მოშინაურების უძველესი მტკიცებულება — თურქეთში 16 000 წლის წინანდელი ძაღლის ნამარხი აღმოაჩინეს
ფოტო: AP
დიდი ხნით ადრე, სანამ ადამიანები კატებს შეიყვარებდნენ, პალეოლითის ხანაში მონადირე-შემგროვებლები ძირითადად ძაღლების მოყვარულები იყვნენ. ახალი კვლევის თანახმად, ევრაზიის მასშტაბით სოფლის მეურნეობამდელი ადამიანები ძაღლებს ისე ეპყრობოდნენ, თითქოს ისინი ადამიანები იყვნენ; ხშირად უზიარებდნენ მათ საკვებს და მარხავდნენ, როგორც ოჯახის წევრებს.
ძაღლის მოშინაურების უძველესი გენეტიკური მტკიცებულება აქამდე რუსეთში, 10 900 წლის წინანდელ ნამარხთან იყო დაკავშირებული. ახლა ეს რეკორდი თურქეთის ქალაქ ფინარბაშიშში მოიხსნა. 15 800 წლით დათარიღებული ეს უძველესი ნამარხი ძაღლს ეკუთვნოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პალეოლითური პოპულაციები ძაღლებთან ერთად ცხოვრობდნენ.
გენეტიკურმა ანალიზმა გამოავლინა მჭიდრო კავშირი ამ ძაღლსა და დიდ ბრიტანეთში, გოფის გამოქვაბულის ადგილას აღმოჩენილ სხვა ძაღლს შორის, რომლის ასაკი 14 300 წელია. ეს ნიშნავს, რომ ერთიანი მოშინაურებული ძაღლების შტო პალეოლითში უკვე არსებობდა და ის ფართოდ იყო გავრცელებული მთელ ევრაზიაში. შესაძლოა, ეს მონადირე-შემგროვებლების კულტურულად განსხვავებულ ჯგუფებს შორის ურთიერთობის შედეგად მომხდარიყო.
"ჩვენ გამოვიყენეთ უძველესი დნმ, რადიონახშირბადული დათარიღება და იზოტოპური ტექნიკები დიდი ბრიტანეთის, ცენტრალური ევროპისა და თურქეთის არქეოლოგიურ ნიმუშებზე. ამ მიდგომამ საშუალება მოგვცა ძაღლის წარმოშობა მინიმუმ 5000 წლით უკან გადაგვეწია. კონკრეტულ რეგიონებში პალეოლითის ხანასთან დაკავშირებული ხუთი ძაღლის ნაშთები აღმოვაჩინეთ", — განაცხადა კვლევის ავტორმა, დოქტორმა უილიამ მარშმა.
აღმოჩნდა, რომ ეს უძველესი ძაღლები თანაბრად პოპულარული იყვნენ როგორც ევროპაში მცხოვრებ მონადირე-შემგროვებლებში, ისე ანატოლიის პოპულაციებში. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამ კულტურას საკუთარი პრაქტიკა და ტრადიციები ჰქონდა, ძაღლები, როგორც ჩანს, სრულად ინტეგრირდნენ ყველა ამ პალეოლითური ჯგუფის ცხოვრებაში. და ეს საკმაოდ ადრეულ ეტაპზე მოხდა.
მაგალითად, ფინარბაშიშში ლეკვებს ადამიანებთან ერთად მარხავდნენ; იზოტოპურმა ანალიზებმა კი აჩვენა, რომ ძაღლები თევზით იკვებებოდნენ — ისევე, როგორც მათი პატრონები. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ გოფის გამოქვაბულში დაღუპულ ადამიანებს ჭამდნენ და შესაძლოა, ასე იქცეოდნენ ძაღლების შემთხვევაშიც.
"ბევრი დღეს ძაღლს ისე ექცევა, როგორც ადამიანს. როგორც ჩანს, მსგავსად იქცეოდნენ ადამიანები ჯერ კიდევ 16 000 წლის წინ", — აღნიშნა კვლევის ავტორმა დოქტორმა ლაჩი სკარსბრუკმა.
ფოტო: Kathryn Killackey
მეტიც, აღმოჩენები ამით არ მთავრდება; მკვლევრებმა ასევე შეძლეს დაედასტურებინათ, რომ ეს პრეისტორიული ძაღლები ე.წ. დასავლეთ ევრაზიული შტოს ადრეული წევრები იყვნენ, რომელსაც თანამედროვე ძაღლების მრავალი ჯიში მიეკუთვნება.
"ფინარბაშისა და გოფის გამოქვაბულის ძაღლებში აღმოჩენილი გენეტიკური კვალი ბევრ თანამედროვე ევროპული ძაღლის ჯიშში აღმოჩნდა. ისინი დღესაც ჩვენთან ერთად არიან. მაგალითად, გერმანული ნაგაზი და სენბერნარი", — განმარტა სკარსბრუკმა.
გენეტიკურმა ანალიზმა ისიც აჩვენა, რომ ადამიანის მონადირე-შემგროვებლობიდან მიწათმოქმედებაზე გადასვლამ უძველეს ძაღლებზე ნაკლებად იმოქმედა.
"დღემდეც კი, ევროპული ჯიშის ძაღლების წინაპრების ნახევარი იმ ძაღლებთან არის დაკავშირებული, რომლებიც ევროპაში სოფლის მეურნეობის გაჩენამდე ცხოვრობდნენ", — აღნიშნულია კვლევაში.
მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ძაღლების მოშინაურება პალეოლითის გარკვეულ ეტაპზე მოხდა და რომ ამ პროცესიდან წარმოშობილი შტო სწრაფად გავრცელდა მთელ ევრაზიაში. შედეგად ეს ძაღლები (მათი შთამომავლობა) სრულად ინტეგრირდნენ პრეისტორიულ ადამიანთა კულტურაში. სწორედ მოშინაურებული ძაღლების ეს შტო გამოჩნდა უძველეს მიწათმოქმედებში, სანამ წარმოშობდა შინაური ძაღლების სხვადასხვა ჯიშს, რომელთა მოძიებაც დღეს ყველგან შეგვიძლია.
კვლევის ნახვა ჟურნალ Nature-ში შეგიძლიათ.
კომენტარები