ჩვენი მომხმარებლები შეცდომაში რომ არ შევიდნენ, განვმარტავთ, რომ ambebi.ge-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არსებული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. კონკრეტულად კი:

"On.ge-მ განახლება სტატიაში იმის შესახებ, რომ საიტზე არანაირი კოდი არ არსებობს, რომელიც საიტის ვიზიტორების რესურსს იყენებს, მხოლოდ ჩვენი მათთან დაკავშირების შემდეგ შეიტანა".

სინამდვილეში, სადავო სტატიაში თავიდანვე იყო მითითებული, რომ სტატიის დაწერის მომენტში ambebi.ge არ შეიცავდა მაინერის კოდს. ჩასწორება მოხდა მხოლოდ თარიღის — თავდაპირველად ნახსენები იყო, რომ კოდი თბილისის ფორუმზე დღეს დააფიქსირეს, სინამდვილეში კი, მომხმარებლის გადაღებული ფოტო 3 კვირის წინანდელი იყო.

რაც შეეხება თავად პრეტენზიას, ჩვენთვის გაუგებარია ცილისწამების ბრალდება, როდესაც სტატიაში, გამოქვეყნების მომენტიდანვე, ცხადად იყო მითითებული, რომ ნაპოვნი კოდის ფოტო განთავსდა თბილისის ფორუმზე და გალინკული იყო შესაბამისი პოსტი.

ambebi.ge-ს განცხადებით, ეს ფოტო ყალბია, თუმცა რადგან მსგავსი ფოტოს რეალურობის გადამოწმების ადეკვატური გზა არ არსებობს და პოსტის ავტორიც კატეგორიულად უარყოფს მის სიყალბეს, ჩვენ დასკვნების გამოტანა მკითხველს მივანდეთ, რომელსაც ყველა სტანდარტის დაცვით, შეეძლო ინფორმაციის წყაროს ნახვა აღნიშნულ ბმულზე.

ambebi.ge-მ ამ საკითხზე ჩვენს რედაქციას ელფოსტითაც მიმართა. ჩვენ ვიზიარებთ, რომ მსგავს ფაქტზე მათი პოზიციის დაფიქსირების საშუალების მოთხოვნა სრულიად სამართლიანია და, მიუხედავად იმისა, რომ მათი უარყოფა სტატიას გამოქვეყნებიდან 2 საათში დაემატა, გამოვთქვით მზადყოფნა, დაგვეთმო ჩვენი პლატფორმა მათი ოფიციალური განცხადებისთვის, სადაც მათი წარმომადგენელი ეჭვქვეშ დააყენებდა თბილისის ფორუმელის ფოტოს ავთენტურობას და მოახდენდა დამატებითი ინფორმაციის გაცნობას საზოგადოებისთვის.

On.ge ამაყობს, რომ ქართულ მედიაში ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა სარედაქციო კულტურით, ეთიკით და ღირებულებებით. ჩვენს ინტერესებში არასოდეს ყოფილა კოლეგების იმიჯის მიზანმიმართული შელახვა და სწორედ ამიტომ, ჩვენი შეთავაზება დამოუკიდებელი სტატიის გამოქვეყნების შესახებ, კვლავ ძალაშია. ველოდებით ambebi.ge-ს გამოხმაურებას.