Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს
ფოტო: Bing Guan/Bloomberg
Swatch Samsung-ს ლონდონის სასამართლოში უჩივის და $170 მილიონის კომპენსაციას ითხოვს. შვეიცარიული კომპანია ტექნოლოგიურ გიგანტს ძვირადღირებული დიზაინების "მასშტაბურ მითვისებაში" ადანაშაულებს.
დავა 26 ციფრულ აპლიკაციას ეხება, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა Samsung-ის სმარტსაათის ეკრანი შეეცვალათ და Omega-ს, Tissot-სა და Breguet-ის ძვირადღირებული საათების ვიზუალი მიეღოთ. Swatch-ის განცხადებით, ეს აპლიკაციები მისი პრესტიჟული ბრენდების დიზაინს უნებართვოდ იმეორებდა.
Samsung-ის ადვოკატებმა კომპენსაციის ოდენობას "გასაოცარი" და "რეალობასთან შეუსაბამო" უწოდეს. ეს სამართლებრივი ბრძოლა გლობალური სასაქონლო ნიშნის დაცვის ხანგრძლივი საქმის კულმინაციას წარმოადგენს.
2022 წელს, ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ Samsung სასაქონლო ნიშნის დარღვევაში დამნაშავედ ცნო, სააპელაციო სასამართლომ კი ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია გარე დეველოპერებმა შექმნეს, პასუხისმგებელ მხარედ Samsung ჩაითვალა, რადგან აპლიკაციების გადამოწმების პროცესს კომპანია აკონტროლებდა და თავის ჭკვიან საათებს მიმზიდველი ციფერბლატის გარეგნობებით არეკლამებდა.
ახლა სასამართლო Samsung-ისგან გადასახდელი ზიანის ოდენობას განსაზღვრავს და ეს გადაწყვეტილება მთელ ევროკავშირში გავრცელდება. Swatch-მა საქმე Brexit-ის გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე (2020 წლამდე) შეიტანა, ამიტომ, ლონდონის მოსამართლეს ზიანის განსაზღვრის უფლებამოსილება ევროპული გაერთიანების მასშტაბით აქვს. პარალელური სარჩელი აშშ-შია შეტანილი, თუმცა ის ინგლისის საქმის შედეგის მოლოდინში შეჩერებულია.
Swatch-ის მტკიცებით, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში დაახლოებით 160 000-ჯერ გადმოწერილი აპლიკაცია მისი ექსკლუზიური საათების ციფერბლატების "ყალბ ასლებს" გვთავაზობდა. კომპენსაციის მოთხოვნა 2015 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს.
Tissot-ს გენერალური დირექტორი, სილვეს დოლა მოწმის ჩვენებაში წერს, რომ Swatch-ის პოლიტიკის მიხედვით, კომპანია მესამე მხარის ბრენდებზე, განსაკუთრებით საათების მწარმოებელ სხვა კომპანიებზე, და კიდევ უფრო ნაკლებად, ჭკვიანი საათების მწარმოებელ კომპანიებზე ლიცენზიას არ გასცემს. მისივე თქმით, მასობრივად წარმოებულ ჭკვიან საათებზე მაღალი კლასის ბრენდების გამოყენება ამ ბრენდების ღირებულებას გაანადგურებდა. Swatch-ის ადვოკატმა დენიელ სელმიმ წერილობით განაცხადა, რომ საქმე "ძვირფასი და კარგად დაცული" სასაქონლო ნიშნების "მასშტაბურ მითვისებას" ეხება. "Samsung-მა არაერთხელ სცადა დარღვევის მასშტაბის დაკნინება და რეალური კომპენსაციის შემცირება", — აღნიშნა მან.
Swatch-ის განცხადებით, ერთ-ერთი დაკოპირებული დიზაინია Jaquet Droz Tropical Bird Repeater, კოლექციონერებისთვის შექმნილი უნიკალური საათი, რომლის ღირებულება დაახლოებით $650 000-ია.
ფოტო: Swatch
Samsung-ის ადვოკატი, დენიელ ალექსანდერი კი კომპენსაციის გამოთვლის მიდგომას "ფუნდამენტურად მცდარს" უწოდებს და მიიჩნევს, რომ Swatch-ის "გაზვიადებულ" მოთხოვნას "მიყენებულ ზიანთან არანაირი კავშირი არ აქვს". მისი თქმით, აპლიკაციები "არაფრით გამოირჩეოდა, Samsung-ის ჭკვიანი საათების მარკეტინგში არ გამოყენებულა, კომპანიასაც არ სურდა მათი არსებობა და საკითხის წამოჭრისთანავე ამოიღეს". ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ Swatch ცდილობს ზიანის გამოთვლას "ისეთი რამეების მიხედვით, რაც არა მხოლოდ არ მომხდარა, არამედ არასოდეს მოხდებოდა".
ალექსანდერის განცხადებით, გადმოწერილი აპლიკაციების სრული უმრავლესობა უფასო იყო, ხოლო გადმოწერებიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი იმ პერიოდის განმავლობაში $1000-ს ოდნავ აღემატებოდა, საიდანაც Samsung-ს $300 ერგებოდა.
"Swatch-ისთვის ზიანი არ დამდგარა და Samsung-ის სარგებელიც უმნიშვნელო იყო", — განაცხადა ადვოკატმა — "ნებისმიერ შემთხვევაში, ზიანი მინიმალურია."
საქმის დასკვნითი განხილვა პარასკევსაა დაგეგმილი. მოსამართლე გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
- Samsung-ის ჭკვიანი საათი გონების დაკარგვას 5 წუთით ადრე იწინასწარმეტყველებს
- 13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან
- ახალი კომპიუტერის ყიდვა ახლა ცუდი იდეაა — აი, რატომ


კომენტარები