"სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
"სიჯიუტე კარგი არ არის, მაგრამ ხასიათის ეს თვისება მიზნის მიღწევაში ნამდვილად გეხმარება. რა სირთულესაც არ უნდა ვაწყდებოდე, მაინც ვაგრძელებ სიარულს და ბრძოლას მიზნის მისაღწევად. ბავშვობიდან ასე ვიყავი.
ჯომარდობაზე ვოცნებობდი. ნავი მე არ მყავდა. ბოთლებისგან შევკარი ტივი და ხის ჩარჩო გავუკეთე. მდინარე რომ ადიდდებოდა, ასე ვეშვებოდი.
ერთხელ ჯებირს შევეჯახე და ძალიან დავშავდი. საავადმყოფოდან რომ გამომიყვანეს, იმაზე ვფიქრობდი, უკეთესი ნავი როგორ ამეწყო".
ფოტო: საქართველოს ბანკი
ლაზარე კომახიძემ ცხოვრების მიზნად ბავშვებისა და მოზარდების ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა დაისახა. მისი აზრით, სპორტი და სწორი ფასეულობებით აღზრდა ის მთავარი ფაქტორებია, რაც მათ სწორი გზის არჩევაში დაეხმარება. ამიტომ მოაწყო კლდეზე ცოცვის კედლები ბედიანში, ნიქოზსა და თეთრიწყაროში.
ბავშვობის პირობა და ოჯახური გარემო
"დედა ჯერ ძეგვის ბავშვთა სახლში მუშაობდა, შემდეგ ბედიანში გადავედით. ოჯახში შვიდი შვილი ვიყავით და დედა კიდევ ცხრა ბავშვს ზრდიდა. ყველა ერთმანეთზე ვზრუნავდით.
დედის მოწყობილ თოჯინების თეატრში ვთამაშობდით. ეს თეატრი ახლაც არის ბედიანში. კლდეზე ცოცვა ძეგვში ვისწავლე. 10 წლის უკვე ჩემპიონი გავხდი. ბედიანში გადასვლის შემდეგ, ვარჯიში ვეღარ გავაგრძელე. ამის პირობები არ იყო. მაშინ დავპირდი საკუთარ თავს — რომ გავიზრდებოდი, სხვებს ავუსრულებდი ასეთ ოცნებებს.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ველოსიპედები, ეკო-ტურები და პირველი ნაბიჯები ნიქოზში
2008 წელს ნიქოზის მონასტერში ვცხოვრობდი. იქ მეუფე ისაიას ბავშვებისთვის საკვირაო სკოლა ჰქონდა მოწყობილი. ამ ბავშვებისთვის, ერთ-ერთი ადგილობრივი ფონდის დახმარებით, თავიდან 10 ველოსიპედი შევიძინე. ტურებში დამყავდა ბავშვები: საფარა, მარტყოფი, რკონის ხეობა, ბეთანია — უამრავი ადგილი მოვიარეთ და ყველგან, სადაც დავდიოდით, გარემოს ვასუფთავებდით. ტყეების და ხეობების დასუფთავება ბედიანის ბავშვებისთვისაც ჩვეულ საქმედ ვაქციე.
2015 წელს, ამავე ფონდის დახმარებით, ნიქოზის საკვირაო სკოლის ეზოში საცოცი კლდე მოვაწყვე. ჩემი ინიციატივით, ძალისხმევითა და ხელებით ვაშენებდი კედელს.
2017 წლიდან ბავშვები შეჯიბრებებზე გამოდიოდნენ. საპრიზო ადგილებს იღებდნენ, მაგრამ რადგან დარბაზი არ გვქონდა, ზამთარში ვერ ვარჯიშობდნენ.
მოგვიანებით, ქვემო ნიქოზში დაუსრულებელი რიტუალების სახლი ვიპოვეთ. მოსახლეობის მხარდაჭერით, შენობა დარბაზის მოსაწყობად გადმოგვეცა. თანხა სხვადასხვა დონორისგან მოვიპოვეთ. რემონტი დავიწყეთ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, ტრენაჟორები შევიტანეთ და ახალგაზრდები უკვე ვარჯიშობენ. იმედი მაქვს ნელ-ნელა დავასრულებთ დარბაზს. გვინდა, გათბობაც დავაყენოთ.
კერძო კომპანიებიც გვეხმარებიან, ზოგი რემონტზე, ზოგი შეჯიბრების მოწყობაში. ბოლო შეჯიბრება ბედიანში იყო.
ვწუხვარ, რომ სათანადო დროს ვერ ვუთმობ ბედიანის და ნიქოზის ბავშვებს, რადგან ქალაქში ვმუშაობ. მაგრამ კვირაში ორჯერ მაინც მათთან უნდა ვიყო. ვერ წარმოიდგენთ, სოფელში, სადაც სხვა არაფერი ხდება, რამდენს ნიშნავს სპორტით გატაცება და ვარჯიში.
სათავგადასავლო ბანაკი: ცხოვრება ეკრანებისა და ინტერნეტის გარეშე
ბავშვების მხარდასაჭერად ფინანსური წყარო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,. ბანაკის იდეაც ამიტომ გამიჩნდა. ბედიანიდან სამ კილომეტრში სპორტულ-სათავგადასავლო ბანაკის მშენებლობა და მოწყობა უკვე მიმდინარეობს. პირველი საცოცი კედელი დავდგით. სამზარეულოს მშენებლობაც დაწყებულია. კლდეზე ცოცვის და ვარჯიშის გარდა, ეს იქნება შემეცნებითი ადგილი, სადაც ბავშვები ისწავლიან ყველის ამოყვანას, პურის გამოცხობას, კოცონის უსაფრთხოდ დანთებას, ტოტებით პატარა ქოხის აშენებას და იმასაც, ველურ ბუნებაში როგორ მოიქცნენ და თუ საჭიროა, თავი როგორ გადაირჩინონ.
ძალიან მინდა, უკვე აგვისტოში ბავშვები ბედიანიდან და ნიქოზიდან ერთი კვირით ჩავიყვანო. მათთვის ყველაფერი უსასყიდლოდ იქნება, მარტო ახლა არა, ყოველთვის. ბანაკის ტერიტორიაზე არ იჭერს ტელეფონი და ინტერნეტი. ეკრანდამოკიდებული თაობისთვის ეს ძალიან კარგია. მომავალში ბავშვების განვითარებისთვის კიდევ არაერთ ინიციატივას ვგეგმავთ. მე კი გაჩერებას არ ვაპირებ. წინ საინტერესო თავგადასავლები გველოდება".
საქართველოს ბანკი იმ ადამიანების აღმოჩენას განაგრძობს, რომლებიც არ ჩერდებიან. იმისათვის, რომ მათი გამოცდილების შესახებ კიდევ უფრო მეტმა გაიგოს და თითოეული ისტორია მოტივაციად იქცეს, გთავაზობთ სტატიების სერიას, რომელიც მკითხველს დაუღალავი, გაუჩერებელი წინსვლისა და განვითარების შესახებ უამბობს.
კომენტარები