ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელიც წელში ბოლომდე გაიმართა და ამან ჩვენი ანატომია რადიკალურად შეცვალა. სწორად დგომასა და ჯდომაზე იმაზე მეტი რამაა დამოკიდებული, ვიდრე ერთი შეხედვით გგონიათ.

ყურადღებით წაიკითხეთ ჩვენი რჩევები იმისთვის, რომ წელის ტკივილმა აღარასდროს შეგაწუხოთ.

1. გაიმართეთ წელში

რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ ჩვენი დედები მართლები იყვნენ. წელში გამართვის გარეშე არაფერი გამოვა. დგომის არასწორ მანერას ხერხემლის გარშემო არსებული ქსოვილებისა თუ ნერვების დაზიანება შეუძლია, რაც ზურგის სხვადასხვა მონაკვეთში ტკივილს იწვევს.

ეცადეთ, რომ მხრები ბოლომდე გაშალოთ და მკერდი წინ გამოსწიოთ. ეს არა მხოლოდ სიმაღლეს მოგიმატებთ, არამედ სხვადასხვა დაავადებისგანაც დაგიცავთ.

2. დაანებეთ მოწევას თავი

უცნაურია, მაგრამ მოწევას ხერხემლის პრობლემებთან კავშირი ნამდვილად აქვს. სპონდილოზი, რომელიც ხერხემლის ქვედა მონაკვეთში ტკივილს იწვევს, მწეველებში უფრო ხშირია, ვიდრე არამწეველებში.

3. ავარჯიშეთ ზურგის კუნთები

ხერხემალს სწორ მდგომარეობაში ზურგის კუნთები აფიქსირებს. თუ ზურგის ვარჯიშები არასდროს გაგიკეთებიათ, თქვენს ხერხემალს დამატებითი ტვირთის ზიდვა უწევს, რის გამოც მალები ბევრად უფრო მალე "ცვდება"

ვარჯიში, რომელსაც ინგლისურად Plank ჰქვია, ზურგის კუნთების გასავარჯიშებლად შეუდარებელია. დაიწყეთ 30 წამით და გაზარდეთ ამ პოზაში დგომის დრო თანდათან.

4. შეარჩიეთ კომფორტული ფეხსაცმელი

მოუხერხებელი ფეხსაცმლით მხოლოდ თქვენს ფეხებს არ ტკენთ გულს (უფრო სწორად კი, ფეხისგულს). ამით პირველ რიგში ხერხემალი ზიანდება. მოძებნეთ ფეხსაცმელი, რომელიც არ გიჭერთ და თაღზეც კარგად გერგებათ. ასე ბევრად თავისუფლად ივლით და წელშიც არ მოიხრებით.

5. იძინეთ ბალიშის გარეშე

იდეალურ სამყაროში ყველას ზურგზე გვძინავს, ბალიშის გარეშე და წელის ტკივილი არასდროს გვაწუხებს.

6. ადექით და გაისეირნეთ

ყველას გვიგრძვნია წელის ტკივილი მთელი დღე სამუშაო მაგიდასთან ჯდომის შემდეგ. ეცადეთ, მეტი იმოძრავოთ. საათში 5 წუთით ოფისში გასეირნება კონცენტრაციაშიც დაგეხმარებათ და ხერხემალსაც ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

7. მოძებნეთ სტრესთან გამკლავების გზები

ფსიქოლოგები წელის ტკივილს დეპრესიასა და მღელვარებასთან აკავშირებენ. გამოყავით დრო თქვენი გონების სიმშვიდისთვის: მოუსმინეთ მუსიკას, გააფერადეთ, ხატეთ, ისეირნეთ. ზოგიერთ ადამიანს მედიტაცია და ღრმად სუნთქვაც ეხმარება ტკივილთან გამკლავებაში.

თუ ხერხემლის პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე მეტი რამ გინდათ გაიგოთ, შეგიძლიათ სხვა შუადღის დღევანდელი გადაცემა ნახოთ, რომლის სტუმარიც ნეიროქირურგი ედიშერ მაღალაშვილი იყო.