დიდი ხანი ვფიქრობდი, როგორ დამეწყო ემა კლაინის წიგნის, გოგონების შესახებ საუბარი და მივხვდი, რომ ამ წიგნს არ აქვს ერთი კონკრეტული დასაწყისი, ისევე როგორც დასასრული. გოგონები ახალგაზრდა დებიუტანტი ამერიკელი მწერლის, ემა კლაინის რომანია, რომელიც 2016 წელს გამოიცა და ძალიან მალე მთელი მსოფლიოს წიგნის მაღაზიებში ამოყო თავი, თანაც ბესტსელერებისთვის განკუთვნილ თაროებზე. წიგნის შესახებ არაერთი რეცენზია დაიწერა, ემა კლაინი კი, თითქმის ყველა წამყვანი მედია-გამოცემის ყდაზე მოგვევლინა.

ემა კლაინი და "გოგონების" ორიგინალი ყდა

ემა კლაინი და "გოგონების" ორიგინალი ყდა

ფოტო: The Guardian

რამ განაპირობა წიგნის ასეთი წარმატება? - ეს ლოგიკური კითხვა ჯერ კიდევ იქამდე გამიჩნდა, სანამ რომანს წავიკითხავდი. როგორც წესი, ახალგაზრდა დამწყებ მწერლებს ამხელა წარმატებისთვის ბედი იშვიათად წყალობთ ხოლმე. თხრობის კარგი სტილი არასდროს არის საკმარისი იმისთვის, რომ მკითხველის მოწონება დაიმსახურო. სოციალური კაპიტალის გაუფასურების ეპოქაში, როცა ადამიანს ფაქტობრივად აღარ რჩება დრო დიდი წიგნების წასაკითხად, ძალიან რთული ამოცანაა მკითხველის ფურცლებთან დაბმა. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი ამბავის სწორად მოყოლა, ცოდნისა და ემოციების იმგვარად წარმოჩენა, რომ მკითხველი ფურცლებს ზოგავდეს და ყოველი გვერდის შემდეგ ფინიშის ხაზთან ახლოს ყოფნას ნანობდეს.

28 წლის ემა კლაინის წიგნი 1960-იანი წლების ყველაზე გახმაურებული მკვლელობების სერიის განსხვავებული ინტერპრეტაციაა. გოგონები, რომლებმაც 1969 წლის ზაფხულში საზარელი მკვლელობები ჩაიდინეს და რომლებსაც საზოგადოება ჩარლზ მენსონის "ოჯახის" წევრებად იცნობს, ამ წიგნში სულ სხვა ისტორიით ცოცხლდებიან. არის კი ეს წიგნი კრიმინალსა და მკვლელობებზე? - როგორც თავად ემა კლაინი ამბობს, გოგონები ყველაზე ნაკლებად ეხება მკვლელობების სერიას. წიგნი დაცლილია დოკუმენტალისტიკისგან და მისი პირდაპირი გაიგივება მენსონის კულტთან არასწორია. ჩარლ მენსონი და მისი "ოჯახი" აქ მხოლოდ ისტორიის პატარა ნაწილია, ერთგვარი თეატრალური სცენა, სადაც ავტორი ქალთა ჩაგვრასა და მათზე ძალადობას, მშობლებისა და შვილების მანკიერი ურთიერთობების სახეს, ნარკოტიკების კულტსა და თინეიჯერების გულუბრყვილობის თემებს აცოცხლებს.

ემა კლაინი - გოგონები

ემა კლაინის გოგონები ქართულ ენაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ლიტერატურული ოდისეას ფარგლებში გამოსცა. წიგნი ანინა ტეფნაძემ თარგმნა და წინასწარ გეტყვით, რომ მთარგმნელმა ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი. თხრობის პოეტური სტილი, რომელიც ამერიკული ლიტერატურის გამოზრდილია, მთარგმნელმა ქართულ ენაზე ისე გარდაქმნა, რომ კულტურული სხვაობა ორ განზომილებას შორის წაშლილიყო და ამავდროულად, ფორმა უცვლელი ჰქონოდა. გოგონები ემა კლაინის სადებიუტი რომანია, რომელიც გამოსვლისთანავე 35 ენაზე ითარგმნა და მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

წიგნში კრიმინალური ასპექტი ნაკლებად მნიშვნელოვანია. რომანში უფრო მძაფრად არის მოყოლილი ქალთა ძალადობაზე, ყოველდღიურ ბრუტალურ ისტორიებზე, - ემა კლაინი

წიგნის პროტაგონისტი ივი ბოიდი ისტორიას ორ დროში - ახლანდელ და წარსულ დროში გვიყვება, თუმცა ამან არ უნდა დაგვაბნიოს. ზრდასრული ივი ბოიდი, რომელსაც ცხოვრებაში განცდილი იმედგაცრუებების გამო ეგზისტენციალური კრიზისი აწუხებს, დროებით თავისი ყოფილი ბოიფრენდის სახლში მარტო ცხოვრობს და მთელ დროს დასვენებასა და ფიქრს უთმობს, თუმცა იდილიას მოულოდნელი სტუმრები ურღვევენ. ახალგაზრდა ჯულიანი, ივი ბოიდის ყოფილი ბოიფრენდის შვილი, და საშა, ჯულიანის შეყვარებული, რამდენიმე დღით მასთან დარჩენას გადაწყვეტენ. სწორედ აქედან იწყება ისტორია, რომელსაც მთხრობელი მკითხველს უყვება. ახლანდელ დროს განვითარებული მოვლენები და ჯულიანისა და საშას ურთიერთობა, რომელიც ივის თვალწინ თამაშდება, 1969 წლის მოვლენების ერთგვარი უხილავი და ამავდროულად, ცხადი გაგრძელებაა. რომანში დროის მონაცვლეობა იმ რეალობას აშიშვლებს, რომელიც შეულამაზებლად და ძალიან ბრუტალურად გვამცნობს, რომ ქალებზე ძალადობა არათუ წარსულის ცუდი მოგონება, არამედ ჯერ კიდევ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

ქალებზე ძალადობის სახეები წარსულსა და ახლანდელ დროში

ესეც გოგოობის ნაწილი გვეგონა - ყველანაირ გამოხმაურებაზე თავის დაქნევა და ყველა სულელურ წამოწყებაში აყოლა. თუ გაბრაზდებოდი, გიჟს დაგიძახებდნენ, თუ პრეტენზიას გამოთქვამდი - განებივრებულს. მხოლოდ ცალყბად გაღიმება შეგეძლო, სიცილს უნდა აჰყოლოდი, მაშინაც კი, როცა შენ დაგცინოდნენ, - ივი ბოიდი

ჩემთვის, როგორც წიგნის მიმომხილველისთვის, უდიდესი კომფორტია, რომ გოგონებს სპოილერი მისი კლასიკური გაგებით, ფაქტობრივად არ გააჩნია. აქ ყველაფერი ნათელია, მკითხველმა კარგად იცის, როგორი იქნება დასასრული. ჩვენ ვიცით, რომ რანჩო, რომელსაც ივი ბოიდი აფარებს თავს და საკუთარი თავის აღმოჩენას ცდილობს, ჩარლზ მენსონის პროტოტიპის, რასელის "ოჯახია", რომელიც აუცილებლად ჩაიდენს საზარელ მკვლელობას. ემა კლაინის მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო. წააკითხო ადამიანებს წიგნი, რომლის ფინალიც ყველამ იცის, ძალიან რთულია. ჩემს კითხვაზე, თუ როგორ გახდა წიგნი ასეთი პოპულარული, სწორედ ამ ნაწილში ვიპოვე პასუხი. პერსონაჟებისა და გარემოს ადაპტაცია წიგნში იმდენად ოსტატურად ხდება, რომ შესაძლოა ეჭვიც კი შეიტანოთ - არიან კი ეს გოგოები მკვლელები?

წიგნის მთავარი პერსონაჟის, ივი ბოიდის, თინეიჯერობის წლები დუნედ მიედინება. ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ გოგონას ცოტა მეგობარი ჰყავს, დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს და ოჯახში დატრიალებულ დრამას უყურებს, რომელიც მოგვიანებით კომიკურ დრამატურგიად გარდაიქმნება. ყურადღების დეფიციტისა და გოგოებზე შექმნილი დოგმატური შეხედულებების გამო, 14 წლის ივის ხელჩასაჭიდი მხოლოდ ისღა დარჩა, რომ თავისი საუკეთესო მეგობრის, კონის ძმას, პატრიკს მოაწონოს თავი. ეს განზრახვაც წარუმატებლად სრულდება, კონი კი ივის ზურგს აქცევს და სამყაროს წინაშე სრულიად მარტო დატოვებს. წიგნის ამ ეპიზოდში ივი ბოიდი მკითხველს სევდიანად უყვება, როგორი რთულია იყო გოგო, რომელიც არაფრით გამოირჩევი. იმისთვის, რომ სასურველი გახდეს, ივი მთელი მონდომებით ცდილობს აითვისოს ჟურნალებში დაწერილი რჩევები.

ჟურნალში ამოკითხული სტატიების გამო მეგონა, რომ ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მოსაცდელი ოთახი, სანამ ვინმე შეგამჩნევდეს. მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ [გოგონები] ვცდილობდით, სხვებს დავმსგავსებოდით, ბიჭები საკუთარ თავს ეძებდნენ, - ივი ბოიდი

"მაშინ განსაკუთრებულად მძაფრად აღვიქვამდი თითოეულ მზერას და მეგონა, სამყარო გამალებით ამოწმებდა, მივყვებოდი თუ არა გამოცდილი სტილისტების თითოეულ რჩევას", - წერს ივი ბოიდი. თინეიჯერი გოგონა ყურადღების დეფიციტს განიცდის და როგორც ყველას, მასაც სურს იყოს სასურველი. ისიც ეხვევა სოციალურად სასურველობის მარწუხებში და ცდილობს დაემსგავსოს სხვებს, შეცვალოს საკუთარი თავი და მოერგოს იმ მოცემულობას, სადაც მასაც მიაქცევენ ყურადღებას.

სუზან ატკინსი, ლინდა კასაბიანი და პატრისია კრენვინკელი დაპატიმრებისას

სუზან ატკინსი, ლინდა კასაბიანი და პატრისია კრენვინკელი დაპატიმრებისას

ამისათვის, ივი გამომწვევად იწყებს ჩაცმას, მაისურს ქვემოთ ექაჩება, რომ მკერდი გამოაჩინოს, გარეთ გასვლამდე სახის გამომეტყველების ხელოვნურად დაყენებას ცდილობს და სხვ. მიუხედავად ამისა, მისი სურვილი, რომ ვინმემ შეამჩნიოს, მიუღწეველი რჩება.

ივი ქალების დამცირების სხვა შემთხვევებზეც გვიყვება. მაგალითად, პატრიკის მეგობარი ჰენრი, გოგონებს გამუდმებით ამცირებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გოგოები არიან. ივი სკოლის მეჯლისზე მომხდარ შემთხვევასაც იხსენებს, როცა ვინმე ალექს პოზნერმა საცვლებში ხელები ჩაუცურა, "ოღონდ ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს საერთოდ არ იცოდა, რას აკეთებდა", - წერს ივი.

როცა უბედურ შემთხვევას გადარჩენილი ადამიანები საკუთარ ისტორიას ჰყვებიან, მოყოლას არასდროს იწყებენ ტორნადოს შესახებ გაფრთხილებით ან იმით, რომ კაპიტანმა ძრავის ჩაქრობა გამოაცხადა. მათ მონაყოლში ამბავი ბევრად ადრე იღებს სათავეს, - ივი ბოიდი

რომანში ივისა და კონის კამათი, ოჯახური დრამა და ივის სახლიდან გაქცევა, მთავარი ისტორიის მხოლოდ დასაწყისია. როცა ყველაფერი თავდაყირა დგება, ივის ცხოვრებაში სრულიად ახალი სხივი გამოანათებს. ის შემთხვევით გადააწყდება გოგონების ჯგუფს, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან მისთვის ნაცნობი ადამიანებისგან. გოგონები ქურდობენ, ნაგვის ურნიდან იღებენ საჭმელს, დახეული ტანსაცმელი აცვიათ, თმა მოუწესრიგებელი აქვთ და საზოგადოებრივი წესრიგი ფეხებზე ჰკიდიათ... ივისთვის ისინი სრულიად სხვა სამყაროდან არიან. რა შეიძლება მოსწონებოდა გოგოს, რომელიც მდიდრულად იზრდებოდა და ცხოვრებაში არაფერი მოკლებია, ასეთ ახალგაზრდებში? ამაზე ივის ერთადერთი პასუხი აქვს:

"გოგონების" ქართული ყდა

"გოგონების" ქართული ყდა

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

"ერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, ის იყო, რომ ამ გოგოებს ერთმანეთი ეძვირფასებოდათ. ერთმანეთთან ახლოს იყვნენ და იცოდნენ, ერთი ჯგუფის წევრები იყვნენ", - წერს ივი ბოიდი.

ახლა მეტად გასაგებია, რითი მოხიბლეს გოგონებმა ივი. მთავარი გმირი ამ უცნაური დაჯგუფების ერთ წევრს, სუზანს გაიცნობს და დაუახლოვდება მას. სუზანის შემდეგ, ივი ჰელენს, დონასა და რუზს გაიცნობს და სწორედ მათი ინიციატივით აღმოჩნდება რანჩოზე. რომანში ივი ბოიდისა და სუზანის ურთიერთობა ძალიან დიდ ადგილს იკავებს. სწორედ სუზანია ის ადამიანი, რომელიც ივის სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებს. განცდა, რომელიც ივის სუზანთან ურთიერთობისას ეუფლება, განსაკუთრებულია. მაშინაც კი, როცა ივი სუზანისა და რანჩოს სხვა წევრების უარყოფით თვისებებს ამჩნევს, იგი საკუთარ თავს აჯერებს, რომ ამ ყველაფრის მიღმა უდიდესი სიკეთე იმალება.

რანჩო, რასელი, მიჩი და რეალური პროტოტიპები

რანჩოზე ივი ბოიდი რასელს გაიცნობს - უცნაური დაჯგუფების ლიდერს, რომელიც ადამიანებზე მანიპულირების ოსტატია. რასელი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც რომანიდან რეალურ ცხოვრებაში არსებულ პიროვნებასთან შეგვიძლია გავაიგივოთ. ის ჩარლზ მენსონის სახეა - ადამიანის, რომელმაც მეოცე საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ცნობილი კრიმინალური დაჯგუფება "მენსონის ოჯახი" ჩამოაყალიბა და რომლის სახელსაც არაერთი საზარელი მკვლელობა უკავშირდება.

"მენსონის ოჯახის" წევრები

"მენსონის ოჯახის" წევრები

რასელი, ისევე როგორც ჩარლზ მენსონი, არ არის ტიპური მკვლელის ანარეკლი. მას გაცილებით უფრო საშიში იარაღი აქვს, ვიდრე ცივი იარაღია. მას აქვს ძალაუფლება, ადამიანებს დააჯეროს საკუთარი განსაკუთრებულობა და მათზე ფსიქოლოგიური მანიპულაცია მოახდინოს. ამის მაგალითია ის მკვლელობები, რომლებიც ჩარლზ მენსონის "ოჯახის" წევრმა გოგონებმა 1969 წლის 8 აგვისტოს ჩაიდინეს.

ჩარლზ მენსონის პიროვნება ცალკე ახსნას საჭიროებს. მენსონი 1934 წლის 12 ნოემბერს დაიბადა. მისი ნამდვილი გვარი სკოტი უნდა ყოფილიყო, თუმცა მამამ დედა-შვილი მალევე მიატოვა და მენსონს გვარი მისი მამინაცვალისგან ერგო. დედამისი თავს პროსტიტუციითა და ქურდობით ირჩენდა, რის გამოც 1940 წელს, როცა მენსონი 6 წლის იყო, ციხეში ჩასვეს. მშობლების გარეშე დარჩენილი მენსონი ბიძამის მიაბარეს აღსაზრდელად, თუმცა ბიძამისი მასზე გამუდმებით ძალადობდა, მას ფემინურ არსებად მოიხსენიებდა და პერიოდულად სკოლაში კაბით სიარულსაც აიძულებდა ხოლმე. ციხიდან გამოსულმა დედამ შვილის აღზრდაზე უარი თქვა და ის სახელმწიფოს მიაბარა, საიდანაც მენსონი არაერთხელ გაიქცა. მან ქურდობისა და ყაჩაღობისთვის არაერთი სასჯელი მოიხადა, მათ შორის გამოსასწორებელ კოლონიაშიც.

ჩარლზ მენსონი, 1969 წ.

ჩარლზ მენსონი, 1969 წ.

ფოტო: CBS News

1967 წელს მენსონი მორიგი პატიმრობისგან გათავისუფლდა და სან-ფრანცისკოში გადავიდა, სადაც მერი ბრენერი გაიცნო. სწორედ მერისთან ერთად დაიწყო მან "მენსონის ოჯახის" ჩამოყალიბება. ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ, მენსონი და მისი "ოჯახი" ერთ-ერთ მიტოვებულ ფერმაში დასახლდნენ. მენსონის კულტს ძირითადად არასრულწლოვანი გოგონები უერთდებოდნენ, რომლებსაც მენსონი თავისი იდეოლოგიის მიხედვით ზრდიდა და მათ პარანორმალურ იდეებს რეალობას უხატავდა. მენსონის ოჯახის წევრებს სჯეროდათ, რომ ჩარლზი მესია იყო, რომელსაც "შავკანიანების თეთრებზე გაბატონების შემდეგ" თეთრკანიანები უნდა ეხსნა. სწორედ ის გახდებოდა მსოფლიოს მმართველი. ამ გიჟური იდეით შეპყრობილი ახალგაზრდები, ჩარლზ მენსონისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. რანჩოზე ისინი მხიარულად ცხოვრობდნენ - მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ჰქონდათ ჯგუფური სექსი, მოიხმარდნენ ნარკოტიკებს და თავს ქურდობითა და შემოწირულობებით ირჩენდნენ.

მენსონი თავისი "ოჯახის" წევრებს ასწავლიდა, რომ სიკვდილი არათუ ტანჯვა, არამედ ბედნიერება იყო, რადგან ადამიანის სული ხორციელი განსაცდელისგან იცლებოდა. ეს ხაზი ძალიან კარგად არის წარმოჩენილი წიგნის პერსონაჟის, რასელის დახასიათებისას. რანჩოზე მყოფ ახალგაზრდებს მასზე განსაკუთრებული წარმოდგენა აქვთ. მას ღმერთად მიიჩნევენ, იესოს რეინკარნაციად და ბოლომდე ემორჩილებიან. რასელს ყველაფრის უფლება აქვს - მას შეუძლია ფიზიკურად იძალადოს გოგოებზე, მისცეს მათ მითითებები და საკუთარ ჭკუაზე მართოს. რასელის გავლენა იმდენად დიდია, რომ ერთ ეპიზოდში, როდესაც ის ჰელენზე ფიზიკურად ძალადობს, განცვიფრებული ივი ბოიდი ბრაზის დამალვას ცდილობს და რასელის საქციელს უდიდესი სიკეთის სახელით ჩადენილ ქმედებად ნათლავს.

ფერმა, სადაც "მენსონის ოჯახი" ცხოვრობდა

ფერმა, სადაც "მენსონის ოჯახი" ცხოვრობდა

ფოტო: LA Times

გარდა კეთილშობილებისა და სიბრძნისა, რასელს ნიჭიერი მუსიკოსისა და მამაცი ადამიანის სახელი აქვს. გარდა ამისა, "ოჯახის" წევრებით რწმენით, რასელს ზებუნებრივი უნარებიც აქვს. ერთ-ერთ ეპიზოდში ივი ბოიდი წერს:

"დონამ თქვა, რასელს ცხოველებთან საუბარი შეუძლიაო, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. მისი შესაძლებლობები ასევე მოიცავდა ავადმყოფების განკურნებასა და ადამიანის სულისთვის სიდამპლის მოშორებას", - ყვება ივი ბოიდი

რანჩოს მცხოვრებლები რასელს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ მუსიკოსად მიიჩნევენ და მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. "ოჯახის" ერთ-ერთი წევრი ცნობილი და წარმატებული მუსიკოსი მიჩ ლუისია, რომელსაც რასელი წარმატებული კარიერისკენ მიმავალ ბილეთად განიხილავს. მოვლენები ისე ვითარდება, რომ მკითხველი აღტაცებული დარჩება. ამ შემთხვევაშიც, საქმე რეალურ ისტორიასთან გვაქვს. ჩარლზ მენსონი მართლაც იყო მუსიკით გატაცებული და მიჩიც რეალური პერსონაჟია, ოდნავ შეცვლილი ისტორიით. რეალურად, მიჩ ლუისი ტერი მელჩერისა და დენის ლუისის ერთგვარი სინთეზური პროტოტიპია. ტერი მელჩერი ძალიან ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი იყო, რომელსაც ჩარლზ მენსონი საკუთარ ჩანაწერებს უგზავნიდა და ალბომის ჩაწერაში დახმარებას სთხოვდა. მელჩერი ვერ აღფრთოვანდა მენსონის მუსიკის და ეს უკანასკნელი რამდენჯერმე უარით გაისტუმრა. სწორედ აქედან იწყება "მენსონის ოჯახის" სერიული მკვლელობები, ისევე როგორც რასელის რანჩოს წევრებისა.

ტერი მელჩერი

ტერი მელჩერი

ფოტო: Unknow

1969 წლის 8 აგვისტოს ჩარლზ მენსონმა მისი "ოჯახის" ოთხ წევრს გამოუცხადა, რომ Helter-Skelter-ის დრო დამდგარიყო. ჩარლზ მენსონს განზრახული ჰქონდა, რომ ტერი მელჩერი გულგრილობის გამო მწარედ დაესაჯა და მისი ოჯახის ოთხი წევრი, მათგან სამი გოგო მის სახლში მიავლინა. ეს გოგონები იყვნენ: სუზან ატკინსი, ლინდა კასაბიანი და პატრისია კრენვინკელი. გოგოებს დაბარებული ჰქონდათ, რომ ყველა, ვინც სახლში დახვდებოდათ, უმოწყალოდ მოეკლათ. გოგონებზე ჩარლზის მიერ განოხრიცლებულ ფსიქოლოგიურ ძალადობას იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა, რომ ისინი მკვლელობას ღვთიურ მისიად თვლიდნენ.

თუმცა ერთი ცდომილება მოხდა. იმ სახლში, სადაც მენსონმა გოგონები გაგზავნა, ტერი მელჩერი აღარ ცხოვრობდა. სახლი ცნობილ რეჟისორს, რომან პოლანსკის ჰქონდა ნაყიდი და მკვლელობის დღეს სახლში არ იმყოფებოდა. წიგნში პოლანსკის პროტოტიპს ვხვდებით თუ არა, ეს თავად განსაზღვრეთ, როცა წაიკითხავთ, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს. გოგონებმა სახლში მისვლის შემდეგ ხუთი ადამიანი მოკლეს, მათ შორის კი რომან პოლანსკის მეუღლე შერონ ტეიტი, რომელიც რვა თვის ორსული იყო.

მკვლელობების სერიას გაგრძელებაც ჰქონდა. წიგნში მკვლელობის ეპიზოდი იმდენად შთამბეჭდავად არის აღწერილი, რომ წინასწარ არაფრის თქმა მინდა. თქვენ ნახავთ, რა ბედი ეწია ივი ბოიდს - შეურთდა თუ არა ის მკვლელობას? როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება? - ამ ყველაფერზე პასუხს წიგნი გაგცემთ.

რეალურ ცხოვრებაში, "მენსონის ოჯახის" ყველა იმ წევრს, რომელიც მკვლელობებში იყო გარეული, სიკვდილით დასჯა შეეფარდა, მოგვიანებით კი, სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალია, თავად ჩარლზ მენსონი კი 2017 წლის 19 ნოემბერს, 83 წლის ასაკში მოკვდა.

ასევე შეგნებულად არ აღვწერ, რატომ იყო ივი ბოიდი სუზანით მოხიბლული. ემა კლაინს მათი მეგობრობის ხაზი დიდი სიფრთხილით აქვს აღწერილი და თავს უფლებას ვერ მივცემ, მისი ინტერპრეტაცია მოვახდინო. ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება, არის ის, რომ ამ წიგნში გოგონები ერთმანეთზე ზრუნავენ, რადგან მხოლოდ მათ ესმით ერთმანეთის ჩაგვრის მასშტაბები. მხოლოდ ისინი გრძნობენ, როგორია იყო შევიწროებული კაცების მხრიდან.

ცალკე აღნიშვნის ღირსია რომანის ის მონაკვეთი, სადაც ივი ბოიდი "ოჯახის" წევრების დაკავებას აღწერს. ეს პასაჟი აჩვენებს, თუ რამდენად მხდალი აღმოჩნდა რასელი, როდესაც მის დასაკავებლად მივიდნენ და როგორი მამაცები იყვნენ ის გოგონები, რომლებმაც მკვლელობა ჩაიდინეს.

როცა მიხვდა, ალყაში იყო, რასელმა გაქცევა სცადა, თითქოს ამდენი ოფიცრისთვის გვერდის ავლას შეძლებდა...გოგონები სიბნელეში ავი ძაღლებივით იფურთხებოდნენ და როცა პოლიცია მათ შესაპყრობად მოვიდა, მიწაზე ჩაიკეცნენ. ამ ჟესტში იყო რაღაც ძალიან ღირსეული - გაქცევა არავის უცდია. ბოლო მომენტში გოგონები რასელზე ბევრად ძლიერები აღმოჩნდნენ, - ივი ბოიდი

ნარკოტიკების მოხმარება რომანის განუყოფელი ნაწილია. "ოჯახის" წევრები ხშირად მოიხმარდნენ მძიმე ნარკოტიკებს, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებულად დიდ რაოდენობასაც კი. მენსონის სექტის ერთ-ერთი წევრი, 19 წლის გოგო, სასამართლოში იხსენებდა, რომ ერთი წლის განმავლობაში მას ოთხასჯერ მაინც ჰქონდა მჟავა მიღებული. ჩარლზ მენსონის სექტის მიერ ჩადენილმა დანაშაულებებმა აშშ-ში ძირეული ცვლილებები გამოიწვია. შეიცვალა პოლიტიკა პოლიციის მიმართ, დაიწყო ფსიქოლოგების გადამზადება და გამკაცრდა ნარკოტიკების კონტროლი. ბევრი პოლიტიკოსი ცდილობდა, რომ მენსონის კულტი ნარკოტიკების მოხმარებასთან გაეგივებინა, თითქოს ყველაფერი ნარკოტიკების ბრალი იყო. სინამდვილეში, პრობლემა გაცილებით უფრო ღრმა და კომპლექსური აღმოჩნდა.

მშობლებისა და შვილების ურთიერთობა

რომანში შვილებისა და მშობლების ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზია, რომელიც თითქოს მიზეზი ხდება იმ ყველაფრისა, რაც მოგვიანებით ივის უნდა შეემთხვეს. ივის დედა ქმართან დაშორებისგან მიღებული ტრავმის დროულად განკურნებას ცდილობს და ამისთვის სხვადასხვა წრეებზე ეწერება, იდეალური მამაკაცის ძიებას იწყებს, წარსული ცხოვრების კვალის წაშლას ცდილობს, მეგობრების სასაცილო რჩევებს ითვალისწინებს და ასტროლოგებთანაც კი დადის. დედამისის კომიკურ მცდელობებს, ახალი ცხოვრება დაიწყოს, მისი და ივის ურთიერთობა ფაქტობრივად ეწირება.

"მამას წასვლის შემდეგ დედაჩემი ცხოვრებას ისეთივე ჟინით უყურებდა, როგორითაც პატარა გოგო უყურებს რთულ მათემატიკურ ამოცანას", - წერს ივი ბოიდი დედამისის შესახებ.

ამ დროს, ივი ბოიდის მამა, რომელიც თავის ახალ პარტნიორთან ერთად ქალაქის სხვა ნაწილში გადადის საცხოვრებლად, ივისთვის სრულიად გაუცხოვებული ადამიანი ხდება. ივი ბოიდი წერს, რომ მასთან ტელეფონით საუბრისას გრძნობდა, როგორ უხაროდა მამამისს, რომ ოჯახისგან შორს იყო. ის ისე ელაპარაკებოდა ივის, როგორც შორეულ ნათესავს, რომელზეც მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს. "ის ისე იქცეოდა, თითქოს მხოლოდ გადმოცემით იცოდა ჩემს შესახებ: ივი 14 წლისაა, ივი დაბალია...", - წერს მთხრობელი.

მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებას რომანში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ავტორი ირიბად ცდილობს მიგვახვედროს, რომ ყველაფერი, რაც ივი ბოიდს თავს გადახდა, უფრო მეტად, ვიდრე ნაკლებად, სწორედ მშობლების გულგრილობის დამსახურებაა. უბრალო გაღიმება და თმაზე მოფერებაც კი, მშობლების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის შესრულებაა და ამას პატარა ივი ძალიან კარგად გრძნობს, თუმცა ცდილობს, სიცარიელე, რომელსაც განიცდის, ამ სიყალბით მაინც შეივსოს.

სიცარიელე, რომელსაც ბავშვობაშიც მძაფრად აღვიქვამდი, სიკვდილივით მტანჯველი იყო - ივი ბოიდი

წიგნის ეს ხაზი გამჭვირვალე სარკეა მშობლებისთვის, რომლებსაც შვილებთან პრობლემები აქვთ. ისინი, ვინც კითხვებზე პასუხების პოვნას ცდილობენ, აუცილებლად დაინახავენ სარკის მეორე მხარეს საკუთარი შვილების ანარეკლს. ხოლო ისინი, ვინც პრობლემებს ზედაპირულად უყურებენ, მხოლოდ საკუთარ თავს შეამჩნევენ და კვლავინდებურად ჩათვლიან, რომ ცხოვრება მხოლოდ დიდებს უწყობს განსაცდელს და ბავშვებს სადარდებელი არაფერი აქვთ. რომანში კარგად ჩანს, რომ ივი თავის მშობლებს კარგად იცნობს - მან იცის, რა უყვარს დედამისს, როგორ კაბებს იცვამს ის, რომელ საათზე რა აქტივობებითაა დაკავებული. ასევე, იცის რას საქმიანობს მამამისი, ვინ არის მისი საყვარელი მხატვარი და რატომ გადაწყვიტა ცოლთან დაშორება. ამის პარალელურად კი, ივი რას იღებს მშობლებისგან? - ზედაპირულ დამოკიდებულებას, უყურადღებობასა და სიცივეს. მათ ავიწყდებათ, რომ შვილებსაც აქვთ პრობლემები და რომ შვილებიც ელიან მათგან დახმარებასა და მეგობრობას.

მათ აწუხებდათ ჩემი საშუალო ნიშნები და ის ფაქტი, რომ სხვა მოზარდებისგან დიდად არ განვსხვავდებოდი. მათთვის ნამდვილი ტრაგედია იყო, რომ ჩემში სიდიადის ნიშანწყალსაც ვერ შენიშნავდით, - ივი ბოიდი

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ტრადიციული დამოკიდებულება შვილების მიმართ, რომელიც მშობლების უმეტესობას ახასიათებს. რისი ბრალი შეიძლებოდა ყოფილიყო ივის მიმართ მშობლების გაუცხოვება? ერთ-ერთ მონაკვეთში ივი ბოიდი წერს: "მათ აწუხებდათ ჩემი საშუალო ნიშნები და ის ფაქტი, რომ სხვა მოზარდებისგან დიდად არ განვსხვავდებოდი. მათთვის ნამდვილი ტრაგედია იყო, რომ ჩემში სიდიადის ნიშანწყალსაც ვერ შენიშნავდით". ავტორი პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ მკითხველი ადვილად შეამჩნევს, რომ ამგვარი უსამართლო დამოკიდებულების გამო, ივი ბოიდის სულში პროტესტის განცდა იზრდებოდა. მშობლების ცხოვრებაში საკუთარი ადგილი რომ ვერ დაიმკვიდრა, ივის ბოიდის თვალსაწიერმა უხილავი ჯებირები გაანგრია და მის წინაშე სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა, რომელიც გრძელთმიანი და დაუბანელი გოგონების გარშემო ტრიალებდა.

დოკუმენტური ფილმი ჩარლზ მენსონზე

წიგნის წაკითხვის შემდეგ დავფიქრდი, რამდენად შორს არის წასული დღეს ჩვენი და ჩვენი მშობლების ურთიერთობები. დაძლია კი მსოფლიომ ეს პრობლემა? კარგად გვესმის ჩვენ, როგორც შვილებს ჩვენი მშობლების და მათ, როგორც მშობლებს, ჩვენი? პასუხის პოვნა ამ კითხვაზე ძალიან რთულია და არც დარგის ექსპერტი გახლავართ, რომ მეცნიერულად რამე დავამტკიცო, თუმცა ჩემს გონებაში პრაქტიკულმა მაგალითებმა შტორმში მოტივტივე გემივით დაიწყო ყანყალი. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში არაერთი შემთხვევა მოხდა, როცა თინეიჯერებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს და ამის მიზეზი იდუმალებით მოცული ინტერნეტ-თამაში "ლურჯი ვეშაპი" იყო. მშობლების შიში, რომ მათი შვილები რაიმე სექტას შეუერთდებიან, მუდმივად აქტუალურია, ჩვენს თანამედროვე დროშიც კი, თუმცა არავინ უსვამს საკუთარ თავს კითხვას, რატომ უნდა ერჩივნოს თინეიჯერს, უცხო საეჭვო ადამიანს ანდოს საკუთარი თავი და სიცოცხლე, ნაცვლად საკუთარი მშობლებისა?

მე, ისევე როგორც ემა კლაინს, ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. ავტორი არ ცდილობს რჩევების მიცემას, ის უბრალოდ აღწერს გარემოს, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ.

...და მაინც, რამდენად შორს ვართ წასულები მეოცე საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ?

როგორც აღვნიშნეთ, რომანში ივი ბოიდი ახლანდელ დროშიც ავითარებს მოქმედებს. საშა და ჯულიანი, რომლებიც ივის მოულოდნელად დაადგებიან სახლში, ნარატორს წარსულის მოვლენების კიდევ ერთხელ გადააზრებაში ეხმარება. ქალთა ძალადობა, რომელიც თითქოს წარსულის სენია, ავთვისებიან კიბოდ არის გადაქცეული. ივი ხვდება, რომ ის თინეიჯერული დოგმები, რომლებსაც გოგონებს თავზე ახვევდნენ, არსად გამქარალა. კაცები ისევ განსაკუთრებულ არსებებად მოიაზრებიან, ქალები კი მათ სათამაშოებად ითვლებიან.

რომანის ბოლო ნაწილი თანამედროვე დროში ვითარდება. სანაპიროზე გასული ივი ბოიდი მისი წარსულის ბოლო ნაწილაკებს აერთებს და მკითხველს მთელი სენსიტიურობით უყვება, როგორ ცხოვრობს დღეს, როგორ მიედინება მისი დღეები და რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა 60-იანი წლების მოვლენებს მის ცხოვრებაზე. სწორედ ამ დროს, არსაიდან გამოჩენილი კაცი, რომელიც ივის ეფეთება, გვაჩვენებს, რომ გოგონა ჯერ კიდევ ძველი შიშებით ცხოვრობს და წარსულის შეგრძნებები არსად წასულა.