რა ვიცით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ - მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის რვა საათზე გაიხსნება და საღამოს რვა საათზე დაიხურება.

პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო პირდაპირი წესით, ფარული კენჭისყრით. ხმის მიცემის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს 18 წლის ზემოთ.

უკრაინის კუთვნილი ნახევარკუნძულის, ყირიმის ანექსიის შემდეგ, პირველად საპრეზიდენტო არჩევნები აქაც ჩატარდება. საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური უბნები გაიხსნება.

რა არის საჭირო არჩევნებში მონაწილეობისთვის?

პრეზიდენტი შეიძლება გახდეს 35 წლის ზემოთ პირი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ბოლო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს ფედერაციაში.

კანდიდატის წარდგენის წესი:

  • პოლიტიკურ პარტია ერთ კანდიდატს წარადგენს;
  • დამოუკიდებელ კანდიდატს 500 ამომრჩევლისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა უნდა დაუჭიროს მხარი.

კანდიდატებს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არეგისტრირებს. სახელმწიფო დუმაში ან საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილ პარტიებს კანდიდატის წამოყენება ხელმოწერების გარეშე შეუძლიათ. არასაპარლამენტო პარტიების კანდიდატმა 300 ათასი ხელმოწერა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა 100 ათას ხელმოწერა უნდა წარადგინოს საარჩევნო კომისიაში. დოკუმენტების მიღების შემდეგ, კომისია ათი დღის ვადაში გადაწყვეტს დაუშვას თუ არა კანდიდატი არჩევნებზე.

პრეზიდენტად ასარჩევად აუცილებელია ხმების 50 პროცენტის მიღება, მეორე ტური არჩევნებიდან 21-ე დღეს ინიშნება. ალტერნატივის არარსებობისა და ერთი კანდიდატის ყოფნის შემთხვევაში კი - არჩევნები არ ინიშნება.

ვინ იბრძვის პრეზიდენტობისთვის?

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რვა კანდიდატი დარეგისტრირდა. მათგან ორი კომუნისტური პარტიის კანდიდატია, ხოლო ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.

სერგეი ბაბურინი

სერგეი ბაბურინი

ფოტო: Selisoto

საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად იღებს მონაწილეობას. მისი კანდიდატურა კი ნაციონალ-კონსერვატიულმა პარტია რუსეთის სახალხო კავშირმა წარადგინა. ის ამავე პარტიის დამაარსებელია.

ბაბურინი 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. ბოლოს დუმაში მან 10 წლის წინ იმუშავა, შემდეგ კი ვეღარ მოხვდა. ის მოსკოვში რუსული მარშების ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო.

პაველ გრუდინინი

პაველ გრუდინინი საპრეზიდენტო მარათონის ყველაზე მოულოდნელი კანდიდატია. მისი კანდიდატურა რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ ყრილობაზე წარადგინა, თუმცა პარტიის წევრი არაა. მანამდე გრუდინინის განზრახვის შესახებ არავინ იცოდა. არჩევნებშიც პირველად იღებს მონაწილეობას.

გრუდინინი ლენინის სახელობის სამეურნეო საწარმოს დირექტორია. საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებამდე მას პარტიასთან კავშირი არ ჰქონია. 2000 წელს გამართულ არჩევნებში პუტინის წარმომადგენელი იყო, ხოლო 2010 წლამდე პარტია ერთიან რუსეთში ირიცხებოდა.

ის ტელეეთერში კომპრომატული და ნეგატიური მესიჯებით გამოირჩევა. მან იოსებ სტალინს ბოლო 100 წლის განმავლობაში საუკეთესო მმართველი უწოდა.

ვლადიმერ ჟირინოვსკი

ჟირინოვსკი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის შეუცვლელი ლიდერია. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხჯერ წამოაყენა კანდიდატურა და ვერც ერთხელ მოიგო: 1996 - 5,7%, 2000 - 2,7%, 2008 - 9,35%, 2012 - 9,35%.

არჩევნებში მონაწილეობაზე ერთადერთხელ 2004 წელს თქვა უარი და თავის ნაცვლად ოლეგ მალიშკინი წარადგინა. დამარცხების მიუხედავად არჩევნებში მონაწილეობას მუდამ იღებს. ამის მიზეზი შესაძლოა სახელმწიფო დაფინანსებაა, რომელსაც პარტია არჩევნებში მონაწილეობით იღებს. ან მოსკოვის ცენტრში მისი ინსტიტუტისთვის ნაჩუქარი შენობა.

სხვადასხვა დროს ხშირად გამხდარა უცნაური კანონების შემოღების ინიციატორი. მისი აზრით, რუსეთმა სხვა ქვეყნების, მათ შორის დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, დაფინანსება უნდა შეწყვიტოს. მომხრეა, რომ სასიკვდილო განაჩენი ისევ ამოქმედდეს. მისი თქმით, სასიკვდილო განაჩენი ქალაქის მოედანზე, სახალხოდ უნდა ჩატარდეს. ჟირინოვსკის მიაჩნია, რომ იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც წინასაარჩევნო დაპირებას არ შეასრულებენ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს და სხვა.

მსგავსი რადიკალური გადაწყვეტილებების მიუხედავად არაერთხელ უთქვამს, რომ ერთნაირი სქესის მქონე პირების ქორწინებას რუსეთში აუცილებლად მიიღებენ. მისი თქმით, ჰომოსექსუალობა ადამიანის ბიოლოგიური არსის ნაწილია.

ვლადიმერ პუტინი

ფოტო: Getty Images

ვლადიმერ პუტინი აპირებს, რომ 2000 წლის შემდეგ პრეზიდენტი მეოთხე ვადით გახდეს. 18 წლის განმავლობაში, მეორე ვადის გასვლის შემდეგ პრეზიდენტობა დიმიტრი მედვედევს გადააბარა, ხოლო თვითონ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა.

ამ არჩევნებზე პუტინი დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტობის სავარძელს წელსაც არ დათმობს. მან ყველა არჩევნებში გაიმარჯვა, რომელშიც მონაწილეობდა: 2000 - 53%, 2004 - 71,31%, 2012 - 63,6%.

ქსენია სობჩაკი

ფოტო: Gazeta.ru

სობჩაკი ტელეწამყვანია, რომლის ცნობადობა 9%-მდე აღწევს, თუმცა როგორც პოლიტიკური ფიგურა პოპულარული არაა. ქსენიას მამა იყო სანკტ-პეტერბურგის პირველი მერი და ვლადიმერ პუტინის მეგობარი.

მედიაში წერდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე პუტინს შეხვდა და თავისი კანდიდატურის წამოყენება შეუთანხმა, თუმცა სობჩაკი ამას უარყოფს. არსებობს მოსაზრება, რომ სობჩაკი "კრემლის პროექტია", რათა ანატოლი ნავალნისგან ყურადღება მასზე გადატანილიყო.

მას ყველა კანდიდატზე რადიკალური გამოსვლები აქვს. ამბობს, რომ ყირიმი რუსეთის მიერ არის ანექსირებული, ლგბტ თემის უფლებების დამცველად გამოდის და ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს აკრიტიკებს. არჩევნებისთვის სპეციალურად პარტია სამოქალაქო ინიციატივაში გაწევრიანდა.

მაქსიმ სურაიკინი

ის პარტია კომუნისტური რუსეთის კანდიდატი. სურაიკინმა პარტია 2012 წელს დაარეგისტრირა. სიდიდით მეორე პარტიასთან, რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიასთან მას არაფერი აკავშირებს. ეს უკანასკნელი სურაიკინის პარტიას სპოილერს უწოდებს.

მაქსიმ სურაიკინიც არჩევნებში პირველად მონაწილეობს.

ბორის ტიტოვი

ფოტო: Tass

მეწარმეთა უფლებების დაცვის საპრეზიდენტო დესპანმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუმცა დეკემბერში გადაიფიქრა. ტიტოვი ზრდის პარტიის ლიდერია. საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 1,29% დააგროვა. მისი პირადი რეიტინგი 1%-ზე დაბალია.

როგორც საპრეზიდენტო ადმინისტრაციის თანამშრომელი აშშ-ის მიერ მომზადებულ კრემლის მოხსენებაში" მოხვდა და სანქციები შეეხო.

საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობს.

გრიგორი იავლინსკი

ფოტო: Ria.ru

იავლინსკი პარტია იაბლოკოს თანადამფუძნებელი. საპრეზიდენტო არჩევნებში ორჯერ მიიღო მონაწილეობა: 1996 - 7,34%, 2000 - 5,8%.

2012 წელს არჩევნებისთვის ვერ დარეგისტრირდა, რადგან როგორც არასაპარლამენტო პარტიის კანდიდატს (2012 წლის კანონმდებლობით) მილიონზე მეტი ხელმოწერა უნდა შეეგროვა და საბუთების წარდგენისას საარჩევნო კომისიამ შეცდომები აღმოაჩინა.

რატომ არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში ყველაზე დიდი ოპოზიციონერი?

ფოტო: ფოტო ვიდეოდან / ალექსეი ნავალნი

ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არჩევნებზე არ დაარეგისტრირეს. რუსეთის საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ნავალნი ნასამართლევია სისხლის სამართლის საქმეზე, რაც არჩევნების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება. თავად ნავალნი კი კონსტიტუციაზე მიუთითებს, რომელშიც თავისუფლებაში მყოფი ადამიანის ნასამართლეობის გამო უარის თქმაზე არაფერი წერია. ნავალნი რუსეთის ცესკოს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მანამდე კი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და მხარდამჭერებსაც იგივე მოუწოდა.

საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის თქმით, ნავალნის არჩევნებზე არდაშვება რუსეთში დემოკრატიული გარემოს არსებობას ეჭვქვეშ აყენებს.

ალექსეი ნავალნი ცნობილი გახდა იმით, რომ რუსეთის კორუფციის შესახებ გამოძიებებს ატარებს. სპეციალური ფონდიც კი დააარსა - კორუფციასთან ბრძოლის ფონდი. საკმაოდ აქტიურად იყენებს და აქვეყნებს ვიდეობლოგებს. YouTube-ზე 1,7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. თითოეული მისი ვიდეომიმართვა ან გამოსვლა მილიონობით ნახვას აგროვებს. ანტიკორუფციული მსვლელობების ორგანიზატორია, მსვლელობებისა და აქციების დროს ის და მისი თანამოაზრეები არაერთხელ დაუკავებიათ.

2013 წელს მოსკოვის მერის არჩევნებზე 27,24 პროცენტით მეორე ადგილი დაიკავა, ამავე წლიდან ოპოზიციური პარტია პროგრესული პარტიის ლიდერია. ჯერ კიდევ 2016 წელს გახდა ცნობილი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიირებდა მონაწილეობას.

რამხელა უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს?

რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტის თანამდებობა უმაღლესია. პრეზიდენტის ბევრ უფლებამოსილებას პირდაპირი აღმასრულებელი ხასიათი აქვს. ამიტომაც მიიჩნევა, რომ ის არც ერთ სახელისუფლებო შტოს არ მიეკუთვნება და ყველაზე მაღლა დგას, რადგან მაკოორდინირებლის ფუნქცია აქვს და მთავრობის დათხოვნა შეუძლია.

  • პრეზიდენტი არის კონსტიტუციის, ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების გარანტი;
  • ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალია;
  • აქვს შეწყალების უფლება;
  • რუსეთში პრეზიდენტის თანამდებობა ერთადერთია, რომელსაც საყოველთაო არჩევნებით ამომრჩეველი ირჩევს;
  • მას შეუძლია მთავრობის სხდომას უხელმძღვანელოს და მისცეს მითითებები;
  • მთავრობა საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტის მითითებების მიხედვით მოქმედებს;
  • ზოგიერთი ფედერალური ორგანოს უშუალო ხელმძღვანელია;
  • საშინაო და საგარეო კურსს დამოუკიდებლად განსაზღვრავს, ხოლო საგარეო კურსს უშუალოდ ის წარმართავს;
  • პრეზიდენტისა და მთავრობის განკარგულებები და ბრძანებულებები კანონქვემდებარე აქტებია და სავალდებულოა, თუმცა პრეზიდენტს მთავრობის ბრძანებულების ან განკარგულების გაუქმება შეუძლია;
  • პრეზიდენტს, როგორც მთავრობას, უფლება აქვს საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენოს;
  • მთავრობას შეაქვს პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც მის კომპეტენციას ეხება (ძირითადად ბიუჯეტი), ხოლო პრეზიდენტს შეაქვს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტს ეხება;
  • კონსტიტუციური და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების კანდიდატურებს ფედერაციის საბჭოში პრეზიდენტი წარადგენ;
  • გენერალური პროკურორის კანდიდატურის წარდგენისა და მოხსნის წინადადებაც მას შეაქვს;
  • ნიშნავს ფედერალური სასამართლოების მოსამართლეებს;
  • ნიშნავს და ათავისუფლებს შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდლობას;
  • მის პრეროგატივაშია დანიშნოს და გაათავისუფლოს რუსეთის ელჩებიც;
  • სარგებლობს ხელშეუხებლობით, ანუ შეუძლებელია პრეზიდენტს სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემა, ან იძულებითი ღონისძიებების გატარება;
  • სახელმწიფო დუმის ბრალდების საფუძველზე, რომელიც სახელმწიფო ღალატს ან სხვა მძიმე დანაშაულს შეეხება, იწყება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი. პროცესში ჩართულია საკანონმდებლო და სასამართლოს ხელისუფლებები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში პრეზიდენტს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს;
  • სხვა სახელმწიფო მოხელეებისგან განსხვავებით პრეზიდენტს დაცვაზე უარის თქმის უფლება არ აქვს. იცავენ, ასევე, ოჯახის წევრებს;
  • საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მას სიცოცხლის ბოლომდე ეყოლება.

ვინ იყვნენ რუსეთის პრეზიდენტები?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 1991 წლის 12 ივნისს ჩატარდა. 27 წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტი 14 წელი იყო. 2008-2012 წლებში ქვეყნის პრეზიდენტი მედვედევი იყო, ხოლო პრემიერ-მინისტრის პოსტს პუტინი იკავებდა. ოთხი წლის შემდეგ მათ პოზიციები გაცვალეს.

ფოტო: ანა ვახტანგაძე

ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი გახდეს პრეზიდენტი?

პუტინის გარდა არავის.

ფოტო: Reuters

კანდიდატებიდან ყველაზე მეტად რომელი აწყობს საქართველოს?

არც ერთი.

თუ ვიმსჯელებთ მთავარი კანდიდატით, ვლადიმერ პუტინით, მას არაერთხელ უთქვამს, რომ ქართველების მიმართ თბილი დამოკიდებულება აქვს, თუმცა ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა და გაუუარესდა. ის დღემდე აფინანსებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და სხვადასხვა სახის არალეგიტიმურ ხელშეკრულებებს აფორმებს მათთან.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს პუტინი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, თუმცა გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ის იყო.

რუსეთს არაერთხელ უთქვამს, რომ NATO-სთან და აშშ-სთან სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია და მსგავსი ქმედებები ანტირუსული ხასიათის მატარებელია.

რვიდან ორი კანდიდატი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელია. პაველ გრუდინინს ბევრჯერ უთქვამს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. ერთ-ერთ ინტერვიუში მან უკმაყოფილება გამოთქვა ჯაველინების გამო, რომელიც აშშ-მა საქართველოს მიჰყიდა.

შეხედულება კავკასიისა და ოკუპირებული ტერიტორიის საკითხზე უცნობია. ცალსახა პასუხის ამ საკითხთან დაკავშირებით მას არ გაუცია, თუმცა გასაკვირი არ იქნება, რომ პუტინის შეხედულებებს უჭერს მხარს, იქიდან გამომდინარეც, რომ ერთ დროს მის პარტიაშიც ირიცხებოდა. როდესაც გრუდინინი ქვეყნისა და ხალხის ერთიანობაზე საუბრობს, მაგალითად საბჭოთა კავშირი და კომუნიზმი მოაქვს.

რაც შეეხება მეორე კომუნისტს, მაქსიმ სურაიკინს ის დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საკმაოდ მეგობრულად ექცევა. სხვა მხრივ ისევ კომუნისტური და რუსეთის სოციალიზმის იდეების გამავრცელებელია.

ვლადიმერ ჟირინოვსკი საქართველოს მიმართ ყველაზე რადიკალური იდეებით გამოირჩევა, ყოველ შემთხვევაში, იდეებს ხმამაღლა ავრცელებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ერთ-ერთ გადაცემაში მან განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა შეჭრილიყო და ყველა სამხედრო დაეპატიმრებინა. მისი თქმით, რუსეთს ქვეყანაში წესრიგი უნდა დაემყარებინა:

"საუკეთესო ვარიანტია, საქართველოს ლიკვიდაცია, როგორც სახელმწიფოსი".

პრეზიდენტობის კანდიდატები, ბორის ტიტოვსა და გრიგორი იავლინსკის, ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველოს მიმართ არსებულ პოლიტიკას უჭერენ მხარს. ტიტოვი დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯინბასაც შეხვდა.

ყველაზე დასავლური იდეებით ქსენია სობჩაკი გამოირჩევა, თუმცა მისი მოულოდნელი კანდიდატურა და ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადასვლა ბევრ ეჭვს ბადებს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, სობჩაკი პუტინთან არის გარიგებული და ე.წ. კრემლის პროექტია.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სობჩაკი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასვხა ოპოზიციურ საპროტესტო აქციაში და პუტინისა და მისი რეჟიმის მიმართ უკმაყოფილება არაერთხელ გამოუთქვამს. ახლაც ყირიმს უკრაინის ნაწილად განიხილავს. საქართველოსა და უკრაინის NATO-სკენ მისწარფებას კი ორი დამოუკიდებელი ქვეყნის სურვილი უწოდა. სობჩაკი რუსეთს ევროპის განუყოფელ ნაწილად განიხილავს.

სობჩაკის პროგრესული იდეების მიუხედავად, პოლიტიკაში ის ახლახან ჩაერთო და ოპოზიციურ არხზე კარგი ჟურნალისტობა კარგი პოლიტიკოსობის გარანტი არაა.

ნავალნის რომ კენჭი ეყარა?

ალექსეი ნავალნი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს და ამბობს, რომ ამაზე ისტორიული კონტექსტი მეტყველებს. თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგება მათ დაფინანსებას. ზოგადად, სხვა ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას არ უჭერს მხარს.

რაც შეეხება ყირიმს, მისი თქმით, ნახევარკუნძული ანექსირებულია, მაგრამ თუ მოსახლეობას სურს რეფერენდუმი, ის უნდა ჩატარდეს კანონის ყველა დაცვით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  3. ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით
  4. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
  5. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება: პოლიტიკური შეხედულებების გამო სოციალურ მუშაკებს სამსახურიდან ათავისუფლებენ

2024 წლის 25 დეკემბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოში…