რა არის ბრომატი და რამდენად აუცილებელია მისი 0%-იანი შემცველობა წყალში
ფოტო: წყალი "მთის"
ბუნებრივ წყალში გვხვდება არც ისე უწყინარი ნივთიერება, რომელსაც ბრომიდი ეწოდება. სასმელი წყლის სადეზინფექციო დამუშავებისას იგი ჟანგბადთან ერთიანდება და ბრომატს წარმოქმნის. ეს ნაერთი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევა, ამიტომ მისი 0%-იანი შემცველობა მნიშვნელოვანია და ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი სითხის ხარისხს განსაზღვრავს.
საქართველოში პირველი კომპანია, რომელმაც საზოგადოებას წყალში ბრომატის არსებობასა და მასთან ასოცირებული რისკების შესახებ ინფორმაცია გააცნო, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაა". მის პორტფელში რეგისტრირებული ფლაგმანი ბრენდი — წყალი "მთის" — გახდა საბაზრო პიონერი, რომელმაც მომხმარებელს 0%-იანი ბრომატის შემცველობის ნატურალური მინერალური წყალი შესთავაზა. ეს მსოფლიო ბრენდის მიერ უმაღლესი ხარისხისა და მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის მიმართ მიღებული სტანდარტის კიდევ ერთ დასტურად იქცა.
იმის გასაგებად, თუ რატომაა მსგავსი პრეცედენტი ასეთი მნიშვნელოვანი, ბრომატის თავისებურებები უნდა ვიცოდეთ: რა არის და როგორ მიიღება ეს ნაერთი, რა საშიშროებას უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას ის და როგორია მისი დასაშვები დონე წყალში?
ბრომიდიდან ბრომატამდე
BrO3- — ასეთია ბრომატის ქიმიური ფორმულა, რომელიც ბრომზე დაფუძნებული ჟანგბადიანი იონია. ის მაშინ წარმოიქმნება, როცა წყლის სადეზინფექციოდ გამოყენებული ოზონი ან ნებისმიერი სახის ოქსტიდანტი ბრომიდთან ურთიერთქმედებს. შედეგად იგი იჟანგება, ანუ ელექტრონები შორდება და სწორედ ასე მიიღება ბრომატი.
ბრომიდის ოდენობაზეა დამოკიდებული ის, თუ რა დონეს მიაღწევს სითხეში ბრომატის კონცენტრაცია — რაც უფრო მეტია პირველი, მით უფრო იზრდება მეორის შემცველობაც. ამაზე დეზინფექციური ნივთიერების მოცულობა, რეაქციების დრო და მჟავიანობის განმსაზღვრელი pH-იც ზემოქმედებს.
სასმელი წყლის დეზინფექცია აუცილებელია, რათა პოტენციური დაავადებების გამომწვევი მიზეზები აღმოიფხვრას. ამ პრაქტიკამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წყლით გავრცელებადი ინფექციების უმეტესობის რისკი საგრძნობლად შეამცირა; ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი წყლის ოზონირებაა, რომელიც წარმოების პროცესში გამოიყენება. ეს ისეთი მავნე პათოგენებისგან გვიცავს, როგორიც შეიძლება იყოს: ობი, სოკო, საზიანო მიკროორგანიზმები, ბაქტერიები და ვირუსები. ოზონი სითხიდან მეტალებისა და უჩვეულო გემოს, სუნის ან ფერის გამომწვევი ნივთიერებების მოშორებაშიც გვეხმარება.
მავნე მიკრობების გასანადგურებლად ძლიერ მჟანგავი ოზონი მიკროორგანიზმში აღწევს და მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს (დნმ, ცილები, ფერმენტები და რნმ) ჟანგავს. მიუხედავად ამ თვისებებისა, დეზინფექციის პროცესმა შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიფათო გვერდითი პროდუქტი წარმოქმნას. ხშირად ისინი დასუფთავების დროს ძნელად გასაუვნებელია და, არაა გამორიცხული, უფრო ტოქსიკურიც კი იყოს, ვიდრე საწყისი დამაბინძურებელი. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მეორეული პროდუქტია ბრომატი.
შეიძლება თუ არა, ბრომატი ნატურალურ მინერალურ წყალში არსებობდეს
მაშასადამე, ბრომატი წყალში ნებისმიერი ძლიერი ოქსიდანტის გამოყენების დროს შეიძლება წარმოიქმნას, მათ შორის ოზონირების შემთხვევაში. გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო ნაკლებია ოზონის დონე წარმოებისას, მით უფრო იკლებს ბრომატის შემცველობაც. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ბრომატი, როგორც მავნე ქიმიური ნივთიერება, მომწამვლელ კანცეროგენად აღიარა. ცნობისთვის, კანცეროგენები ისეთი ნივთიერებებია, რომელთაც ორგანიზმში მოხვედრისას სიმსივნის გამოწვევა შეუძლია.
რაც შეეხება სასმელი წყლის სისუფთავის სტანდარტს, ის დამაბინძურებლების მაქსიმალური დონით (MCLs) განისაზღვრება. ბრომატს დასაშვებ MCL-ად ისეთი ნიშნული დაუდგინდა, რომელიც ჯანმრთელობის სიმსივნური და არასიმსივნური პრობლემების რისკისგან ხანგრძლივ პერსპექტივაში გვიცავს. გათვალისწინებულია ისიც, რომ ამან მიკრობებთან ბრძოლას არ შეუშალოს ხელი, ამიტომ ოპტიმალური ზღვარია საჭირო.
წყალში ბრომატის შემცველობა მილიარდში ნაწილით (ppb) ან ლიტრში მილიგრამით (მგ/ლ) იზომება. ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ განსაზღვრულია, რომ სასმელ წყალში ბრომატის რაოდენობა 10 ppb-ს არ უნდა აღემატებოდეს; იგივე მაჩვენებელზე შეთანხმდნენ ევროკომისიაშიც.
საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ კი მთავრობის N26 დადგენილებით, სასმელ წყალში ბრომატის დონე 3 ppb-ს არ უნდა აღემატებოდეს — ეს ლიტრში 0.003 მილიგრამის ეკვივალენტურია. მეორე მხრივ, ნატურალურ მინერალურ წყალში ბრომატი საერთოდ არ უნდა იყოს. ამის მიუხედავად, სურსათის ეტიკეტირების წესში პროდუქტის შეფუთვაზე ბრომატის შემცველობის შესახებ ინფორმაციის დატანის ვალდებულება არ არის შეტანილი.
როდესაც ნატურალურ მინერალურ წყალზე ვსაუბრობთ, მისი ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებით, მწარმოებელს არ აქვს უფლება, რომ რაიმე სახით დეზინფექციის საშუალება გამოიყენოს. შესაბამისად, ნატურალურ მინერალურ წყალში ბრომატის შემცველობა დაუშვებელია.
რა საფრთხეს უქმნის ბრომატი ადამიანის ჯანმრთელობას
ჩვენს ორგანიზმში ბრომატის მოხვედრის უმთავრესი წყარო სწორედ წყალია. საფრთხილოა ყინულიცა და დაბინძურებულ წყალში მომზადებული საკვებიც. იგი აირად მდგომარეობაში მარტივად არ გადადის და კანშიც საკმაოდ მცირე კონცენტრაციით შეუძლია შეღწევა. შესაბამისად, ჰაერიდან ან რაიმესთან შეხებით (რეცხვა, აბაზანის მიღება და ა.შ.) მისი მავნე დოზებით შეთვისება თითქმის შეუძლებელია.
ბრომატი სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტშიცაა, მაგალითად, თმის პერმანენტული დახვევის საშუალებებსა და ზოგ ფქვილში, რომლებით მომზადებულ საკონდიტრო ნაწარმსაც ცხობისას უკეთეს ტექსტურას აძლევს. რამდენიმე ქვეყანაში (როგორიცაა ბრაზილია, კანადა, დიდი ბრიტანეთი) ამ მიზნით მისი გამოყენება აკრძალულია.
მაშინ, როცა მაღალი კონცენტრაციის მქონე ბრომატი ორგანიზმში ხვდება, სხვადასხვა პრობლემას იწვევს. ასეთია, მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანება, როგორიცაა თირკმელები და ღვიძლი. ასევე, ეს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც უარყოფითად აისახება; ვინაიდან ბრომატს კანცეროგენური თვისებები აქვს, ამგვარი ბუნების გამო ის კიბოს განვითარების რისკსაც ზრდის.
ბრომატის ტოქსიკურობის შესახებ მონაცემები ადამიანთა მოულოდნელი ან განზრახ მოწამვლების შემთხვევებიდან გვაქვს ისევე, როგორც ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან. მისი დიდი რაოდენობით მიღებისას ადამიანებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული სიმპტომებია დაფიქსირებული, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი.
იმ პირებში, ვინც განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციის ბრომატი მიიღო, თირკმელების დაზიანება, ნერვული სისტემის დარღვევები და ზოგჯერ სმენის დაკარგვაც გამოვლინდა. ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს დოზები რამდენიმე ათასჯერ აღემატებოდა იმ ოდენობას, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივი დოზის შემცველი სასმელი წყლიდან მიეღოთ.
ცხოველურ მოდელებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიდი დოზით ბრომატის ხანგრძლივი ზემოქმედება თირკმელებზე უარყოფითად მოქმედებს; მაღალი კონცენტრაციით მიღებამ თაგვებში კიბოს განვითარებაც გამოიწვია, თუმცა არის თუ არა ასეთივე მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადამიანებშიც, უცნობია.
ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ ადამიანს ბრომატთან ასოცირებული ზემოქმედებისადმი უფრო მაღალი მგრძნობელობა შეიძლება ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ, ვისაც თირკმელების დაავადება უკვე აქვს, ორსულია ან მეძუძური დედაა. რაც შეეხება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე გავლენას, არსებული მონაცემები შეზღუდულია, თუმცა სასმელ წყალში დაშვებულ დონეებთან მიახლოებული კონცენტრაცია ამ მხრივ უსაფრთხო უნდა იყოს.
ზემოთ ჩამოთვლილი რისკების თავიდან ასაცილებლად, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" ინიციატივით, წყალი "მთის" ბრომატის ნულოვან შემცველობას გვთავაზობს.
კომპანიამ ახალი, დამოუკიდებელი ქარხანა გახსნა, სადაც წყალი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური დანადგარების მეშვეობით იწარმოება. წყალი "მთის" ქარხანა საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, რაც "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" შესაძლებლობას აძლევს, უმაღლესი ხარისხის ნატურალური მინერალური წყალი აწარმოოს. საბოლოო ჯამში, ეს საშუალებას იძლევა, რომ წყალი "მთის" ეტიკეტზე თამამად იყოს მითითებული "ბრომატი 0%", რაც მას ქართულ ბაზარზე გამორჩეულ და უსაფრთხო პროდუქტად აქცევს.



კომენტარები