თუ ბუნებას თვალს შეავლებთ, ბევრ ფერს შეამჩნევთ: ნარინჯისფერს, ყვითელს, ვარდისფერს, მწვანეს და სხვა. ამის მიუხედავად, არის ფერები, რომლებიც ძალიან იშვიათია, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლურჯია.

მართალია, ლურჯს ხშირად ყველაზე იშვიათ ფერად მოიხსენიებენ, მაგრამ ფიზიკური მახასიათებლების გათვალისწინებით პირველ ადგილზე იისფერია. საქმე ისაა, რომ ფერები ელექტრომაგნიტური სპექტრის კონკრეტული ტალღების არეკვლისას წარმოიქმნება; რაც უფრო მოკლე სიგრძისაა ტალღა, მით უფრო დიდია მისი ენერგია, გრძელის შემთხვევაში კი პირიქითაა.

ლურჯი სინათლის ტალღა მოკლეა, ანუ ის მაღალი სიხშირისაა. ამის გამო პიგმენტების უმეტესობა მას კი არ ირეკლავს, არამედ შთანთქავს. ეს არ ნიშნავს, რომ სიცოცხლის ფორმებმა მსგავსი დაბრკოლება ვერ გადალახეს — მაგალითად, ტროპიკულ ფრინველებში, მცენარეთა 10%-სა და ხოჭოებში ლურჯ ფერს ნამდვილად შეხვდებით.

ისინი ასეთი შეფერილობისთვის ყოველთვის პიგმენტებს არ იყენებენ, არამედ მიკროსკოპულ ფიზიკურ სტრუქტურებსაც, რომლებიც სინათლეს ფანტავს და ლურჯ იერს ქმნის. ამ ფენომენს სტრუქტურული შეფერვა ეწოდება და რთულ პროცესს მოიაზრებს, რის გამოც იგი ბევრ ორგანიზმში არ ფიქსირდება.

ფოტო: LED Lights Direct

რაც შეეხება იისფერს, მის ტალღას უფრო მაღალი სიხშირე და მოკლე სიგრძე აქვს, რის გამოც სპექტრის უკიდურეს, ენერგიულ ნაწილშია მოქცეული. ეს ფერი მეწამულში არ უნდა შეგვეშალოს, რომელიც ლურჯისა და წითლის შერევის შედეგად მიიღება.

ის ლურჯის "ექსტრემალურ" ვერსიად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ამის გამო, ყველა თვისება, რომელიც ლურჯს მიესადაგება, იისფრის შემთხვევაში უფრო შესამჩნევი ხდება. შედეგი ისაა, რომ ცოცხალ ორგანიზმებში ამგვარი შეფერილობა თითქმის არ არსებობს, პიგმენტის წარმოქმნა კი უფრო მეტ ენერგიას საჭიროებს. მეორე მხრივ, ასეთი სტრუქტურული შეფერვისთვის ძალიან ზუსტი და მჭიდრო მიკროსკოპული სტრუქტურებია აუცილებელი, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ცხოველშია.

ლურჯისა და იისფრისგან განსხვავებით, ბუნებაში მწვანე ფერი ყველაზე მეტადაა გავრცელებული და ხილული სპექტრის თითქმის შუაშია. მისი სიხშირე ფოტოსინთეზს უკავშირდება — პროცესს, რომლის მეშვეობითაც მცენარეების მიერ მზის სხივების ენერგია ქიმიურ ენერგიად გარდაიქმნება.

ამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან როლს პიგმენტი ქლოროფილი ასრულებს, რომელიც მწვანე სინათლეს ირეკლავს, პარალელურად კი წითელსა და ცოტა ლურჯსაც შთანთქავს. ამ უკანასკნელთა შთანთქმით ელექტრონები აქტიურდება, რაც მცენარეს რეაქციის წარმართვის შესაძლებლობას აძლევს. ასევე, მწვანე ფერთან ასოცირებული ტალღებიც უფრო მეტად ირეკლება, ვიდრე შთაინთქმება და სწორედ ამის დამსახურებაა ფოთლების მწვანე იერი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.