ხანგრძლივი შიმშილობა კიბოს არ შველის — რას ამბობს მეცნიერება შესაძლო რისკებზე
ფოტო: fizkes/Getty Images Pro/Canva
პერიოდულად სოციალურ მედიაში სიმსივნის "განკურნების" არატრადიციული მეთოდების შესახებ ინფორმაცია ვირუსულად ვრცელდება. ეს ხშირად სუპერსაკვებსა და სპეციალურ დიეტებს მოიცავს, რასაც ადამიანები შეცდომაში შეჰყავს.
მაგალითად, ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ 21-დღიან შიმშილობაზე, როცა ადამიანი მხოლოდ წყალს იღებს. ირწმუნებიან, რომ ამ გზით კიბოს უჯრედები გამოიფიტება და ორგანიზმი საკუთარ თავს გამოაჯანმრთელებს. რა თქმა უნდა, ეს ასე არაა, რადგან ბიოლოგია ასეთი მარტივი როდია. სიმსივნე სხეულში მიმდინარე ბევრ პროცესზე მოქმედებს, ჩვენი მეტაბოლიზმი კი ავადობისა და ჯანმრთელობის "რეჟიმებს" ამგვარად არ აკონტროლებს.
ცხადია, შიმშილობა უჯრედების მიერ ენერგიის მიღებაზე აისახება, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, რომ ეს სიმსივნეს რამენაირად ანადგურებს. სინამდვილეში, ეს დიდ რისკებს შეიცავს, რადგან ონკოლოგიური პაციენტების ორგანიზმი ისედაც დაუძლურებულია. კვლევებით ის ვიცით, რომ ინტერვალური შიმშილი ნაწლავებში ღეროვანი უჯრედების აქტიურობას დროებით აჩერებს, კვების დაწყების შემდეგ კი ძლიერი რეგენერაცია მიმდინარეობს. ამას ხელს უწყობს mTOR ფერმენტული მექანიზმი, რომელიც ცილების სინთეზსა და უჯრედთა სწრაფ ზრდას განაპირობებს.
რეგენერაცია ქსოვილებს გაჯანსაღებაში ეხმარება, თუმცა ეს საშიში მუტაციებისადმი მოწყვლადს გვხდის და, პირიქით, კიბოს ჩამოყალიბების რისკს აჩენს. შიმშილობის ეფექტზე ჩატარებულ კვლევათა უმეტესობა ხანმოკლე შიმშილზეა კონცენტრირებული, რომელიც 12-72 საათს გრძელდება. 21-დღის განმავლობაში მხოლოდ წყლის მიღება კი სერიოზულ პოტენციურ საფრთხეებს შეიცავს: დეჰიდრატაცია, ელექტროლიტური დისბალანსი, დაბალი წნევა, კუნთის მასის დაკარგვა და სხვა.
რაც შეეხება სიმსივნეს, ზოგჯერ ის არასაკმარისი საკვები ნივთიერებების მიღება-ათვისებას თავადაც იწვევს. შესაბამისად, თუ ამას შიმშილს დავურთავთ, შედეგად კახექსიას — მასის პათოლოგიურ კლებას — მივიღებთ. ასევე, ამ დროს იმუნური სისტემა ზიანდება და ინფიცირების შანსი იზრდება; ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ონკოპაციენტი ქიმიოთერაპიას გადის, რაც სათანადო კვებას მოითხოვს, რათა ორგანიზმმა გამართულად ფუნქციონირება შეძლოს და პრეპარატი კარგად გადაამუშაოს. გამოდის, რომ შიმშილობით თერაპიის ტოქსიკურობა შეიძლება გაიზარდოს, შედეგი დაყოვნდეს და გადაღლილობა გაძლიერდეს.
არსებობს კლინიკური კვლევები ქიმიოთერაპიამდე ხანმოკლე შიმშილსა და მისდაგვარ დიეტებზეც. ამის მიუხედავად, ეს შემთხვევები მედიკოების მიერ იმართება, 48 საათზე მცირე ხანს გრძელდება და უსაფრთხოების მხრივ დიდი ყურადღებით კონტროლდება. შიმშილი მეცნიერებისთვის იმითაა საინტერესო, რომ უძველეს გადარჩენის მექანიზმებს ააქტიურებს, მაგალითად, უჯრედთა მიერ დაზიანებული კომპონენტების მოშორება-გადამუშავებას. ამას შეუძლია, რომ ანთება შეამციროს და მეტაბოლური ჯანმრთელობა გააუმჯობესოს, რაც ცხოველებზე ჩატარებული ცდებით დასტურდება.
სიმსივნე, რა თქმა უნდა, საქმეს ბევრად ართულებს, რადგან მის უჯრედებს უდიდესი რესურსი აქვთ. მათ შიმშილთან ადაპტირება და ალტერნატიული წყაროს მოძიება შეუძლიათ, რითაც ზოგჯერ ჯანმრთელ უჯრედებზე უკეთ ახერხებენ გადარჩენას. საკვების დიდხნიანი ნაკლებობა იმუნურ უჯრედებსაც ასუსტებს, რომლებიც, წესით, კიბოს უნდა უტევდნენ. ამ ორმხრივობას 2024 წლის კვლევა ცხადყოფს.
საინტერესოა, რომ შიმშილის იდეა დეტოქსიფიკაციის მითს უკავშირდება, ანუ კვებისგან თავს შეკავებით სხეულის "წმენდას". რეალურად, ამ სამუშაოს ჩვენი ღვიძლი, ლიმფური სისტემა და თირკმელები ისედაც მუდმივად ასრულებს. ასევე, კიბო ტოქსინების დაგროვებით სულაც არაა გამოწვეული, რომელთა გამოდევნითაც დაავადება ასე უბრალოდ უკუიქცევა.
სიმსივნეს გენეტიკური ცვლილებები განაპირობებს, რის გამოც უჯრედები უკონტროლოდ იზრდება. შესაბამისად, "დეტოქსი" ამას ვერ უშველის (ყოველ შემთხვევაში, მტკიცებულება არ გვაქვს). კონტროლირებადი კვლებით ის დაადგინეს, რომ ხანმოკლე მეტაბოლური ცვლილებები ანთებასა და ინსულინთან დაკავშირებულ სიგნალებზე შეიძლება ზემოქმედებდეს და ამით ქრონიკული დაავადებების რისკ-ფაქტორები მცირდებოდეს, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებულ სიმსივნეს ეს ვერ გააქრობს.
მეტაბოლური კვლევების ინტერესის საგანია, შეიძლება თუ არა, რომ მიზანმიმართული კალორიული დეფიციტით სიმსივნური ქსოვილები უფრო მგრძნობიარე გავხადოთ ისე, რომ ჯანმრთელ უჯრედებს არ ვავნოთ. ცდების უმეტესობა ჯერ ადრეულ ფაზაშია და კვირების განმავლობაში ყველა ნუტრიენტის შეზღუდვას არცერთი მათგანი არ მოიაზრებს.
საბოლოოდ, ასეთი დაუდასტურებელი მეთოდები ძალიან მავნებელია და ონკოპაციენტებს ცრუ იმედს აძლევს, რომელიც მეცნიერული ფაქტებით გამყარებული არაა. უჯრედთა განახლების მხრივაც მტკიცებულებები მხოლოდ ცხოველთა მოდელებზე მოგვეპოვება და არა ადამიანებზე. ამის გამო თვითნებური "მკურნალობა" შეიძლება მძიმედ და ფატალურადაც კი დასრულდეს, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს.

კომენტარები