საუდის არაბეთში ექიმებმა 2 წლის სიამის ტყუპი დები ურთულესი ოპერაციის შედეგად წარმატებით განაცალკევეს. ოლივია და ჯანა ფილიპინებიდან არიან. მათ ქირურგიული ჩარევა 6 ეტაპად ჩაუტარდათ, რაშიც მეფე აბდულას სახელობის ბავშვთა სპეციალიზებული საავადმყოფოს 22-კაციანი სამედიცინო გუნდი მონაწილეობდა.

ტყუპები გულმკერდისა და მუცლის არეში ერთმანეთთან შეზრდილები დაიბადნენ. ამ იშვიათ მდგომარეობას თორაკო-ომფალოპაგუსი ეწოდება. ამის გამო ისინი გულის მემბრანასა და ღვიძლის ქსოვილებს იზიარებდნენ.

"ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა და ისინი ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან", — განაცხადა ექიმმა ალი ალ-შაჰრიმ.

მისი თქმით, ოპერაციამდე ტყუპებმა ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს და ახლა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ფოტო: X/@SPAregions

"ამჟმად სტანდარტულ პოსტოპერაციულ მეთვალყურეობას ვაგრძელებთ: ვაკონტროლებთ სასიცოცხლო მაჩვენებლებს, სითხის ბალანსსა და, საჭიროების შემთხვევაში, სუნთქვის მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ. ასეთ შემთხვევებში პაციენტები, როგორც წესი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებას 3-5 დღეში ტოვებენ", — თქვა მან.

ექვსსაათიანი ოპერაცია საუდის არაბეთის სიამის ტყუპების პროგრამის (Saudi Conjoined Twins Programme) ფარგლებში ჩატარდა. ფილიპინების საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ყველა ხარჯი საუდის არაბეთის მთავრობამ დაფარა.

"ბოლოს და ბოლოს, დადგა დღე, რომელსაც ამდენხანს ველოდით — როდესაც ისინი დამოუკიდებელ ინდივიდებად, ნორმალური ცხოვრებით იცხოვრებენ", — განაცხადა ტყუპების დედამ, ჯინალინ მანუელმა.

პროგრამის ფარგლებში დღემდე სიამის ტყუპებზე 70-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა. ოლივია და ჯანა მეოთხე წყვილია, რომლის წარმატებით განცალკევებაც ამ გუნდმა შეძლო. გასულ წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექიმებმა კიდევ ერთი ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს, თუმცა ამჯერად თავის არეში შეერთებულ სიამის ტყუპებზე.

ასევე, იხილეთ: როგორი ანატომია აქვთ სიამის ტყუპ დებს, რომელთაგანაც ერთი დაქორწინდა

ნიგერიაში დაბადებულ მერსისა და გუდნესს თავის ქალა, ტვინის ქსოვილი და სისხლძარღვები ჰქონდათ შეზრდილი. ისინი ერთმანეთს 19 თვის ასაკში დააშორეს, ოპერაციის შემდეგ კი სრულად გამოჯანმრთელდნენ და ნიგერიაში დაბრუნდნენ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს განცალკევების ერთ-ერთი ყველაზე რთული შემთხვევა იყო. პროცედურის დაგეგმვა და შესრულება უპრეცედენტო სიზუსტეს მოითხოვდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.