5 მარტივი და ეფექტური მეთოდი ყოველდღიურ სტრესთან გასამკლავებლად
სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მის გარეშე ფაქტობრივად ერთი დღეც არ გადის. საჭეს მართავთ, ავტობუსში ზიხართ თუ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდას აბარებთ, სტრესი ყოველთვის ჩვენ გვერდითაა. ეს არც ცუდია, და ცხადია, არც კარგი. უბრალოდ, სტრესი თანამერდოვე ადამიანის ცხოვრების ნაწილია და მას ვერსად გავექცევით.
თუ არ გინდათ, რომ სტრესმა ცხოვრებით ტკბობაში ხელი შეგიშალოთ, აუცილებელია, ამისთვის გარკვეული ზომები მიიღოთ (ნუ დაისტრესებით, ეს არც ისე რთულია). გთავაზობთ 5 მარტივ გზას იმისთვის, რომ სულისა და გონების სიმშვიდე მოიპოვოთ.
1. შეამცირეთ ან მთლიანად ამოიღეთ კოფეინი, ალკოჰოლი და ნიკოტინი თქვენი ცხოვრებიდან
კოფეინი და ნიკოტინი სტიმულანტებია და მათი ხშირად მიღება კიდევ უფრო ამძიმებს სტრესულ მდგომარეობას, ამიტომ ეცადეთ, მაქსიმალურად შეამციროთ მათი მოხმარება.
ალკოჰოლი განსაკუთრებით დიდი დოზით მიღებისას დეპრესანტის როლს ასრულებს, თუმცა სტიმულანტია, როცა მცირე დოზებით მიირთმევთ. სტრესის მკვლევარები ამბობენ, რომ ალკოჰოლის მიღება სტრესის შესამცირებლად ეფექტური სულაც არაა და მისი იმედი არ უნდა გქონდეთ.
მიიღეთ მეტი წყალი, ხილის ჩაი და დაწურული წვენი და სხვ. აუცილებელია, რომ თქვენს ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის სითხე იყოს, რადგან ის ხასიათზეც დადებითად მოქმედებს და გეხმარებათ სტრესის შემცირებაში.
2. მეტი იმოძრავეთ
სტრესული მდგომარეობა ადამიანის სტრესული ჰორმონების დონის ზრდას იწვევს, რაც ადრენალინისა და კორტიზოლის მომატებით გამოიხატება.
სტრესულ მდგომარეობაში სუფთა ჰაერზე გასეირნება ან მსუბუქად ძუნძულიც კი, შესაძლოა უებარი წამალი აღმოჩნდეს. კარგი იქნება, თუ მცირე კარდიო ვარჯიშებსაც გააკეთებთ, როგორიცაა ლახტით ხტუნაობა, ველოსიპედით სეირნობა და სხვ.
მთავარია, რომ ორგანიზმს დაცლის საშუალება მისცეთ.
3. დაიძინეთ უფრო ხშირად
ძილის უკმარისობა ხშირად სტრესის მთავარი გამომწვევი მიზეზია. ადამიანი უფრო მეტ ენდორფინს გამოყოფს, როცა კარგად არის გამოძინებული. იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა ორგანიზმმა ვერ მოასწრო დახარჯული ენერგიის აღდგენა, ყველაფერი ცუდად მიდის. შესაძლოა, სხეულმა ერთი დღის უძილობა გაპატიოთ, მაგრამ თუ ჩვევაში გადაგივათ, მძიმე სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დაძინებამდე მედიტაციას უნდა მიმართოთ და მაქსიმალურად შეძლოთ სხეულის მოდუნება, რათა დასაძინებლად კარგ ხასიათზე დაწვეთ. თუ ამას შეძლებთ, თქვენი ძილი ძალიან ტკბილი იქნება და დილას სავსე ენერგიით გაიღვიძებთ.
რეკომენდებულია, რომ დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ რვა საათი გეძინოთ, რათა სხეულმა სასიცოცხლო ძალის აღდგენა შეძლოს.
4. ესაუბრეთ მეგობრებს
თქვენს მეგობართან საკუთარ განცდებსა და მდგომარეობაზე საუბარი, შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს.
თანაგრძნობას დიდი ძალა აქვს. მეგობრების რჩევები ან გამხნევება მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის გავლენას თქვენს ცხოვრებაზე. შესაძლოა, თქვენი მეგობრები არ იყვნენ საუკეთესო ფსიქოლოგები ან მრჩეველები, მაგრამ იმის გააზრება, რომ ვიღაც გისმენთ, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე.
იმ შემთხვევაში, თუ მათთან საუბარი მაინცდამაინც ვერ დაგეხმარებათ, შეგიძლიათ მიმართოთ პროფესიონალებს, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებიან სტრესის დაძლევაში.
5. ისწავლეთ უარის თქმა
ხშირად სტრესის გამომწვევი მიზეზი ისიც არის, რომ უამრავი საქმე გვაქვს მოსასწრები შეზღუდულ დროში. უმეტესად, ეს ჩვენი ბრალია ხოლმე, რადგან იმდენ საქმეს ვეჭიდებით, რამდენის შესრულებასაც ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ. ჩვენი საქმეების გარდა, ხშირად სხვების დავალებებსაც ვასრულებთ ხოლმე. მეგობრები გვწერენ, ხომ ვერ გავაკეთებთ ამას თუ იმას, ჩვენ კი უარს ვერ ვეუბნებით და საქმეებს კიდევ ვიმატებთ.
ისეც ხდება ხოლმე, რომ სამსახურში ზედმეტი ვალდებულებების აღება გვინდა, რათა უფროსებს დავუმტკიცოთ, რომ ბევრი შეგვიძლია. ამ დროს კი, შესაძლოა, ვერც ერთი საქმე ვერ გავაკეთოთ ხარისხიანად.
უარის თქმა არც სირცხვილია და არც უხეშობა. ზედმეტი ვალდებულებები ჩვენზე სტრესულად მოქმედებს და სწორედ ამიტომ, უმჯობესია, თუ სწორად შევაფასებთ ჩვენი ორგანიზმის შესაძლებლობებს და ხანდახან, სხვების გარდა, საკუთარ თავზეც ვიფიქრებთ.
თუ თქვენ თვლით, რომ სტრესულ მდგომარეობაში ხართ და გსურთ, მეტი გაიგოთ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა ყველაზე რთულ დღეებშიც კი, აუცილებლად ნახეთ დღევანდელი "სხვა შუადღე".
სტრესის დაძლევა არ არის რთული, უბრალოდ მას სწორად მიდგომა სჭირდება.
კომენტარები