CES 2026-ზე, ტექნოლოგიურ შოუზე, დამსწრეებს უჩვეულო სანახაობა დახვდათ: კომპანია Realbotix-მა ორი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა, რომლებიც ერთმანეთს დამოუკიდებლად ესაუბრებოდნენ — საუბრის სცენარი წინასწარ დაწერილი არ ყოფილა, როცა სხვა შემთხვევებში მსგავსი საუბრები სწორედ ასე მიმდინარეობს.

ჰუმანოიდ რობოტებს Aria და David ჰქვიათ. მათი საუბარი 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა ადამიანების მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

როგორც კომპანია განმარტავს, რობოტები ლოკალურად იყო გაშვებული Realbotix-ის მიერ დაპატენტებულ AI პროგრამაზე, ანუ ღრუბლოვან დამუშავებას არ ეყრდნობოდა.

ასევე იხილეთ: ჩატბოტები ერთმანეთს თავიანთ ენაზე ესაუბრებიან — მისი გაგება ადამიანისთვის შეუძლებელია

დემონსტრაციისას არიამ და დეივიდმა რამდენიმე ენაზე ისაუბრეს, მათ შორის: ინგლისურად, ესპანურად, ფრანგულად და გერმანულად. კომპანიამ აღნიშნა, რომ ეს მათი მოდელების მრავალენოვან შესაძლებლობებზე მეტყველებს. დიალოგი ბუნებრივად წარიმართა; პასუხის გაცემის წინ ორივე რობოტი ყოვნდებოდა ნაცვლად იმისა, რომ წინასწარ განსაზღვრულ სასაუბრო სტრუქტურას მიჰყოლოდნენ.

ერთ მომენტში რობოტმა აღნიშნა: "არანაირი შფოთვა და არანაირი უხერხული პაუზები, მხოლოდ სილიციუმის ქარიზმა", რაც წინასწარ დაწერილ ფრაზას ნაკლებად ჰგავს. მეორე მხრივ, ბევრმა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ რობოტების ინტერაქციას შესამჩნევი პაუზები, არათანმიმდევრული საუბარი და არათანაბარი ტემპი ახასიათებდა.

ვიზუალური თვალსაზრისით Realbotix-ის რობოტებმა დიდი კრიტიკა დაიმსახურეს. მაყურებლებმა აღნიშნეს, რომ სხვა ჰუმანოიდ რობოტებთან შედარებით არიასა და დეივიდის მიმიკები ადამიანისას ნაკლებად ჰგავდა. ბევრის აზრით, ეს რობოტები "დინამიკებიან რეზინის მანეკენებს" უფრო ჰგავდნენ.

აღნიშნული ორის გარდა, კომპანიამ კიდევ ერთი რობოტი წარმოადგინა. ეს უკანასკნელი ადამიანებს ესაუბრებოდა — მაგალითად, დამსწრეების ამოცნობა შეძლო; ასევე, ხმასა და მიმიკებზე დაკვირვებით მათი სავარაუდო ემოციური მდგომარეობაც დაასახელა.

არიასა და დეივიდის დიალოგი არცთუ ხარისხიანი იყო, თუმცა, შეიძლება ითქვას, კომპანიამ ამ დემონსტრაციით რობოტიკის სამყაროში ერთგვარი ძვრა განახორციელა: ამ ჰუმანოიდმა რობოტებმა წინასწარ მიწოდებული სცენარის გარეშე შეძლეს საუბარი, თანაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.

საგულისხმოა, რომ უმეტესად ჰუმანოიდ რობოტებს ან დისტანციურად აკონტროლებენ, ან წინასწარ გაწერილ დიალოგებს აწვდიან. მეორე მხრივ, Realbotix-ის რობოტები ღიად მოქმედებდნენ. ამან, თავის მხრივ, მათი შეზღუდულობა დაგვანახა სხვადასხვა ასპექტში, იქნება ეს პაუზები, დროში აცდენა თუ არათანმიმდევრული საუბარი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.