მუმიფიკაციის პროცესი ძველი ეგვიპტელების ცხოვრების ყველაზე ხშირად განხილვადი მხარეა. ეს მრავალსაფეხურიანი რიტუალია, რომლის ბოლომდე გაგებაც დღემდე გვიძნელდება. რთულია, ჩავწვდეთ ათასობით წლის წინ მცხოვრები ხალხის აზროვნებას, როცა 21-ე საუკუნის კულტურული ნორმებით ვართ დატვირთული.

მუმიფიკაციის შესახებ უმეტესობას სკოლაში ერთხელ მაინც გვსმენია. ამ პროცესის დროს მკვდრისგან ორგანოებს იღებდნენ, შემდეგ სხეულს მარილით ამუშავებდნენ და ფრთხილად ახვევდნენ. მიუხედავად ამისა, ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. მუმიფიკაციის ზოგი ნაბიჯი ძველ ტექსტებშია ნახსენები, თუმცა მათი ბოლომდე ახსნა მკითხველის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული.

ბოლო წლების აღმოჩენებით ვიცით, რომ მუმიფიკაციაში გამოყენებული მალამოებისა და ზეთების ნაწილი შორეული ქვეყნებიდან ჩამოჰქონდათ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ეგვიპტელებისთვის ამ რიტუალის მნიშვნელობამ უძველესი გლობალური სავაჭრო ქსელის განვითარებას შეუწყო ხელი.

ერთ-ერთი სახელმძღვანელოს მიხედვით, მუმიფიკაცია 70 დღე გრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, ეს პროცესი ყველასთვის ერთნაირად არ მიმდინარეობდა.

"მუმიფიკაციის წესები იმაზე განსხვავებული იყო, ვიდრე დღეს გვგონია", — ამბობს ლივერპულის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგი დოქტორი კემპბელ პრაისი — "ხშირად სხეულიდან შინაგან ორგანოებს ნაწილობრივ ან მთლიანად კვეთდნენ, ტვინს კი ნესტოების მეშვეობით იღებდნენ. მთავარი სხეულის გამოშიგვნა და გაშრობა იყო".

ფოტო: Egypt Tours Portal

"სხეული ძირითადად სითხისგან შედგება. მის გამოსაშრობად ნატრიუმის ჟანგს იყენებდნენ, რომელიც დაახლოებით 40 დღე რჩებოდა ტანზე. შემდეგი ეტაპი სხეულზე ზეთებისა და ფისის წასმა იყო, რათა ის სურნელოვანი და გამძლე გამხდარიყო", — განმარტავს პრაისი.

მუმიფიკაციის წყალობით ძველი ეგვიპტური ნეშტების შესწავლა დღესაც შეგვიძლია. მიუხედავად ამისა, ამას ხშირად ცხედრის შენარჩუნების მცდელობაში ურევენ. ეს პროცესი რეალურად სხვა მიზანს ემსახურებოდა.

"მუმიფიკაციის რიტუალის მიზანი სხეულის გარდაქმნა იყო და არა მისი შენარჩუნება", — ამბობს კემპბელი — "ეს პროცესი მხოლოდ შეძლებულებს ეხებოდათ. ფარაონების პერიოდში უმეტესწილად მაღალი ფენის წარმომადგენლებს უტარებდნენ მუმიფიკაციას. ამ გზით სხეულს ხრწნადი, ლპობადი ბიოლოგიური მატერიისგან რაღაც ისეთად გარდასახავდნენ, რაც მარადიული იყო — ღვთაება".

როგორც კემპბელი აღნიშნავს, მუმიფიკაციის მთავარი ეტაპი გაშრობაა. ხოლო თვალი — ტენიანი, წყლით სავსე და ძალიან ნაზი ორგანო — ასეთ პირობებს ვერ უძლებს.

ფოტო: Jordan Times

"თუ სხეულს გამომშრობი ნივთიერება ესხმება, ის ყველა სითხეს შლის. ეს ეხება თვალებსაც, რომლებიც ძირითადად წყლისგან შედგება, ისევე როგორც სხეულის სხვა ნაწილები. ამიტომ თვალები უბრალოდ შრება და ბუდის უკანა ნაწილში იწევს. ეგვიპტელები არ ცდილობენ მის შენარჩუნებას, რადგან მათი მიზანი არა გვამის შენახვა, არამედ მისი გარდაქმნაა", — ამბობს ეგვიპტოლოგი.

რეალურად, ეგვიპტელები სხეულს ღვთაებრივ ქანდაკებად აქცევდნენ. ეს ჩვენთვის რთულად მისაღებია, რადგან გვინდა, მკვდრები ადამიანებად დავინახოთ და არა ობიექტებად. ძველი ეგვიპტის მტკიცებულებები გვაჩვენებს, რომ ისინი ნეშტებს ძლიერ ობიექტებად მიიჩნევდნენ.

ზუსტად ამიტომ არ ცდილობდნენ ეგვიპტელები თვალების შენარჩუნებას. მათი მიზანი ქანდაკების მსგავსი გამოსახულების შექმნა იყო. ისინი ზოგჯერ იმაზე ზრუნავდნენ, რომ სახის ფორმა, მათ შორის თვალების ბუდე, შეენარჩუნებინათ.

"ზოგ შემთხვევაში სპეციალური ჩარევებიც ფიქსირდება", — ამბობს პრაისი — "ძვ.წ. 1100 წელს მცხოვრები ფარაონის, რამსეს IV-ის მუმიის გახსნისას თვალების ბუდეებში ხახვები იპოვეს. ამით ისინი სახის ფორმის შენარჩუნებას ცდილობდნენ. უფრო გვიანდელ მაგალითებში ქვისგან დამზადებული თეთრი და შავი თვალებიც გვხვდება".

წაიკითხეთ: ძველი ეგვიპტის ისტორია — დინასტიები, რელიგიები და დამწერლობა

"როგორც ვხედავთ, ეგვიპტელები სხეულს ღვთაებრივ ქანდაკებად გარდაქმნიდნენ. ჩვენთვის ეს უცნაურია, რადგან გვირჩევნია, მკვდრები ისევ ადამიანებად დავინახოთ. ქანდაკებები ღვთაებების მატერიალიზაციის გზად მიიჩნეოდა და მუმიფიცირებული სხეულით ზუსტად მას ქმნიდნენ", — დაასკვნა მეცნიერმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.