მას შემდეგ, რაც ისლამური სახელმწიფო სირიის ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაგლეჯებს ებღაუჭება, მსოფლიო ახალი პრობლემის წინაშე დგება: 40 000 მიგრანტი მებრძოლიდან, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს სირიასა და ერაყში საბრძოლველად სხვადასხვა ქვეყნიდან შეუერთდა, ნაწილმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყო. Soufan Center-ისა და Global Strategy Network-ის ერთობლივმა კვლევამ 5 600 მებრძოლი გამოავლინა, რომლებიც მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნდნენ.

აღნიშნულ ქვეყნებში ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან, თუ როგორ უნდა მოექცნენ დაბრუნებულებს. ბევრი მათგანი ციხეებში იხდის სასჯელს, თუმცა, შესაძლოა, ნაწილის რეაბილიტაციაც მოხდეს. სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნა და განხორციელება კი სირთულეებთან არის დაკავშირებული. მებრძოლებთან ერთად დაბრუნებულ ქალთა და იქ დაბადებულ ბავშვთა რეინტეგრაცია კი დამატებით გამოწვევას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნებულ მებრძოლებს ბრალად არ ედებათ ტერორისტული აქტების ორგანიზება ან მსგავსი აქტებით მუქარა, ისინი შთაგონების წყაროდ გველინებიან პოტენციურად ან უკვე რადიკალურად განწყობილი ადამიანებისთვის.

სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი, 900 მებრძოლი ბრუნდება თურქეთში. 2014-2017 წლებში, ამ ქვეყნიდან სირიასა და ერაყში საბრძოლველად 1 500-მდე მებრძოლი გაემგზავრა. საუდის არაბეთიდან კი 3 000-ზე მეტი მებრძოლი შეუერთდა ისლამურ სახელმწიფოს, რომელთაგან 760 უკვე დაბრუნდა სამშობლოში.

დაახლოებით 1 200-მდე მებრძოლი დაბრუნდა ევროპაშიც: 400 დიდ ბრიტანეთში, 271 საფრანგეთში, დაახლოებით 300 კი გერმანიაში. რუსეთიდან წასული 3 400 მებრძოლიდან, ამ ეტაპზე, დაბრუნებას მხოლოდ 400 გეგმავს.

საკმაოდ ბევრი მებრძოლი ბრუნდება ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებშიც: 800 ტუნისში, დაახლოებით 200 კი მაროკოში.

ფოტო: washingtonpost.com

ანგარიშის მიხედვით მხოლოდ 7 მებრძოლი ბრუნდება აშშ-ში, საიდანაც 250-ზე მეტმა მოქალაქემ სცადა შეერთებოდა ისლამურ სახელმწიფოს, რომელთაგან 129-მ მოახერხა გამგზავრება და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა. 2017 წლის აგვისტოს მონაცემებით, აშშ-ის 135 მოქალაქე დაადანაშაულეს ტერორიზმსა და ისლამურ სახლემწიფოსთან კავშირში, რომელთაგან 77 სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიში, ექსტრემიზმის პროგრამის ფარგლებში წარმოებული კვლევის მიხედვით, აშშ-ში დაბრუნებულ მებრძოლთა რაოდენობა ოდნავ განსხვავებულია. მკვლევარებმა 12 დაბრუნებული მებრძოლი გამოავლინეს, რომელთაგან 9 დაკავებულია და ტერორიზმის ბრალდებით იხდის სასჯელს, დანარჩენ სამს კი ბრალი არ წარუდგინეს. კვლევის მიხედვით, აშშ-ის მთავარი სტრატეგია დაბრუნებულების მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსს ეფუძნება, ძირითადად კი კანონს მატერიალური მხარდაჭერის შესახებ.

ფოტო: washingtonpost.com

2013 წლის მიწურულს, ისლამურმა სახელმწიფომ სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე გაფართოება ქალაქ რაკადან დაიწყო. გაფართოება 2015 წლის ბოლომდე გაგრძელდა, სანამ მოწინააღმდეგე ძალებმა ISIS მებრძოლებს დაკავებული ქალაქების დატოვება არ აიძულეს.

2015 წლიდან, ერაყსა და სირიაში, უცხოელი მებრძოლების ნაკადმაც იკლო, რადგან მოკავშირეთა ჯარებმა, უცხოელი მებრძოლების ჩასვლის შესამცირებლად, ბევრად უფრო ეფექტური მიდგომა შეიმუშავეს.

2017 წლის ივლისში, ისლამურმა სახელმწიფომ დატოვა ქალაქი მოსული, მათ მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი საქალაქო ცენტრი ერაყის ტერიტორიაზე. დღეისათვის, რაკას დაკარგვის შემდეგ, ისლამური სახელმწიფოს კონტროლი მხოლოდ სირიის ქალაქ დაირ-ელ-ზავრზე, ერაყის ანბარის პროვინციასა და რამდენიმე მცირე ზომის ანკლავზე ვრცელდება.