სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავა. მას ბრალი ედება ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.

სუს-ის ინფორმაციით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

21-22 ნოემბერს, თბილისში, ისანში ჩატარებული, თითქმის 20-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, რომლებსაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ედებოდათ ბრალად. ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.