პატიმარმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს დარბაზში განაცხადა, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ციხის სამარტოო საკანში ბადრაგმა მასზე სექსუალურად იძალადეს.

აუდიოჩანაწერში, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს, პატიმარი ამბობს, რომ "დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს და 10-მა ბადრაგმა თითით გააუპატიურა".

"ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს — თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე ჩანს როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს — 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩნდნენ, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც. ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, ჩემზე იცით როგორი ძალადობა დაიწყო, ვერ წარმოუდგენიათ. კაცს ვუყვები გამაუპატიურეს-თქო კამერაში, ადვოკატმა გამოაგზავნა, სუიციდის მცდელობა მქონდა-თქო, თავს ხრის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. პირში მეუბნება დააპაუზეთ კადრები, როგორ იძახის — რატომ არ ირთვება დეესკალაციაში ხმა — "მოტყ...ლს", "ქათამს", "დღეიდან ნახმარი ხარ", რომ მეძახიან". სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ, რომ როგორია ისევ იმ ბადრაგებს უყურე, რომლებმაც გაგაუპატიურეს. პროცესის მერე კი კიდევ ერთხელ ჩამიყვანეს, ერთ-ერთი ბადრაგი მოდის რეზინის ხელთათმანი რომლებმაც იხმარა", — ამბობს პატიმარი.

ბრალდებულის დედა შვილის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. ისინი ამ ძალადობის ორგანიზატორად მე-6 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს შალვა ტრაპაიძეს და ბადრაგს, გიორგი კვარაცხელიას ასახელებენ.

"რაც დღეს მოვისმინე გიორგის სასამართლოზე, რაც დღეს გიორგიმ გააჟღერა, ეს არის შოკისმომგვრელი, თუ რა ხდება ციხეებში და კერძოდ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი დირექტორი, ტრაპაიძე, რომელიც არის მოძალადე, არაადამიანი... ეს პირველი შემთხვევა არ არის ტრაპაიძის მხრიდან, წინა წლებშიც ძალიან ბევრი მასალები მოვიძიე მის შესახებ, თუ რას ჩადის ეს არაკაცი ტრაპაიძე. მოვითხოვ მის განთავისუფლებას, მოხსნან და მოაშორონ ესეთი არაადამიანები, მათ შორის გიორგი კვარაცხელია — ერთ-ერთი ბადრაგი, რომელიც ცნობილია, როგორც ყველაზე საშინელი მოძალადე. არ გავჩერდები მანამ, სანამ ყველას გიორგის გვერდზე არ დავსვამთ — ცრუ მოწმეებს და ტრაპაიძეს კიდე სანამ ციხეში არ ვნახავ!", — ამბობს ბრალდებულის დედა.

"ტვ პირველის" ცნობით, საქმეზე ოთხზე მეტი ბადრაგი უკვე გამოკითხულია, თუმცა რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ მთავარ საგამოძიებო უწყებას, ამ დრომდე არის უცნობი.