სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
ყოველ წელს ერთი და იგივე "უცნაური" რამ ხდება. გაზაფხულზე ცა ფრინველებით ივსება, რამდენიმე თვის შემდეგ კი მილიონობით მათგანი თითქოს უკვალოდ ქრება.
დღეს ვიცით, რომ ბევრი მათგანი ამ დროს ათასობით კილომეტრის სიგრძის მოგზაურობას იწყებს. ზოგი კონტინენტებს კვეთს, ზოგი ზღვებსა და უდაბნოებს გადაუფრენს, ზოგი გზაში კვირებს ატარებს და საბოლოოდ ხშირად იმავე ადგილას ბრუნდება, სადაც წინა წელს იყო.
ჩვენთვის ეს იმდენად ნაცნობია, რომ შეიძლება უცნაურადაც კი მოგვეჩვენოს კითხვა: სად მიდიან ფრინველები ზამთარში?
საუკუნეების განმავლობაში ამ კითხვაზე პასუხი არავის ჰქონდა.
მერცხლები ტბის ფსკერზე და ფრინველები მთვარეზე
ფრინველების ილუსტრაცია 1595 წლის "Historia Animalium"-ის ხელნაწერიდან
ფოტო: British Library
ძვ. წ. IV საუკუნეში არისტოტელე მიხვდა, რომ ზოგი ფრინველი სეზონურად უზარმაზარ მანძილზე გადაადგილდებოდა. მაგალითად, ის წერდა წეროებზე, რომლებიც სკვითიის სტეპებიდან სამხრეთისკენ მიფრინავდნენ. მეორე მხრივ, ყველა შემთხვევაში მისი ახსნა ასეთი ზუსტი არ ყოფილა.
არისტოტელეს სჯეროდა, რომ ზოგი ფრინველი, მათ შორის მერცხლები, ზამთარში იმალებოდა და ჰიბერნაციაში გადადიოდა. არსებობდა კიდევ უფრო უცნაური წარმოდგენებიც. საუკუნეების შემდეგ ევროპაში კვლავ ფიქრობდნენ, რომ მერცხლებს შეეძლოთ ზამთარი ტბებისა და მდინარეების ფსკერზე, ტალახში გაეტარებინათ.
მეჩვიდმეტე საუკუნეში ინგლისელმა მეცნიერმა და სასულიერო პირმა ჩარლზ მორტონმა სხვა ახსნა წამოაყენა. მისი აზრით, ზოგი ფრინველი შეიძლება ზამთრის გასატარებლად მთვარეზეც კი მიფრინავდა.
დღევანდელი გადმოსახედიდან მსგავსი იდეები აბსურდულად ჟღერს, თუმცა ადამიანებს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჰქონდათ: ისინი ხედავდნენ, როგორ ქრებოდნენ ფრინველები და თვეების შემდეგ ისევ ჩნდებოდნენ. არ არსებობდა საშუალება, პატარა ფრინველს ათასობით კილომეტრის მანძილზე გაჰყოლოდნენ...
სანამ 1822 წელს გერმანიაში ერთი უჩვეულო ყარყატი არ გამოჩნდა.
ყარყატი, რომელიც აფრიკული შუბით დაბრუნდა
1822 წელს გერმანიაში აღმოჩენილი "Pfeilstorch" აფრიკული შუბით სხეულში
ფოტო: Wikimedia Commons
თეთრ ყარყატს სხეულში დაახლოებით 76-სანტიმეტრიანი შუბი ჰქონდა გარჭობილი და ამის მიუხედავად ცოცხალი იყო.
შუბის წარმოშობის შესწავლამ აჩვენა, რომ ის აფრიკიდან, სავარაუდოდ დღევანდელი სუდანის ტერიტორიიდან მოდიოდა. გამოდიოდა, რომ ფრინველს აფრიკაში ესროლეს, შემდეგ კი მან სხეულში შუბგარჭობილმა ევროპამდე იფრინა.
მოგვიანებით მას "Pfeilstorch", ანუ "ისრიანი ყარყატი" უწოდეს. მისი ფიტული დღემდე როსტოკის უნივერსიტეტის ზოოლოგიურ კოლექციაში ინახება.
Pfeilstorch ფრინველთა შორ მანძილზე მიგრაციის ერთ-ერთ პირველ ხელშესახებ მტკიცებულებად იქცა.
მომდევნო ორ საუკუნეში ჩვენი შესაძლებლობები რადიკალურად შეიცვალა. ფრინველების რგოლებით მონიშვნას რადარი, რადიოგადამცემები, სატელიტური ტრეკერები და GPS მოჰყვა. დღეს eBird-ის მსგავსი პლატფორმების საშუალებით მილიონობით ადამიანის დაკვირვება ერთ უზარმაზარ მონაცემთა ბაზაში იყრის თავს.
შედეგად ძველი კითხვა, "სად ქრებიან ფრინველები?", მეტწილად პასუხგაცემულია.
მის ადგილას გაცილებით საინტერესო კითხვები გაჩნდა.
რატომ მიდიან საერთოდ?
ფოტო: Explore Minnesota
ფრინველთა მიგრაციის უკან ერთი მარტივი მიზეზი არ დგას. მისი ევოლუციური საფუძველი სეზონურად ცვალებად გარემოში რესურსების გამოყენებას უკავშირდება.
ზაფხულში ჩრდილოეთის რეგიონებში საკვები შეიძლება უხვად იყოს და გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნას. ზამთრის მოახლოებასთან ერთად იგივე ადგილას საკვების პოვნა რთულდება. ფრინველისთვის გამოსავალი გარემოს შეცვლაა.
ამიტომ მიგრაცია შეგვიძლია ერთგვარ მუდმივ გაცვლად წარმოვიდგინოთ. ფრინველი იღებს შესაძლებლობას, წლის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ადგილის უპირატესობა გამოიყენოს, სანაცვლოდ კი ერთ-ერთ ყველაზე ენერგომხარჯველ და სახიფათო მოგზაურობას იწყებს.
ზოგი სახეობა რამდენიმე ასეულ კილომეტრს გადის. სხვებისთვის მოგზაურობა ათასობით კილომეტრს მოიცავს.
ამ დროს ჩნდება შემდეგი პრობლემა: როგორ უნდა აირჩიოს ფრინველმა გზა?
ყველაზე მოკლე გზა ყოველთვის საუკეთესო არ არის
მარშრუტზე გეოგრაფიული ბარიერებიც მოქმედებს
ფოტო: Getty Images
ერთი შეხედვით, პასუხი მარტივი ჩანს. თუ დანიშნულების ადგილი იცი, იქ ყველაზე მოკლე გზით უნდა მიხვიდე... ფრინველისთვის ეს ყოველთვის საუკეთესო სტრატეგია არ არის.
მიგრაცია უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს. გზაზე შეიძლება იყოს ზღვა, უდაბნო ან მაღალი მთები. შეიძლება დაუბეროს ძლიერმა შემხვედრმა ქარმა, გაუარესდეს ამინდი, შემცირდეს საკვები ან გაიზარდოს მტაცებლის თავდასხმის რისკი.
ამიტომ მიგრაციული მარშრუტი სხვადასხვა ფაქტორს შორის კომპრომისია.
ფრინველმა შეიძლება სწრაფად იმოძრაოს და მეტი ენერგია დახარჯოს. სხვა შემთხვევაში შეიძლება ნელა გადაადგილება, ხშირი გაჩერება და ენერგიის დაზოგვა ჯობდეს. განსაკუთრებით გაზაფხულის მიგრაციისას დანიშნულების ადგილზე ადრე მისვლასაც შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან უკეთესი ტერიტორიის ან პარტნიორის მოპოვების შანსი იზრდება.
ეს იდეა "optimal migration theory"-ის ერთ-ერთი საფუძველია. თეორიის მიხედვით, მიგრაციისას ფრინველისთვის ოპტიმალური მარშრუტი მხოლოდ ყველაზე მოკლე გზა არ არის. მნიშვნელობა აქვს მოგზაურობის დროს, დახარჯულ ენერგიასა და რისკს. შესაბამისად, სხვადასხვა პირობებში ოპტიმალური სტრატეგიაც განსხვავებული შეიძლება იყოს.
კვლევებიც აჩვენებს, რომ ფრინველები ამ გადაწყვეტილებებს გარემოს მიხედვით ცვლიან. მაგალითად, მკვლევრებმა ჩრდილოეთ ამერიკაში ექვსი სახეობის მეჭვავიასნაირი ავტომატური რადიოტელემეტრიით შეისწავლეს. მათი მიგრაციული მანძილი დაახლოებით 5000-დან 11000 კილომეტრამდე განსხვავდებოდა. მკვლევრები აკვირდებოდნენ, რამდენ ხანს ჩერდებოდნენ ფრინველები, რამდენი ენერგეტიკული მარაგით ტოვებდნენ გაჩერების ადგილს, როგორ რეაგირებდნენ ქარზე და რა სიჩქარით გადაადგილდებოდნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ მიგრაციის მანძილი და ფრინველის ფიზიკური მდგომარეობა მის სტრატეგიასა და გაჩერების გადაწყვეტილებებთან იყო დაკავშირებული.
სწორედ აქ ჩნდება მიგრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი: გაჩერება.
გზისპირა "ბენზინგასამართი სადგურები"
გადამფრენი ფრინველები გზად ხშირად ჩერდებიან საკვების მოსაპოვებლად და ენერგიის მარაგის შესავსებად
ფოტო: USFWS
ფრინველისთვის ცხიმი საწვავია.
მიგრაციამდე ბევრი სახეობა ენერგიის მარაგს მნიშვნელოვნად ზრდის. ფრენის შემდეგ ეს მარაგი მცირდება და გზის გასაგრძელებლად მისი აღდგენა ხდება საჭირო.
ამიტომ მიგრაციულ გზებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს "გაჩერებებს" ადგილებს. ფრინველი აქ ჩერდება, ისვენებს, საკვებს ეძებს და შემდეგ მოგზაურობას აგრძელებს.
ასეთი ადგილის არჩევისას მხოლოდ საკვების რაოდენობა არ არის მნიშვნელოვანი. გასათვალისწინებელია კონკურენცია, მტაცებლები, ამინდი და ისიც, რამდენად სწრაფად შეძლებს ფრინველი ენერგიის მარაგის აღდგენას.
ამაზე საინტერესო მინიშნებას ისრაელში ჩატარებული კვლევაც გვაძლევს. მეცნიერებმა რადარით შეადარეს გადამფრენი ფრინველების რაოდენობა ერთი და იმავე რეგიონის სხვადასხვა ნაწილში გაზაფხულსა და შემოდგომაზე. სამხრეთის უკიდურესად მშრალ ადგილებში შემოდგომაზე ფრინველების სიმჭიდროვე დაბალი იყო. გაზაფხულზე, ზამთრის წვიმების შემდეგ, როდესაც იგივე ტერიტორია გამწვანდა, იქიდან გამფრენი ფრინველების სიმჭიდროვე ყველაზე მაღალი აღმოჩნდა. მკვლევრების შეფასებით, ეს მიუთითებს, რომ მიგრანტ ფრინველებს შეუძლიათ სწრაფად უპასუხონ საკვებთან დაკავშირებული გარემოს პროდუქტიულობის მოკლევადიან ცვლილებებს.
შესაბამისად, მიგრაცია უბრალოდ A წერტილიდან B წერტილამდე ფრენა არ არის. ეს უფრო ჰგავს მოგზაურობას, რომლის დროსაც მუდმივად უნდა გადაწყვიტო სად გაჩერდე, რამდენ ხანს დარჩე, რამდენი "საწვავი" შეავსო და როდის გააგრძელო გზა.
ამ ლოგიკით შეგვიძლია გავიგოთ, რატომ შეიძლება პატარა ჭაობი, მდინარის დელტა ან ტყის მონაკვეთი ათასობით კილომეტრის სიგრძის მიგრაციული სისტემისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
საქართველოში ამის კარგი მაგალითი ჭოროხის დელტაა, რომელიც გადამფრენი ფრინველების მნიშვნელოვანი გაჩერების ადგილია.
და მაინც, რჩება კიდევ უფრო რთული კითხვა...
საიდან იცის ფრინველმა, სად უნდა წავიდეს?
ფოტო: Oxford University
წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ფრინველი, რომელიც პირველად ტოვებს ადგილს, სადაც გამოიჩეკა.
ზოგ სახეობაში მას შეიძლება გვერდით გამოცდილი ფრინველებიც ჰყავდეს, რომელთა მარშრუტსაც მიჰყვება. სხვა სახეობების ახალგაზრდა ფრინველები პირველ მიგრაციას გამოცდილ მეგზურთან ერთად არ ასრულებენ.
მიუხედავად ამისა, მათ შეუძლიათ სწორი მიმართულებით გადაადგილება.
ფრინველების ნავიგაცია ერთ კონკრეტულ "GPS სისტემას" არ ეფუძნება. სხვადასხვა სახეობა და სხვადასხვა სიტუაცია რამდენიმე ტიპის ინფორმაციას აერთიანებს.
ფრინველებს შეუძლიათ ორიენტირებისთვის გამოიყენონ მზე, ვარსკვლავები, ლანდშაფტის ნიშნები და დედამიწის მაგნიტური ველი. ამასთან, ერთი სანავიგაციო სისტემა შეიძლება მეორის დაკალიბრებაშიც მონაწილეობდეს.
ახალგაზრდა ფრინველების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება თანდაყოლილიც იყოს. კლასიკური "clock-and-compass" მოდელის მიხედვით, ფრინველს აქვს შიდა პროგრამა, რომელიც უხეშად განსაზღვრავს, როდის, რამდენ ხანს და რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ რეალური სისტემა სავარაუდოდ ამაზე რთულია და ზოგ ფრინველს, რომელიც მიგრაციას პირველად იწყებს, შესაძლოა, გარემოდან მიღებული დამატებითი ინფორმაციის გამოყენებაც შეეძლოს.
ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მექანიზმი მაგნიტორეცეფციაა, ანუ დედამიწის მაგნიტური ველის აღქმის უნარი. ზუსტად როგორ ახერხებს ამას ფრინველის ორგანიზმი, ჯერ კიდევ კვლევის საგანია.
2026 წელს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ამ საკითხს კიდევ ერთი საინტერესო შესაძლო ახსნა შემატა. მეცნიერებმა მტრედების ღვიძლში რკინით მდიდარი მაკროფაგები აღმოაჩინეს და შეამოწმეს, შეიძლებოდა თუ არა მათ მაგნიტური ორიენტაციის უნარში გარკვეული როლი ჰქონოდათ.
ექსპერიმენტში 34 საფოსტო მტრედი მონაწილეობდა. ისინი დაახლოებით 19-კილომეტრიან მარშრუტზე დაბრუნებას იყვნენ მიჩვეული. მოღრუბლულ პირობებში საკონტროლო ჯგუფის ფრინველები სახლში დაბრუნდნენ, ხოლო იმ ჯგუფში, რომელშიც მკვლევრებმა ამ მაკროფაგების რაოდენობა დროებით შეამცირეს, მტრედების ორიენტაცია მკვეთრად დაირღვა. როდესაც ცა გაიწმინდა და მზის გამოყენება გახდა შესაძლებელი, მათ სახლში დაბრუნება შეძლეს.
კვლევა საინტერესო მტკიცებულებას გვაძლევს, რომ ამ უჯრედებს შეიძლება მაგნიტური მიმართულების აღქმაში ჰქონდეს როლი. ეს ჯერ საბოლოო პასუხი არ არის. ფრინველთა მაგნიტორეცეფციის მექანიზმზე რამდენიმე კონკურენტული ჰიპოთეზა არსებობს და მეცნიერებაში საკითხი კვლავ ღიაა.
რატომ მაინცდამაინც ბათუმი?
მტაცებელი ფრინველების შემოდგომის მიგრაცია ბათუმის მიგრაციულ დერეფანში, სადაც შავი ზღვა და მცირე კავკასიონის მთისწინეთი ფრინველთა ნაკადს შედარებით ვიწრო სივრცეში აქცევს.
ფოტო: Batumi Raptor Count
ამ გლობალურ ისტორიაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი აქვს.
2024 წელს გამოქვეყნებული საქართველოს ფრინველების განახლებული სიის მიხედვით, ქვეყანაში მაღალი ხარისხის მონაცემებით 412 სახეობაა დადასტურებული. მათგან 252 მიგრანტია, რაც მოიცავს როგორც საქართველოში მობუდარ, ისე არამობუდარ გადამფრენ სახეობებს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს აქვს.
ბათუმთან უზარმაზარი ნაკადის წარმოქმნა შემთხვევითი არ არის. აქ გეოგრაფია ფრინველებისთვის ერთგვარ ბუნებრივ ძაბრს ქმნის. მიგრანტი მტაცებელი ფრინველების დიდი ნაწილი დასავლეთ კავკასიას გადაკვეთს და კოლხეთის დაბლობის გავლით სამხრეთისკენ მიემართება. ბათუმის ჩრდილოეთით კი შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და მცირე კავკასიონის მთისწინეთი ერთმანეთს უახლოვდება.
შედეგად ფართოდ გაშლილი მიგრაციული ნაკადი შედარებით ვიწრო დერეფანში იყრის თავს. სწორედ ეს აქცევს ბათუმის მიდამოებს მსოფლიოში მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილად.
მნიშვნელოვანია ამინდიც. კვლევის მიხედვით, მთებზე წარმოქმნილმა ღრუბლიანობამ შეიძლება დღის განმავლობაში მტაცებელი ფრინველების ნაკადი სანაპიროსკენ გადმოსწიოს. ხანგრძლივი წვიმისას ფრინველები ბათუმის ჩრდილოეთით გროვდებიან, ცუდი ამინდის დასრულების შემდეგ კი ზოგჯერ განსაკუთრებით ინტენსიური მიგრაციული ნაკადი იწყება. ბათუმის გავლის შემდეგ მათი ნაწილი სანაპიროს მიჰყვება, ნაწილი კი ჭოროხის ხეობის გავლით ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთისკენ აგრძელებს მოძრაობას.
საიდან მოდიან ბათუმში გამავალი ფრინველები?
ფოტო: Bart Hoekstra
ბათუმის თავზე მოძრავი ფრინველები ერთი ადგილიდან არ მოდიან და არც ერთი საბოლოო დანიშნულების ადგილი აქვთ.
ეს დერეფანი აღმოსავლეთ აფრიკა-ევრაზიის უზარმაზარი სამიგრაციო სისტემის ნაწილია. შემოდგომაზე ევრაზიის სხვადასხვა ნაწილში გამრავლებული მტაცებელი ფრინველები სამხრეთისკენ იწყებენ მოძრაობას. მათი ნაწილის მარშრუტები აღმოსავლეთ ევროპას, უკრაინას, რუსეთის ტერიტორიას და კავკასიას უკავშირდება, შემდეგ კი ბათუმის დერეფნის გავლით თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით გრძელდება. ბევრი მათგანისთვის საბოლოო გამოსაზამთრებელი რეგიონი აფრიკაშია.
თანამედროვე GPS მონაცემები ამ სურათის უფრო ზუსტად დანახვის საშუალებას გვაძლევს. 2025 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელშიც ფრინველების გადაადგილების დიდი GPS მონაცემთა ბაზები გამოიყენეს, აჩვენა, რომ ბათუმის სათვლელი პუნქტები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მობუდარი პოპულაციების მიგრაციას აფიქსირებს. მაგალითად, ბათუმში გამავალი შავი ძერების ერთი შესწავლილი პოპულაცია ზამთარს ისრაელის ნეგევის უდაბნოში ატარებს, გამრავლების პერიოდში კი უკრაინიდან დასავლეთ რუსეთამდე გადაჭიმულ ფართო ტერიტორიაზე ნაწილდება.
ეს ნიშნავს, რომ სექტემბერში ბათუმის თავზე დანახული ერთი ფრინველის მოგზაურობა შესაძლოა ათასობით კილომეტრით ჩრდილოეთით იყოს დაწყებული და კიდევ ათასობით კილომეტრით სამხრეთით გაგრძელდეს.
მილიონზე მეტი ფრინველი ერთ შემოდგომაზე
ფოტო: Bart Hoekstra
Batumi Raptor Count ყოველწლიურ დათვლას 12 აგვისტოდან 21 ოქტომბრამდე ატარებს. საუბარია თითოეული შემოდგომის ცალკეულ სეზონზე. 2012 წლიდან მოყოლებული, 2024 წლის გარდა, ყოველ სეზონზე ბათუმის დერეფანში მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი დაითვალეს.
2025 წელს ორგანიზაციის საველე დათვლისას პირველად დაფიქსირდა 1.5 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი ერთ შემოდგომაზე.
ამ მასშტაბის მიგრაცია ახლაც მიმდინარეობს! 2026 წლის 3 სექტემბრისთვის BRC-ს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი ჰქონდა დათვლილი. ზედიზედ სამ დღეში ყოველდღიურმა რაოდენობამ 90 000-ს გადააჭარბა და ამ ნაკადის უდიდეს ნაწილს კრაზანაჭამიები შეადგენდნენ.
სახალვაშოსა და შუამთაში განთავსებული სათვლელი პუნქტებიდან ადამიანები ცას აკვირდებიან და ამ უზარმაზარ მოძრაობას სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით აღრიცხავენ.
ორი საუკუნის წინ აფრიკული შუბით დაჭრილი ერთი ყარყატი ადამიანებისთვის იმის ერთ-ერთი პირველი ხელშესახები მტკიცებულება გახდა, რომ ფრინველები სეზონურად კონტინენტებს შორის გადაადგილდებოდნენ. დღეს მათ GPS-ით, რადარითა და სატელიტებითაც კი ვაკვირდებით და უკვე შეგვიძლია დავინახოთ მარშრუტები, რომლებიც ათასობით კილომეტრზეა გადაჭიმული.
მეტიც, ამ ამბის სანახავად შორს წასვლა საერთოდ არ გვჭირდება.
ყოველ შემოდგომაზე მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მიგრაციული სანახაობა საქართველოს თავზე ხდება. მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი შავი ზღვისა და კავკასიონის მთებს შორის მოქცეულ ვიწრო დერეფანს გადის და სამხრეთისკენ მოგზაურობას აგრძელებს.
წელს ამ პროცესს NEXT.On.ge-ის გუნდიც ახლოდან დააკვირდება. "მომთაბარე პოდკასტის" ფარგლებში ბათუმის მიგრაციულ დერეფანს გავყვებით, ვნახავთ, როგორ ითვლიან ცაში მოძრავ ათასობით ფრინველს, რატომ ირჩევენ ისინი ამ გზას და რა ხდება იმ ადგილებში, სადაც მოგზაურობის გასაგრძელებლად ჩერდებიან.

კომენტარები