მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო
ფოტო: ShutterStock
ხელოვნური ინტელექტის იურიდიულმა ფირმამ პირველად მოიგო საქმე ინგლისის სასამართლოში და ეს, სავარაუდოდ, პირველი შემთხვევაა, როდესაც AI იურისტის დახმარებით სასამართლო პროცესი გამარჯვებით დასრულდა.
HR კონსულტანტმა, ტამირეს კამალ ტაქიდირმა, ფირმა Garfield AI-ს დაახლოებით 400 ფუნტი გადაუხადა — ჯერ სამართლებრივი წერილის გასაგზავნად, შემდეგ კი სასამართლო სარჩელის შესატანად 7000 ფუნტის დავალიანების გამო. ეს თანხა ტაქიდირს შესრულებული სამუშაოსთვის უნდა აეღო, თუმცა არ გადაუხადეს.
Garfield-ის თანადამფუძნებელმა ფილიპ იანგმა ამ შემთხვევას მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით "მნიშვნელოვანი მომენტი" უწოდა. მისი თქმით, აქამდე ბევრი მცირე ბიზნესი იძულებული იყო, ასეთ ვალებზე ხელი ჩაექნია, რადგან სასამართლო დავის ხარჯი მოსაგებ თანხას აჭარბებდა.
Garfield-მა, რომელსაც ადვოკატთა მარეგულირებელი ორგანოს მიერ გასული წლის აპრილში მინიჭებული ავტორიზაცია 30-დან 10 000 ფუნტამდე დავებზე სარჩელის შეტანის საშუალებას აძლევს, საქმე მოამზადა და შემდეგ ადამიანი ადვოკატი დაიქირავა, რომელიც კლიენტს სასამართლოში გაჰყვა.
ბრიტანულ სამართლო სისტემაში ადვოკატის ფუნქციებს ორი სხვადასხვა სპეციალისტი ინაწილებს. სოლისიტორი კლიენტთან მუშაობს — უსმენს, საქმეს კინძავს და დოკუმენტებს ამზადებს. ბარისტერი კი სასამართლოში გამოდის და კლიენტს პირდაპირ იცავს. ამ საქმეში სოლისიტორის როლი AI-მ შეასრულა, სასამართლოში კი ადამიანი ბარისტერი წავიდა.
AI-მ მოსამართლის წინაშე გასვლამდე ყველა სამართლებრივი სამუშაო შეასრულა, მათ შორის, განიხილა მოპასუხის მიერ შეტანილი შემხვედრი სარჩელი. 14 მაისს ვანდსვორტის საოლქო სასამართლოში გამართული სამსაათიანი პროცესისთვის AI-მ ოთხი მოწმის ჩვენება და დოკუმენტების პაკეტი მოამზადა. სასამართლომ გადაწყვეტილება ტაქიდირის სასარგებლოდ გამოიტანა და მას დავალიანებული თანხა მიაკუთვნა.
"ფული ჩემი შესრულებული სამუშაოსთვის მეკუთვნოდა, მაგრამ მისი დაბრუნება ძალიან სტრესულ, ძვირადღირებულ და შრომატევად პროცესად მოჩანდა. Garfield-მა შესაძლებელი გახადა, რომ სარჩელი შემეტანა და ბოლომდე მიმეყვანა," — განაცხადა ტაქიდირმა — "შემხვედრი სარჩელი დაშინების მიზნით იყო შეტანილი, მაგრამ ვიცოდი, რომ ხელმისაწვდომი, ეკონომიური და კომპეტენტური მხარდაჭერა მქონდა. შედეგი მიხარია".
სასამართლო ადვოკატმა, დომინიკ ლიმ, რომელიც ტაქიდირს სასამართლოში წარმოადგენდა, განაცხადა, რომ Garfield-მა კლიენტის საქმე "მკაფიოდ და ეფექტიანად" წარმოაჩინა, თუმცა დასძინა: "სასამართლოში ადვოკატირება კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურად ადამიანურ საქმიანობად დარჩა".
კომენტარები