ბარსელონას ლეგენდა ანდრეს ინიესტა გულშემატკივრებს რეალ სოსიედადთან გამართული მატჩის შემდგომ დაემშვიდობა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ჩემპიონებმა სოსიედადს 1:0 მოუგეს, თუმცა, ცხადია, მთავარი მოვლენა ეს არ ყოფილა. ეს ინიესტას დღე იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ ლა ლიგის 9-გზის და ჩემპიონთა ლიგის 4-გზის ჩემპიონმა გულშემატკივრებს მიმართა:

"დღეს ჩემთვის ძალიან მძიმე დღეა, რადგან 22-წლიანი საოცარი თავგადასავალი დასრულდა. ამ გუნდის ღირსების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივი იყო".

"მადლობა ჩემს ყოველ თანაგუნდელს. ყველანი ძალიან მომენატრებით. მადლობა გულშემატკივრებს იმ სიყვარულისთვის, რომელსაც გამოხატავდით. როცა აქ მოვედი, პატარა ბიჭი ვიყავი, ახლა კი, როგორც კაცი, ისე გტოვებთ. თქვენ ჩემს გულში სამუდამოდ დარჩებით", - განაცხადა ანდრეს ინიესტამ, რომელმაც ბარსელონას პირველ გუნდში პირველი ოფიციალური შეხვედრა 2002 წელს გამართა.