რამდენიმესაათიანი რიგები და რისკი, რომ შეიძლება საერთოდაც თმის გარეშე დარჩე - აი, ასეთ მსხვერპლზე უწევდათ წასვლა საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ქალებს სილამაზისათვის.

სილამაზის სალონები იმ ფორმით, რა ფორმითაც მათ ახლა ვიცნობთ, სსრკ-ში არ არსებობდა. თმას საპარიკმახეროებში ჭრიდნენ. იქვე შეიძლებოდა მანიკურისა და პედიკურის გაკეთება. ცალკე იყო კოსმეტიკური კაბინეტები, სადაც კოსმეტოლოგები მუშაობდნენ: ისინი წარბების სრულყოფასა და მაკიაჟის გაკეთებაზე ზრუნავდნენ.

ვარცხნილობის გაკეთება ძალიან იაფი იყო. 70-იანი წლების მოსკოვში თმის შეჭრა 1.5 რუბლი ღირდა, ბიგუდებით დახვევა - 80 კაპიკი, მანიკური კი - 40 კაპიკი. ხშირად შედეგი მოთხოვნილი ვარცხნილობისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, თუმცა პარიკმახერები თავს სულაც არ გრძნობდნენ დამნაშავედ: რა უჭირს, გაიზრდება.

თმის შეღებვა

საბჭოთა ქალები თმისთვის ფერის შესაცვლელად ხშირად იყენებდნენ წყალბადის ზეჟანგს. შედეგი უცნაური, ხელოვნური ყვითელი თმა იყო, თუმცა ეს არავის აწუხებდა. ქერა თმა მოდაში იყო და მის მისაღწევად ყველა გზაზე შეიძლებოდა წასვლა.

წყალბადის ზეჟანგი ქიმიურ დახვევასთან კომბინაციაში სერიოზულად აზიანებდა თმის ღერებს. სწორედ ამიტომ, საპარიკმახეროდან გამოსულ ქალებს ხანდახან ბღუჯად სცვიოდათ თმა და ამ ფაქტის შესანიღბად პარიკებს ხმარობდნენ. ეს ერთგვარი საბჭოთა რულეტკა იყო.

კეფაზე აწეული თმა, ე.წ. ბაბეტა 60-70-იანი წლებში მომხიბვლელ ვარცხნილობად ითვლებოდა. ამისთვის თავზე შინიონი უნდა დაგემაგრებინა. ყველას უნდოდა, ბრიჯიტ ბარდოს დამსგავდებოდა ფილმიდან "ბაბეტა ომში მიდის".

ხშირად, ვარცხნილობას საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქალები ორი კვირის განმავლობაშიც კი ატარებდნენ. ლაქით გახევებული თმა დიდხანს ინარჩუნებდა ფორმას, მთავარი იყო, მისთვის ხელი არ გეხლო.

ქერას გარდა, საბჭოთა კავშირში, მხოლოდ ორ ფერს ცნობდნენ: მუქ შავსა და მოწითალოს. საღებავების არჩევანი დიდი არ იყო, ასე რომ, ქალებს ამ ფერებს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ათეული წლის წინ სხვადასხვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფოტოებს, რომელიც სსრკ-ში მცხოვრებ იმ იღბლიან ქალებს ასახავს, რომლებსაც თავის მოვლის ფუფუნება ჰქონდათ.

ფოტო: O. Ivanov

ფოტო: Igor Boyko

ფოტო: Pavel Balabanov

ფოტო: Evgenyi Koktyish

ფოტო: Viktor Chernov

ფოტო: O. Ivanov

ფოტო: Dmitry Donskoi

ფოტო: Yu. Bagrjanskiy

ფოტო: Lev Porter

ფოტო: A.Solomonov