იურისტი ლევან ალაფიშვილის მოსაზრებით, "ქართულმა ოცნებამ" თავისი ინიციატივით, რომელიც რიგი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, შეიძლება "საკმაოდ სახიფათო ტენდენციას ჩაუყაროს საფუძველი და კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინოს", რადგან კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში მოდის.

კერძოდ კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მიიჩნევს დასაშვებად, "მოქალაქის გაწევრების უფლების ჩამორთმევასა და აკრძალვას არ უშვებს".

ლევან ალაფიშვილმა ჩვენთან საუბარში ოცნების ინიციატივის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის 2 მთავარ ასპექტზე ისაუბრა:

ლევან ალაფიშვილი, იურისტი: პირველი — არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილი იმსჯელოს კონკრეტული პარტიის წევრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, იმ წევრების რომლებიც არ არიან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები?

საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს და გადაწყვიტოს საკითხი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის შესახებ და დაადგინოს დარღვევა ამ პარტიის არჩეულ წარმომადგენელთა (პარლამენტში, საკრებულოში), უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და არა სხვა წევრების მიმართ. ამ წარმოდგენილი ინიციატივით, კონსტიტუციის განსაზღვრული ეს მკაცრი ჩარჩო წარმოდგენილია უფრო ფართოდ. მოქალაქის უფლება გაწევრიანდეს ამა თუ იმ პარტიაში არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის გადაწყვეტილების საგანი. კონსტიტუცია არ უშვებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების გაფართოებას კანონებით. კონსტიტუცია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები, რომელიც ჩამოთვლილია 64-ე მუხლში არის ამომწურავი. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება ახორციელებდეს სხვა უფლებამოსილებას, რომელიც ამავე კონსტიტუციითაა განსაზღვრული. პარტიაში გაწევრიანება, პარტიაში წევრობის უფლება მოქალაქისა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მსჯელობის საგანი არ არის და აქ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა აშკარაა.

მოქალაქის უფლება გაწევრიანდეს ამა თუ იმ პარტიაში არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის გადაწყვეტილების საგანი.

მოქალაქის უფლება გაწევრიანდეს ამა თუ იმ პარტიაში არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის გადაწყვეტილების საგანი"

მეორე არის უფლების შეზღუდვის საკითხი. რეალურად ამ ინიციატივით პარტიაში წევრობის უფლების ჩამორთმევა ხდება. თითოეულ მოქალაქეს მოგვანიჭა კონსტიტუციამ უფლებები, მათ შორისაა უფლება გავწევრიანდეთ, ან შევქმნათ პოლიტიკური პარტია. მაგრამ კონსტიტუცია უშვებს ამ უფლების შეზღუდვას, თუკი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება, დანაშაული ჩავიდინეთ, ოღონდ სასამართლო კონტროლით და გარკვეული ვადით. ან თავად კონსტიტუცია უნდა გვიზღუდავდეს ამ უფლებას.

ამ ორი წინააღმდეგობის გარდა, "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივაში სხვა რა "ხარვეზს" ხედავთ?

ამ 2 წინააღმდეგობის გარდა, პრობლემურია "დაკავშირებული პირის" ცნება. ვინ არის "დაკავშირებული პირი?" მაგალითად, მე ვარ ინიციატორთა მოაზრებული პირი, რომელსაც შეიძლება შეეზღუდოს პარტიული საქმიანობა და პარტიაში გაწევრიანება, ჩემი 10 წლის შვილი, ჩემთან დაკავშირებული პირია? რა თქმა უნდა, არის. რა გამოდის — მცირეწლოვან შვილს სამუდამო სასჯელს უწესებს ამ კანონპროექტის ინიციატორი. 18 წლის კი გახდება, მაგრამ ისე, რომ მას ბრალი არაფერში მიუძღვის, მისი თანატოლებისგან განსხვავებით, არ ექნება პარტიაში გაწევრიანების და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება.

ინიციატორებს არ აქვთ მაგალითი — რომელ ქვეყანაში მოქმედებს ამგვარი რამ, კარგი იქნებოდა წარმოადგინონ. არ არსებობს ასეთ რამ და იმიტომ ვერ წარმოადგინეს. ხომ ამბობენ, რომ კონსტიტუციურია? გადაუგზავნონ ვენეციის კომისიას, ეუთოს გადაუგზავნონ, სხვა საერთაშორისო ავტორიტეტულ, არაპოლიტიკურ და პოლიტიკურად ნეიტრალურ პროფესიულ ინსტიტუტებს, ვისაც უნდათ. რატომ ეშინიათ? იქიდან თუ მოვა დადებით დასკვნა, მეც, საზოგადოების ყველა წევრი, რომელიც წუხს ამ ყველაფერზე, მოვიხდით ბოდიშს და გავითვალისწინებთ სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში.

თქვენ თქვით, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რაღაც კონკრეტული დანაშაული, რომ აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა. ალბათ "ქართული ოცნება" თვლის, რომ ამ დანაშაულების მტკიცებულებად "ოცნების" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 600-გვერდიანი დასკვნა აქვს.

იქ იცით, რომ საერთოდ კონკრეტული პირების ქმედებებზე და დანაშაულებზე არაა საქმე და იქ მითითებაა, რომ პროკურატურამ ფაქტები გამოიძიოს. იქ ჩვენებებია თავმოყრილი. ეს არსებითად ჩვენებაც არაა. ეს კლასიკური გაგებით სისხლის სამართლის გამოძიება არაა, ეს არის პოლიტიკური გამოძიება.

ეს კლასიკური გაგებით სისხლის სამართლის გამოძიება არაა, ეს არის პოლიტიკური გამოძიება"

ანუ იურიდიული ძალა ამ 600-გვერდიან დასკვნას არ აქვს.

არა, ვერ ექნება, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოშიც ვერ ექნება იურიდიული ძალა. ამ კომისიის დასკვნას ვერ ექნება რაიმე მნიშვნელოვანი წონადი სამართლებრივი საფუძველი. წონა მას აქვს, რაც კი რამე ქაღალდი იყო შეკრეს, რომ ბევრი გამოსულიყო და წონა რომ ჰქონოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს არგუმენტების წონადობას.

რაკი საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუძლია ცალკეულ მოქალაქეებს აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა, "ქართული ოცნება" როგორ გეგმავს ამ კანონის მიღებას?

საკმაოდ სახიფათო ტენდენციას შეიძლება ჩაუყარონ საფუძველი. ეს ინიციატივა რას ნიშნავს? ერთ მხარეს დარჩეს კონსტიტუციური დემოკრატიული მმართველობა და რეალობა, დემოკრატიული სტანდარტები ქაღალდზე დაწერილი და მეორე მხარეს ე.წ. არალეგიტიმური და გაუმჭვირვალე დაჩქარებული პროცესები მიღებული რაღაც ქაღალდი, სახელად კანონს რომ დააწერენ, იმით შექმნაა რეალობა. ანუ კონსტიტუციურ ფარგლებს გასცდნენ. კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინონ.

და არაკონსტიტუციური კანონი მიიღონ?

კი, ბატონო, ზუსტად. მე ამას სამართლებრივად კონსტიტუციურ გადატრიალებას ვუწოდებ, როცა მმართველ პოლიტიკურ ძალას აღარ რგებს, აღარ აკმაყოფილებს კონსტიტუცია და გადის მის ფარგლებს გარეთ.

მე ამას სამართლებრივად კონსტიტუციურ გადატრიალებას ვუწოდებ"

ზოგადად, სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით როგორ შეიძლება აეკრძალოს კონკრეტულ პოლიტიკოსს პოლიტიკური საქმიანობა?

მას შემდეგ, რაც, პირობითად, ძალადობრივი პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ იგი გასცდა კონსტიტუციურ ფარგლებს და გამოცხადდება მისი საქმიანობა ანტიკონსტიტუციურად და მისი პარტიის წევრებს პარლამენტში და საკრებულოში შეუწყდებათ უფლებამოსილება, ამის შემდეგ რა შეიძლება იყოს, ეს ძალიან თეორიული დაშვებაა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში აქვს ანალოგი. ამის შემდეგ შესაძლებელია პროცესის სამართლებრივი გაგრძელება. კერძოდ, გამოძიებები კონკრეტული ქმედებების და ამ ქმედებების ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობების შესახებ და არა პარტიის ყველა წევრის მიმართ. შესაბამისად, გამოძიების დასრულების შემდეგ, ეს საქმე წარიმართება სასამართლოში, საერთო სასამართლოებში და სასამართლო მსჯელობს ამ ქმედების შესახებ, მისი კანონიერების შესახებ. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების თუ მითითებების გათვალისწინებით და იქვე აიდენტიფიცირებს — ამ პირმა ჩაიდინა თუ არა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება. თუკი ასეთს დაადგენს, ბუნებრივია, ის ადამიანი ბრალდებულად იქნება ცნობილი და დამთავრდა ამით. მერე გასაჩივრების უფლება ამ ადამიანს აქვს.

რა მოლოდინი გაქვთ, მიიღებს "ოცნება" პარტიების აკრძალვის კანონს?

კვორუმი ე.წ. პულტები კი აქვთ, ერთპარტიული პარლამენტია და შეუძლიათ ფორმალური სათაურით, ფორმალური გაგებით, კანონი მიიღონ, მაგრამ ის კანონი კანონი ხომ არ არის, თუ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა? მათ შეუძლიათ მიიღონ პარტიული დოკუმენტი პარტიული ანგარიშსწორებისთვის.


ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 15 ოქტომბერს "პირველი არხის" ეთერში განაცხადა, რომ პარტიების ჩამონათვალი, რომელთა აკრძალვაც საკონსტიტუციო სასამართლოს ძალით სურთ, მცირე პარტიების ჩათვლით, შეიძლება ათამდე იყოს.

ასაკრძალი პარტიების სიის შედგენის პრინციპი, მისი თქმით, ასეთია: პირველი — "პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს. აქ იგულისხმება "ნაცმოძრაობა", "ახალი" და რამდენიმე მცირე პარტია". მეორე კრიტერიუმია — "ვინც ამ სისხლიან პარტიასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში".

რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკოსების სიას, რომელთა აკრძალვასაც "ქართული ოცნება" აპირებს, კობახიძემ განაცხადა, რომ "სია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, როდესაც სარჩელი ოფიციალურად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში".