სუვერენიტეტის კარგვა თუ გაძლიერება — ევროკავშირის ეფექტი 3 პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე
საბჭოთა კავშირის დაშლა და ახალი სამყარო
როდესაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, მისი შემადგენელი რესპუბლიკები დამოუკიდებლები გახდნენ. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია ის, რომ სახელმწიფოსთვის სუვერენიტეტის გარანტიას მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებლობა არ იძლევა. დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, ნამდვილი სუვერენიტეტი ნიშნავს ინსტიტუციური სტრუქტურის, ეკონომიკური მდგრადობისა და გეოპოლიტიკური ალიანსების ქონას სუვერენული არჩევნის გასაკეთებლად და აღსასრულებლად. და მაინც, ეს ერთგვარი პარადოქსია. ნებისმიერს გაუჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება სახელმწიფო ალიანსში იყოს გაწევრიანებული ისე, რომ სუვერენიტეტი არ შეეზღუდოს საქართველოსთვის ყველაზე საინტერესო თემას რომ შევეხოთ, ზემოაღნიშნული კითხვა შესაძლოა ასე ჟღერდეს: შესაძლებელია თუ არა, ევროკავშირში გაწევრიანებამ გააძლიეროს ქვეყნის სუვერენიტეტი, ან პირიქით, შეასუსტოს იგი?
აუცილებელია თავად სუვერენიტეტის ცნება სწორად განვსაზღვროთ. ტრადიციულად, სუვერენიტეტი ნიშნავს აბსოლუტურ ავტორიტეტს ქვეყნის საზღვრებში — გარე ჩარევის გარეშე სრულ ავტონომიას. თუმცა, დღევანდელი რეალობა განსხვავებულ სურათს გვთავაზობს. სუვერენიტეტი ახლა უფრო მეტად ასახავს სახელმწიფოს ეფექტურად მართვის და სტრატეგიული ინტერესების დაცვის უნარს. გლობალიზებულ სამყაროში, რომელიც პანდემიებით, სახელმწიფოების ურთიერთდამოკიდებულებითა და გეოპოლიტიკური ტურბულენტობითაა სავსე, სუვერენიტეტი ყველაზე მეტად სახელმწიფო ინსტიტუტებს ეყრდნობა.
ე.წ. გაზიარებული სუვერენიტეტი — რაც ევროკავშირშია გავრცელებული — სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს გააერთიანონ გარკვეული უფლებამოსილებები (მაგ., სავაჭრო პოლიტიკა, სასამართლო სტანდარტები) და ამავდროულად შეინარჩუნონ თავიანთი არსებითი იდენტობა. ევროკავშირი მოქმედებს როგორც ნორმატიული ძალა, ხელს უწყობს შიდა რეფორმებს, უზრუნველყოფს ეკონომიკურ სარგებელს და აძლიერებს სახელმწიფოების უსაფრთხოებას ალიანსების მეშვეობით.
აღნიშნულ სტატიაში განვიხილავთ სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას და ევროკავშირის გავლენას მათ სუვერენიტეტზე.
ლიეტუვა — პოლიტიკურ-ეკონომიკური სუვერენიტეტის აღდგენა
ლიეტუვა პირველი საბჭოთა რესპუბლიკა აღმოჩნდა, რომელმაც დამოუკიდებლობის აღდგენა 1990 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ქვეყნის მიზანი თავიდანვე ნათელი იყო: მოსკოვის გავლენისგან თავის სამუდამოდ დაღწევა. ევროპულ სტრუქტურებში მტკიცე დამკვიდრების სურვილი კი ნათლად აისახა 2003 წლის ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმში, სადაც ლიეტუველთა 90%-ზე მეტმა ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ გადაწყვეტილებამ ხაზი გაუსვა მოსახლეობის ღრმა ერთგულებას დასავლეთის მიმართ.

Our Future Is Independent Lithuania
ფოტო: Romualdas Jurgaitis
ლიეტუვას გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რუსეთთან და ბელორუსთან საზღვარმა, მისი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ეგზისტენციალურ აუცილებლობად აქცია. ევროკავშირის წევრობამ ფუნდამენტურად შეცვალა მისი უსაფრთხოების ლანდშაფტი, უზრუნველყო ძლიერი კოლექტიური თავდაცვა და დიპლომატიური მხარდაჭერა, რაც აუცილებელია გარე ზეწოლის წინააღმდეგ გასამკლავებლად. დღეს ლიეტუვა ევროკავშირში წევრობას არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად, არამედ რეგიონული უსაფრთხოებისა და დემოკრატიული მდგრადობისთვის იყენებს. ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანი ხმაა ევროკავშირის დებატებში რუსეთის სანქციების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და კოლექტიური თავდაცვის შესახებ, ვინაიდან იგი ეყრდნობა საკუთარ წარსულ გამოცდილებას. ევროკავშირთან სუვერენიტეტის გაზიარებით, ლიეტუვამ გაძლიერებული დიპლომატიური წონა და საკუთარი ინტერესების ევროპულ და გლობალურ ასპარეზზე ეფექტურად პროეცირების შესაძლებლობა მოიპოვა.
ევროკავშირში გაწევრიანებამ ლიეტუვის ინსტიტუტებიც ნაწილობრივ შეცვალა. კანონები, სასამართლოები და ბაზრები ზედმიწევნით შეუსაბამეს ევროკავშირის სტანდარტებს, რამაც ქვეყანას ადამიანების უფლებების დასაცავად და ინვესტიციების მოსაზიდად უფრო ძლიერი ბერკეტები მისცა. ამ პროცესმა, ლიბერალური დემოკრატიული ნორმების ღრმად დამკვიდრებამ, ლიეტუვის საზოგადოებისა და მისი პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი, რაც საბჭოთა წარსულისგან საბოლოო დაშორებას ნიშნავდა. კანონის უზენაესობის ინსტიტუციონალიზაციამ, საჯარო ადმინისტრირებაში გამჭვირვალობის გაზრდამ და ინდივიდუალური უფლებების გაძლიერებულმა დაცვამ უზრუნველყო ლიეტუვის მმართველობის მიერ ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპების ასახვა. ქვეყნის მტკიცე ერთგულებამ ამ რეფორმების მიმართ გააძლიერა მისი შიდა სუვერენიტეტი და შექმნა სტაბილური პოლიტიკური გარემო.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ლიეტუვის ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე თვალსაჩინო წარმატება, ალბათ, ენერგეტიკული სუვერენიტეტი იყო. ათწლეულების განმავლობაში ლიეტუვა რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული – რომელსაც მოსკოვი ხშირად იყენებდა პოლიტიკური ბერკეტებისთვის. ევროკავშირის მხარდაჭერით, ლიეტუვამ თავისი ენერგორესურსების დივერსიფიკაციის ამბიციური სტრატეგია წამოიწყო. ეს მოიცავდა კლაიპედას თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დასრულდა 2014 წელს, რაც უზრუნველყოფდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ალტერნატიულ გაზმომარაგებას. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ლიეტუვა 2022 წელს პოლონეთს დაუკავშირდა პოლონეთ-ლიეტუვას გაზის დამაკავშირებელი მილსადენის (GIPL) მეშვეობით. ამ სტრატეგიულმა ინვესტიციებმა, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებითა და პოლიტიკური მხარდაჭერით იყო წამოწყებული, შედეგიც მალევე გამოიღო. 2022 წლის აპრილისთვის ლიეტუვამ გამოაცხადა, რომ შეაჩერა რუსული გაზის იმპორტი და გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც სრულად შეამცირა სხვა ქვეყანაზე დამოკიდებულება. ეს ნაბიჯი ეკონომიკური და პოლიტიკური ავტონომიის ძლიერი და თვალსაჩინო მაგალითი იყო.
ეკონომიკურად, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა სახელმწიფოს. ლიეტუვას მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც 2004 წელს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 50%-ს შეადგენდა, 2022 წლისთვის 90%-ზე მეტს აღწევს. ინფრასტრუქტურა, განათლება და ციფრული სისტემები მოდერნიზებული იქნა ევროკავშირის სახსრებით, რამაც ხელი შეუწყო მშპ-ს სწრაფ ზრდას და გაზარდა ქვეყნის საერთო ეკონომიკური მდგრადობა. ამ ყოვლისმომცველმა ეკონომიკურმა ტრანსფორმაციამ, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით შესრულდა, განამტკიცა ლიეტუვას ეკონომიკური დამოუკიდებლობა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობა.
ლატვია — სტაბილურობის მოპოვება ინტეგრაციის გზით
ლატვიის 1991 წლის შემდგომი პერიოდი აღინიშნებოდა შიდა დაპირისპირებებით. რუსულენოვანი უმცირესობის დიდი რაოდენობითა და მყიფე ინსტიტუტებით, ლატვია იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების საკითხის წინაშე იდგა. ევროკავშირში წევრობის სურვილი, რომელიც 2003 წლის რეფერენდუმში 52,3%-ით დამტკიცდა, სტაბილურობის, ინტეგრაციისა და მისი ახლადშექმნილი დამოუკიდებლობის კონსოლიდაციის ერთგვარ ჩარჩოს ქმნიდა.

ფოტო: FEPS
ლიეტუვას მსგავსად, ლატვიის უმთავრესი გეოპოლიტიკური იმპერატივი რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევა იყო. ევროკავშირში წევრობა სახელმწიფოს ძლიერ დასავლურ საყრდენს სთავაზობდა, რაც მის ნატოში გაწევრიანებასაც შეუწყობდა ხელს. ორმაგმა ინტეგრაციამ ფუნდამენტურად შეცვალა ლატვიის უსაფრთხება, უზრუნველყო კოლექტიური თავდაცვის ქოლგა, რამაც ის მოსკოვის ზეწოლის მიმართ უფრო დაცული გახადა. ევროკავშირის ფარგლებში, ლატვია მუდმივად უჭერს მხარს აღმოსავლეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით ძლიერ ევროპულ პოზიციას და საჭიროების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხმამაღალი მომხრეა. სახელმწიფოს შესაძლებლობები, რომლებიც ევროკავშირმა გააძლიერა, საშუალებას აძლევს მას პირდაპირი გავლენა მოახდინოს ისეთ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ლატვიასთვის საკმაოდ რთულ რეფორმებს უკავშირდებოდა, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასთან, საჯარო ადმინისტრირებასთან და უმცირესობათა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა ლატვიას მოუწოდა, მოეგვარებინა რუსულენოვანი უმცირესობის დიდი ნაწილის მოქალაქეობის არქონის პრობლემა და წაახალისა ნატურალიზაციის პროცესები. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები შიდა სივრცეში საკმაოდ მგრძნობიარედ აღიქმებოდა, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ სტიმული მისცა რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინკლუზიურობის გაძლიერებას, რაც შიდა სუვერენიტეტის ფუნდამენტური ასპექტებია. ამ რეფორმებმა, მიუხედავად იმისა, რომ მათი გატარება ყოველთვის ადვილი არ იყო, ხელი შეუწყო მგრძნობიარე საკითხების დეპოლიტიზებას და მდგრადი, ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შექმნას, კორუფციის შემცირებას და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას — რაც აუცილებელი ატრიბუტია დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოსთვის.
ეკონომიკურად, ლატვიის მიერ ევროს 2014 წელს მიღებამ გააღრმავა მისი ინტეგრაცია ევროკავშირის ეკონომიკისადმი. ვალუტის შეცვლამ მოიზიდა ინვესტორები და გაამარტივა ვაჭრობა ევროზონაში. მიუხედავად იმისა, რომ 2008-2009 წლების მძიმე ფინანსური კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ დაწესებული მკაცრი ზომები ქვეყნისთვის მტკივნეული იყო, საბოლოოდ მან ხელი შეუწყო ფისკალური პოლიტიკის გაუმჯობესებას და გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას, რაც ლატვიის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშებშია დოკუმენტირებული. ევროკავშირის მნიშვნელოვან სტრუქტურულ და ინტეგრაციის ფონდებზე წვდომამ ლატვიას საშუალება მისცა, თავისი ეკონომიკა მოდერნიზებული გაეხადა და მძიმე მრეწველობიდან მომსახურებისა და მაღალი ღირებულების მქონე სექტორებისკენ გადასულიყო. ევროკავშირის სახსრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რეგიონული განვითარებისა და ისეთი ძირითადი სექტორების მხარდაჭერისთვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა. ევროკავშირში ინტეგრაციით გამყარებული ეს ეკონომიკური მდგრადობა პირდაპირ აისახა უფრო დიდ ეკონომიკურ სუვერენიტეტში, რამაც შეამცირა მისი დაუცველობა გარე ეკონომიკური ზეწოლის მიმართ და საშუალება მისცა მას ევროზონის სტაბილურობის ფარგლებში დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა განეხორციელებინა.
ესტონეთი — სუვერენიტეტი და გლობალური გავლენა
ესტონეთმა დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა და მალევე დაუჭირა მხარი ევროინტეგრაციას, ვინაიდან აღიარებდა დასავლეთთან ღრმა კავშირის ტრანსფორმაციულ პოტენციალს. 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანებამ და 2011 წელს ევროს ვალუტის მიღებამ ეს შესანიშნავი ტრანსფორმაცია დაასრულა. თუმცა, ესტონეთი მხოლოდ თავისი ინსტიტუტების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით არ შემოიფარგლა — ის ევროკავშირში ციფრული სუვერენიტეტის მცველი გახდა.

ფოტო: PEETER LANGOVITS
რუსეთის საზღვართან მდებარე ესტონეთისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებამ, ნატოში გაწევრიანებასთან ერთად, უსაფრთხოების ურყევი გარანტია უზრუნველყო. ამ ყველაფერმა ესტონეთი კოლექტიური უსაფრთხოების ჩარჩოში მოაქცია, რითაც მოსკოვს მიანიშნა, რომ გავლენის აღდგენის ნებისმიერ მცდელობას ევროპის ერთობლივი ძალა შეეწინააღმდეგებოდა. უსაფრთხოების ეს დივიდენდი გადამწყვეტი იყო, რაც ესტონეთს საშუალებას აძლევდა, თავისი ყურადღება სახელმწიფოს შიდა განვითარებისკენ მიეპყრო და არ ყოფილიყო გარე აგრესიისადმი მუდმივ შიშში. ევროკავშირის ფარგლებში ესტონეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებსა და რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში გავლენიან ხმად იქცა. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მისმა აქტიურმა მონაწილეობამ მისი საერთაშორისო სტატუსი გაცილებით აამაღლა, ვიდრე ამის მიღწევა პატარა სახელმწიფოს მარტო შეეძლო.

ფოტო: Latvian Institution of International Affairs
ევროკავშირის ჩარჩოები ესტონეთს დაეხმარა სამართლებრივი სისტემის მოდერნიზებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ციფრული სახელმწიფოს შექმნაში. ესტონეთი განსაკუთრებული მზაობით შეხვდა კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და სწრაფად განახორციელა რეფორმები ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის დასამყარებლად. ის, რაც ნამდვილად გამოარჩევდა ესტონეთს, იყო მისი მიდგომა ელექტრონული მმართველობის მიმართ. 1990-იანი წლების შუა პერიოდში ვეფხვის ნახტომის პროგრამის მსგავსმა ინიციატივებმა საფუძველი ჩაუყარა სრულად ციფრული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც ადამიანებს სთავაზობდა ყველაფერს ელექტრონული რეზიდენტობიდან დაწყებული ონლაინ ხმის მიცემით დამთავრებული. ციფრული საჯარო სერვისები, ელექტრონული იდენტობა და უსაფრთხო ციფრულ ინფრასტრუქტურაზე ფოკუსირება ესტონეთის ეროვნული სუვერენიტეტის ქვაკუთხედი გახდა. საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ტექნოლოგიების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებით, ესტონეთმა ხელი შეუწყო სამოქალაქო ჩართულობას და ნდობის გაძლიერებას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მისი ციფრული მმართველობის უსაფრთხო, გამჭვირვალე ბუნება, რომელიც გამყარებული იყო ევროკავშირის სამართლებრივი ჩარჩოებითა და კიბერუსაფრთხოებით, მისი თანამედროვე სუვერენიტეტის უნიკალურ გამოხატულებად იქცა. ესტონეთის მდგრადობამ 2007 წლის კიბერშეტევების შემდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან იყო, კიდევ უფრო გაუსვა ხაზი ციფრული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას და მის როლს ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების ინიციატივებში.
ეკონომიკურად, ევროკავშირში ინტეგრაციამ ესტონეთისთვის უზარმაზარი ბაზრები და საინვესტიციო ნაკადები გახსნა. მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2022 წლისთვის 85%-ს გადააჭარბა. ესტონეთის ფიქსირებულმა საგადასახადო სისტემამ და ბიზნესისთვის ხელსაყრელმა გარემომ, ევროკავშირის მნიშვნელოვან სტრუქტურულ ფონდებთან ერთად, სწრაფი ზრდა გამოიწვია და უცხოური ინვესტიციები მიიზიდა. ქვეყანამ ასევე წარმატებით მოახდინა ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია, რამაც კიდევ უფრო შეამცირა რუსეთზე დამოკიდებულება – კრიტიკული ნაბიჯი, განსაკუთრებით 2007 წლის კიბერშეტევების შემდეგ. საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალმა გადაადგილებამ ესტონელ ბიზნესებსა და მოქალაქეებს უპრეცედენტო შესაძლებლობები მისცა, რამაც ხელი შეუწყო ეფექტური ეკონომიკის ჩამოყალიბებას, რომელიც ამჟამად რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია. ამ ეკონომიკურმა სიძლიერემ, თავის მხრივ, გააძლიერა მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და გლობალურ ასპარეზზე ავტონომიურად მოქმედების უნარი.
ევროკავშირის ეფექტი
ევროკავშირის ისტორიული გავლენა ესტონეთზე, ლატვიასა და ლიეტუვაზე წარმოადგენს საერთო სუვერენიტეტის კარგ მაგალითს. ერთი შეხედვით, ზეეროვნულ კავშირში გაწევრიანება გულისხმობს გარკვეული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებების კოლექტიური ინსტიტუტებისთვის დათმობას. თუმცა, ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, სუვერენიტეტის გაერთიანების ეს აქტი აღმოჩნდა ის მექანიზმი, რომლითაც მათი ეროვნული დამოუკიდებლობა არა მხოლოდ შენარჩუნდა, არამედ ფუნდამენტურად გაძლიერდა.
ევროკავშირში წევრობამ უზრუნველყო გეოპოლიტიკური საყრდენი, რომელიც იცავდა მათ განახლებული რუსული ჰეგემონური ამბიციებისგან. მან უზრუნველყო ინსტიტუციური ჩარჩო და მისცა სხვადასხვა რეფორმებს სტიმული, რამაც გაამყარა მათი მყიფე დემოკრატიები და დაამყარა კანონის უზენაესობა. ასევე, ევროკავშირმა უზრუნველყო ამ სახელმწიფოების ეკონომიკური ინტეგრაცია და ფინანსური რესურსები, რამაც მათი სუსტი პოსტსაბჭოთა ეკონომიკა დინამიურ, მდგრად საბაზრო სისტემებად გარდაქმნა, რითაც მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფოების ენერგეტიკული უსაფრთხოება.
არსებითად, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვისთვის ნამდვილი სუვერენიტეტი არ იყო იზოლაციაში. ის ჩამოყალიბდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ კოლექტიურ ძალაში, საერთო ღირებულებებსა და ურთიერთუსაფრთხოებაში. მათი გზა საბჭოთა ჩრდილიდან ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე დასტურია იმისა, რომ ზოგჯერ, მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი თავის დასამკვიდრებლად, ყველაზე სუვერენული ქმედება ერთად დგომის არჩევაა. ქვეყნების ერთგულება კავშირის მიმართ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში, ხაზს უსვამს ევროკავშირში ინტეგრაციის, როგორც სუვერენიტეტის გაძლიერების ღრმა და ეფექტური პროექტის, მდგრად წარმატებას.
კომენტარები