ჰიერონიმ ბოსხის სახელი (დაახლ. 1450-1516) სრულიად სმართლიანად არის იდუმალ გამოცანასთან ასოცირებული. ბოსხი ყველასაგან განსხვავებული იყო და საოცრად გამჭრიახი გონებით გამოირჩეოდა. იგი შესანიშნავად ახერხებდა ყველაზე წარმოუდგენელი მონსტრების კონსტრუირებას, ერთ არსებაში ცოცხალი და არაცოცხალი ელემენტების გაერთიანებას და ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ილუზია და რეალობა ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. მისი უცნაური, თავისებურად შიშისმომგვრელი სამყაროები მისივე თანამედროვეთა შორისაც იწვევდნენ გაოცებას. ამიტომაც იყო, რომ XVI საუკუნეში ასე ხშირად ხდებოდა ბოსხის კოპირება. სიმბოლიკა, რომელსაც იგი იყენებდა, რა თქმა უნდა, უკვე დანერგილი იყო იმ ეპოქის ღვთისმეტყველებასა და ხელოვნებაში, მაგრამ მისი ენა იმდენად ინდივიდუალურია, რომ ისტორიკოსთა მთელი თაობები დღემდე კამათობენ ამ გამოსახულებათა მნიშვნელობის შესახებ და ხშირად სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციებსაც გვთავაზობენ.

ეს შეეხება არა მხოლოდ ყველაზე გამოუცნობ ტილოებს, მაგალითად, მიწიერ სიტკბოებათა ბაღს (რომლის შესახებ ჩვენ იმის თქმაც კი არ შეგვიძლია, მხატვარმა ცენტრალურ პანელზე ხორციელ ცოდვათა სამეფო გამოსახა თუ პირიქით, - უცოდველობის უტოპიური სამყარო), არამედ გაცილებით უფრო ტრადიციულ სიუჟეტებსაც. შემთხვევითი არ არის, რომ ხელოვნებათმცოდნე ერვინ პანოვსკი, რომელმაც 1953 წ. გამოქვეყნა მასშტაბური ნაშრომი XIV-XV სს. ნიდერლანდური ხელოვნების ისტორიის შესახებ, აღიარებდა, რომ მზად არ იყო იმისთვის, რომ ბოსხის შემოქმედებისათვის ცალკე პარაგრაფი მიეძღვნა. მის წინამორბედთა თუ თანამედროვეთა შორის - რობერტ კამპენიდან და იან ვან ეიკიდან, ჰანს მემლინგამდე და კვენტინ მასეისამდე - ნიდერლანდურ ქალაქ ჰერტოგენბოსის მკვიდრი ეს უცნაური ხელოვანი, პანოვსკის სიტყვებით, განმარტოებულ კუნძულს გვაგონებს. ბოსხის შესახებ შექმნილია ნაშრომების მთელი ზღვა, მაგრამ მისი იდუმალი გამოცანების უმრავლესობაზე კვლავ არ არსებობს დამაჯერებელი პასუხი. ბოსხის ხატწერის გაშიფვრა დიდად გვეხმარება იმაში გასარკვევად, თუ როგორ მუშაობს ინტერპრეტაცია ხელოვნების ისტორიაში და ზოგადად, როგორ ვეძებოთ გარკვეული მნიშვნელობის მქონე აზრი უამრავი გამოუცნობის არსებობის პირობებში.

ბოსხს ხშირად აბრალებენ, რომ ყველაზე ჩვეულებრივ რელიგიურ სიუჟეტებსაც კი თავისებურად, ახლებურად იაზრებს, ან სულაც უკუღმა გაადააბრუნებს ხოლმე. ამიტომ, იმის გამოსარკვევად, თუ როგორ კითხულობენ და იაზრებენ ისტორიკოსები მის ნამუშევრებს, საკმარისია ნიმუშად ავიღოთ სავსებით ტრადიციული სიუჟეტის ერთი გამოსახულება - მოგვთა თაყვანისცემა.

რა არის ამოუცნობი ან საკამათო "მოგვთა თაყვანისცემის" სცენაში?

დაახლოებით 1490-1500 წლებში ანტვერპენის მკვიდრმა შეძლებული ბიურგერების ოჯახმა - მაუდის მწარმოებელმა პეტერ სხეივემ და მისმა მეუღლემ, აგნეს დე გრამმემ, ბოსხს, სამი მოგვის მიერ ჩვილი იესოსადმი მირთმეული ძღვენის სიუჟეტის თემაზე, ტრიპტიქის შექმნა დაუკვეთეს. კათოლიკურ სამყაროში, ამ სახარებისეულ მოვლენას, საზეიმოდ აღნიშნავენ ყოველ 6 იანვარს "ეპიფანიის" (ღვთის გამოცხადების) სახელწოდებით. როგორც ეს იმ ეპოქაში იყო მიღებული, მხატვარმა დამკვეთთა ფიგურები ამ უმნიშვნელოვანესი საკრალური სცენის გვერდითა სივრცეებში (აქეთ-იქიდან) გამოსახა: მემაუდე პეტერ სხეივეს უკან მისი მფარველი წმინდანი - პეტრე მოციქული დგას, ხოლო მისი მეუღლის - აგნესის უკან - წმინდა წამებული აგნესა.

ამ ეპიზოდში, რომელიც შუასაუკენეების ოსტატთა მიერ ლამის ათასჯერ იყო აღწერილი, თითქოსდა არაფერი უნდა ყოფილიყო მოულოდნელი. სამი აღმოსავლელი სტუმარი, რომლებიც შორეული ქვეყნებიდან გამოჰყვნენ სასწაულებრივ ვარსკვლავს, ახალშობილ მესიას ძღვენს მიართმევენ. ქრისტიანულ ტრადიციაში მოგვთა თაყვანისცემის ეპიზოდს იმის მომასწავებელად განიხილავდნენ, რომ დედამიწის მობინადრე ყველა წარმართი ქრისტეს დაემორჩილება და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცევა. ამ შემთხვევაში კი ბოსხთან სამი მოგვის ფიგურის უკან ჩნდება სრულიად გაუგებარი და, როგორც ჩანს - ავბედითი პერსონაჟი: მოხუცი ძალზე უცნაური ჩაცმულობით. მის ზურგსუკან, ქოხის ჩაბნელებულ სიღრმეში, თავმოყრილი ადამიანები ჩანან; მათი მახინჯი, ჩამუქებული სახეები მიანიშნებენ, რომ ისინი ახალშობილი ღმერთკაცის მტრები არიან და ბოროტების საყაროს ეკუთვნიან. ასევე უცნაურად გამოიყურება მირთმეული ძღვენის ნაწილი და მესამე მაგისა და მისივე მსახურის ჩაცმულობაც. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ სცენაში, ბოსხი, ეკლესიის შინაურ და გარეულ მტრებს - მაჰმადიანებსა და იუდეველებს ამხელდა, ან რაღაც შეთქმულებაზე მიანიშნებდა, რომელსაც ბოროტი ძალები ღვთიური ჩვილის წინააღმდეგ აწყობდნენ. მაგრამ როგორ მივხვდეთ, თუ რაში მდგომარეობდა ეს შეთქმულება და კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა მასში?

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტი, დაახლოებით 1490-1500 წლები.

ფოტო: boschproject.org

ვინ დგას ქოხის კარში?

მოხუცი, რომელსაც შიშველ სხეულზე წითელი მოსასხამი აქვს შემოხვეული, ქოხის კართან დგას და ახალშობილ იესოს უყურებს. ისტორიკოსები დიდიხანია კამათობენ თუ ვინ არის. კითხვა კი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან პასუხის მიხედვით განისაზღვრება მთლიანი ტრიპტიქის აზრიც.

მასში ხან ადამს ხედავდნენ - პირველ ადამიანს, ხან კი სხვებს, მათ შორის: წინასწარმეტყველ ბალაამს, ერეტიკოსს, სატურნს - ასტროლოგიური სიმბოლიკიდან ან კიდევ ალქიმიური სიმბოლიკიდან ტყვიის - ყველაზე დაბალი ხარისხის მეტალის პერსონიფიკაციას და ა.შ. მაგრამ გაცილებით დამაჯერებელია ორი სხვა ვერსია:

ბრიტანელმა ხელოვნების ისტორიკოსმა ერნსტ ჰომბრიხმა, 1969 წელს, ივარაუდა, რომ წითელმოსასხამიანი მოხუცი მეფე ჰეროდე I დიდი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ქრისტეს მოკვლა ჰქონდა განზრახული. შუასაუკუნეების ხანის ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, იგი თავად გაემართა ბეთლემისაკენ მოგვების კვალდაკვალ. თუკი ეს მართლაც მეფე ჰეროდეა, მაშინ, მის უკან გამოსახული პირქუში პერსონაჟები, მისი ულმობელი მსახურები და ის იუდეველები არიან, რომლებმაც წარმართი მოგვებისაგან განსხვავებით, ჩვილ იესოში მესია ვერ დაინახეს.

გერმანელი მკვლევრის - ლოტე ბრანდ ფილიპის მიერ 1953 წელს გახმოვანებული კიდევ ერთი პოპულარული ვერსიის თანახმად, ჩვენს წინაშეა ებრაელთა მესია, ანუ - ქრისტიანთა თვალსაზრისით - ცრუმესია ან იგივე ანტიქრისტე, ხოლო ქოხის სიღრმეში კი თავს მისი მსახური-მიმდევრები აფარებენ. ამგვარად, ქრისტეს პირველი მოსვლის გამოსახვისას, ბოსხმა, ერთგვარი ხიდი გადო საკუთარ თანამედროვეობამდე, რადგან შუასაუკუნეების ეპოქის უამრავი გადმოცემის თანახმად, უნდა გამართულიყო ფინალური ბრძოლა ქრისტიანულ ეკლესიასა და ბნელეთის ძალებს შორის, რომელთაც სათავეში ანტიქრისტე ჩაუდგებოდა. კერძოდ კი, ანტიქრისტე მიიმხრობს იუდეველებს, რომლებიც მას ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მიერ შეპირებულ მესიად აღიარებენ, და სხვა "ურჯულოებთან" ერთად ქრისტიათა დევნას გააჩაღებენ. „მოგვთა თაყვანისცემის“ ასეთი ესქატოლოგიური გააზრებით, გამოდის რომ ბოსხმა, ამ საზეიმო-ტრიუმფალურ სიუჟეტში, მძლავრი ანტისემიტური გზავნილი ჩადო.

ჩაფხუტი

ფოტო: © boschproject.org

ჰიერონიმ ბოსხი. წმინდა ანტონის ცდუნება. ფრაგმენტი. 1500-1510 წლები.

ფოტო: Wikimedia Commons

ჩალმის მსგავსი ჩაფხუტის გარშემო ეკლებია შემოვლებული. ერთ-ერთი გამხმარი ტოტი მინის მილში გატარებისას ცოცხლდება და მის ბოლოში ლურჯი ყვავილი იფურჩქნება. თუკი ჩვენს წინაშე მართლაც ანტიქრისტეა, მაშინ ეს ტოტი მის ერთ-ერთ დამღუპველ სასწაულზე მიგვანიშნებს: ადამიანთა მოდგმის საცდუნებლად მან გამხმარი ხე ააყვავა. საკუთრივ ეკლები, შესაძლოა ქრისტეს ეკლის გვირგვინის პაროდიაც იყოს; მაგრამ თუ ქრისტეს შიშველ თავზე ეს გვირგვინი წამების სიმბოლოდ ჩამოაცვეს, ანტიქრისტეს შემთხვევაში ეკლიანი ტოტები სრულიად უსაფრთხოდ არის შემოხვეული დოლბანდისმაგვარი ჩალმის გარშემო.

არსებობს სხვაგვარი ახსნაც: მსგავსი ეკლის გვირგვინი ამკობს მარცხნივ მდგომი, თეთრ სამოსელში გამოწყობილი შავკანიანი მოგვის საყელოსა და სამხრეულსაც. წმინდა ანტონის ცდუნებაში, ბოსხმა, გამოსახა მაგიდა, რომლის გარშემოც შეკრებილია დემონური კომპანია. ამ უცნაური ქმედების (რომელსაც, ჩვეულებრივ, ჯადოსნურ რიტუალად ან პაროდიულ ანტიმესად განიხილავენ) ერთ-ერთი მონაწილეა თეთრ სამოსელში გამოწყობილი თეთრკანიანი ქალი და ეს სამოსი წააგავს მესამე მოგვის შესამოსელს; ქალის თავსაბურავს კი ზუსტად ზემოთაღწერილის მსგავსად გარსშემოხვეული აქვს ეკლიანი ტოტები. სრულიად სხვა კონტექსტში მოთავსებული ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი, შესაძლოა სიმბოლურად გამოხატავს ეკლესიის გარეთ მყოფ ერეტიკოსებს.

ზანზალაკი, ატლანტი და გომბეშო

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტები.

ფოტო: © boschproject.org

მოხუცის წითელი მოსასხამის ქვეშიდან ჩანს ჩამოშვებული ზონარი, ბოლოში ზანზალაკით. მასზე გამოსახულია "ატლანტების" მწკრივი ბურთებით ხელში, მთლიანობაში კი ეს ატლანტები გომბეშოებს ჰგვანან. ეს მსგავსება არ უნდა იყოს შემთხვევითი, რამდენადაც ტრიპტიქის მარცხენა კარედზე, ეზოში შემოსავლელი ჭიშკრის (სადაც განმარტოებულად ზის იოსები) თავზეც, იგივე პოზაში - გაშლილი წინა და უკანა კიდურებით - გომბეშოა გამოსახული, რომელიც უწმინდური არსებაა და ბნელეთის ძალებს განასახიერებს. ძნელი სათქმელია, მართლა რაიმე კონკრეტულ აზრი ჩადო ბოსხმა ამ მოსართავ სამკაულში თუ არა, მაგრამ ეს უკანასკნელი უეჭველად მისი მფლობელის დემონურ ბუნებაზე მიუთითებს.

მრგვალი ჭრილობა

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტი, დაახლოებით 1490-1500 წლები.

ფოტო: http://boschproject.org

რელიკვარიუმი. უნგრეთი. დაახლოებით 1500 წელი.

ფოტო: The Metropolitan Museum of Art

მოხუცის მარჯვენა ფეხზე ბოსხმა მრგვალი იარა გამოსახა, რომელიც მინის ჭურჭელშია მოქცეული. მასში ხშირად გულისხმობენ მინიშნებას კეთრზე, სიფილისზე (რომელიც სწორედ 1490-იან წლებში შემოიტანეს ევროპაში ახალი სამყაროდან - ამერიკიდან) ან კანის სხვა დაავადებებს; ამასთან, აქ საქმე იმდენად დაავადებაში არ არის, რამდენადაც წარმოდგენაში წყლულის, როგორც ღვთიური სასჯელის თაობაზე, იმაზე, რომ სხეულის ხრწნა სულიერი ხრწნის ტოლფასია. შემთხვევითი არ არის, რომ შუასაუკუნეების ეპოქაში, ეკლესიის ორგანიზმის დამაზიანებელი ერესი, ხშირად, გადამდებ დაავადებასთან იყო გაიგივებული, მას უწოდებდნენ კეთრს, ადარებდნენ მყრალ წყლულოვან დაავადებას და ა. შ.

ბოსხთან, მსგავსი მანერით გამოხატული იარები არაერთგზის გვხვდება; მიწიერ სიტკბოებათა ბაღში ასეთივე თეთრი სისხლმდენი წრე (ოღონდ ამჯერად იგი დოლბანდით არის დაფარული და არა მინის მილაკით) გამოსახულია ე.წ. ხე-ადამიანის ფეხზე, რომელიც ჯოჯოხეთის შუაშია ამოზრდილი. ხოლო მის ტილოზე, "საშინელი სამსჯავრო", ასეთივე მრგვალი წყლულია გამოსახული ლურჯი ფერის კოჭლი დემონის ფეხზე, რომელიც კალათით ეზიდება მარადიული სატანჯველისათვის განწირული ცოდვილის სულს.

ჰიერონიმ ბოსხი. მიწიერ სიტკბოებათა ბაღი. ფრაგმენტი. 1482 წელი.

ფოტო: Wikimedia Commons

ჰიერონიმ ბოსხი. ტკბობის ბაღი. ფრაგმენტი. 1503-1515 წლები.

ფოტო: boschproject.org

მოხუცის, როგორც ანტიქრისტეს ინტერპრეტაციისას, ინგლისელმა ისტორიკოსმა დებრა სტრიკლენდმა, გამოთქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული სისხლმდენი ჭრილობა ასევე შესაძლებელია შუასაუკუნეების ანტიებრაული სტერეოტიპებით იყოს შთაგონებული. ჯერ კიდევ ანტიკურ რომში, აღმოცენდა შეხედულება იმის თაობაზე, რომ ებრაელები, სხვა ხალხებთან შედარებით, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი კეთროვანი დაავადებისაკენ. შუასაუკუნეობრივ ასტროლოგიურ თეორიაში (რომელიც ადამიანთა სხვადასხვა სახის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებს კონკრეტული მნათობების ზეგავლენას მიაწერდა) დამკვიდრებული იყო ანტისემიტური აზრი, რომ ებრაელები, რომელბსაც მიაწერდნენ სიხარბეს, სულიერ სიბრმავესა და მელანქოლიას, - ავბედითი პლანეტა სატურნის შვილები არიან, რომელსაც გვიან შუასაუკუნეებში ხშირად კოჭლი ან ცალფეხა მოხუცის იერით გამოსახავდნენ. მრავალრიცხოვან გრავიურათაგან ერთ-ერთზე მის ასტროლოგიურ ბავშვებთან ერთად ჩვენ ვხედავთ წყლულებიან გლახაკს, ხისფეხა ხეიბარ მომლოცველს, ხუნდებით დაბორკილ პატიმარსა და იუდეველს (ამ უკანასკნელის ამოსაცნობი ნიშანია ტანსაცმელზე მიკერებული წრიული ფიგურა).

და მაინც, მრგვალი ფორმის თეთრი ნაიარევი, რომელსაც სისხლი სდის, ძალზე წააგავს ჰოსტიას (კათოლიკური რიტუალის ევქარისტულ პურს) - იგივე ქრისტეს სხეულს (მართლმადიდებელთა სეფისკვერს). გვიან შუასაუკუნეებში გავრცელებული მრავალრიცხოვანი სასწაულებრივი ისტორიების თანახმად, ერეტიკოსების ან ურწმუნოთა მორიგი ფიზიკური შემოტევის დროს, ჰოსტიას სისხლი სდიოდა. შემთხვევითი არ არის, რომ "მოგვთა თაყვანისცემის" გარეთა ფრთებზე, ბოსხმა, გამოსახა მისი დროისათვის ყველაზე ცნობილი ევქარისტული სასწაული - ნაწამები ქრისტეს ხილვა საფლავიდან მკვდრეთით აღდგომისას. გადმოცემის თანახმად, ეს ხილვა გაცხადებულ იქნა საკურთხევლის თავზე, როდესაც პაპი გრიგოლ დიდი (590-604) რომის ტაძარ სანტა-კროჩე-ინ-ჯერუსალიმში ატარებდა მესას. ხილვას უნდა გაეფანტა ერთ-ერთი ერისკაცთაგანის ეჭვები, რომელსაც არ სჯეროდა, რომ პურის ნაჭერი რეალურად იქცეოდა ქრისტეს სხეულად. ოქროთი მოჩარჩოებული მინის მილი, რომელიც მოხუცის ფეხზეა წამოცმული, ძალზე წააგავს სპეციალურ რელიკვარიუმს (მონსტრანციას), სადაც გვიან შუასაუკუნეების ხანაში სიწმინდეებს ინახავდნენ. ასე რომ, ნაიარევი ანტიქრისტეს ფეხზე სავარაუდოდ ერთგვარი ანტიჰოსტია, ქრისტეს ანტისხეული უნდა იყოს.

ვინ არიან მოგვები?

მათეს სახარებაში, რომელიც ერთადერთია, მოგვებს რომ მოიხსენიებს, არ არის მითითებული მათი კონკრეტული რაოდენობა. ამის მიუხედავად, ქრისტიანულ რტადიციაში, ბერძენი თეოლოგის - ორიგენედან (დაახლ. 185-254) მოყოლებული, ითვლებოდა რომ ისინი სამნი იყვნენ. გარდა ამისა, აღმოცენდა იდეა, რომ ერთი მათგანი იყო მოხუცი, მეორე - საშუალო ასაკისა, ხოლო მესამე - ახალგაზრდა ჭაბუკი (მოგვები ამგვარად განასახიერებდნენ ადამიანის სამივე ასაკს). ახალი აღთქმის ლათინურ თარგმანში მათ "მაგებად" მოიხსენიებენ და პირველი ქრისტიანი ღვთისმეტყველები, წარმართებთან პოლემიკისას, მოგვებს ზოგჯერ, როგორც მისნებად, წინასწარმეტყველებად და მატყუარებად მოიხსენიებდნენ. თუმცა, მოგვიანებით, მათი რეპუტაცია აღდგენილ იქნა: ამიერიდან მოგვებს ახასიათებდნენ, როგორც ღვთისმოსავ, ბრძენ ადამიანებს და დემონთა მსახურ ჯადოქრებთან მათი აღრევა დაუშვებელი იყო.

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტი.

ფოტო: boschproject.org

ულრიხ აპ უფროსი. მოგვთა თაყვანცემა. ფრაგმენტი. 1500-1510 წლები.

ფოტო: Jean-Gilles Berizzi

ჯერ კიდევ ადრეულ შუასაუკუნეებში მოგვებად ასახელებდნენ ნოეს სამ ვაჟს: სემს, იაფეტს და ქმს. ისინი განასახიერებდნენ მათ კუთვნილ სამყაროს ნაწილებს - აზიას, ევროპასა და აფრიკას, ხოლო ბეთლემში მათი ჩამოსვლა იმის მომასწავებელი იყო, რომ ახალშობილ მესიას მთელი მსოფლიო აღიარებდა. სწორედ ამიტომაც, არაბეთიდან თუ ეთიოპიიდან ჩამოსული მესამე მოგვი შავკანიანი იყო.

თუმცაღა, შავკანიანი მოგვი, რომელსაც ხან ბალთაზარს, ხან კი კასპარს უწოდებდნენ, არცთუ ისე მალე დამკვიდრდა ხატწერაში; მართალია, მისი ადრეული გამოსახულებანი უკვე XII-XIII სს-ში გვხვდება, მაგრამ საყოველთაო გავრცელება მას მხოლოდ გვაიან შუასაუკუნეებსა და აღორძინების ეპოქაში ხვდა წილად. როგორც ჩანს, ეს რასობრივ-კოლორისტულ სტერეოტიპებს უკავშირდება. შუასაუკუნეების კულტურაში შავი ფერი ეშმაკთან ასოცირდებოდა (შემთხვევით არ მოიხსენიებდნენ ეშმაკებს "ეთიოპელებად") და შინაგანი ცოდვილობის, სულის სიბნელის ნიშნად აღიქმებოდა. ამიტომაც იყო, რომ ქრისტეს ჯალათებს (რომაელბსა თუ იუდეველებს) მათი სიბოროტის ხაზგასასმელად ზოგჯერ შავკანიანებად გამოსახავდნენ ხოლმე.

როდესაც მავრის სახით მესამე მაგის გამოსახულებები ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ზოგიერთ მათგანზე ხანდახან ჩნდებოდა დეტალები, რომლებიც ამ მაგის წარმართულ წარსულზე მიანიშნებდნენ. მაგალითად, ულრიხ აპტ უფროსის „მოგვთა თაყვანისცემაში“ ახალგაზრდა შავკანიანი მეფის სამოსის ფართო სახელოდან იმზირება შავი კატა - ცხოველი, რომელიც ბნელეთის სამყაროსთან ასოცირდებოდა.

ბოსხი კი უფრო შორს წავიდა: მესამე, ყველაზე ახალგაზრდა მოგვი მასთანაც, ისევე როგორც სხვა ოსტატებთან, პირველი ორისაგან გამოყოფილია; მაშინ როდესაც ორი დანარჩენი მოგვი თავიანთ საჩუქრებს უძღვნიან ჩვილ იესოს, იგი თავისი საჩუქრით მოშორებით დგას. მათი სამოსელიც და საჩუქრებიც ქრისტიანული სიმბოლიკით აღსავსეა, ახალგაზრდა მოგვის გარეგნობა კი მაქსიმალურად ეგზოტიკურად არის გადმოცემული (კისერზე ოქროს ყელსაბამით, ყურებში მარგალიტის საყურეებით და ა.შ.).

რატომ აცვიათ მოგვებს ასე?

ნაქარგობა

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტები.

ფოტო: boschproject.org

შავკანიანი მოგვის ქათქათა თეთრი სამოსის ბოლოში ჩიტებია ამოქარგული. ისინი ნაყოფებიდან გადმოცვენილ მარცვლეულს კენკავენ. გვერდით ორი სირინოზის გამოსახულებაა: ქალი და მამაკაცი ჩიტის სხეულით. მსგავსი ჩიტები და ნაყოფები ბოსხის სხვა ნამუშვრებშიც გვხვდება მაგ., მიწიერ სიტკბოებათა ბაღი და იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ სირინოზები და ნაყოფები სიმბოლურად გამოხატავენ ხორციელ ცდუნებებსა და მიწიერ სიამოვნებებს, რაც წმინდანების ყურადღების გადატანას ემსახურებოდა ზეციურ სამოთხესა და სულიერი ამაღლებაზე ფიქრისას. კიდევ უფრო საეჭვოდ გამოიყურება ნაქარგობა შავკანიანი მსახურის წითელ სამოსელზე, სადაც ბოსხმა გამოსახა თევზის მსგავსი დაჭრილი მონსტრები, რომლებიც ერთმანეთს ჭამენ. ასეთი მორთულობა არ შეესაბამება მესამე მოგვის, როგორც წმინდანის შესახებ არსებულ წარმოდგენას და მას უმალ წარმოაჩენენ წარმართად, რომელიც ჯერ კიდევ ბოროტების ეგზოტიკურ სამყაროში იმყოფება.

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტი.

ფოტო: boschproject.org

სამხრეული

რაც შეეხება მეორე მოგვს, მისი სამოსი მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ სტილშია შესრულებული. მის მძიმე სამხრეულზე, ბოსხმა, საბის დედოფალი გამოსახა, რომელიც ძღვენით ეახლა მეფე სოლომონს; ეს სიუჟეტი აღიარებული იყო მოგვთა თაყვანისცემის ერთ-ერთ ძველი აღთქმისეულ პირველსახედ; უფრო ქვემოთ, როგორც ჩანს, ასახულია მსხვერპლშეწირვა, რომლის რიტუალიც აღასრულეს მანოახმა და მისმა ცოლმა, როდესაც მათ ანგელოზმა ამცნო, რომ დიდი ხნის ნანატრი შვილი (სამსონი) შეეძინებოდათ; ამავე დროს შეიტყვეს ისიც, რომ მათი ვაჟი იხსნიდა ისრაელს ფილისტიმელთაგან. ქრისტიანი ღვთისმეტყველები, ამ ეპიზოდში ხედავდნენ მსგავსი ტიპის ეპიზოდს მომავლიდან - ანუ ქრისტეს დაბადებას.

რა საჩუქრები მიართვეს მოგვებმა ჩვილ მესიას?

მათეს სახარებაში ნათქვამია, რომ ღვთიურ ახალშობილს, მოგვებმა, საგანძური მიართვეს: ოქრო, საკმეველი და მური (კეთილსურნელოვანი ბალზამი). ამ საჩუქრებში, ღვთისმეტყველები, გარკვეულ ხარკის გადახდას ხედავდნენ - წარმართები დაემორჩილნენ ქრისტიან მესიას, მიწიერი მეფეები - მეფეთა მეფეს, ზეციურ ხელმწიფეს.

მაგრამ, მაინც რატომ შეარჩიეს სწორედ ასეთი საჩუქრები? ქრისტიანი ავტორები მიიჩნევდნენ, რომ საჩუქრების ეს ნაკრები სიმბოლურად გამოხატავს ქრისტეს ბუნების სამგვაროვნებას: სმირნა მას მიართვეს, როგორც ადამიანს, ოქრო - როგორც მეფეს, ხოლო საკმეველი - როგორც ღმერთს. ამის თაობაზე, იაკობ ვორაგინსკის თავის პოპულარულ „ოქროს ლეგენდაში“ (დაახლ. 1260) უამრავი სხვადასხვა ახსნა აქვს; ოქროს უნდა შეემსუბუქებინა მარიამ ღვთისმშობლის გაჭირვებული ყოფა, საკმეველს უნდა კეთილსურნელებით აღევსო ბაგა, სადაც იესო იშვა, სმირნას კი უნდა გაეკაჟებინა ჩვილის სხეული და დაეცვა იგი მავნებელი ჭიებისაგან. ოქრო აღნიშნავდა სიყვარულს, საკმეველი - ლოცვას, სმირნა - ხორცის მოკვდინებას. ოქროს ქვეშ მოიაზრებოდა ქრისტეს ღვთიური წარმომავლობა, საკმევლის ქვეშ - ღვთისაკენ მიმართული სული, სმირნის ქვეშ, რომელიც ხრწნისაგან იცავს სხეულს, - ქრისტეს უბიწო სხეული იგულისხმება და ა.შ.

ჩვეულებრივ, მოგვთა საჩუქრებს ოქროს კუბების, თასების ან ჭურჭლის სახით გამოსახვდნენ, თუმცა, ბოსხთან, უფროსი და უმცროსი (შავკანიანი) მოგვის საჩუქრები სულ სხვაგვარად გამოიყურება.

ოქროს ქანდაკება და სამი გომბეშო

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტი.

მარიამისა და იესოს წინაშე მუხლმოყრილია უფროსი მოგვი, რომელიც მათ საჩუქრად ოქროს ქანდაკებას უძღვნის; მასზე გამოსახულია აბრაამი, რომელიც ემზადება ისააკის მსხვერპლად შესაწირად. ქრისტიანულ ტრადიციაში ეს სცენა სიმბოლურად გამოხატავდა ქრისტეს ჯვარცმით სიკვდილს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიუთითებს წამებაზე, რომელიც მომავალში ელის ახალშობილს. მაგრამ ქანდაკების საყრდენი დისკის ქვეშ, რატომღაც, სამი გომბეშოს ფიგურაა დასმული. ისტორიკოსთა ნაწილი წერს, რომ გარეგნულად ღვთისმოსობით აღსავსე ეს საჩუქარი, უწმინდურ გომბეშოებს ებჯინება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ბოსხი დამსაჩუქრებლის მხილებას ცდილობს; თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ აქ მან გამოსახა ქანდაკების სიმძიმისაგან დაჭყლეტილი გომბეშოები, და თუ ასეა, მაშინ ჩვენს წინაშეა სიმბოლო მომავალ ცოდვათა მიტევებისა.

მური და ჩიტი ნისკარტში წითელი ნაყოფით

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტი, დაახლოებით 1490-1500 წლები

ფოტო: boschproject.org

შავკანიან მოგვს მარცხენა ხელში უჭირავს სფერო, რომელშიც მურია მოთავსებული. გარედან სფეროზე გამოსახულია ორი მეომარი და ადამიანი, რომელიც საჩუქარს მიართმევს ტახტზე მჯდომ ხელმწიფეს. შესაძლოა, ეს იყოს ავენირი - მეფე საულის მხედართმთავარი. როგორც მეფეთა მეორე წიგნი მოგვითხრობს, თავისი ბატონის სიკვდილის შემდეგ საული გადაემტერა მის მემკვიდრეს - დავითს. შესაძლოა, ბოსხი აქ აღწერდა, თუ როგორ ეახლა ავენირი დავითს მასთან კავშირის შესაკვრელად და მთელი ისრაელის მიწების მის მფლობელობაში გადასაცემად. შუასაუკუნეების ღვთისმეტყველნი ამ ეპიზოდში მოგვთა თაყვანისცემის ძველი აღთქმისეულ პირველსახეს ხედავდნენ.

გაცილებით რთულია გავარკვიოთ, რას ნიშნავს სფეროზე მჯდარი ჩიტი ნისკარტში წითელი ნაყოფით. შესაძლებელია, ეს იყოს ფენიქსი, რომელიც ფერფლიდან აღდგომის შემდეგ განასახიერებს ქრისტეს აღდგომას; ან პელიკანი: ეს ფრინველი თავგანწირულად კვებავს ბარტყებს საკუთარი სისხლით, ამიტომაც გვაგონებს ქრისტესმიერ ჯვარზე გაკვრით მსხვერპლშეწირვას. მაგრამ სფეროზე შემომჯდარ ჩიტს არც ბარტყები ჰყავს და არც სისხლმდინარე ჭრილობა უჩანს. მის გარშემო ვერც ცეცხლის ალს ვხედავთ.

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტი, დაახლოებით 1490-1500 წლები.

ფოტო: boschproject.org

ჰიერონიმ ბოსხი.მიწიერ სიტკბოებათა ბაღი. ფრაგმენტი. 1503-1515 წლები.

ფოტო: boschproject.org

ასეთივე პატარა ნაყოფები უჭირავთ ნისკარტით იმ ჩიტებსაც, უფროსი მოგვის ჩაფხუტს რომ ამშვენებენ, კიდევ ერთი, უფრო მოზრდილი ხილის ნაყოფი კი გამოსახულია შავკანიანი მსახურის თავზე. ასევე უამრავი წითელი კენკრა გვხვდება მიწიერ სიტკბოებათა ბაღის ცენტრალურ ფრთაზე, სადაც ასეულობით შიშველი ფიგურა უცნაურ სასიყვარულო თამაშებს ეძლევა. იქ ადამიანები კბილებით ჩაფრენილნი არიან მარწყვის კოლოსალური ზომის ნაყოფებზე, აქ - შავკანიან მოგვს ხელში უჭირავს დიდი მარწყვის ფორმის "ბრელოკი". ამ ორივე კენკროვანში ბოსხის მკვლევრები მეტწილად ხედავენ მიწიერ ცდუნებათა და ხორციელ სიამოვნებათა განსახიერებას. ასეთი სიმბოლიკა კი არცთუ ისე ღვთისმოსავურად გამოიყურება. საფიქრებელია, რომ ამ დეტალების მეშვეობით ბოსხს სურდა ხაზი გაესვა წარმართთა მიერ ქრისტესათვის მიძღვნილი საჩუქრების ეგზოტიკური ბუნებისათვის.

როგორ გამოიყურება ქოხი, სადაც იესო იშვა

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტი.

ფოტო: boschproject.org

რობერ კამპენი. მოგვთა თაყვანისცემა. 1420-იანი წლები.

ფოტო: Wikimedia Commons

ლუკას სახარების თანახმად, მაცხოვარი ბეთლემში, საქონლის ბაგაში დაიბადა, რადგან წმინდა ოჯახისათვის ვერ მოიძებნა ღამის გასათევი ადგილი ფუნდუკში. ასწლეულების განმავლობაში ღვთისმეტყველნი ადიდებდნენ ზეციური ხელმწიფის თავმდაბლობას, რომლისთვისაც ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებით, "უხეში ბაგა რბილ საწოლად იქცა, ჩალის გამჭვარტლული სახურავი კი - ოქროთი მოვარაყებულ ჭერად". შესაბამისად, მხატვრებიც, მაგალითად, რობერ კამპენი, ხშირად ბაგას, სადაც ამ ქვეყანას მოევლინა იესო, აღბეჭდავდნენ ხოლმე როგორც უბრალო, ძალზე ძველ ნაგებობას, რომლის კედლებშიც უამრავი ხვრელი იყო.

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტები.

ფოტო: boschproject.org

ასევე მოიქცა ბოსხიც, თუმცა მის ტილოზე მოკრძალებული ქოხი ავბედითი დეტალებით ივსება; სახურავის ქვეშ, ბნელ ღრმულში ზის ბუ, მის გვერდით შესრიალებულა ხვლიკი. კიდევ ერთი ბუ კედლის ხვრელიდან იმზირება, შავკანიანი მოგვის თავს ზემოთ. შუა საუკუნეების ბესტიარიებში (ლათ.bestia - მხეცი; შუასაუკუნეეში ზოოლოგიურ სტატიათა ილუსტრირებული კრებულები, ალეგორიული ჟანრით და ზნეობრივი მორალით) და სხვა ალეგორიულ თხზულებებში ბუ, როგორც ღამის ფრინველი, რეგულარულად გვევლინება როგორც ბნელი ძალების განსახიერება (ერეტიკოსებიდან იუდეველების ჩათვლით). ბოსხიც აქტიურად იყენებდა ამ სიმბოლიკას, მაგალითად - „წმინდა ანტონის ცდუნებაში“ ბუ თავზე აზის ღორის დინგიანი სახის მქონე დემონურ მუსიკოსს.

სად ზის იოსები?

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტი

ფოტო: boschproject.org

ტრიპტიქის მარცხენა ფრთაზე, ბაგის მიმდებარე ეზოში, ცეცხლის პირას, განმარტოებით ზის იოსები, რომლისთვისაც ადგილი ვერ მოიძებნა თაყვანისცემის სცენაში. წმინდა ოჯახის უხუცესი მარჩენალი (მის ზურგსუკან ჩამოკიდებულია ცული - მისი სადურგლო იარაღი) მზრუნველი სახით ცეცხლის ალზე აშრობს ჩვილის სახვევებს. როგორც ზემოთ უკვე ითქვა, მორყეული ჭიშკრის თავზე გომბეშოა წამოგორებული, ქვემოთ, კარის ღიობის ორივე მხარეს გამოსახულია მოცეკვავე ან ჟესტიკულირებით დაკავებული ფიგურები, ზემოთ კი, დგას მომცრო ქანდაკება გრძელკალთებიან სამოსში და თავზე წაწვეტებული (ებრაული) ქუდით. ეს დეტალები, რაც მხოლოდ ბოსხთან გვხვდება, როგორც ჩანს, ახდენენ იმ ადგილის მარკირებას, სადაც ზის მაცხოვრის მამობილი, როგორც ურჯულო და უწმინდური სივრცისა.

შუასაუკუნეებში არსებობდა წარმოდგენა, რომ ქოხი, სადაც მაცხოვარი დაიბადა, ბეთლემში, დავითის სასახლის ნანგრევებზე იყო აშენებული. დავითის შთამომავალი მესია დაიბადა იქ, სადაც მისი დიდი წინაპრის სასახლე იდგა, - ახალი აღთქმაც ძველი აღთქმის ნაშთებზე დაეშენა. ქრისტეს პირველად მოსვლა ძველი ებრაული წინასწარმეტყველების აღსრულებად იქცა, მაგრამ რადგანაც ებრაელებმა იგი არ აღიარეს მესიად, მათ დაკარგეს რჩეული ხალხის სტატუსი და იქცნენ „განდევნილებად“. ამიტომაც ეჭვობს ზოგიერთი ისტოიკოსი, მაგ. დებრა სტრიკლენდი, რომ ბოსხის მიერ ასახული ძველისძველი ქოხი, სადაც ბუები ბუდობენ, უნდა აღნიშნავდეს ძველ აღთქმას და მთელ იუდეურ სამყაროს, რომელმაც, წარმართებისაგან განსხვავებით, არ აღიარა ქრისტე.

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტი.

რას აღნიშნავენ ვირი და ხარი?

შობის და მოგვთა თაყვანისცემის ამსახველ ათასობით ტილოზე ვხვდებით ბაგაში გამოსახულ ვირსა და ხარს. სახარებაში მათ შესახებ სიტყვაც არ არის ნათქვამი. ახალი აღთქმისეულ სიუჟეტებში ისინი ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველების მეშვეობით მოხვდნენ: III სუკუნეში ქრისტიანმა ღვთისმეტყველებმა გადაწყვიტეს, რომ ისაია წინასწარმეტყველის სიტყვები ("ხარი იცნობს თავის პატრონს, ვირი - თავისი ბატონის ბაგას; ისრაელი კი არ მიცნობს მე, ჩემი ხალხი ვერ მიმიხვდა") სინამდვილეში მოასწავებდა ქრისტეს მომავალ ხორცშესხმას.

შუასაუკუნეების ხანაში, შობის ხატწერაში, ხარი და ვირი, როგორც წესი, ერთად სცემენ თაყვანს ახალშობილს ან ასევე ერთად წიწკნიან თივას უკანა ფონზე. თუმცა, ზოგიერთ ოსტატთან, ვირი თითქოსდა უკმაყოფილოდ ბღავის (ისე, რომ იოსებს მისი ჯოხით მოგერიებაც კი უწევს), ზურგს აქცევს ახალშობილს და მისი სახვევების შეჭმასაც კი ცდილობს.

ისტორიკოსების ვარაუდით, აქ საქმე გვაქვს როლების "კონფესიურ" განაწილებასთან; შუასაუკუნეების ღვთისმეტყველები ზოგჯერ წერდნენ, რომ ხარი, რომელიც თავისი რქებით იცავდა ახალშობილს, განასახიერებდა წარმართებს, რომლებმაც იგი აღიარეს მესიად, ხოლო ვირი - გაჯიუტებული იუდეველების სიმბოლო იყო, რომლებმაც უარი თქვეს მის აღიარებაზე.

ბოსხის ტილოზე, პირქუშ ქოხში, საიდანაც ჰეროდესა თუ ანტიქრისტეს მსახურნი იმზირებიან, ფანჯარაში მოჩანს მხოლოდ ვირი, ხარი კი არსად ჩანს. დებრა სტრიკლენდი და ჯოზეფ კიორნერი ამას იმის დასტურად მიიჩნევენ, რომ ძველისძველი ქოხი განასახიერებს ებრაულ სამყაროს, რომელიც ეწინააღმდეგება მაცხოვარს; მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა რესტავრაციამ აჩვენა, რომ ბოსხს მაინც დაუხატავს ხარი, უბრალოდ დროთა განმავლობაში პიგმენტი ჩამუქდა და ეს ფიგურა აღარ ჩანდა.

რა ხდება შორეულ ხედზე?

როგორც ბოსხის ბევრ ნამუშევარში, ამ ტილოზეც საკრალური ქმედება ვითარდება უკიდეგანო პეიზაჟის ფონზე, რომელშიც ისტორიკოსებიც ეძიებენ ძირითადი სიუჟეტის გასაღებს.

ფანტასტიკური იერუსალიმი

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტი

ფოტო: boschproject.org

ცენტრალურ პანელზე შორიდან მოჩანს ქალაქი უაღრესად უცნაური ფორმის კოშკებითა და ტაძრებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის პატარა ბეთლემი, სადაც იესო იშვა - ეს იერუსალიმია. იმდროინდელი ნიდერლანდელი ოსტატები მას, ისევე როგორც ყველა უძველეს ქალაქს, ჩვეულებრივ, გამოსახავდნენ მაშინდელ - ჩრდილოევროპულ სტილში - გოთიკური შპილებით და კრამიტის ორფერდა სახურავებით. ზოგჯერ ნახატებში ჩნდება უფლის რეალური საფლავის მსგავსი შენობები, ან კიდევ - ნაგებობები არაგოთიკური ელემენტებით, რომლებიც აღმოსვლეთის მუსულიმურ არქიტექტურას მოგვაგონებენ.

ბოსხი ბევრ შენობას უცნაურ ფორმას აძლევს (მაგ. გადმობრუნებული ზარის, ან ნახევარსფეროს და ა.შ.). ისტორიკოსმა ლორინდა დიქსონმა, რომელიც ბოსხის მრავალი გამოსახულების ამოკითხვას გვიანი შუასაუკუნეების ალქიმიის პრიზმაში გვთავაზობს, დაგვანახა, რომ ეს სახლები ძალიან ჰგვანან ქიმიური ჭურჭლების იმ გამოსახულებებს, რომლებსაც XV–XVI სს-ის ხელნაწერებში ვხვდებით. კერძოდ, ისინი გვაგონებენ ქურაზე შემოდგმულ ჭურჭელს. საგულისხმოა, რომ იმ ეპოქის ალქიმიურ მეტაფორიკაში, ქურებსა და ჭურჭელს უწოდებდნენ "სახლებს", სადაც ინგრედიენტები ტრანსმუტაციის მსვლელობისას ცხოვრობენ, ხოლო ფილოსოფიური ქვის წარმოქმნის პროცესს ქრისტეს შობასთან აიგივებდნენ.

მაგრამ, აშკარა მსგავსების მიუხედავად, უფრო სარწმუნოა, რომ ბოსხმა, რომელიც კარგად ხედავდა გუმბათებსა და მომრგვალებულ ფორმებს გრავიურებზე იერუსალიმისა და აღმოსავლეთის სხვა ქალაქების ხედებით, გადაწყვიტა საკუთარი შენობებისათვის მაქსიმალურად ეგზოტიკური იერი მიეცა. თუმცაღა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ერთობ უცნაური ქალაქები უნდა გავაიგივოთ ქურებთან, სადაც ფილოსოფიურ ქვებს ამზადდებდნენ.

კერპი, ნახევარმთვარე და ჯვრები

იერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტი.

ფოტო: boschproject.org

იერონიმუს ბოსხი, Ecce Homo, ფრაგმენტი. 1475-1485 wlebi.

ფოტო: Städel Museum / © boschproject.org

იერუსალიმსა და ბაგას შორის (სადაც იესო იშვა) არსებულ უდაბურ სივრცეში თანაარსებობენ ქრისტიანული (გზისპირა ჯვრები) და წარმართული სიმბოლოები. ქვიშიანი ზოლის შუაგულში აღმართულ კოლონაზე დგას კერპი თავზე ლატანით, რომელსაც ბოლოში ნახევარმთვარე ამშვენებს. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, ისლამის და, უპირველესად - ოსმალური საშიშროების სიმბოლოა; მაგრამ მისი მნიშვნელობა გაცილებით ფართოა - ბოსხის ეპოქაში იგი შესაძლოა ყველანაირ მტრულ, უცხო სარწმუნოებას განასახიერებდა. ამიტომაც პანელზე Ecce homo (ლათ. "აი, ადამიანი") მთავარ ხედზე გამოსახულია იუდეველთა ჯგუფი, რომელიც პილატესაგან ქრისტეს ჯვარცმას მოითხოვს, ხოლო მოშორებით, იერუსალიმის "რატუშაზე" ფრიალებს წითელი დროშა ნახევარმთვარის გამოსახულებით.

სამი არმია

იერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტები.

ფოტო: boschproject.org

იერუსალიმის წინ, დაბლობზე, სამი მხრიდან მოემართებიან შეიარაღებულ მეომართა რაზმები. მარცხნივ მეომრები სხვადასხვა ფერის დოლბანდებით არიან შემოსილნი, მესაყვირის დროშაზე კი ასევე ნახევარმთვარეა გამოსახული. მარჯვენა მხრიდან მომავალი არმიის მეომრებს ახურავთ წაწვეტებული, ფართოფარფლებიანი ქუდები. ასეთ თავსაბურავებში ბოსხის თანამედროვე ევროპელი მხატვრები ხშირად გამოსახავდნენ თურქებს, ასე რომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არმიები აღმოსავლეთთან ასოცირდებოდნენ.

და მაინც, ვინ არიან ჩვენს წინაშე? XIV–XV სს-ში შექმნილ მრავალრიცხოვან მოგვთა თაყვანისცემაში სამი მეფის კვალდაკვალ მოდის მათი ამალა, მსახურებისა და შეიარაღებული ესკორტის შემადგენლობით. ხოლო რადგანაც მაგები შორეულ სამეფოებს წარმოადგენდნენ, შესაბამისად მეომრებიც ხშირად არაევროპულად, უმეტეს შემთხვევაში - აღმოსავლურ სტილში იყვნენ ჩაცმულნი; დროშებზე კი, რომლებიც მათ ეპყრათ ხელთ, გამოსახული იყო ნახევარმთვარე, ვარსკვლავები და მავრების ფიგურები.

მაგრამ, რადგანაც ბოსხთან მოგვთა თაყვანისცემის სცენა აღსავსეა ავბედითი ნიშნებით, ხოლო ქოხის ზღურბლზე სავარაუდოდ ანტიქრისტე დგას, ამიტომ ლოტე ბრანდ ფილიპი, დებრა სტრიკლენდი და ზოგიერთი სხვა ისტორიკოსი, მივიდნენ დასკვნამდე, რომ იერუსალიმისაკენ მიმავალი ჯარებიც - არა მხოლოდ კასპარის, მელქიორისა და ბალთაზარის ამალაა. მათი ჰიპოთეზის თანახმად, ბოსხმა, აქ "მთელი სამყაროს მიწათა მეფეები" ასახა, რომლებიც ბოლოს შეიკრიბებიან, რათა "შეებრძოლონ მხედარს და მის ჯარს", ანუ "ქრისტესა და მის ეკლესიას". შესაძლოა, გოგისა და მაგოგის ეს დემონური ჯარები, რომლებიც ანტიქრისტეს მოწოდებით გამოვლენ "და გარს შემოერტყმებიან წმინდანთა ბანაკს და საყვარელ ქალაქს" - ზეციურ იერუსალიმს. ბოსხის თანადროულ ეპოქაში, როცა მთელი ევროპა შიშით ადევნებდა თვალს ოსმალთა იმპერიის თავბრუდამხვევ ექსპანსიას, თურქთა შემოტევას, ხშირად, ქრისტიანული სამყაროს ცოდვებისათვის მოვლენილ ღვთიურ სასჯელად აღიქვამდნენ, ან პირდაპირ აიგივებდნენ მას გოგთან და მაგოგთან.

ამასთან, საკუთრივ არმიებში, რომლებიც იერუსალიმთან იკრიბებიან, არაფერია განსაკუთრებულად ავბედითი; მათი ინტერპრეტირება, როგორც ბოროტების არმიისა, რომელიც საბოლოოდ თავს დაატყდება ქრისტიანულ სამყაროს, და არა როგორც მოგვთა ჯარებისა, დედამიწის სამი მხრიდან რომ ერთიანდებიან, - დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, ვის დავინახავთ ჩვენ ამოუცნობ მოხუცში: ანტიქრისტეს თუ ვინმე სხვას.

გლეხების ცეკვა და მგლები

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტები.

ფოტო: boschproject.org

ტრიპტიქის მარცხენა ფრთაზე, ეზოს გარეთ, კედელთან, სადაც იოსები კოცონზე აშრობს შვილობილის სახვევებს, გლეხების წყვილი სტვირის მუსიკის თანხლებით ცეკვავს. იგივე პერსონაჟები ჩნდებიან ბოსხის ტრიპტიქის "თივის ზვინის" გარეთა მხარეს; იქ ჭაღარა მგზავრი დახეტიალობს დედამიწაზე, რომელიც ცოდვითა და მტრობით არის აღსავსე. მისგან მარცხნივ ყაჩაღები ძარცვავენ კიდევ ერთ გამვლელს, ხელმარჯვნივ კი გლეხების წყვილი სტვირის მელოდიაზე ცეკვავს. როგორც ჩანს, "თივის ზვინშიც" და "მოგვთა თაყვანისცემაშიც" ეს სცენა გვევლინება მიწიერ სიამოვნებათა და ცოდვილ ამაოებათა სიმბოლოდ.

ჰიერონიმუს ბოსხი, მოგვთა თაყვანისცემა, ფრაგმენტი.

ფოტო: boschproject.org

სამყარო, რომელშიც მაცხოვარი მოევლინა, ბოსხთან ასევე ძალადობით არის მოცული - მარჯვენა ფრთაზე, აგნეს დე გრამესა და წმინდა აგნესის გამოსახულების ზემოთ, ქალი ცდილობს მტაცებელი მგლისაგან გაქცევით უშველოს თავს, მეორე მგელი კი კბილებით გლეჯს მგზავრს, რომელიც თავის გადასარჩენად მას ზურგში დანას უყრის.

როგორ გავერკვეთ ამ ყველაფერში?

ქრისტიანულ ხატწერასა და ზოგადად - ქრისტიანულ ტრადიციაში, მოგვთა თაყვანისცემა სასიხარულო ზეიმია, ღვთის გამოცხადებაა ადამიანების წინაშე, რომლებსაც იგი მოაქცევს და გადაარჩენს საკუთარი ჯვარცმის ფასად. მაგრამ ქვეყნიერება, რომელიც ბოსხმა დაგვიხატა, სულაც არ არის სიხარულის მომგვრელი, პირიქით - აღსავსეა საფრთხის ბუნდოვანი შეგრძნებით. ისტორიკოსები კამათობენ, თუ საიდან მომდინარეობს ეს საფრთხე და ვის მხილებას ცდილობს მროალისტი ბოსხი: ძველი იუდეველებისა, და მათთან ერთად - მათივე შთამომავლებისა, რომლებიც, როგორც ამას დაუღალავად იმეორებდნენ კათოლიკე მღვდლები, დაწყევლილნი არიან, როგორც უფლის მკვლელები? ცუდი ქრისტიანებისა, რომლებიც კვლავ და კვლავ სცოდავენ და ამით ტანჯავენ ქრისტეს, რომელმაც მათ გადასარჩენად ჯვარზე ეწამა? ან იქნებ ყველა ურჯულოსი მუსლიმებით სათავეში, რომლებიც ბოლო ჟამს ანტიქრისტეს ეგიდით წამოიწყებენ ტოტალურ ომს ეკლესიის წინააღმდეგ? ჩვენ ეს არ ვიცით ზუსტად. შესაძლოა იმიტომაც, რომ ბოსხი არც აპირებდა ამაზე პასუხის გაცემას, იგი მხოლოდ ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ბოროტება მრავალსახოვანია.

იკონოგრაფიული ანომალიების ინტერპრეტირებისას, რომლებიც ბოსხის "მოგვთა თაყვანისცემას" მკაფიოდ გამოარჩევენ იგივე სიუჟეტის ათასობით სხვა ვერსიისაგან, ისტორიკოსები ხშირად შეიმუშავებენ ხოლმე სხვადასხვა თეორიებს ორმაგი ფსკერით, მაგრამ ეს თეორიები ყოველთვის როდი მუშაობენ. როგორც ზემოთ ითქვა, გერმანელი მკვლევარი ლოტე ბრანდ ფილიპი მიიჩნევდა, რომ ქოხის კარებში მდგარი მოხუცი არის ანტიქრისტე. თუ ეს ასეა, მაშინ მოგვები, თავიანთი უცნაური ატრიბუტებით, ასევე შეიძლება მასთან იყვნენ დაკავშირებულნი. ფილიპი ვარაუდობდა, რომ ბოსხმა მოგვები წარმოგვიდგინა, როგორც „დედამიწის მეფენი“, რომლებიც ბოლო ჟამს ანტიქრისტეს ცდუნებას ვეღარ გაუძლებენ და თავს დაესხმიან ქრისტიანულ სამყაროს. ეს ვერსია გულისხმობს, რომ ბოსხმა შიგნიდან შეამტვრია ყველასათვის ნაცნობი სიუჟეტი, მოგვთა ნიშანი პლუსიდან მინუსით შეცვალა, ან კიდევ პარადოქსულად შეუთავსა ორივე ერთმანეთს. მნახველი ტილოზე ხედავს სამ მეფეს, საჩუქრებს რომ უძღვნიან იესოს, მაგრამ იგი აცნობიერებს იმასაც, რომ ამავდროულად ისინი განასახიერებენ ანტიქრისტეს სამსახურში მყოფ ბიწიერ ხელმწიფეებსაც.

მაგრამ ტრადიციისაგან ესოდენ რადიკალური მოწყვეტა, ასეთი ორაზროვანება მაინც ნაკლებად სარწმუნოდ გამოიყურება. ბოსხის სამყარო თავისებური და უცნურია, მაგრამ მის ნამუშევრებთან დაკავშირებით ისტორიკოსთა მიერ გაჟღერებული უამრავი განმარტება თვით ბოსხის დიდ გაოცებას გამოიწვევდა; ძნელი წარმოსადგენია, რომ მას მიზნად ჰქონდა ტილოზე აესახა მოგვთა "ანტითაყვანისცემა".

ბოსხის იდუმალი ხატების, ისევე როგორც მისი გზავნილების (სადაც ძალზე ბევრი უცნობი ელემენტია) გაშიფვრა ნამდვილად არ არის იოლი საქმე. საამისოდ საჭიროა ჯერ ცალკეული დეტალების მნიშვნელობაში გავერკვეთ. მაგრამ მათი უმეტესობის ახსნა თითქმის შეუძლებელია, თუკი არ გვეცოდინება - რა აზრს დებდა ბოსხი მთლიან ნამუშევარში. ამიტომაც, საკმარისია, გზის დასაწყისში პატარა შეცდომა დავუშვათ, რომ მთელი მომდევნო განმარტებები ჰაერში გამოკიდებული დაგვრჩეს. მაგალითად, თუკი ქოხის კარებში მდგარი მოხუცი ანტიქრისტეა, მაშინ აღმოსავლეთის ჯარები, იერუსალიმთან რომ იკრიბებიან, ნამდვილად შეიძლება მივიჩნიოთ არა მოგვთა ამალის, არამედ - გოგისა და მაგოგის სიმბოლოდ. ხოლო თუკი ამ მოხუცის სახით ჩვენს წინაშეა ჰეროდე ან ვინმე სხვა, მაშინ გოგსა და მაგოგს, მითის სხვა ბოროტ ძალებთან ერთად, აქ არაფერი ესაქმებათ. სამწუხაროდ, მეომართა გარეგნული იერის მიხედვით შეუძლებელია იმის განსაზღვრათუ ვინ არიან და საიდან მოვიდნენ ისინი. ერთი და იგივე დეტალის მნიშვნელობა დამოკიდებულია უშუალოდ კონტექსტზე და ბოსხის მეტად უცნაური სიმბოლიკის შემცველ ნაწარმოებთა გაშიფვრისას ეს არ უნდა დავივიწყოთ.