ევროკავშირსა და ირლანდიაში ონლაინ-შოპინგის წესები იცვლება. ეს გადაწყვეტილება ძირითადად მიმართულია ისეთი პლატფორმებიდან, როგორიცაა Shein და Temu, შემოსული იაფი ამანათების უზარმაზარი ტალღის დასარეგულირებლად.
ახალი 3-ევროიანი გადასახადი
თუ რეგულარულად ყიდულობთ იაფ ტანსაცმელს, გაჯეტებს, სილამაზის პროდუქტებს ან საყოფაცხოვრებო ნივთებს ონლაინ, საბაჟო გადასახადის ცვლილებამ მალე შეიძლება შესამჩნევი ცვლილება მოახდინოს.
1-ელი ივლისიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან (ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი) გამოწერილ ყველა იმ ამანათზე, რომლის ღირებულებაც 150 ევრომდეა, დაწესდება "3 ევროს" ოდენობის საბაჟო მოსაკრებელი. აქამდე 150 ევრომდე ნივთები მსგავსი ბაჟისგან თავისუფალი იყო.
გადასახადი ითვლება ნივთების ტიპების მიხედვით. 3 ევრო გერიცხებათ არა მთლიანად ერთ ამანათზე, არამედ შიგნით მოთავსებული ნივთების კატეგორიებზე. მაგალითად: თუ ერთ ამანათში დევს 1 კალამი და 1 რვეული, მოგიწევთ 6 ევროს გადახდა (პლუს დღგ). მაგრამ თუ დევს 2 ერთნაირი კალამი, ეს ერთ ტიპად ითვლება და მხოლოდ 3 ევროს იხდით.
თუ ნივთი არ მოგეწონებათ და უკან დააბრუნებთ გამყიდველთან, გადახდილი 3-ევროიანი საბაჟო მოსაკრებელი არ დაგიბრუნდებათ, გამონაკლისია მხოლოდ წუნდებული ნივთი.
რა გახდა ცვლილებების მიზეზი?
ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მცირე ზომის ამანათებზე 3 ევროს ოდენობის გადასახადი დაწესდეს, რათა ხელი შეუწყონ Shein-ისა და Temu-ს მსგავსი პლატფორმებიდან იაფი იმპორტის ნაკადის შემცირებას. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წელს ევროკავშირში 4.6 მილიარდი ასეთი მცირე ზომის ამანათი შევიდა, რაც წამში 145-ზე მეტია, რომელთა 91% ჩინეთიდან მოდის.
2024 წელს EU-ში 4.6 მლრდ მცირე ზომის ამანათი შევიდა, რაც წამში 145-ზე მეტია, რომელთა 91% ჩინეთიდან იყო"
ევროკავშირის საბჭო აცხადებს, რომ დაბალი ღირებულების ამანათების ამჟამინდელი უბაჟო შემოდინება ევროკავშირელი გამყიდველებისთვის არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, მომხმარებლებისთვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებს, თაღლითობის მაღალ დონეს და გარემოსდაცვით შეშფოთებას იწვევს. ევროკომისიამ ასევე გააფრთხილა, რომ დაბალი ღირებულების იმპორტირებული საქონელი არ შეესაბამება ევროკავშირის წესებს, რაც შეშფოთებას იწვევს მავნე პროდუქტების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და მასობრივი გადაზიდვების გარემოზე ზემოქმედების შესახებ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკითხი მხოლოდ გადასახადებს არ ეხება. საქმე ასევე ეხება პროდუქტის უსაფრთხოებას, მომხმარებელთა უფლებებს, საბაჟო აღსრულებას და იმას, თუ რამდენად კონკურენციას უწევენ ირლანდიელი და ევროკავშირის საცალო მოვაჭრეები თანაბარ პირობებში.
5 და 10-ევროიანი იაფიანი ნივთების გამოწერა აღარ იქნება ფინანსურად ისეთივე მომგებიანი, როგორც აქამდე იყო"
5 და 10-ევროიანი იაფიანი ნივთების გამოწერა ფინანსურად აღარ იქნება ისეთივე მომგებიანი, როგორც აქამდე იყო. მომხმარებლებს მოუწევთ ყურადღებით შეამოწმონ, რეალურად საიდან იგზავნება ნივთი, რათა დამატებითი, დამალული ხარჯების წინაშე არ აღმოჩნდნენ.
ევროკომისიამ Temu 200 მლნ ევროთი დააჯარიმა
მანამდე, მიმდინარე წლის მაისში, ევროკომისიამ Temu ციფრული სერვისების შესახებ კანონის (DSA) დარღვევისთვის 200 მლნ ევროთი დააჯარიმა.
ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კომპანიამ ვერ შეძლო მის პლატფორმაზე შეთავაზებული უკანონო პროდუქტების სისტემური რისკების გულმოდგინედ იდენტიფიცირება, ანალიზი და ევროკავშირის მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება.
კომისიის ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ევროკავშირის მომხმარებლები Temu-ზე დიდი ალბათობით უკანონო ნივთებს პოულობენ.
Temu-ს 2024 წლის რისკების შეფასება არ შეესაბამება DSA-ში დადგენილ სტანდარტებს: კომისიის გამოძიებაში ჩართული საიდუმლო შოპინგის შედეგად მიღებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ შერჩეული დამტენების ძალიან მაღალმა პროცენტმა ვერ გაიარა უსაფრთხოების ძირითადი ტესტები, ხოლო გამოცდილი ბავშვის სათამაშოების მაღალმა პროცენტმა საშუალო და მაღალი სიმძიმის უსაფრთხოების რისკები წარმოშვა, რადგან ისინი შეიცავდნენ ქიმიკატებს, რომლებიც აჭარბებდნენ კანონით დადგენილ უსაფრთხოების ლიმიტებს ან წარმოადგენდნენ დახრჩობის საფრთხეს იოლად მოსახსნელი ნაწილების გამო.
ჯარიმის გადახდის გარდა, Temu-მ 28 აგვისტომდე უნდა წარადგინოს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელი სამოქმედო გეგმა. ამის შემდეგ კომისიას კომპანიის მიერ მიღებული ზომების შესაფასებლად 2 თვე ექნება.
Temu ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ჯარიმას არაპროპორციულად მიიჩნევს და ამჟამად სამართლებრივი რეაგირების გზებს განიხილავს.
კომენტარები