პარაზიტი Toxoplasma gondii მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოებით მესამედს აინფიცირებს და ტოქსოპლაზმოზს იწვევს. მეცნიერები აცხადებენ, რომ მას გლობალურ ჯანდაცვაში სათანადო ყურადღება არ ექცევა. მათი თქმით, ჯანმრთელობის ეს პრობლემა სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ე.წ. უგულებელყოფილი ტროპიკული დაავადების (NTD) სტატუსის მისანიჭებლადაა საჭირო.

მკვლევრების განცხადებით, ასეთი კატეგორიზება დაავადების კვლევის, პრევენციისა და მკურნალობისთვის დამატებითი დაფინანსებისა თუ საერთაშორისო პროგრამების ამოქმედებას შეუწყობს ხელს. ტოქსოპლაზმოზი უმეტეს შემთხვევაში სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ზოგ ადამიანში თვალის სერიოზულ დაზიანებას, მხედველობის გაუარესებასა და სიბრმავესაც კი იწვევს. ის გლობალურად თვალის შიდა ინფექციის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

ადამიანის სხეულში პარაზიტი სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს. ერთ-ერთი მთავარი წყარო თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცია, ასევე კატის ფეკალიები. გარდა ამისა, ახლად ინფიცირებულ ორსულს პარაზიტის ნაყოფისთვის გადაცემაც შეუძლია (პლაცენტის გავლით), რაც ჩანასახის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და ზოგჯერ მუცლის მოშლასაც განაპირობებს.

ტოქსოპლაზმოზის გამო დაზიანებული თვალის მაკულა.

ფოტო: Associate Professor João Furtado

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტოქსოპლაზმოზი თავიდან აცილებადი და კონტროლირებადი დაავადებაა. მათი თქმით, ინფიცირების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია საკვების უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება, სუფთა წყლისა და სანიტარიული პირობების ხელმისაწვდომობა, ასევე ორსულთა დროული შემოწმება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უგულებელყოფილი ტროპიკული დაავადების სტატუსის მისანიჭებლად ოთხ ძირითად კრიტერიუმს იყენებს. მათ შორისაა ფართო გავრცელება ღარიბ და ტროპიკულ ან სუბტროპიკულ რეგიონებში; პრევენციისა და კონტროლის შესაძლებლობა; ასევე, მას კვლევებსა და ჯანდაცვის პოლიტიკაში არასაკმარისი ყურადღება უნდა ეთმობოდეს. მკვლევრების თქმით, ტოქსოპლაზმოზი ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

დაავადების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამაა უცნობი. ტოქსოპლაზმოზის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, მკურნალობის ერთიანი სტანდარტიც ჯერ არ არის შემუშავებული, ხოლო კვლევებისთვის გამოყოფილი დაფინანსება სხვა მსგავსი დაავადებებისას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

არსებული მონაცემებით, ტოქსოპლაზმოზით ყოველწლიურად დაახლოებით 190 000 ბავშვი იბადება. დაავადების ყველაზე მძიმე შედეგები კი იმ რეგიონებში ფიქსირდება, სადაც ჯანდაცვასა და სანიტარიულ პირობებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.

მკვლევრები გვიზიარებენ რეკომენდაციებსაც, რომლებიც დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაში დაგვეხმარება. მათ შორისაა თანდაყოლილი ინფექციისა და თვალის ტოქსოპლაზმოზის უკეთესი სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ასევე, ახალი მედიკამენტების განვითარება, რეაბილიტაციის სერვისების გაფართოება, საკვების უსაფრთხოების პოლიტიკის გაუმჯობესება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

მათი თქმით, თუ ტოქსოპლაზმოზი უგულებელყოფილი ტროპიკული დაავადების სტატუსს მიიღებს, ეს მის საკვლევად დამატებითი რესურსების მობილიზებასა და დაავადების ე.წ. გლობალური ტვირთის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ავტორთა კომენტარი გამოცემაში PLOS Neglected Tropical Diseases გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.