშვილი მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ ისინი კანონპროექტის არც ერთ ვარიანტს, რომელშიც შსს ფლობს ძირითად წვდომას მოსმენებზე, მხარს არ დაუჭერს.
კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს კომპრომისული და გაუმჯობესებული ვერსია შესთავაზა.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონი
ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი რიგით მესამე საკანონმდებლო პაკეტია, რაზეც პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა. 2015 წლის 31 ივლისს იგი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდა პარლამენტს.
სამი მოსმენით მიღებული პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო — საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო უნდა ყოფილიყო. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდებოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული პროექტით ძლიერდებოდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.
პარლამენტმა არც ეს შენიშვნები გაითვალისწინა. მიღებული ნორმა კი ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების იმ დროინდელმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასჩივრეს. მოგვიანებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ უმრავლესობამ თავისივე მიღებული ცვლილება გააუქმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
2016 წლის 14 მაისში პრეზიდენტმა ვეტოს უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზეც გამოიყენა. შენიშვნები პარლამენტმა გაითვალისწინა.
გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს იმ ნორმის დანერგვა დაუწუნა, რომლითაც მოსამართლეს ათწლიანი უფლებამოსილების ამოწურვამდე სამი თვით ადრე ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება აღარ მიეცემოდა.
პრეზიდენტმა პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში მიუთითა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოს იმ შემთხვევაში, თუკი სხდომას, სულ ცოტა, 6 წევრი ესწრება.
შენიშვნებში აღნიშნული იყო, რომ კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა კი მიღებულად უნდა ჩაითვალოს, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
მარგველაშვილის ვეტოს წინ უძღოდა კონსულტაციები, რომელშიც თავად პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა იღებდა მონაწილეობას.
მანამდე, კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას დასკვნისთვის გადაუგზავნა. კომისიისგან მიღებული დასკვნა, პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში ნაწილობრივ გაითვალისწინა.
პრეზიდენტის ვეტოს და პარლამენტის მიერ მის გაზიარებას ვენეციის კომისია მიესალმა. ივნისში გამართულ პლენარულ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ ამ პროცესს "ბრძნული და კარგი კომპრომისი" უწოდა.
მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობდნენ და განმარტავდნენ, რომ ვინაიდან მარგველაშვილმა კომისიის მიერ შემუშავებული რამდენიმე პუნქტი ვეტოში არ გაიზიარა, კანონი ხარვეზებს შეიცავს.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონი
მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პრეზიდენტისა და პარლამენტის შეუთანხმებლობის კიდევ ერთ საკითხად იქცა. "მესამე ტალღა" სამოქმედო გეგმაში ასახულ რამდენიმე საკითხს მოიცავს, მოსამართლეების დანიშვნასთან ერთად გათვალისწინებულია საქმეთა ელექტრონული პროგრამით განაწილება და დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის სრულყოფა.
პრეზიდენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას 2017 წლის 25 იანვარს დაადო ვეტო. შენიშვნები პარლამენტმა არ მიიღო.
პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ პროექტი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს არღვევს. მისივე თქმით, ის ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონით, სააპელაციო და რაიონული სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე უნდა გამწესებულიყო სამი წლის ვადით. პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მოსამართლის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა, სააპელაციო და რაიონული სასამართლოს მოსამართლეები კი პირდაპირ უვადოდ უნდა დანიშნოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.
გიორგი მარგველაშვილმა მიიჩნია, რომ რაიონული და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები, ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონით, უზენაესი სასამართლოს წევრთა და მოსამართლეთა რაოდენობა მაქსიმუმ 16-ია. პრეზიდენტის შენიშვნებით, მინიმალურის გარდა უნდა განისაზღვროს მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობაც.
პრეზიდენტის შენიშვნები მისაღები იყო საპარლამენტო ოპოზიციისთვის. ევროპული საქართველოს წევრმა ოთო კახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის შენიშვნები სრულ თანხვედრაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან.
ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მაშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, ამბობდა, რომ პრეზიდენტის შენიშვნების ამოსავალი პრინციპი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებაა.
ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი
პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა არც ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს. 2017 წლის 20 მარტს დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები პარლამენტმა არ მიიღო.
მაშინ პრეზიდენტმა ორი ძირითადი შენიშვნა გამოიკვეთა:
- სააგენტოს დამოუკიდებლობა კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და ეწინააღმდეგება ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას;
- გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯებია, რომელსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე აღნიშნავდა, რომ სააგენტო, რომელსაც მოსმენებზე წვდომა ექნება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაცვლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნდა ექვემდებარებოდეს.
ე.წ. მოსმენების კანონის საკანონმდელო პაკეტით ცვლილებები 16 კანონში შევიდა. ცვლილებით, სუს-ის ფარგლებში შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი — საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ე.წ. გასაღები.
კამპანიში "ეს შენ გეხება" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის რისკებს ადამიანის უფლებებში უსაფუძვლო ჩარევისთვის.
"ეს იქნება საბჭოთა ექსპერტიმენტის გაგრძელება, რაც ვერ გადაჭრის ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს", — ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
პარლამენტმა კანონი მას შემდეგ მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლომ საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად საქართველოს პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი
შვიდი ქალაქის: გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდისთვის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა.
მან 2017 წლის 21 ივლისს გაუგზავნა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები, თუმცა, პარლამენტმა ვეტო დაძლია.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ როდესაც შვიდ ქალაქს ერთმევა თვითმმართველობის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას ქვეყანაში:
"თვითმმართველობა უზრუნველყოფს მთავრობის ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავრი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ".
თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მანამდე გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის საკრებულოები დაეთანხმნენ.
ვეტოს დადებამდე ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს წერილით მიმართა და სთხოვა, კანონპროექტი პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნებით დაებრუნებინა.
"მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცესში დაირღვა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის სავალდებულო მოთხოვნა, რომლითაც დადგენილია შესაბამის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვის სავალდებულო წესი", — ნათქვამია არასამთავრობოების წერილში.
ვეტოს დადების შემდეგ 49 არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს მიმართა, გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და უარი თქვან თვითთმართველი ქალაქებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
მათ პრობლემად მიაჩნიათ ის, რომ ცვლილება გაააუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს, შეზღუდავს ქალაქებისა და სოფლების სამომავლო განვითარებას, გამოიწვევს უთანასწორო პირობებს ქალაქისათვის, შეასუსტებს საზოგადოებრივ კონსესუსს და საერთაშორისო მხარდაჭერას.
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
იმავე დღეს, 21 ივლისს თვითმმართველობის შესახებ კანონთან ერთად, პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებსაც დაადო ვეტო. პარლამენტმა არც ეს შენიშვნები მიიღო.
პრეზიდენტის განმარტებით, ცვლილებები ერთის მხრივ, თვითმმართველობის მნიშვნელობას აკნინებს და მეორეს მხრივ, ასუსტებს ცესკოს — საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ხარისხს.
გიორგი მარგველაშვილმა მიიჩნია, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფოს ფუნქციონირებაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხი შესუსტდებოდა.
კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნებოდა პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე.
ცვლილებით, ცესკოში თუ ერთ პარტიას მხოლოდ ერთი წევრის ყოლის უფლება ჰქონდა, ამ კანონპროექტით, ეყოლება ერთზე მეტი. პროექტის მიხედვით, ცესკოში პარტიების წევრების დანიშვნა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული
ცვლილება მკვეთრად გააკრიტკა სამოქალაქო სექტორმა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სამართლიან არჩევნებსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოში აცხადებდნენ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი მმართველი პარტიების ინტერესებს ემსახურება.
არასამთავრობოები ცვლილებით საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიზების რისკს ხედავდნენ. მიაჩნდათ, რომ ახალი წესი, სხვა პარტიებთან შედარებით, მმართველი პარტიის დომინირებულ მდგომარეობას გამოიწვევს, საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე.
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
21 ივლისსვე პრეზიდენტმა კიდევ ერთი ტექნიკური ტიპის ვეტო გამოიყენა საარჩევნო კოდექსის შესახებ კანონპროექტზე. გიორგი მარგველაშვილის შენიშვნები თვითმმართველობის რეფორმას შეეხებოდა.
მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ ხელმოსაწერად წარდგენილი ცვლილებები აუარესებს ქალაქებისა და თემების მდგომარეობას გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების გაერთიანებით.
ცვლილებით, მუნიციპალიტეტში შემავალი თემი და ქალაქი ირჩევს თითო წარმომადგენელს. პრეზიდენტმა მიიჩნია რომ ეს მნიშვნელოვანი უთანაბრობის წყაროა — ქალაქს ეზღუდება შესაძლებლობა მიიღოს უნიციპალური ბიუჯეტიდან თანხა საკუთარი პრიორიტეტების დასაფინანსებლად.
საკონსტიტუციო ცვლილებები
მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პრეზიდენტმა პარლამენტს ასევე შენიშვნებით დაუბრუნა.
გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ექვსი შენიშვნა გადაუგზავნა, მათ შორის, ბონუსის (გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი), ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და პრეზიდენტის არჩევის წესს.
ცვლილებების პროექტზე საკონსტიტუციო კომისია სამი თვის განმავლობაში მუშაობდა, რასაც მოყვა მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებული საყოველთაო-სახალხო განხილვა მთელი საქართველოს მასშტაბით. პრეზიდენტმა კომისიაში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა. მოგვიანებით, კომისია ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა დატოვეს. მანამდე, კომისია დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ, პატრიოტთა ალიანსმა და დემოკრატიულმა მოძრაობამ. ოპოციზია აცხადებდა, რომ კონსტიტუციის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები უსამართლოა და დიდ უპირატესობას ანიჭებს მმართველ პარტიას სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან შედარებით.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამაც. მათივე დასკვნაში ნათქვამია, რომ კომისია კონსტიტუციის პროექტის მიმართ დადებით შეფასებას ადასტურებს, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ "რეფორმა ფართო კონსენსუსის შედეგად უნდა შედგეს".
ვენეციის კომისია პროპორციული სისტემის ამოქმედების 2024 წლამდე გადადებას "უდაოდ ძალიან სამწუხაროს" უწოდებს, ვინაიდან, პროპორციული სისტემის პასაჟი რეფორმის "ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია".
უმრავლესობამ მოტივირებული შენიშვნების ნაწილი არ გაიზიარა, ვეტო დაძლია და საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტები შეიმუშავა. ცვლილებებს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. პრეზიდენტის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმულ ნაბიჯად უნდა განიხილებოდეს. მისივე თქმით, ამ დოკუმენტზე ხელის არმოწერა იქნებოდა იმის ნიშანი, რომ საქართველოში ვერ შედგა დემოკრატია, რადგან მასზე პრეზიდენტის ხელმოწერა არ არის.
მაუწყებლობის შესახებ კანონი
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება უკანასკნელად მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე გამოიყენა, იმ მოიტივი, რომ გარანტირებული დაფინანსების მქონე მაუწყებლის სარეკლამო ბაზარზე შესვლით მედიაბაზარი კიდევ უფრო დაზარალდებოდა. პრეზიდენტმა შენიშვნებში აღნიშნა, რომ სარეკლამო ბაზარი მილევადია და საზოგადოებრივი მაუწყებლის სიკეთე არ უნდა დაუპირისპირდეს მედიამრავალფეროვნებას.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის 12 დეკემბერს სამი მოსმენით მიიღო, მაუწყებელს კომერციული რეკლამის დამატებით განთავსების უფლება ექნებოდა, რიგ შემთხვევაში კი ტენდერის გარეშე მომსახურების შეძენა შეეძლებოდა.
ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია პროდუქციის არანაკლებ 25 პროცენტისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კანონი შესაცვლელია, თუმცა შეთავაზებული კანონპროექტი "ფაქტობრივად აუქმებს" საჯარო ფინანსების გამჭვირვალედ ხარჯვის შესაძლებლობას.
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტზე ვეტო პარლამენტმა 21 თებერვლის დაძლია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამ კანონპროექტის მიღება ძლიერ დარტყმას მიაყენებს მედიაპლურალიზმს საქართველოში: "მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიძლიერეს".
კომენტარები