მყარი ნარჩენები სხვადასხვა სახის ნივთსა და პროდუქტს მოიცავს, რომლებსაც იშორებენ ან აპირებენ, მოიშორონ მათთვის ღირებულების დაკარგვის გამო. ასეთი შეიძლება იყოს ქაღალდი, მინა, პლასტმასა, საკვები, ინდუსტრიული თუ სამეურნეო ნარჩენი.

ნაგავსაყრელებზე მათი მოხვედრისას ნარჩენების გორები წარმოიქმნება, რაც თანამედროვე გარემოსდაცვითი დღის წესრიგის გათვალისწინებით ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად მოიაზრება. აღნიშნულ პრობლემასთან გასამკლავებლად ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გარდა, ნარჩენების ხარჯ-ეფექტიანი მართვაც ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. არსებული პრობლემის გადაწყვეტა თითქმის შეუძლებელია ორმხრივი ან მრავალმხრივი თანამშრომლობის გარეშე, მაგალითად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, მოქალაქეებისა და მომხმარებლების ჩათვლით.

სწორედ ამიტომ, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" მყარი ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფის მიზნით მასშტაბური კვლევის ჩატარებას აპირებს. კომპანიაში ამბობენ, რომ კერძო სექტორის ინიციატივით საქართველოსა და მთელს რეგიონში ასეთი მასშტაბური კვლევა პირველად ტარდება.

სანამ პროექტს გაგაცნობთ, მყარი ნარჩენების ტიპებზე, პლასტმასის ნარჩენებსა და მათ გადამუშავებაზე მოგიყვებით.

მყარი ნარჩენების ტიპები

ფოტო: Kelvin Water Technologies

მყარ ნარჩენებს წარმოშობის მხოლოდ ერთი წყარო არ გააჩნია, არამედ ისინი ადამიანის აქტივობის სხვადასხვა ეტაპზე წარმოიქმნება. ამ საქმიანობების გათვალისწინებით, რამდენიმე მთავარი კატეგორია გამოიყოფა, რომლებიც წარმოშობის, შედგენილობისა და მახასიათებლების მიხედვით განირჩევა:

  • მუნიციპალური მყარი ნარჩენები — ამ კატეგორიაში ყოველდღიური გამოყენების ნივთები ერთიანდება, რომლებიც ოჯახებში გვხვდება: პლასტმასა, ქსოვილები, შეფუთვები, საკვები, საწმენდი საშუალებები და სხვა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად მუნიციპალური ნარჩენების მასა 2.01 მილიარდ ტონას აღწევს;
  • კომერციული ნარჩენები — ისინი ისეთ კომერციულ დაწესებულებებში წარმოიქმნება, როგორიცაა ოფისები, რესტორნები და მაღაზიები. აქედან ყველაზე ხშირად ნარჩენებს შორის ქაღალდი, შესაფუთი მასალები, საკვები და სხვა, უკვე გამოუსადეგარი საგნები ხვდება;
  • სამშენებლო და ნგრევით მიღებული ნარჩენები — ნაგებობების მშენებლობისას, რესტავრაციისას ან დემონტაჟის დროს დიდი რაოდენობით მასალა გროვდება, რომლებიც გამოუყენებელია, მაგალითად: ბეტონი, აგური, ასფალტი, მეტალის ნაწილები, ფიცრები, თაბაშირ-მუყაო და ა.შ;
  • სახიფათო ნარჩენები — ესაა მატერია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს საფრთხეს უქმნის. ისინი ხშირად ტოქსიკურია, მარტივად ალდება, კოროზიულობით გამოირჩევა ან მაღალი რეაქციულობით ხასიათდება (ბატარეები, პესტიციდები, სამედიცინო ნარჩენი);
  • ელექტრონული ნარჩენები — ამ კატეგორიაში ისეთი ელექტრონული მოწყობილობები შედის, როგორიცაა კომპიუტერები, ტელევიზორები, სმარტფონები და სხვა გაჯეტები. მათში შეიძლება "საშიში" ელემენტები და ნივთიერებებიც იყოს, რის გამოც ასეთი ნარჩენებისადმი სპეციალური მიდგომაა აუცილებელი (გადამუშავება, განადგურება, გაუვნებლება);
  • სამეურნეო ნარჩენები — სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას ბევრ ნარჩენს ვიღებთ. ისინი წარმოიქმნება როგორც ფერმებში (ცხოველთა ფუნა), ისე მცენარეთა მოშენების პროცესში (მოსავლის აღებისას დატოვებული მწვანე მასა).

თითოეული ტიპის ნარჩენების გადამუშავება და მათთან დაკავშირებული რეგულაციები ინდივიდუალურია, ვინაიდან ისინი ამა თუ იმ ნიშნით ერთმანეთისგან განსხვავებულია. ეს ნარჩენების დახარისხების აუცილებლობას ცხადყოფს, რისთვისაც სათანადო ურნები გამოიყენება. მომდევნო ეტაპი შეგროვება და გადამუშავებაა, რათა მატერია, რომლის გამოყენებაც ისევ შეიძლება, არ დაიკარგოს და ნაგავსაყრელზე არ აღმოჩნდეს.

პლასტმასის ნარჩენები

მყარ ნარჩენებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას პლასტმასა ქმნის. ის იმდენად დიდი ოდენობით იწარმოება, რომ 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რამდენიმე მილიარდი ტონა შეადგინა. მისი უმეტესობა ნარჩენად იქცა და მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი გადამუშავდა.

კერძოდ, ყოველწლიურად პლასტმასის ნარჩენების მხოლოდ 10%-ზე ნაკლები გადამუშავდება. დანარჩენი ოკეანეებსა და ნაგავსაყრელებზე ხვდება, ნაწილს კი წვავენ, რაც გარემოსთვის საზიანოა. ამგვარი ნარჩენების დაშლას განსაკუთრებით დიდი დრო სჭირდება. მაგალითად, პლასტმასის ბოთლი ბუნებაში 450 წელი რჩება, პოლიეთილენის პარკი 20 წელი, ერთჯერადი ჭურჭელი კი — 1000 წელი.

ყველაზე გავრცელებული პოლიმერული მასალა პოლიეთილენ-ტერეფტალატია (PET); ის საწარმოო პროცესში აქტიურად გამოიყენება და მეტწილად შეფუთვების შედგენილობაშია. მას შემდეგ, რაც მისი შემცველი მატერია ნარჩენის სახით იყრება, იგი ჩვეულებრივ დეგრადაციას ვერ განიცდის, რადგან მიკროორგანიზმები ასეთ მატერიას ვერ ითვისებენ. ამის შედეგი ისაა, რომ ნაგავსაყრელებზე PET წლობით ნარჩუნდება და მიდამოს აბინძურებს.

ფოტო: ABC: Teresa Tan

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ პლასტმასა უბრალოდ ნაგავსაყრელებზე არ რჩება, არამედ უმცირეს ნაწილაკებად იშლება და წყალს, ჰაერსა თუ მიწას ერევა. ეს ნიშნავს, რომ ის საფრთხეს უქმნის როგორც ოკეანის ბინადრებს, ისე ხმელეთზე მცხოვრებ ცხოველებსა და ადამიანებს.

ასევე, იხილეთ: ადამიანი-პლასტმასა — რა ვიცით ნარჩენებზე, რომლებმაც უკვე ჩვენს სხეულში შემოაღწია

რა არის rPET და რატომ უნდა ვაწარმოოთ ის

ვინაიდან პოლიეთილენ-ტერეფტალატის (PET) ნარჩენი საზიანოა (არასტანდარტული მართვის გამო), მისი საწარმოო ციკლში დაბრუნება/მოხმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამით მცირდება როგორც თავად ნარჩენების მასა, ასევე მათი წარმოებისთვის საჭირო ბუნებრივი რესურსების მოხმარება. PET-ს რეციკლირების შემდეგ ვიღებთ ახალ მასალას, რომელსაც გადამუშავებული პოლიეთილენ-ტერეფტალატი ეწოდება — rPET.

ესაა აღდგენილი ნარჩენებისგან შექმნილი მატერია, რომელსაც ბიზნესი და მომხმარებლები მდგრადობის მიზნის მისაღწევად ხშირად იყენებენ. ამისთვის, პირველ რიგში, PET-ის შემცველი ბოთლები და შეფუთვები უნდა შეგროვდეს (დახარისხებულად), შემდეგ კი მათი გადამუშავების გზით ახალი პროდუქტები შეიქმნას. ამ მეთოდით საშუალება გვეძლევა, რომ გარემოს დაბინძურება ავიცილოთ თავიდან და ნაგავსაყრელები ზედმეტი ნარჩენებითაც არ გადავტვირთოთ.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 4.9 მილიარდი ტონა პლასტმასის ნარჩენები მიიღება. სტატისტიკას რომ მივყვეთ, მაგალითად, აშშ-ში ყოველ წელს 38 მილიარდი წყლის ბოთლი იყრება, დიდ ბრიტანეთში კი — 7.7 მილიარდი. ასეთი საგანგაშო მაჩვენებელი საჭიროს ხდის, რომ rPET-ის მსგავსი მეთოდები ფართოდ დაინერგოს.

მაშ, როგორ იქმნება rPET? პირველი ეტაპი მისი და სხვა, არაგადამუშავებადი ფრაქციების განცალკევებაა. შემდეგ მასალიდან სხვადასხვა დამაბინძურებელს აშორებენ და დარჩენილ მატერიას მცირე ზომის "ფანტელებად" ანაწევრებენ. ამ მასის გამოყენებით უკვე გადამუშავებული პლასტმასის შეფუთვის წარმოებაა შესაძლებელი.

ყველაზე ხშირად rPET-ით საკვებისა და სასმლის შეფუთვებს ამზადებენ, რადგან მისთვის ფორმის მიცემა მარტივია. ასეთი პროდუქტებია კონტეინერები, ლანგრები, თხელი გადასაკრავი ფირები და ბოთლები, რომლებიც გადამუშავებას ექვემდებარება. ასევე, შეიძლება პოლიესტერის წარმოება, რომელიც ტანსაცმლის ან აქსესუარების შედგენილობაშიც გვხვდება.

rPET-ის შექმნა, ახალი პლასტმასის დამზადებასთან შედარებით, მავნე აირების ნაკლებ ემისიასთან ასოცირდება; მცირდება ნარჩენებიც, წარმოების პროცესი კი ბევრად იაფი ჯდება. თავად ამგვარი პროდუქტები მსუბუქია, მარტივად ირეცხება და სიცივესა თუ სითბოს კარგად უძლებს.

საბოლოოდ, ამ ყველაფრით ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაცაა შესაძლებელი.

რა უნდა ვიცოდეთ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" კვლევის შესახებ

ფოტო: "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია"

ბევრი ქვეყნის მსგავსად, მყარი ნარჩენები და მათ შორის პლასტმასა საქართველოსთვისაც პრობლემურია. სწორედ ამიტომ, კერძო კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომელიც თბილისის მაგალითზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მორფოლოგიის შესწავლას გულისხმობს.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" ნარჩენების მართვის პროცესში აქტიურად არის ჩართული. ის შეფუთვის ნარჩენების მართვის სისტემის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტის სქემების შემოსატანად და პრაქტიკაში დასანერგად დაინტერესებულ მხარეებთან 2016 წლიდან მუშაობს.

მის მიერ დაგეგმილი პროექტი 10-თვიანია და მასში წამყვანი გერმანელი გარემოსდაცვითი სპეციალისტები იღებენ მონაწილეობას. პროექტის განსახორციელებლად კომპანია ადგილობრივ მწარმოებელ ორგანიზაცია Georgia Plus-თან (PRO) თანამშრომლობს. კვლევის აქტივობების უმეტესობას სწორედ ეს ორგანიზაცია შეასრულებს, მათ შორის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას.

პროექტს რამდენიმე მიზანი აქვს: დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების სისტემების აღწერა, ნარჩენების გადამამუშავებელი სიმძლავრეების შეფასება და მათი შესაძლებლობების გაუმჯობესების გზების ძიება, რათა მოხმარებული პლასტმასის ბოთლების შეგროვება/გადამუშავება ეფექტიანი და ნაკლებად ხარჯიანი გახდეს.

ფოტო: "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია"

ცნობილია, რომ საქართველომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ტექნიკური რეგლამენტი უკვე შეიმუშავა, რომელიც ნარჩენების 6 სხვადასხვა ნაკადს მოიცავს. ამის მიუხედავად, აქედან ძალაში მხოლოდ 4-ია შესული, 2 მათგანის -— მეორადი ავტომობილებისა და შესაფუთი ნარჩენების — რეგულაცია კი უკვე 6 წელზე მეტია, დამტკიცებას ელოდება.

პლასტმასის შესაფუთი მასალის ნარჩენი ღირებული მეორეული პროდუქტია, თუმცა მისი არასწორად მართვა გარემოზე მაინც ზემოქმედებს. ამის გამო პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ე.წ. ბოთლიყლაპია დანადგარების საჭირო რაოდენობა განისაზღვრება, რათა სამომავლოდ ბოთლები მაქსიმალურად შეგროვდეს და საწარმოო პროცესში დაბრუნდეს. ასევე, იგეგმება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება rPET-ისგან შედგენილი შესაფუთი მასალების ერთეულის წარმოების მოწყობის თაობაზე.

კვლევის საწყის ეტაპზე თბილისში არსებულ მყარი ნარჩენების მართვის სისტემას აღწერენ, ნარჩენებს შორის პლასტმასის წილის შესახებ მონაცემებს განაახლებენ და მათი დახარისხების პრაქტიკას შეისწავლიან. ამას დაემატება საქართველოში მოქმედი გადამამუშავებელი ობიექტების იდენტიფიცირება და პლასტმასის ნარჩენების ნაკადის (მაგალითად, საყოფაცხოვრებო და კომერციული ნარჩენები) ამჟამინდელი პრაქტიკის აღწერა. მორფოლოგიური კვლევით დეტალურად გააანალიზებენ, თუ როგორია ნარჩენების კომპონენტების (პლასტმასა, მეტალი, მუყაო/ქაღალდი, ცელოფანი, სამზარეულოსა და ბაღის ნარჩენი) წილი და რაოდენობა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.