გალაქტიკების დიდი ნაწილი იმდენად კაშკაშაა, რომ მათ საკმაოდ შორეული მანძილიდანაც ვაფიქსირებთ, მაგრამ ზოგი თითქმის უხილავიც შეიძლება იყოს. მათ დაბალი ზედაპირული სიკაშკაშის გალაქტიკებს უწოდებენ და ასეთ სისტემებში ბნელი მატერია ჭარბობს — სუბსტანცია, რომელსაც ვერ ვხედავთ და მხოლოდ გარემოზე გრავიტაციული ზემოქმედებით ვავლენთ.

ასევე, იხილეთ: ის აქ არის, მაგრამ ვერ ვხედავთ — ბნელი მატერია სამყაროსა და მზის სისტემაში

ასტრონომებმა სწორედ ასეთი ობიექტი აღმოაჩინეს, რომელსაც CDG-2 ეწოდება. ის ჩვენთვის ცნობილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი გალაქტიკაა. ეს ნიშნავს, რომ მასში ვარსკვლავები მკრთალი და სივრცეში გაბნეულია, რაც ამგვარი გალაქტიკების შემჩნევას ართულებს.

მეცნიერებმა თანამედროვე სტატისტიკური მეთოდების მეშვეობით უკვე დადასტურებული მსგავსი გალაქტიკების იდენტიფიცირება შეძლეს და დამატებით 10 ახალ კანდიდატსაც მიაგნეს. ისინი სფერულ ვარსკვლავთგროვებზე დაკვირვებით აღმოაჩინეს, რომლებიც ზოგჯერ მკრთალ მნათობთა "ფარულ" პოპულაციაზე მიანიშნებს.

CDG-2-ის ავთენტურობის დასადასტურებლად სპეციალისტებმა ჰაბლის ტელესკოპი, კოსმოსური ობსერვატორია "ევკლიდე" და ჰავაიზე მდებარე სუბარუს ტელესკოპი გამოიყენეს. პირველის მონაცემებით პერსევსის გალაქტიკურ შეჯგუფებაში 4 სფერული ვარსკვლავთგროვა გამოავლინეს (300 მილიონი სინათლის წლის მოშორებით). დამატებით გამოსახულებებში მათ გარშემო მკრთალი დიფუზიური სინათლეც შენიშნეს, რაც ბნელ გალაქტიკაზე მიუთითებს.

პირველადი ანალიზის მიხედვით, CDG-2-ის ელვარება მზის მსგავსი 6 მილიონი ვარსკვლავისას უტოლდება, ხოლო ზემოხსენებული ვარსკვლავთგროვები მისი ხილული მატერიის 16%-ს შეადგენს. გალაქტიკის მთლიანი მასის 99%-ზე ბნელი მატერიაა პასუხისმგებელი, ჩვეულებრივი მატერიის (ძირითადად, წყალბადის აირი) უდიდესი ნაწილი კი მას სხვა გალაქტიკებთან გრავიტაციული ურთიერთქმედებისას უნდა დაეკარგა.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.