ალბერტ აინშტაინი ფოტოელექტრული ეფექტის შესახებ ნაშრომისთვის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი და ფარდობითობის ზოგადი და სპეციალური თეორიების ავტორია, რომელმაც ერთხელ თქვა: "ის გადამეტებული პატივისცემა, რომელსაც ჩემი ცხოვრებისეული ნაშრომის მიმართ იჩენენ თავს ძალიან უხერხულად მაგრძნობინებს. იძულებული ვარ, რომ უნებლიედ თავი თაღლითად წარმოვიდგინო".

მისი უდიდესი მიღწევების გათვალისწინებით იგი შესაძლოა თვითმარქვიას სინდრომს განიცდიდა — ესაა იმის შინაგანი რწმენა, რომ იმდენად განათლებული, კომპეტენტური თუ შესაფერისი არ ხარ, რამდენადაც ეს სხვებს სჯერათ.

ფოტო: Mauricio Duenas Castaneda/EPA, via Shutterstock

საინტერესოა, რომ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიზიკოსი ასე გრძნობდა თავს, მაგრამ ნობელის პრემიის ლაურეატების უმეტესობა საკუთარი მიღწევების აღიარებას ანალოგიურად არ შეხვედრია. სინამდვილეში, არსებობს ტერმინი "ნობელის დაავადება", იგივე ნობელიტი, რომელიც იმ უცნაურ და არამეცნიერულ შეხედულებებს აღწერს, რომლებიც ნობელიანტებში პრემიის მოპოვების შემდეგ განვითარდა.

არსებობს ნობელის პრემიის ლაურეატების გასაოცრად გრძელი სია, რომლებმაც ჯილდოს მოპოვების შემდეგ ფსევდომეცნიერული შეხედულებები გამოხატეს და როგორც წესი, საკუთარ ექსპერტიზის სფეროს გასცდნენ. მათ შორის არიან თავიანთ სფეროში აღიარებული მეცნიერები, რომლებიც შემდგომში ფსიქიკური კვლევებითა და ექსტრასენსორული აღქმებით დაინტერესდნენ.

წიგნის "კრიტიკული აზროვნება ფსიქოლოგიაში" ერთ-ერთ თავში მკვლევრებმა მრავალი ასეთი შემთხვევა განიხილეს. ავტორები წერენ, რომ ზოგიერთმა მეცნიერმა შედარებით ჩვეულებრივი ფსევდომეცნიერული თეორიები შეიმუშავეს, რომლებიც მართალია მცდარი იყო, მაგრამ არა კატასტროფული. მაგალითად შეგვიძლია ჯეიმს უოტსონის ფართოდ გაბათილებული რწმენები მოვიყვანოთ რასისა და ინტელექტის შესახებ.

ამის მიუხედავად, ბევრი ნობელიანტი უფრო საინტერესო და რადიკალური შეხედულებების გავლენის ქვეშ მოექცა. მაგალითად, პიერ კიურიმ ნობელის პრემიის მოპოვების შემდეგ მედიუმების სეანსებში მონაწილეობა დაიწყო და სჯეროდა, რომ პარანორმალური მოვლენების გამოკვლევა მაგნეტიზმის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარებოდა. ჯოზეფ ტომსონს, რომელმაც იგივე პრიზი ელექტრონის აღმოჩენისთვის მოიგო, ფსიქიკური ფენომენების მიმართ მსგავსი ინტერესი განუვითარდა და 34 წლის განმავლობაში ფსიქიკური კვლევების საზოგადოების წევრი იყო.

ფოტო: Nobel Media/Nanaka Adachi

შარლ რიშემ ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში 1913 წელს მოიპოვა. მას სჯეროდა, რომ არსებობს ნივთიერება ექტოპლაზმა, რომლის ორგანიზმიდან განდევნაც მედიუმებს სეანსების დროს შეეძლოთ.

კიდევ უფრო საინტერესოა დოქტორი კერი მულისის შემთხვევაა, რომელმაც ნობელის პრემია ქიმიის დარგში 1993 წელს მოიპოვა. ამის შემდეგ მან კლიმატის ცვლილებისა და შიდსის შესახებ საკმაოდ საკამათო შეხედულებები გამოხატა. გარდა ამისა, იგი ამტკიცებდა, რომ მბზინავი მოლაპარაკე ენოტი დაინახა.

მისი თქმით, შუაღამისას კალიფორნიის ჩრდილოეთ ტყეებში მდებარე ქოხში მწვანედ მბზინავი ენოტი შეხვდა, რომელიც ნარინჯისფერი მოტოციკლით მოძრაობდა. ერთხელ ისიც კი განაცხადა, რომ ზუსტად შუაღამისას ენოტი მომღერალ დელფინად გადაიქცა.

საინტერესოა, თუ რატომ არის ასეთი ხშირი ფსევდომეცნიერული შეხედულებები ნობელის პრემიის ლაურეატებში? სამწუხაროდ ზუსტი პასუხი არ ვიცით. ზოგიერთი მეცნიერი აცხადებს, რომ ეს მოვლენა ნაწილობრივ შეიძლება საზოგადოებისა და მედიის მხრიდან ზეწოლით აიხსნას. ხშირად პრემიის მოპოვების შემდეგ ისინი ლაურეატებს თავიანთი ექსპერტიზის სფეროს დატოვებისკენ უბიძგებენ.

"მოულოდნელად ბევრი ადამიანის თვალში თითქმის ყველაფერზე მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი გავხდი. ეს შოკისმომგვრელი იყო. თქვენ დაგატყდებათ მოთხოვნები, რომ გააკეთოთ კომენტარები უამრავ განსხვავებულ საკითხზე, ხელი მოაწეროთ წერილებსა და პეტიციებს და ზოგადად თქვენი სახელი საზოგადო საქმეებს დაუთმოთ. ეცადეთ, რომ თქვენს სპეციალიზებულ ცოდნას ძალიან არ გასცდეთ", — განმარტავს ნერსი თავის წერილში, სადაც სხვა ლაურეატებს რჩევებს აძლევდა.

ფოტო: UNESCO

ნობელიტის ფენომენის უკან არსებული ზუსტი მექანიზმის დადგენა რთულია, მაგრამ მკვლევრები რამდენიმე შესაძლო მიზეზს ასახელებენ. ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება გადაჭარბებული თავდაჯერებულობა, ანუ ჰუბრისი. ნობელის პრემიის მოგება მეცნიერებს შეიძლება თავის გენიალურობის შეგრძნებისკენ უბიძგებდეს, რომელიც იმ სფეროებზეც ვრცელდება, რომლებშიც ისინი კომპეტენტურები არ არიან. მათ შეიძლება იფიქრონ, რომ თუ ერთ დარგში ჭეშმარიტების დადგენა შეძლეს, სხვა საკითხებშიც მარტივად იზამენ იგივეს, თუნდაც მკაცრი სამეცნიერო მეთოდების გვერდის ავლით.

გარდა ამისა, ამ ფენომენის ნაწილობრივ ახსნა ექსცენტრიკული პიროვნული თვისებებითაც შეიძლება. არსებობს ვარაუდი, რომ დიდ მეცნიერულ გარღვევებს განსხვავებული აზროვნება სჭირდება, რომელიც, თავის მხრივ, მოგვიანებით შეიძლება ფსევდომეცნიერულ ინტერესებშიც გამოვლინდეს.

ნობელიტების ეს უცნაური ქცევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამეცნიერო ავტორიტეტი კონკრეტული სფეროთი შემოიფარგლება და ნობელის პრემია შეცდომებისგან ან ცრურწმენებისგან არ იცავს. საბოლოო ჯამში, მეცნიერება არა ავტორიტეტს, არამედ მტკიცებულებებსა და მეთოდოლოგიის სიძლიერეს ეყრდნობა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.