ზრდასრულებზე ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, შედარებით ახალი თაობების წარმომადგენლები ბიოლოგიურად უფრო დაბერებულები არიან, ვიდრე ძველი თაობები იყვნენ იმავე ასაკში. ეს მეცნიერებმა სისხლის მარკერების მიხედვით განსაზღვრეს.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ 30 წლის ასაკში ყავარჯნებით მოუწევთ სიარული. ახალი მიგნებით შეიძლება ის აიხსნას, თუ რატომაა ახალ თაობებში ზოგი სიმსივნის მაჩვენებელი გაზრდილი, მათ შორის: ფილტვის, საშვილოსნოსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის.

სავარაუდოდ, ამ ტენდენციის მიღმა სხვადასხვა ფაქტორია, ნაშრომში წარმოდგენილი მიგნება კი შეიძლება მხოლოდ ერთი მათგანს ეხმაურებოდეს. ზოგადად, კიბოს დიაგნოზი ხშირად დაბერებასთანაა ასოცირებული. ამის მიზეზი ისაა, რომ კიბო ძირითადად მაშინ ჩნდება, როცა უჯრედებში გენეტიკური დაზიანებები კრიტიკულ დონეს აღწევს. ეს მათ ზრდასა და დაყოფას აჩქარებს.

ფოტო: Getty Images Plus

დროთა განმავლობაში ჩვენს ორგანიზმში დნმ-ის დაზიანებები გროვდება. ამას თითქმის ყველაფერი უწყობს ხელს: საჭმელი, ჰაერი, კანზე მოხვედრილი მზის სხივები და სხვა ჩვევები. დაზიანებული დნმ სწორ "ინსტრუქციებს" ვეღარ გასცემს, რაც უჯრედების დაყოფის ჯანსაღ პროცესს არღვევს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში დადგინდა, რომ ახალ თაობებში კიბოს შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლადაა მომატებული. მაგალითად, 2025 წლის კვლევის თანახმად, მილენიალებში (1981-1996 წლებში დაბადებული ადამიანები) ზოგი სიმსივნე უფრო ხშირად ჩნდება, ვიდრე მათი მშობლების ახალგაზრდობაში.

ახალი ნაშრომის ავტორებმა 3 თაობა შეისწავლეს. მათ დიდი ბრიტანეთის ბიობანკიდან აღებული 154 169 ზრდასრულის სისხლის მარკერები გააანალიზეს. მიზანი 1950-იანი წლების დასაწყისში, 1960-იანი წლების მიწურულსა და 1970-იანი წლების დასაწყისში დაბადებული ადამიანების შედარება იყო.

გარდა ამისა, მათ აშშ-ის All of Us-ის კვლევითი პროგრამიდან 10 262 ზრდასრულის მონაცემებიც შეისწავლეს. ისინი 1960-იან ან 1990-იან წლებში იყვნენ დაბადებულნი. მეცნიერთა მთავარი მეტრიკა ფენოასაკი იყო. ეს ბიოლოგიური ასაკის ქრონოლოგიური ასაკითა და სისხლის 9 ბიომარკერით გამოთვლას გულისხმობს. ბიომარკერებში შედის CRP (ანთებითი მარკერი), გლუკოზა, კრეატინინი, ალბუმინი და ლეიკოციტები.

ფოტო: Getty Images

ამ მეტრიკის გამოყენებით გუნდმა "ასაკობრივი სხვაობის ქულა" გამოთვალა. ამით განსაზღვრეს, რეალურ ასაკთან შედარებით ბიოლოგიურად რამდენად დიდი ან პატარა იყო თითოეული ინდივიდი. თაობებს შორის უზარმაზარი კონტრასტი გამოიკვეთა.

1965-1974 წლებში დაბადებულ ბრიტანელებს 23%-ით უფრო მაღალი სტანდარტიზებული ფენოასაკით განსაზღვრული სხვაობა აღმოაჩნდათ, ვიდრე 1950-1954 წლებში დაბადებულებს. მსგავსი ტენდენცია აშშ-შიც გამოიკვეთა. 1990-19990 წლებში დაბადებულ კოჰორტას 92%-ით უფრო მაღალი სტანდარტიზებული ასაკობრივი სხვაობა ჰქონდა, ვიდრე 1965-1969 წლებში დაბადებულებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახალი თაობის წარმომადგენლები ბიოლოგიურად უფრო მეტად იყვნენ დაბერებულნი, ვიდრე ძველი თაობის ინდივიდები იმავე ქრონოლოგიურ ასაკში. ამის შემდეგ მკვლევრებმა განსაზღვრეს, თუ რამდენად იყო ეს რიცხვები კიბოს რისკთან ასოცირებული. აღმოჩნდა, რომ მაღალი ქულის მქონე ინდივიდებს 55 წლამდე ასაკში სიმსივნე უფრო ხშირად უვითარდებოდათ, განსაკუთრებით ფილტვის, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საშვილოსნოსი.

ასაკობრივი სხვაობის ქულაში სტანდარტული "გადახრის" ყოველი მატება ნაადრევი კიბოს რისკს 8%-ით ზრდიდა. ეს კავშირი ყველაზე მკაფიოდ ფილტვის სიმსივნის შემთხვევაში გამოიკვეთა: მისი განვითარების რისკი 57%-ით აღმოჩნდა გაზრდილი. იგივე ასოციაცია მას შემდეგაც გამოვლინდა, რაც მეცნიერებმა სხვა ფაქტორებიც გაითვალისწინეს, მაგალითად, მოწევა, ჭარბწონიანობა, ტელომერების სიგრძე და გენეტიკური წინასწარგანწყობა.

საინტერესოა, რომ ბიოლოგიური დაბერების სხვადასხვა ფორმას განსხვავებული ასოციაცია ახლდა თან. კერძოდ, ფილტვის ნაადრევი სიმსივნე იმუნური სისტემის დაბერებასთან აღმოჩნდა დაკავშირებული. ეს ცილების ანალიზით (პროტეომიკით) დაადგინეს. ცხიმოვანი ქსოვილების დაბერება კი კოლორექტულ კიბოსთან (მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნე) დააკავშირეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იწვევს ნაშრომში წარმოდგენილ კანონზომიერებებს. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ მეტ შეკითხვას გასცემენ პასუხს და მიგნებებს, საბოლოოდ, სიმსივნის პრევენციისთვის გამოიყენებენ.

ნაშრომი გამოცემაში Nature Medicine გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.