ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა
ფოტო: Amrita Marino
მეცნიერებმა კვლევა 50 000-ზე მეტ ადამიანზე ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ქალებისა და კაცების სექსუალური ლტოლვა მართლაც განსხვავებულია. კერძოდ, ქალების შემთხვევაში ის სქესობრივად ნაკლებად სპეციფიკურია და ამ "ჩარჩოებს" სცდება.
ჯერ კიდევ 2000-იან წლებში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ქალების გენიტალიური რეაქციები მხოლოდ ერთმხრივ, მკაცრად განსაზღვრულ, ლტოლვაზე არაა დამოკიდებული. ამის შემდეგ დეკადების განმავლობაში არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლებიც სხვადასხვა სექსუალურ სტიმულსა და რეაქციაზე იყო კონცენტრირებული, მათ შორის ტვინის აქტიურობასა და გუგების გაფართოებაზე. შედეგები ყოველთვის მიანიშნებდა, რომ კაცები მათთვის მიმზიდველ სქესზე უფრო რეაგირებდნენ, ქალების შემთხვევაში კი ეს ასეთი ცხადი არ ყოფილა.
როგორ ჩატარდა კვლევა
ყოველივე ზემოხსენებულის გამო გაჩნდა იდეა, რომ ქალების ლტოლვა ნაკლებად სქეს-სპეციფიკურია. ამის მიუხედავად, კვლევების უმეტესობა ლაბორატორიულ პირობებში განხორციელდა, თანაც შედარებით მცირერიცხოვან ჯგუფზე. ახლა მეცნიერებმა ეს რაოდენობა საგრძნობლად გაზარდეს და ყურადღება მონაწილეთა სუბიექტურ შეგრძნებებზე გაამახვილეს, ასევე სექსუალური ორიენტაციის სპექტრიც გააფართოვეს.
გუნდმა ათობით ათასი ადამიანის გენდერული იდენტობა და ორიენტაცია გაითვალისწინა, მათ შორის იყვნენ სრულად და მეტწილად ჰეტეროსექსუალი, ბისექსუალი, პანსექსუალი, მეტწილად გეი/ლესბოსელი და სრულად გეი/ლესბოსელი ინდივიდები. ავტორებმა ამ პირების მიერ მიწოდებული ინფორმაცია გააანალიზეს, რომელიც სექსუალურ ფანტაზიებს, ლტოლვასა და ორიენტაციის არაპირდაპირ "საზომებს" ეხებოდა.
მონაწილეებს კაცების ან ქალების მიმართ ლტოლვის სიძლიერე რიცხობრივ სკალაზე უნდა მოენიშნათ და ეთქვათ, რამდენად ხშირად ჰქონდათ ეროტიკული ფანტაზიები თითოეულ მათგანზე. ეს ინფორმაცია შემდეგ არაპირდაპირ კოგნიტიურ მონაცემებთან შეაჯერეს, რომლებიც ქალის/კაცის იმპლიცისტური ასოციაციის ტესტის მეშვეობით მიიღეს. ეს ადამიანთა მიერ დაკვირვებას გულისხმობს სიტყვებზე ან სურათებზე, რომლებიც ოთხიდან ერთ კატეგორიაში უნდა გადაანაწილონ (ამ შემთხვევაში, სექსუალური მიზიდულობის).
ტესტისას ის დროა საინტერესო, რომელსაც მონაწილეები კატეგორიზებას უთმობენ, რადგან ეს ავტომატურ ასოციაციებზე მიუთითებს: სისწრაფე ძლიერ მენტალურ კავშირს ნიშნავს, ნელი ტემპი კი — პირიქით. ავტორთა მიერ გამოყენებული მეორე მეთოდი იმპლიცისტური ასოციაციის ტესტზე დაფუძნებული კითხვარია, რომელშიც სიტყვებისა და სურათების ნაცვლად წინადადების გვხვდება.
კვლევის შედეგები
მეცნიერთა მიღებული შედეგები აქამდე გამოტანილ დასკვნებს ამყარებს იმის შესახებ, რომ კაცებში ლტოლვა მეტად სქეს-სპეციფიკურია. მათ შემთხვევაში მიზიდულობა და ეროტიკული ფანტაზიები იმ სქესის ადამიანების მიმართ თითქმის არასდროს ყალიბდებოდა, რომლებსაც ისინი სექსუალური თვალსაზრისით უპირატესობას არ ანიჭებდნენ.
შედარებისთვის, ქალებში ლტოლვა უფრო "მოქნილი" აღმოჩნდა, ანუ ისინი თავიანთი მთავარი ორიენტაციის მიღმა ფიზიოლოგიურად უფრო გახსნილები არიან. უკეთ რომ ავხსნათ, ჰეტეროსექსუალი ქალები პირდაპირი და არაპირდაპირი "საზომებითაც" კაცებს ანიჭებდნენ უპირატესობას, მაგრამ ეს ნაკლებად ექსკლუზიური იყო, ვიდრე კაცებში.
სექსუალური უმცირესობის ჯგუფში შედეგები უფრო განსხვავებულია. მაგალითად, ლესბოსელ ქალებში ხშირად ისეთი ძლიერი სქეს-სპეციფიკურობა ვლინდებოდა, რომელიც კაცებისასაც კი აჭარბებდა.
მაშ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? მეცნიერთა მიერ განხილული ერთ-ერთი თეორია ისაა, რომ კაცებს უფრო ძლიერი სექსუალური სურვილები აქვთ, მაგრამ მონაცემები ამას არ ადასტურებს. ასე რომ იყოს, მათ მხოლოდ პრიორიტეტული სქესის მიმართ ასეთი ექსკლუზიური ლტოლვა არ ექნებოდათ (ჰეტეროსექსუალი ქალების მსგავსად).
მეორე თეორია სოციალურ ნორმებს ითვალისწინებს, კერძოდ ჰეტეროსექსუალურ მასკულინურობას, რომლის გამოც კაცების მიერ ერთმანეთისადმი ინტერესის გამოხატვა სტიგმებს უკავშირდება (ზოგ ქვეყანაში ლეგალურ სასჯელსაც კი). ქალებში ამ მხრივ ასეთი მკაცრი სოციალური სტიგმა არ გვხვდება.
კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ დასავლურ კულტურებში ქალის სხეული ძლიერ სექსუალიზებულია როგორც მედიაში, ისე ხელოვნებასა და სარეკლამო ინდუსტრიაში. ადრეული ასაკიდანვე გოგოებიცა და ბიჭებიც ეჩვევიან, რომ ქალის ფიგურა სექსუალურად აღიქვან. ეს "დასწავლად", ანუ ავტომატურ, აღგზნებას შეიძლება იწვევდეს, ორიენტაციის მიუხედავად. ამ მოსაზრებას კვლევის შედეგებიც შეესაბამება — საერთო ჯამში, ყველაზე ხშირად სექსუალური ლტოლვის ობიექტები სწორედ ქალები იყვნენ.
საბოლოოდ, მეცნიერები ამბობენ, რომ რამდენიმე სოციოკულტურული მიზეზი არსებობს: ქალების სექსუალურ ობიექტად აღქმა, ჰეტეროსექსუალ ქალებში სექსუალური კმაყოფილების დაბალი დონე და კაცების სექსუალობის ჩამოყალიბებაში ლიბიდოსა თუ ჰეტერონორმატიულობის უფრო დიდი როლი.
ნაშრომი გამოცემაში The Journal of Sex Research გამოქვეყნდა.
კომენტარები