მეცნიერებმა ანტარქტიდის ახალი ტოპოგრაფიული რუკა შექმნეს, რომელიც კონტინენტის უზარმაზარი ყინულოვანი საფარის ქვეშ არსებულ ლანდშაფტს უპრეცედენტო დეტალებში გვიჩვენებს.

ანტარქტიდაზე ყინული 14 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობზეა გადაჭიმული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის დაბლა არაფერია — იქ მთები, ხეობები, ტბები და აუზებია. ამის მიუხედავად, ეს პოლარული ლანდშაფტი მთელს შიდა მზის სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად აღბეჭდილი ზედაპირია, არადა მის შესწავლას თეთრი საფარის ქვეშ მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოცემა შეუძლია. მაგალითად, საშუალება გვაქვს გავიგოთ, როგორ გადაადგილდება ყინული და როგორ აისახება ეს მყინვარების ფორმაზე.

მარცხნივ, ახალ რუკაზე, აქამდე უცნობი სტრუქტურები ჩანს.

ფოტო: Helen Ockenden

მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ ამ არეალში სახმელეთო და საჰაერო დაკვირვებები ძალიან რთულია. მეცნიერები მონაცემებს ხშირად შორეული პუნქტებიდან აგროვებენ, რის გამოც ბევრი სტრუქტურა უბრალოდ შეუმჩნეველი რჩება. ახლა სპეციალისტებმა კონტინენტის ზედაპირის მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, ყინულის სისქის მაჩვენებლები და ფიზიკურ კანონებზე დაყრდნობით ყინულის დინების ანალიზი გააერთიანეს. ამან მათ მონაცემებში "სიცარიელეების" ამოვსების შესაძლებლობა მისცა, რის შედეგადაც კონტინენტური მასშტაბის რუკა შექმნეს.

ახალ ტოპოგრაფიულ რუკაზე ბორცვებსა და ქედებს ვხედავთ, რომლებიც ძველ გამოსახულებაში არ ჩანდა.

ფოტო: Helen Ockenden

რუკაზე ყინულოვანი საფარიდან 2-30 კილომეტრ სიღრმეში არსებული სტრუქტურებია, რომელთა დიდი ნაწილის შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით. ასეთია, მაგალითად, მდინარის არხები, რომლებიც დიდ მანძილზე ვრცელდება და შეიძლება ყინულის ამ მასების გაჩენამდე არსებული ლანდშაფტის კვალი იყოს.

გამოსახულებებზე ასევე ნათლადაა წარმოჩენილი ის მკვეთრი გარდამავალი არეალები, რომლებიც მაღლობებსა და დაბლობებს შორისაა. ეს ტექტონიკურ მიჯნებზე მიანიშნებს; ერთ-ერთ ადგილას, სადაც ადრინდელი დაკვირვებების მიხედვით ძველი მდინარის ლანდშაფტს ელოდნენ, ღრმა ხეობები გამოვლინდა.

საბოლოო ჯამში, ეს რუკა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, რომ ყინულის საფარის ევოლუცია და ქვეშ მდებარე სტრუქტურებთან მისი ურთიერთქმედება შეისწავლონ. მათი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.