კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ
ფოტო: Freyant/Shutterstock.com
მკვლევართა უმრავლესობა თანხმდება, რომ ნეანდერტალელებს სასაუბრო ენა ჰქონდათ. მეორე მხრივ, ადამიანთა უფრო ადრეულ სახეობებზე მსგავსი ინფორმაცია ამ დრომდე ნაკლებად იყო ცნობილი.
ახალი ნაშრომის ავტორები აცხადებენ, რომ ჰომო ერექტუსებს ყველა პირობა ჰქონდათ საიმისოდ, რომ ლაპარაკი შესძლებოდათ და სასაუბრო ენაც ჰქონოდათ. ამ მოსაზრებას საფუძვლად სხვადასხვა ანატომიური, გენეტიკური თუ არქეოლოგიური მტკიცებულება უდევს — მაგალითად ის, რომ ჰომო ერექტუსებს დიდი ზომის ტვინები ჰქონდათ, ზოგი მნიშვნელოვანი უბანი კი (თუნდაც შუბლისა და თხემის წილი) მორფოლოგიური თვალსაზრისით თანამედროვე ადამიანისას ჰგავს.
თავისთავად, ეს იმას არ ამტკიცებს, რომ ჰომო ერექტუსები ჩვენსავით საუბრობდნენ, თუმცა კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ სასაუბროდ ყველანაირი პირობა ჰქონდათ. ისიც მნიშვნელოვანია, რომ, არსებული ვარაუდებით, უძველეს ჰომინიდებს ხერხემლის არხი ვიწრო ჰქონდათ, რაც მათ სუნთქვის კონტროლში უშლიდა ხელს. ეს საუბრისთვის აუცილებელია. მეორე მხრივ, ავტორები აღნიშნავენ, რომ ჰომო ერექტუსების ხერხემლის არხი ჰომო საპიენსისას ჰგავს, ამიტომ ეს მათთვის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.
მკვლევრები ასევე ფიქრობენ, რომ ჰომო ერექტუსის ზოგიერთი პოპულაციისთვის, შესაძლოა, მათი შიგნითა ყურის სტრუქტურა იდეალური ყოფილიყო საუბრის მოსასმენად.
ამ ყველაფერთან ერთად ნაშრომში ვკითხულობთ, რომ "გენეტიკური თვალსაზრისით, ტვინთან, შემეცნების უნართან და ენასთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი მუტაცია შეიძლება ჰომო ერექტუსების დროიდან მომდინარეობს". მაგალითად, მიჩვეულია, რომ FOXP2 გენი ვოკალური კომუნიკაციის წარმოშობას უკავშირდება. არსებობს შანსი, რომ იგი ორფეხზე გადაადგილებაშიც მონაწილეობდეს. ჰომო ერექტუსი ორფეხზე დადიოდა, ამიტომ ავტორები ფიქრობენ, რომ ამ სახეობას შეიძლება ენის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი გენეტიკური შაბლონი ჰქონოდა.
მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ჰომო ერექტუსები ქვის ხელსაწყოებს იყენებდნენ. ამდენად რთული ხელსაწყოების დამზადებას წესით აბსტრაქტული და სიმბოლური კომუნიკაცია სჭირდება. ეს უფრო ამყარებს ვარაუდს, რომ ამ სახეობას სასაუბრო ენა ჰქონდა.
IFLScience-თან მიმოწერაში ლან იაომ, კვლევის ავტორმა, განმარტა, რომ ჰომო ერექტუსებში საუბრის ალბათობა მაღალია, თუმცა 100%-ით დარწმუნებული ვერავინ იქნება.
ამჟამად არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ რომელმა ადამიანთა სახეობამ დაილაპარაკა პირველმა, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ეს ნეანდერტალელები უნდა ყოფილიყვნენ. ამას ის ფაქტი ამყარებს, რომ ეს სახეობა ჰომო საპიენსთან წარმატებით ჯვარდებოდა: საუბარი მათ შთამომავლებსაც შეგვიძლია.
ახალი გენეტიკური მტკიცებულება მიგვანიშნებს, რომ ადამიანთა სხვა სახეობასთან — სავარაუდოდ, ჰომო ერექტუსთან — დენისოველებიც ჯვარდებოდნენ. თუკი ეს მართლაც ასეა, შეიძლება ეს არაპირდაპირ მიანიშნებდეს იმაზე, რომ ჰომო ერექტუსებს საუბარი შეეძლოთ.
კვლევა გამოცემაში Biological Theory გამოქვეყნდა.
კომენტარები