ახალი კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ჩვენი წინაპრების "პიროტექნიკური მარცხი" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომელმაც ადამიანის ევოლუციას შეუწყო ხელი. ამაში ცეცხლის გამოყენებით გამოწვეული დაზიანებები იგულისხმება, რომლებმაც შეიძლება ჩვენი იმუნური ფუნქციის განვითარებაში მიიღო მონაწილეობა.

ცეცხლის გამოყენების მნიშვნელობა ადამიანების ყოველდღიურობაში მუდმივად ვლინდება. ამის მაგალითია ისაა, რომ ხშირად უპირატესობას ცხელ საკვებს ვანიჭებთ. შედეგად, სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ადამიანებს ცეცხლი უფრო ხშირად გვწვავს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი შემთხვევები ჩვენს წინაპრებშიც ვლინდებოდა.

კვლევაში ახსნილია, თუ რამდენად განსხვავებულად რეაგირებს ადამიანის იმუნური სისტემა დამწვრობასა და სხვა დაზიანებებზე, მაგალითად, გაჭრაზე; დამწვრობა "ინტენსიურ ანთებით ფაზას" ააქტიურებს. ამ დროს ანთებითი მარკერები (ცილები), ციტოკინები, გამოიყოფა. ეს აუცილებელი რეაქციაა, რადგან ცეცხლი კანის უფრო დიდ ნაწილს აზიანებს, ვიდრე გაჭრა, რაც ინფექციის რისკს ზრდის. ამას ასეთი "დრამატული" იმუნური პასუხი რომ არ მოჰყვებოდეს, მცირე დამწვრობაც კი სიცოცხლისთვის საშიში იქნებოდა.

მკვლევრებმა ამ ვარაუდის შესამოწმებლად დამწვარი და დაუზიანებელი კანის ტრანსკრიპტომები შეადარეს. ცნობისთვის, ტრანსკრიპტომი ამა თუ იმ უჯრედის ან ორგანიზმის დნმ-იდან ინფორმაციის წაკითხვისას სინთეზირებული რნმ-ების ერთობლიობაა. ამ მეთოდით მეცნიერებმა 94 გენი გამოავლინეს, რომლებიც დამწვრობაზე ორგანიზმის რეაგირებისას აქტიურდება.

ამის შემდეგ ეს გენები შიმპანზეების, გორილების, ორანგუტანგებისა და მაკაკებისას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ მინიმუმ 9 და მაქსიმუმ 19 გენი ადამიანების შემთხვევაში დაჩქარებული ევოლუციის ნიშნებს ავლენს. ამ გენებიდან ზოგიერთი იარების გაჩენისადმი მიდრეკილებას ზრდის, სხვები კი ტკივილისადმი მგრძნობელობას ამძაფრებს. ეს ადამიანებს იმისკენ გვიბიძგებს, რომ დამწვრობას მეტად მოვუფრთხილდეთ და არ გავაღიზიანოთ.

ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს — ადამიანები ძლიერი დამწვრობების გართულებისადმი განსაკუთრებით დაუცველნი ვართ. მაგალითად, უკიდურეს შემთხვევებში დამწვრობამ შეიძლება სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი ან ორგანოთა უკმარისობა გამოიწვიოს.

მეცნიერების თქმით, მათი თეორია ბუნებრივი გადარჩევის ახალ ფორმას გვთავაზობს — ისეთს, რომელიც კულტურაზეა დამოკიდებული.

კვლევა გამოცემაში BioEssays გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.