ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
ფოტო: plasticpollutioncoalition.org
ხუთწლიანი მასშტაბური საერთაშორისო კვლევითი პროექტის თანახმად, ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა "ტროას ცხენის" პრინციპით მოქმედებს და გარემოში ტოქსინების, პესტიციდებისა და სახიფათო ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის (Minagris) ფარგლებში მკვლევრებმა 11 ევროპული ქვეყნის 227 სასოფლო-სამეურნეო სავარგული შეისწავლეს. პლასტმასის მიკრონაწილაკები ყველა მათგანში აღმოაჩინეს, რაც გლობალური ეკოსისტემისთვის უდიდესი საფრთხეა.
მეცნიერების თქმით, ნიადაგში მოხვედრილი პლასტმასის ზედაპირზე მიკრობებისა და ბაქტერიებისთვის ახალი საარსებო გარემო (ე.წ. "პლასტისფერო") იქმნება. ეს მიკროსკოპული ზედაპირები პლასტმასის, მიკრობებისა და აგროქიმიკატების ურთიერთქმედების ცხელ წერტილად იქცევა. კვლევამ აჩვენა, რომ საკონტროლო ნიმუშებთან შედარებით, "პლასტისფეროებში" ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული გენების რაოდენობა საგრძნობლად მაღალია, რასაც პესტიციდების არსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს.
მიკრობიოლოგიის პროფესორი და პროექტის პარტნიორი, ედოარდო პულიზი, აღნიშნულ მექანიზმს ასე ხსნის:
"რაც უფრო მცირე ზომისაა მიკროპლასტიკი, მით უფრო მეტად შთანთქავს ის დამაბინძურებლებს, მიკრობებსა და დნმ-ს. ეს იწვევს ტროას ცხენის ეფექტს, რასაც, პოტენციურად, პათოგენებისა და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული გენების მეტად გავრცელების ხელშეწყობა შეუძლია".
მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ მიკროპლასტმასა ნიადაგში არსებულ სხვა აგროქიმიკატებთან აქტიურად ურთიერთქმედებს: მაგალითად, შვეიცარიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ სავარგულებში, სადაც საბურავების ცვეთის შედეგად წარმოქმნილი ნაწილაკების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა, სხვა ტოქსიკური ქიმიკატებისა და მძიმე მეტალების კონცენტრაციაც სხვებზე მეტი იყო.
ტოქსინებით გაჯერებული პლასტმასა უარყოფითად მოქმედებს ნიადაგში არსებულ ორგანიზმებზე, მათ შორის ჭიაყელებზე, რომლებიც იქაური მიკრობიომისა და ეკოლოგიური ფუნქციების ფორმირებაში სასიცოცხლო როლს ასრულებენ. გარდა ამისა, ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მიკროპლასტმასის მაღალმა კონცენტრაციამ სალათის ფოთოლში ფოტოსინთეზის ეფექტიანობა, ქლოროფილის შემცველობა და მცენარის ბიომასა საგრძნობლად შეამცირა.
პრობლემის საპასუხოდ შემოღებული ბიოდეგრადირებადი პლასტმასებიც არ აღმოჩნდა უსაფრთხო, რადგან დაშლისას ისინიც მიკრონაწილაკებად იქცევა და ეკოლოგიურ ზიანს მაინც იწვევს. როგორც ვაგენინგენის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი ესპერანსა უერტა ლვანგა, აღნიშნავს:
"როდესაც ეს პლასტმასა ნიადაგში ფრაგმენტებად იშლება, მისი ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ის აგროქიმიკატების გადამტანად იქცევა და ნიადაგის ეკოსისტემებს ცვლის".
მკვლევართა დასკვნით, სასურსათო უსაფრთხოებისა და ნიადაგის ჯანმრთელობის დასაცავად სახელმწიფოების გარემოსდაცვითმა პოლიტიკამ არსებულ რეალობას დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს.
მეცნიერები მოითხოვენ პლასტმასის ნარჩენების მონიტორინგის მკაცრი სტანდარტების დანერგვას, მწარმოებელთა სრულ გამჭვირვალობასა და კომპლექსური რისკების შეფასებას, რათა დადგინდეს, როგორ ურთიერთქმედებს მიკროპლასტმასა სხვადასხვა სახეობასა და თანმხლებ ქიმიურ დამაბინძურებლებთან.
კომენტარები