ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე ათი თვით ადრე ქართული წიგნის ერონვული ცენტრის დირექტორმა, დეა მეტრეველმა თანამდებობის დატოვების წერილით კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს მიმართა. მიზეზად კი, ბაზრობისთვის მოსამზადებელ სამუშაო ჯგუფის მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს ასახელებს.

დეა მეტრეველმა მინისტრს წერილით მიმართა და სთხოვა, პროექტის ფარგლებში ცენტრმა უზრუნველყოს უშუალოდ ქართული ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამის განხორციელება და ლიტერატურული თარგმანების მომზადება. თხოვნის არდაკმაყოფილების შემთვევაში კი, თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. კულტურის სამინისტრი კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და მეტრეველის მოთხოვნა მათთვის მიუღებელია.

მწერლები, გამომცემლები და ლიტერატურათმცოდნეები ამ ამბავს ეხმიანებიან და დეა მეტრეველს მხარს უჭერენ.

ნინო ხარატიშვილი, მწერალი:

ფოტო: cOURTESY

ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარგენა არის უდიდესი შანსი, ჩვენი კულტურა და ლიტერატურა გავაცნოთ ევროპასა და მსოფლიოს. წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ წლების მანძილზე გაწეული უდიდესი შრომის შედეგად მიწღეული უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ისტორია და ისტორიები მოვუყვეთ მილიონობით ადამიანს და დავაინტერესოთ საქართველოთი და ქართული ლიტერატურით. ამ ინტერესს კი უამრავი დადებითი და ქვეყნის განვითარებისთვის (და არამარტო კულტურული) არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. მაგრამ ეს არ და ვერ მოხდება, თუ საქმეს, რომელიც თითქმის უკვე ბოლომდეა მიყვანილი, ისეთი ადამიანები გადაიბარებენ, რომლებთან არანაირი შეხება არ აქვთ თანამედროვე ლიტერატურასთან, ვერ ერკვევიან ბაზრობისა და გერმანული ლიტერატურული სამყაროს სპეციფიკაში, არ აქვთ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება ამ სფეროში. დეას გუნდმა წამოიწყო, განავითარა, გააუმჯობესა და ლამის უკვე ბოლო ეტაპამდე მოიყვანა ეს უდიდესი წამოწყება. ამ ეტაპზე კი საქართველოში არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათ სათანადოდ და კომპეტენტურად ჩაანაცვლებენ. ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმა ამ ეტპაზე უდიდესი ზიანის მიყენებას ნიშნავს საქართველოსთვის და მისი ლიტერატურისთვის.

ზვიად კვარაცხელია, მწერალი-გამომცემელი:

ფოტო: მზია საგანელიძე

ის, რაც წლების განმავლობაში ყოველდღიური შრომით, მონდომებითა და ბრძოლით იქმნებოდა, შეიძლება ერთი ხელის მოსმით დაინგრეს, თუკი კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას ისევე გაუვიდა ეს მავნებლური ჩანაფიქრი, როგორც გასულ წელს წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის გაუქმება.

მხარს ვუჭერ დეა მეტრეველს! მიმაჩნია, რომ თავის ბრწყინვალე გუნდთან ერთად აქამდეც ბევრი პროექტისა და ინიციატივის წარმატებით განხორციელება შეძლო და მომავალშიც გარანტია იმისა, რომ ფრანკფურტი 2018-ს რთული და საპასუხისმგებლო პროგრამა და სხვა უამრავი წამოწყება უმაღლეს დონეზე შესრულდება.

არჩილ ქიქოძე, მწერალი:

გუნდმა, რომლის გაშვებასაც კულტურის სამინისტრო აპირებს, გააკეთა უდიდესი საქმე, ჯერ იმისთვის რომ გავმხდარიყვით სტუმარი ქვეყანა და შემდეგ იმისთვის, რომ ქართული ლიტერატურა წარდგენილიყო შესაბამისად. მე არ მეგულება არც ერთი გუნდი, რომელსაც ასეთ მოკლე ვადაში თავს გაართმევდა ამ საქმეს.

გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი:

ფოტო: გიორგი მაისურაძე / Facebook

ეს საქციელი არის მტრობა და მავნებლობა და მავნებლობა ქართული კულტურის, ქართული წიგნიერების მიმართ. არ შეიძლება ეს პროექტი და ეს ქვეყანა გველეშაპმა ჩაიგდოს ხელში. ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი ამბის განვითარება და მე ვთვლი, რომ არც ერთი ქართველი ავტორი და გამომცემელი არ უნდა წავიდეს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, თუ მდგომარეობა არ შეიცვლება. მე ვერ ვხვდები, რა შუაშია სალომე ზურაბიშვილი ამ პროცესთან. ვინმემ მითხრას, რამდენი წიგნი აქვთ მათ წაკითხული.

დიანა ანფიმიადი, მწერალი:

ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისათვის მზადება, როგორც ფრანკფურტის ბაზრობაა, გულისხმობს ხანგრძლივ, დეტალებამდე გათვლილ მუშაობას, ასეთი მუშაობის საუკეთესო მაგალითია წიგნის ცენტრი და ამ სტრუქტურის ჩამოშლა ახლა, როცა სულ ცოტა დრო დარჩა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებამდე, დაუფიქრებელი და არასერიოზულია, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისა და მისი ლიტერატურისთვის მავნებელი.

ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე:

ფოტო: ილიაუნი

სტუმარი ქვეყნის სტატუსით გამოსვლა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის, როგორც თანამედროვე კულტურის ქვეყნის წარმოსაჩენად, იმისთვის, რომ მსოფლიომ უკეთ (ან საერთოდ) გაგვიცნოს. ასეთი მასშტაბის ღონისძიება იგეგმება რამდენიმე წლით ადრე და მრავალწლიანი თავაუღებელი, პროფესიონალური შრომა სჭირდება, რომელიც გასწია კიდევაც სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა საქართვოს წიგნის ეროვნულმა ცენტრმა. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, ეს საქმე დასრულებამდე 9 თვით ადრე პროფესიონალების მაგივრად ზღვარგადასულად ამბიციურ ჩინოვნიკ(ებ)ს გადააბაროს კატსტროფის პირას დააყენებს მთელ პროექტს, დაუხურავს ქართულ ლიტერატურას და კულტურას ჰაერივით აუცილებელ ასპარეზს, უკიდურესად უარყოფით, კორუმპორებული ჩინოვნიკობის მოპარპაშე ქვეყნის იმიჯს დაუბრუნებს საქართველოს მრავალი წლით.

გურამ მაცხონაშვილი, მწერალი:

ფოტო: წინანდლის პრემია

ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, როგორ მივა ეს საკითხი საზოგადოებამდე. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ წიგნის ცენტრის, მწერლებისა და გამომცემლობების მხრიდან სწორება იდეასა და ღირებულებებზეა და არა ცალკეულ პერსონებზე. ზუსტად ასე უნდა მოიქცეს კულტურის სამინისტროც - გაუფრთხილდეს ძვირფას იდეას ფრანკფურტის სახით და ნუ გადააყოლებს მას საკუთარ ჩინოვნიკებს.

მგონი, მარტივია, თუ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ფეხბურთელები და მწვრთნელები საკუთარი პრინციპების გამო უარს ამბობენ ჩემპიონატზე წავიდნენ, ფეხბურთის ფედერაციამ პრობლემის ძიება საკუთარ თავში უნდა დაიწყოს. ფრანკფურტის ფესტივალიც ქართული ლიტერატურის მსოფლიო ჩემპიონატია.

დავით გაბუნია, მწერალი:

"სრულებით წარმოუდგენელია, იმ კომპლექსურ საქმეს, რასაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მზადება ჰქვია, ასე ერთი ხელის მოსმით გამოვაცალოთ წიგნის ეროვნული ცენტრის გუნდი. ისინი წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობდნენ ამ პროექტს და ახლა, როცა საქმე გადამწყვეტ ფაზაში გადადის, დანაშაული იქნებოდა ამ საბედისწერო შეცდომის დაშვება. ეს არ არის გადაჭარბება. გადაწყვეტილების მიმღებები კარგად უნდა დაფიქრდნენ.”

ანი კოპალიანი, მთარგმნელი:

ფოტო: ანი კოპალიანი / Facebook

“ვფიქრობ, ფრანკფურტის ბაზრობამდე 9 თვით ადრე საქმეს ჩამოაშორო გუნდი, რომელმაც, ფაქტობრივად, ყამირ მიწაზე დაიწყო ამ პროექტის შექმნა, კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიულად უძღვებოდა მას წლების განმავლობაში და მოიპოვა ქართული სალიტერატურო წრეებისა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გერმანული საგამომცემლო სექტორის კეთილგანწყობა, ნიშნავს, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად მოექცე საკუთარ კულტურასა და საკუთარი სამშობლოს მომავალს.”

ხათუნა თავდგირიძე, მწერალი:

ფოტო: ხათუნა თავდგირიძე / Facebook

მიმაჩნია, რომ ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება და შეუძლია წარმატებით განახორციელოს ქართულ კულტურისთვის წარმოუდგენლად დიდი და საპასუხიმგებლო პროექტი - ,,პრანკფურტი-2018" და ამასთან აქვს სრული ნდობა როგორც ქართველი მწერლებისა და გამომცემლების მხრიდან, ისე უცხოელი პარტნიორებისა და გამომცემლებისაგან, ერთმნიშვნელოვნად არის წიგნის ცენტრი, დეა მეტრეველი თავის გუნდთან ერთად. ამას გარდა, სრულიად ამორალურია ამ გუნდის მიერ ჩატარებული მრავალწლიანი სამუშაო და ღვაწლი ბოლო გადამწყვეტ ეტაპზე მიითვისოს სხვა ადამიანმა, მით უფრო რომ მას ამ მიმართულებით არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია. და მაინტერესებს, ის რა ენაზე და რა თემებზე დაელაპარაკება ლიტერატურულ და საგამომცემლო უცხოელ პარტნიორებს გერმანიაში, როცა საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდეგება? იქ უპირველესად ქართული ლიტერატურის აღმოჩენის მოლოდინი არსებობს და მერე ყველაფერი დანარჩენი . . . ჩვენ მწერლების დიდი ნაწილი, რომელთა წიგნები გერმანულად ითარგმნება და არ ითარგმნება, მზად ვართ რადიკალური ზომებისათვის, თუ საჭირო გახდება და სამინისტრო გონივრულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მიიღებს მწვავე რეაქციას - ქართველი მწერლების გარეშე დარჩენილ საქართველოსადმი მიძღვნილ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს!

ფოტო: ნინო ბეკიშვილი / Facebook

ნინო ბექიშვილი, მთარგმნელი:

ახლა, როცა ასე მცირე დროა დარჩენილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე, მმართველი გუნდის გამოცვლა პროექტის გაწირვას ნიშნავს. ცხადია, ეს ვითარება შეუმჩნეველი არ დარჩებათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. იმედია, სამინსიტრო გამოიჩენს კეთილგონიერებას და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას.

ტორესა მოსი, მწერალი:

სამინისტროს მოვუწოდებ პირველ რიგში იხლმძღვანელოს საჯარო ინტერესის გათვალისწინებით

ფოტო: მზია საგანელიძე

და მოიქცეს გონივრულად. წიგნის ცენტრის გუნდს, ქართველ გამომცემლებსა და მწერლებს მოგვცეს საშუალება ეს დიდი შანსი გამოვიყენოთ ქვეყნისთვის სასარგებლოდ და წყალში არ გადაყაროს ამდენი წლის შრომა. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოთ კულტურის სამინისტროს გამოთიშვა ამ პროცესიდან, რაც საფრთხის წინაშე დააყენებს საქართველოს მონაწილეობას ყველაზე დიდ ლიტერატურულ ფორუმზე.

ჯაბა ზარქუა, მწერალი:

ფოტო: ფოტო ვიდეოდან / GDS

ძალიან მარტივია - როცა საქმეს ანდობ კონკრეტულ ჯგუფს, რომელიც ამ საქმეზე მუშაობს წლების განმავლობაში საკმაოდ სკურპულოზურად, პროფესიონალურად და აქტიურად, ასე უბრალოდ ადგე და ბოლოსკენ გასულებს ჩამოაშორო ეს საქმე, ცალსახად არასწორია. კულტურის მინისტრმა და სხვა პირებმა თავიანთი კერძო კომპანიები როგორც უნდათ ისე მართონ. ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მასპინძლობა არ არის ორიოდე ადამიანის კერძო ინტერესი. ეს არის ჩვენი სერიოზული შესაძლებლობა ევროპის კულტურულ ქსოვილში სრულფასოვანი ინტეგრაციისა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

თუ მინისტრი არ წარმოადგენს ძალიან მყარ და ცალსახად უტყუარ მტკიცებულებებს მენეჯმენტში დაგეგმილი ცვლილებების საჭიროების შესახებ, მაშინ ამ ამბავს მოჰყვება სერიოზული პროტესტი არა მხოლოდ მწერლების მხრიდან. ჩინოვნიკები ხვალ შეიცვლებიან, საქართველო კი ყოველდღე არ იქნება ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი, ამიტომ დროა მათ სიჯიუტე გვერდზე გადადონ, გააანალიზონ შექმნილი ვითარების მნიშვნელობა, გაისიგრძეგანონ რომ მართავენ ქვეყანას და არა პირად შპს-ს და ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ, მით უმეტეს როცა ობიექტურად უმნიშვენლოვანეს საკითხს ეხება ის, იმოქმედონ მაქსიმალურად მოზომილად და არგუმენტირებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირება ქვეყნის ინტერესების საზიანო იქნება მხოლოდ, რაზეც ცალსახად პასუხისმგებელი გახდება გაუგებრობის ინიციატორი - კულტურის სამინისტრო და პირადად მისი ხელმძღვანელი.

ბექა ადამაშვილი, მწერალი:

ფოტო: ფოტო ვიდეოდან

ამ სამი დღის განმავლობაში ჯერ არსად შემხვედრია ლიტერატურის სფეროში მყოფი რომელიმე ადამიანის ისეთი კომენტარი, სადაც ის რამენაირად მხარს უჭერს ან ამართლებს კულტურის სამინისტროს პოზიციას. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერად კი დგას თითქმის ყველა, ვისაც კი ლიტერატურაში სიტყვა ეთქმის ან მინიმუმ, სიტყვა მაინც დაუწერია.

მე ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი ბევრად უფრო მეტყველი და მრავლისმთქმელია, ვიდრე ნებისმიერი ის წინადადება, რომლის დაწერაც მის ნაცვლად შემეძლო. ქართველებს არც უაზრო ამბიციებში გვიჭირს და არც - ლიტერატურაში, თუმცა ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე ჯობია მაინც ეს უკანასკნელი წარმოვაჩინოთ"

მაია კუდავა, გამომცემელი:

ფოტო: მაია კუდავა / Facebook

დეა მეტრეველი და მისი გუნდის ყველა წევრი ნამდვილი პროფესიონალი და ქართული წიგნის მოამაგეა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს 2018 წლის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის პროექტს მათ წლების განმავლობაში დიდი ენერგია შეალიეს. მათ აქვთ როგორც ქართველი გამომცემლებისა და ავტორების, ისე უცხოელი კოლეგების აბსოლუტური ნდობა. ფრანკფურტის პროექტი უმეტესად მწერლებისა და გამომცემლების პლატფორმაა და მხოლოდ მათ შემდეგ მოიაზრება კულტურის სხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობა ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე. მოსალოდნელი ცვლილებები კი გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ მთავარი მოქმედი პირნი მეათეხარისხოვან პერსონაჟებად იქცევიან ახალი მენეჯმენტის პირობებში, რადგან მათ არ აქვთ არც კომპეტენცია – შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა და ვფიქრობთ, არც აქვთ სრულად გააზრებული საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობა.

ერეკლე დეისაძე, მწერალი:

სამინისტრომ არ უნდა მიუღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება,პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, უამრავი კითხვა არსებობს და სამიმისტრო ვალდებულია ამ შეკითხვებს უპასუხოს

შოთა დიღმელაშვილი, გამომცემელი:

წიგნის ცენტრმა ქართული მწერლობისთვის აქამდე არარსებული წინაპირობა შექმნა, ინტეგრირდეს ევროპულ სალიტერატურო სივრცეში, ჰარმონიულად დავერთოთ ამ დიდ კულტურულ ქსოვილს. და როცა ამდენი წლის შრომაა უკან, როცა მხოლოდ 9 თვეა დარჩენილი ამხელა ჯაფის დამაგვირგვინებელ ღონისძიებამდე, კულტურის მინისტრი (რომელიც იმდენად მიკერძოებული და დისკრედიტირებულია, რომ თავად მთავრობის წევრები ჩეკ ინ ჯორჯიასაც კი არ ანდობენ მის უწყებას) ჩვეულებრივ დივერსიას აწყობს. იგი ამ დივერსიას უწყობს არა კონკრეტულად დეა მეტრეველს და წიგნის ცენტრს, არამედ ქართულ კულტურას.

ლაშა ბუღაძე, მწერალი:

ფოტო: ფოტო ვიდეოდან / არტარეა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა უდიდესი ევროპული პლატფორმაა საქართველოსთვის და ქართული ლიტერატურისთვის - საქართველო წლებია ელის თავისი ათასხუთასწლოვანი ლიტერატურის წარდგენის ამ დიდ შესაძლებლობას. ეს იქნება ისტორიული დანაშაული, თუკი ქართული ლიტერატურა მისი მნიშვნელობისთვის შესაბამისი ხარისხით, პასუხისმგებლობით და მასშტაბის გააზრებით არ იქნება წარმოდგენილი. მინისტრები და ჩინოვნიკები წავლენ და წამოვლენ, ქართული ლიტერატურა კი მუდმივ და აქტუალურ ღირებულებად დარჩება. ამიტომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული საქმე ჩინოვნიკურ იწილო-ბიწილოს არ უნდა გადაყვეს. არავის აქვს უფლება, რომ ქართულ ლიტერატურაზე მაღლა დააყენოს თავი. თუკი რაიმე მართლაც ღირებული შექმნილა და იქნება საქართველოში, ეს უპირველეს ყოვლისა მისი ლიტერატურაა - ხუცესის ტექსტით დაწყებული და დღევანდელი ლიტერატურით დასრულებული.

ნიკა აგლაძე, კრიტიკოსი:

ფოტო: ნიკოლოზ აგლაძე / Facebook

მწერლის ბედი შედარებით მარტივია. არ გაქვეყნებენ - მაინც წერ, გზღუდავენ - ეწინააღმდეგები, წვავენ ქაღალდს - იმახსოვრებ ზეპირად. თანაც, მწერლის ჯილდო დიდია, გმირის შარავანდედი მცირედი ნონკონფორმიზმისთვისაც კი. საყოველთაო, ზოგჯერ გადამეტებული აღიარებაც.

სულ სხვაგვარადაა იმათი საქმე, ვისაც დღეს მოდური სიტყვა მენეჯერი მიესადაგება, ლიტერატურის მენეჯერი. არანაირი სახელი ყდაზე - მხოლოდ შრომა, რათა წიგნი გამოიცეს, მკითხველამდე მივიდეს, კიდევ ერთი ქართული ნაწარმოები გაიცნოს უცხოელმა მკითხველმა. მძიმე და უმადური სამუშაო.

ახლა კი, როდესაც საქმის დიდი ნაწილი გაკეთებულია, საოცარი, დაუჯერებელი შედეგი უკვე მიღწეული და საქმის საბოლოოდ წარმატებით დასრულებისათვის კიდევ ერთი, ფინალური, გიჟური რბოლა რჩება - ერთი გაუგებარი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით არა მხოლოდ ამ ადამიანების შრომისადმი უკიდურესი უპატივცემულობა გამოვლინდა, არამედ, ეს კი ბევრად მნიშვნელოვანია, ეჭვქვეშ დადგა დაგეგმილის შესაბამის დონეზე შესრულება.

ჩემთვის საწყენი და იმედის გამაცრუვებელი იყო. წარმომიდგენია, რას გრძნობენ ის დაუღალავი, შეუპოვარი მშრომელები, ღამის დასალიერში წიგნის სიყვარულით მოგზაურები.

დავით პაიჭაძე, ჟურნალისტი:

ბატონო კულტურის მინისტრო და ქართული კულტურის სხვა კეთილო მაღალჩინოსნებო წრფელად ფიქრობთ, რომ ხალხისგან ქართული ოცნებისთვის მინიჭებული მანდატი აბსოლუტურად გათავისუფლებთ ვალდებულებისგან, განუმარტოთ მოქალაქეებს, რატომ ამწესებთ ქალბატონებს - მანანა ბერიკაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს ფრანკფურტში მიმავალი ქართული დელეგაციის პირველ პირებად? რა დამსახურება მიუძღვის ან ერთს, ან მეორე ქალბატონს გინდაც ქართული ლიტერატურის წინაშე, გინდაც ქართული წიგნის გამოცემის საქმეში, გინდაც ფრანკფურტის ფორუმისთვის საქართველოს მომზადებაში? დამსახურება იქით იყოს - რა ცოდნა, რა გამოცდილება, რა კავშირები აქვს ამ ორს საიმისოდ, რომ საქართველო არა მხოლოდ ღირსეულად, არამედ თავისთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ წარდგეს გერმანიაში გაისად საპატიო სტუმრის სტატუსით?

ნიკი თარხან-მოურავი, გამომცემელი:

ფოტო: ნიკი თარხან-მოურავი / Facebook

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის პროგრამის მთავარი ფოკუსი, რამდენადაც ის შეიძლება ეწეოდეს სხვადასხვა სახელოვნებო დარგების პოპულარიზაციას, არის ლიტერატურა და ყველა ქვეყანაში რომელიც ამ სტატუსით წარმდგარა ბაზრობაზე, საორგანიზაციო ჯგუფს წარმოადგენს ლიტერატურული ინსტიტუტების წარმომადგენლები. გაუგებარია, რატომ გადაწყვიტეს, კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა, 4 წლიანი მოსამზადებელი პერიოდის მიწურულს საორგანიზაციო საკითხებში ასე უხეშად ჩარევა, თითქმის ბოლომდე მიყვანილ საქმეში . ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ყოველწლიურად 10, 000მდე ჟურნალისტი აშუქებს და კულტურის მინისტრს მოვუწოდებ მეტი სიფრთხილისაკენ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების დროს.

ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი:

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარი განზომილება ლიტერატურაა. დანარჩენი ყველაფერი ამ განზომილების უკეთ წარმოჩენას ემსახურება. წიგნის ცენტრის გუნდმა ყველაზე კარგად იცის ამ ღონისძიების ნამდვილი პრიორიტეტებიც და მისი ტექნიკური მხარეებიც, ამ გუნდს ენდობა ქართული ლიტერატურული საზოგადოებაცა და უცხოელი პარტნიორებიც. ამიტომ ამ პროექტის სხვისთვის გადაბარება არაფრით არ შეიძლება. ეს საფრთხეს შეუქმნის ღონისძების წარმატებით ჩატარებას და საქართველოს იმიჯს ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე.

ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი:

ახლა, როცა ნანატრი ბავშვის დაბადებამდე 9 თვე რჩება, წარმოუდგენელია „დედის“ გამოცვლა, სიცოცხლისთვის უბრალოდ სახიფათოა საათივით აწყობილი ორგანიზმისთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის თემის ჩამორთმევა.

ნესტან ნენე კვინიკაძე, მწერალი-სცენარისტი:

ბოლო წლებში დავიჯერეთ, რომ ჩვენი მდიდარი მედიუმის გაცნობა მსოფლიოსთვის შესაძლებელია. ლიტერატურის მთავარი სცენა დაგვითმეს იმიტომ, რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მუშაობით ყურადღება მივიქციეთ. ზურგს ვიმაგრებთ პირველი ფემინისტური ტექსტით; უნიკალური მხატვრული თუ დოკუმენტური პროზით, გულისამაჩქარებელი პოეზიით. და გვაქვს შანსი საკუთარი შემოქმედებით ევროპული კულტურის ნაწილად მოვიაზრებოდეთ. არავის აქვს უფლება ეს პროცესი შეაფერხოს, ან არ იზრუნოს შეფერხების შეჩერებაზე.

ბექა ყორშია, მთარგმნელი:

ფოტო: ილიაუნი

დეა მეტრეველის ასეთ დროს სამსახურიდან გათავისუფლება არის უპასუხისმგებლობა და მავნებლობა!

გაიგეთ მეტი: