ჰედი ლამარი – ბრწყინვალე გონება, რომელსაც WiFi-ს, GPS-სა და Bluetooth-ს უნდა ვუმადლოდეთ
"ჩემი აზრით, ადამიანების გარეგნობაზე უფრო საინტერესო მათი გონებაა" - ამბობდა ჰოლივუდის მსახიობი და გამომგონებელი ჰედი ლამარი 1990 წელს. 10 წლით ადრე, სანამ გარდაიცვლებოდა.
მეოცე საუკუნის ვარსკვლავი, შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის ცნობილი იყოს 1940 წლის ოსკაროსან ფილმში Algiers შესრულებული როლისთვის, თუმცა საუკეთესო რამ, რაც ჰედიმ მსოფლიოს დაუტოვა, მისი ბრწყინვალე გამოგონებებია.
2017 წლის ბოლოს გამოვიდა მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Bombshell: The Hedy Lamarr Story, საიდანაც ირკვევა, რომ 1941 წელს ლამარმა შექმნა სიხშირის გამავრცელებელი ტექნოლოგია, რაც ჯიპიესის, ვაიფაისა და ბლუთუზის წინამორბედი გახდა - სერვისების, რომლებსაც დღეს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი იყენებს.
საინტერესოა ლამარის ცხოვრების ისტორიაც. ის ავსტრიაში ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1934 წელს, 19 წლის ჰედი პირველად დაქორწინდა, თუმცა ეს ურთიერთობა წარუმატებლად დასრულდა და ლამარი ქმრის სახლიდან შუაღამისას, ველოსიპედით გამოიქცა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ლამარი ამერიკაში გაემგზავრა. ლონდონიდან ნიუ-იორკისკენ მიმავალ გემზე ის მეტრო-გოლდუინ-მაიერის სტუდიის ხელმძღვანელმა, ლუის მაიერმა დააფიქსირა და თანამშრომლობა შესთავაზა. ასე გაიკვალა ჰედიმ გზა ჰოლივუდის ფილმებისკენ.
ავსტრიელი ლამაზმანი ბევერლი-ჰილზსში ცხოვრობდა, როდესაც ჯონ ფიცჯერალდ კენედი და ბიზნესმენი ჰოვარდ ჰიუზი გაიცნო. სწორედ ეს უკანასკნელი დაეხმარა ჰედის და იმ მოწყობილობებით უზრუნველყო, რომლებიც ექსპერიმენტების ჩატარებას სჭირდებოდა. აშკარა იყო, რომ ჰედის მეცნიერება ძალიან აინტერესებდა.
"გამოგონებები ჩემთვის მარტივი რამაა. იდეებზე ფიქრი არ მიწევს, აზრები ბუნებრივად მომდის თავში", - ამბობდა ლამარი.
ის, რაც ახალგაზრდა ჰედისთან "ბუნებრივად არ მივიდა", საყოველთაო აღიარება და ის კომპენსაცია იყო, რომელსაც თავისი იდეებისთვის იმსახურებდა. მან ჯორჯ ანთეილთან ერთად შექმნა მოწყობილობა, რომელიც ომის დროს მოკავშირეებს შორის წარმოებულ რადიო-კომუნიკაციებს ნაცისტებისგან იცავდა. ჰედი ლამარს ერთი ცენტიც კი არ მიუღია იმ მრავალმილიარდიანი დოლარის ღირებულების ინდუსტრიიდან, რომელსაც მან გზა გაუკვალა. თუმცა, ამერიკის თავდაცვამ აღიარა მისი შეტანილი წვლილი ამ ტექნოლოგიის შექმნაში.
1940-იან წლებში ლამარის გამოგონებაზე ბევრს არავის დაუწერია. ამის მიზეზად, ჰედიზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორი იმ დროს გამეფებულ ნარატივს მიიჩნევს.
"მისგან მხოლოდ გლამური სურდათ. მათ უნდოდათ, რომ კინოებში ისეთი ვინმესთვის ეცქირათ, ვინც ყველა პრობლემას დაავიწყებდათ", - ამბობს ალექსანდრა დინი.
ფილმში ასევე საუბარია იმაზე, რომ მეტრო გოლდვინ მაიერის ხელმძღვანელ კაცს, რომელმაც ლამარი გემზე აღმოაჩინა, სურდა, რომ ფილმებში მაცდური ქალი ეხილა და არა ის, ვისაც მხოლოდ გარეგნობის კი არა, თავისი გონების გამოც შეიყვარებდნენ. ქალი, რომელიც სექსუალურიც იყო და თან სამყაროს ცვლიდა - ამ ორი რამის ერთ ქალში დანახვა ლუის მაიერს ვერ წარმოედგინა.
"მაიერი ქალებს ორ რიგად ყოფდა - წმინდანებად და მეძავებად. ის ვერასდროს ხვდებოდა, რომ ჰედი მეორე კატეგორიას არ განეკუთვნებოდა", - ამბობს ფილმში ერთ-ერთი მკვლევარი.
პარიზის ბიზნეს-სკოლის პროფესორი, სიმონ ნეიეკი, რომელიც მედიასა და რეკლამებში ქალების არქეტიპებს ასწავლის, ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ჰოლივუდი ქალებს უსამართლოდ ექცეოდა.
"მედიაში ქალების სამ არქეტიპს იყენებდნენ: ძლიერი და გონიერი დედოფალი, მომხიბვლელი პრინცესა და საბედისწერო ქალი - ეს უკანასკნელი კი წინა ორსაც მოიცავდა", - აღნიშნავს ნეიეკი
ეს არქეტიპები ბერძნული მითოლოგიიდან მოდის. ნეიეკი ამბობს, რომ ლამარი საბედისწერო ქალის კატეგორიის არქეტიპს ერგებოდა, როგორც ლამაზი და საოცარი გამომგონებელი, რადგან ასეთი "მრავალი შესაძლებლობის" მქონე ქალები საშიშებად აღიქმებოდნენ.
"ქალი, რომელიც თან სექსუალურია და თან ძლიერი, უამრავი კაცისთვის საშიშია. ასე მჟღავნდება ჩვენი სისუსტე", - ამბობს პროფესორი და დასძენს, რომ ქალები მედიაში ანტიკვარულ და ერთგანზომილებიან ჩარჩოში არიან მოქცეულნი, რადგან ამ პერსპექტივას მათთვის კაცები ქმნიან. მრავალმხრივ ნიჭიერი ქალები, როგორიც ლამარი იყო, ამ ჩარჩოში მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლებით ჩანან და არა მათი გონებრივი შესაძლებლობებით, შემოქმედების უნარითა და გამომგონებლობით. ნარატივი ქალების ლიმიტირებულ პოტენციალზე, მსოფლიოს მასშტაბით უამრავ მაყურებელს გადაეცემოდა.
სწორედ ამ უსამართლო ისტორიის გამო, მას არ უკვირს, რომ ლამარს არავინ აძლევდა საკუთარი ფილმების გადაღების საშუალებას და მეცნიერებასა და მსოფლიოს ტექნოლოგიურ განვითარებაში შეტანილი მისი ღვაწლის დაფასებას ათწლეულები დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ ლამარზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ქალია. ის ამბობს, რომ ისტორია დიდი ხნის განმავლობაში კაცებს ანიჭებდა უპირატესობას:
"კაცები გვიყვებოდნენ ისტორიას თავისი გადმოსახედიდან, ისინი იყვნენ მთავარი მთხრობელები. ასე რომ, რა თქმა უნდა, სირთულისა და დრამის მთავარი გმირები მუდამ კაცები იყვნენ. ქალები არიან ისინი, ვინც კაცების შესაძლებლობებს და მრავალფეროვნებებს უსვამენ ხაზს".
ლამარის შვილი, დენის ლოდერი, ამბობს, რომ ის დედით, მისი დიდი მიღწევებითა და გამომგონებლური გონებით ამაყობს. ის აფასებს ძალისხმევას, რომელიც მან ქალებისთვის დაწესებული საზღვრების გადასალახად გასწია. დენისი აღნიშნავს, რომ მისი დედა და მსახიობი ბეტი დევისი პირველი ქალები იყვნენ, რომლებიც საკუთარ გადამღებ კომპანიებს ფლობდნენ და ქალების პერსპექტივიდან იღებდნენ ფილმებს.
"ჰედი ნამდვილი ფემინისტი იყო და უსწრებდა დროს, რომელშიც ცხოვრობდა. ის არასდროს ამბობდა ამას, მაგრამ ამას ვერ გავექცევით", - ამბობს ლოდერი დედამისზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში.
კომენტარები