კარიერის დასრულების მიუხედავად, ფილიპ როთს კვლავაც ბევრი აქვს სათქმელი
ცნობილი ამერიკელი მწერალი New York Times-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დონალდ ტრამპზე, #Metoo მოძრაობასა და კარიერის დასრულების მიზეზებზე საუბრობს. ინტერვიუ 2018 წლის 16 იანვარს, გაზეთ New York Times-ში გამოქვეყნდა.
რიჩარდ უილბურის გარდაცვალების შემდეგ, ფილიპ როთი ამერიკის ხელოვნების აკადემიის ლიტერატურის დეპარტამენტის ყველაზე ხანდაზმული წევრი გახდა. ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფილიპ როთი, 1933 წლის 19 მარტს, ნიუ ჯერსიში დაიბადა. მან მთელი ცხოვრება მწერლობას მიუძღვნა და ამ პერიოდში ისეთი გამორჩეული ნაშრომები შექმნა, როგორიცაა ამერიკელი პასტორალი, ადამიანური ლაქა, პორტნოის სინდრომი, მშვიდობით კოლუმბუს, შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ და სხვ.
ფილიპ როთის წარმატებაზე ისიც მეტყველებს, რომ სულ ცოტა ხნის წინ მისი ნამუშევრები ჯეკ ლონდონის, უილიამ ფოლკნერისა და ჰენრი ჯეიმსის გვერდით, ფრანგული პლეადას სერიებში მოხვდა. ეს ნებისმიერი ავტორისთვის უდიდესი წარმატებაა, მითუმეტეს ამერიკელებისთვის, რომელთა რიცხვიც ამ სიაში ძალიან მწირეა. გარდა ამისა, ფილიპ როთი ცნობილმა იტალიურმა გამომცემლობამ Mondadori-მ მერიდიანის სერიის კლასიკოსი მწერლების სიაში შეიყვანა და მის ნამუშევრებს კლასიკის სახელით გამოსცემს. ფილიპ როთი ყველა დროის საუკეთესო მწერლების ასეულშიც შედის, მისი წიგნები კი წიგნის მაღაზიის თაროებიდან ყოველდღე უჩინარდება.
2012 წელს, როცა ფილიპ როთი 80 წლის იყო, ავტორმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. სინამდვილეში, მან წერა ორი წლით ადრე, 2010 წელს შეწყვიტა, თუმცა მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ როთი წიგნებს აღარ დაწერდა. მას შემდეგ, ამერიკელი მწერალი ავტობიოგრაფიის წერითაა დაკავებული. ამ საქმეში ფილი როთს დახმარებას ბიოგრაფერი ბლეიკ ბეილი უწევს, რომელმაც ჩანაწერების 1900 გვერდზე მეტი უკვე დაწერილი აქვს. წიგნში, სავარაუდოდ, ამ გვერდების ნახევარი შევა.
კარიერის დასრულების შემდეგ ავტორმა სხვა საქმეებისთვისაც მოიცალა და 6 სექტემბერს, New York Times-ის დახმარებით, Wikipedia-ს ღია წერილით მიმართა. როთი წერილში წერდა, რომ ონლაინ ენციკლოპედიის გვერდებზე მისი წიგნების განხილვისას უამრავი უზუსტობა იყო და ადმინისტრაციას მათი წაშლა სთხოვა.
სანამ ბოლომდე აიღებდა კუთვნილ შესვენებას, ფილიპ როთმა ამერიკის ნაციონალური ბიბლიოთეკის მიერ გამოცემულ ფილიპ როთის პუბლიკაციების მეათე და საბოლოო კრებულსაც უხელმძღვანელა. კრებულში, რომელსაც რატომ წერა ქვია, შესულია 1960-70 წლებში დაწერილი ესსეები და Shop Talk-ის სრული ტექსტი, რომელიც ავტორის ინტერვიუებისა და სხვა მწერლებთან დიალოგებს მოიცავს. გარდა ამისა, წიგნში ისეთი ესსეებიც შევიდა, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა.
პენსიაზე გასვლის შემდეგ, ფილიპ როთი ამერიკის დასავლეთ ნაწილში მშვიდად ცხოვრობს და დროს ბედნიერად ატარებს. ხვდება მეგობრებს, დადის კონცერტებზე, უყურებს ძველ და ახალ ფილმებს, ამოწმებს მეილებს და შეძლებისდაგვარად, მათზე პასუხებსაც აგზავნის. ცოტა ხნის წინ, ფილიპ როთი დეივიდ საიმონსაც შეხვდა, რომელიც როთის რომანის შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ მიხედვით მინი-სერიებს იღებს. შეხვედრის შემდეგ როთმა თქვა, რომ დარწმუნებულია, მისი რომანი კარგ ხელშია. მიუხედავად ზურგის რამდენიმე ოპერაციისა, ფილიპ როთის ჯანმრთელობა შესაშურია. ის თავს ძალიან კარგად გრძნობს. ახლა, როცა პენსიაზე, მუდმივად ჩაფიქრებულია - ფიქრობს წარსულსა და მომავალზე, მაგრამ როცა ამის სურვილი აქვს, არც მხიარულებას იკლებს.
New York Times-ის ჟურნალისტმა, ჩარლზ მაკგრატმა ფილიპ როთთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც როთი ყველაზე აქტუალურ თემებზეც საუბრობს. მათ შორის: დონალდ ტრამპის პრეზიდენტობაზე, #Metoo მოძრაობასა და კარიერის დასრულებაზე.
სულ ცოტა ხანში, 85 წლის გახდებით. გრძნობთ სიბერეს? როგორი შეგრძნებაა თქვენთვის ამ ასაკში ყოფნა?
დიახ, სულ მალე დავტოვებ მოხუცებულობის ასაკს და სიბერის ეპოქაში გადავალ. მიკვირს, როცა ყოველი დღის ბოლოს აღმოვაჩენ, რომ ისევ ცოცხალი ვარ. ხანდახან, ღამით გაღიმებული ვდგები ლოგინიდან და ვფიქრობ, კიდევ ერთ დღეს ვიცოცხლე-მეთქი. ყოველი გაღვიძებისას ისევ გაოცება მიპყრობს. საოცარი გრძნობაა, როცა იღვიძებ შემდეგ დილას და ხვდები, რომ აგრძელებ სიცოცხლეს. "კიდევ ერთ ღამეს გადავურჩი" - ვფიქრობ ჩემთვის და კვლავ ვიღიმი. გაღიმებული ვიძინებ და ასეთივე ღიმილით ვიღვიძებ. ბედნიერი ვარ, რომ ისევ ცოცხალი ვარ. პენსიაზე გასვლის დღიდან, რაც უფრო მეტი დრო გადის, კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე, ილუზია მექმნება, რომ სიცოცხლე არასდროს დასრულდება, თუმცა ცხადია ვიცი, რომ ის შეიძლება წამებში დასრულდეს. სიცოცხლე რუტინულ თამაშს გავს, მაღალი ფსონების თამაშს, რომელშიც ჩემი საწინააღმდეგო ფსონების მიუხედავად, ჯერჯერობით ვიმარჯვებ. ვნახოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე.
მას შემდეგ, რაც კარიერა დაასრულეთ, მოგნატრებიათ წერა ან გიფიქრიათ უკან დაბრუნებაზე?
არა, არასდროს. ამის მიზეზი ისაა, რომ ის მდგომარეობა, რის გამოც შვიდი წლის წინ კარიერის დასრულება გადავწყვიტე, არ შეცვლილა. როგორც ჩემს წიგნში "რატომ წერა" ვთქვი, 2010 წელს მქონდა სერიოზული ეჭვი, რომ ჩემი საუკეთესო ნამუშევრები უკვე შევქმენი და ყველაფერი, რასაც შემდეგში დავწერდი, წინა ნაშრომებზე უარესი იქნებოდა. იმ დროისთვის მე აღარ ვიყავი საკმარისად სიცოცხლისუნარიანი, აღარ მქონდა საკმარისი ვერბალური ენერგია ან კიდევ, ისეთი ფიზიკური მდგომარეობა, რომელიც დროში გაწელილი კრეატიული შეტევისთვის მეყოფოდა, რათა რომანი დამეწერა. ყველანაირ ნიჭს აქვს თავისი ვადა — თავისი ბუნება, მასშტაბი, ძალა და ასევე ფლობის ვადა, სიცოცხლის ხანგრძლივობა. ყველას არ შეუძლია ნაყოფიერად მუშაობა მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ახლა, როცა უკან იყურებით, როგორ შეაფასებდით თქვენს 50-ზე მეტ წლიან მწერლურ კარიერას?
სიხარული და ოხვრა. ფრუსტრაცია და თავისუფლება. შთაგონება და თვითრწმენის ნაკლებობა. სიუხვე და სიცარიელე. წინსვლა და დაუმსახურებელი მიღწევები. ორად გაყოფის და საკუთარ თავთან ბრძოლის ყოველდღიური რეპერტუარი, რომელსაც ყველა ხელოვანი განიცდის — და ყველაფერთან ერთად, მარტოობის უზარმაზარი განცდაც. და სიჩუმეც: ორმოცდაათი წლის განმავლობაში ოთახში ჩუმად ჯდომა, თითქოს აუზის ფსკერზე იყო. შემდეგ კი გამოძრომა, როცა ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და გამოსადეგი ტექსტის ჩემს მინიმუმ დღიურ ნორმას დავწერდი.
"რატომ წერაში" თქვენ ხელახლა დაბეჭდეთ თქვენი ცნობილი ესსე "ამერიკული თხზულებების წერა", რომელშიც აღნიშნავთ, რომ ამერიკული რეალობა იმდენად არაადეკვატურია, რომ რეალობა თითქმის ასწრებს კიდევ მწერლების ფანტაზიას. 1960 წელი იყო, როცა ეს დაწერეთ. ოდესმე წარმოიდგენდით ისეთ ამერიკას, როგორიც დღეს არსებობს?
ვერავინ, ვისაც მე ვიცნობ, ვერ წარმოიდგენდა ისეთ ამერიკას, როგორშიც დღეს ვცხოვრობთ. ვერავინ (გარდა მწარე ენის პატრონი ჰ.ლ. მენქენისა, რომელმაც ამერიკული დემოკრატია "მელიების მიერ წარმოებულ მელიების ომად" დაახასიათა) ვერ წარმოიდგენდა, რომ ოცდამეერთე საუკუნის მოსალოდნელი კატასტროფა ამერიკას მოევლინებოდა არა ორუელის დიდი ძმის სახით, არამედ დელ'არტეს კომედიის ცბიერი, ტრაბახა კლოუნის ფორმით. როგორი გულუბრყვილო ვიყავი 1960 წელს, როცა ვფიქრობდი, რომ არასწორ, გაუკუღმართებულ დროში ვცხოვრობდი! როგორი უცნაური! თუმცა, რა უნდა მცოდნოდა 1960 წელს 1963 წლის ან 1968 ან 1974 ან 2001 ან თუნდაც, 2016 წლის შესახებ?
თქვენი რომანი "შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ", რომელიც 2004 წელს დაწერეთ, დღეს საშინელ წინასაწარმეტყველებას გავს. როდესაც წიგნი გამოვიდა, ადამიანები მას ბუშის ადმინისტრაციის კრიტიკად მიიჩნევდნენ, თუმცა მასთან იმდენი მსგავსება მაინც არ აქვს, რამდენიც დღევანდელ რეალობასთან.
როგორ წინასწარმეტყველებადაც უნდა გეჩვენებოდეთ "შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ", ჩემს მიერ შექმნილ 1940 წლის ამერიკის პოლიტიკურ ვითარებასა და დღევანდელ უბედურებას შორის, რომელიც ჩვენ ყველას ასე გვაწუხებს, ერთი უზარმაზარი სხვაობაა. ეს განსხვავება კი პრეზიდენტ ლინდბერგისა და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკურ წონას ეხება. ჩარლზ ლინდბერგი, როგორც სიცოცხლეში, ისე ჩემს რომანში, შესაძლოა მართლაც არის უდიდესი რასისტი და ანტი-სემიტი, თეთრკანიანების უპირატესობის მომხრე, რომელიც ფაშიზმის მიმართ სიპმატიით გამოირჩევა, თუმცა ამასთან ერთად, ტრანს-ატლანტიკის თავზე 25 წლის ასაკში შესრულებული მისი არაორდინალური გმირული გაფრენის გამო, ნამდვილი ამერიკელი გმირი გახდა. ეს ამბავი ცამეტი წლით ადრე მოხდა, ვიდრე ჩემს რომანში პრეზიდენტი გახდებოდა. ლინდბერგი, ისტორიულად, ახალგაზრდა მამაცი პილოტი იყო, რომელმაც 1927 წელს პირველმა მოახერხა უწყვეტი ფრენის განხორციელება ატლანტის ოკეანის თავზე, ლონგ აილენდიდან პარიზამდე. ამისათვის მას, ერთადგილიანი და ერთძრავიანი მონოპლანით, 33.5 საათი დასჭირდა. ამ გაფრენამ ის აქცია მეოცე საუკუნის ლიფ ერიქსონად, რომელსაც აერონავტიკის მაგელანს უწოდებენ. ტრამპი კი, მასთან შედარებით, უზარმაზარი თაღლითია, მისი ნაკლოვანებების ბოროტი ჯამი, ყველაფრისგან დაცლილი მეგალომანიაკი.
თქვენი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი საწერი თემა კაცების სექსუალური მიდრეკილებები და სურვილები — იმაზე უფრო ხშირად აუხდენელი სექსუალური სურვილები, ვიდრე ხდება ხოლმე — და მისი სხვადასხვა მანიფესტაციები იყო. რას ფიქრობთ ბოლო დროს მომხდარ ამბებზე, როცა ძალიან ბევრი ქალი გამოვიდა საკუთარი უფლებების დასაცავად და გავლენიანი, ცნობილი მამაკაცები სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში დაადანაშაულეს?
როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, ეროტიკული მრისხანება უცხო არ არის. სექსულური ცდუნებისგან გაბრუებული მამაკაცები ცხოვრების ერთ-ერთი ასპექტია, რაზეც არაერთ წიგნში დამიწერია. სექსუალური სიამოვნების ჟინს აყოლილი კაცები, შეპყრობილები სასირცხვილო სურვილებითა და მიდრეკილნი ფიზიკური ლტოლვების მიმართ, თვალახვეულნი ტაბუს დამსხვრევის ცდუნებით — ათწლეულების განმავლობაში წარმოვიდგენდი ასეთი არასრულფასოვანი კაცების ვიწრო წრეს, შეპყრობილებს სწორედ ჩამოთვლილი თვისებებით, რომლებზეც უნდა იმუშაონ და ებრძოლონ მას.
ასეთი კაცების აღწერისას ვცდილობდი, რომ უკომპრომისო ვყოფილიყავი და რეალურად ამეღწერა მათი საქციელები, აღგზნებულობა, სტიმულირებული მდგომარეობა, სექსუალური შიმშილი და ის ფსიქოლოფიური და ეთიკური დაბრკოლებები, რომელსაც ამ სურვილის ასრულებისას აწყდებიან. ჩემს ნამუშევრებში მე არ მოვრიდებივარ იმის აღწერას, თუ რატომ, როგორ და როდის აკეთებენ აღგზნებული კაცები იმას, რასაც აკეთებენ. არ მოვრიდებივარ მაშინაც კი, როდესაც ჩემი სიტყვები არ იყო ჰარმონიაში იმასთან, რაც შეიძლებოდა მასკულინურ სახალხო გამოსვლებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოჰყოლოდა. მე არამხოლოდ კაცის გონებაში შევაღწიე, არამედ იმ მძიმე ბიძგების რეალობაში, რომელიც ადამიანს რაციონალურობის დაკარგვით ემუქრება და მთვარეულის მდგომარეობაში აყენებს მათ. აქედან გამომდინარე, სექსუალური შევიწროების ყველაზე ექსტრემალურ გამოვლინებებსაც კი, რომელიც გაზეთებში იწერებოდა ბოლო დროს, არ გავუკვირვებივარ.
სანამ კარიერას დაასრულებდით, ცნობილი იყავით თქვენი მოუცლელობით. ახლა, როცა წერა შეწყვიტეთ, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
ვკითხულობ — ოღონდ მხატვრულ ლიტერატურას, რაოდენობ გასაკვირიც უნდა იყოს, ძალიან ცოტას. მთელი ჩემი ცხოვრება მხატვრული ტექსტების კითხვას, სწავლებას, სწავლას და წერას მივუძღვენი. დაახლოებით შვიდი წლის წინ კი, სხვა ტექსტებითაც დავინტერესდი. მას შემდეგ, ყოველდღე ვკითხულობ ისტორიას, განსაკუთრებით ამერიკულს, თუმცა თანამედროვე ევროპის ისტორიასაც არ ვუთმობ ცოტა დროს. კითხვამ ჩაანაცვლა წერის პროცესი და სწორედ ის წარმოადგენს ჩემი ცხოვრების ძირითად ნაწილს, სტიმულს.
კომენტარები