ქართული ოცნების პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

დეპუტატების წინაშე ცვლილებები ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა. გორდულაძის განცხადებით, სამსახურის გაუქმებით პროკურატურა სისხლის სამართლის საქმეებს უფრო ეფექტურად გამოიძიებს და სამსახურის სტატუსის შესახებ "ბუნდოვანება" გაქრება.

"წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ის უფლებამოსილებები, ის საქმეები, რომლის გამოძიებასაც ახორციელებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური გადაეცემა დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს — საქართველოს პროკურატურას, შესაბამისად, სამსახური უქმდება, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ერთის მხრივ, როგორც გამოძიების ეფექტურობას და ზოგადად, სისხლის სამართლებრივი საქმეების წარმართვის ეფექტიანობას, ამავდროულად ის ბუნდოვანება, რომელიც არსებობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსთან დაკავშირებით იქნება აღმოფხვრილი," — განაცხადა გორდულაძემ.

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობაში გადასვლასაც დაუჭირა მხარი.

ახალი კანონპროექტით ოცნების პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური — უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაიქმნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს. ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ასევე დასძინა, რომ ცვლილებების მიუხედავად დაზვერვის სამსახური განსაკუთრებულ კონფიდენციალურობას საჭიროებს და ავტონომიური იქნება.

"ეს საქვეუწყებო დაწესებულება საკმაოდ დიდ ავტონომიურობას ინარჩუნებს, რაც აქედანაც ჩანს, რომ მას კონტინგენტის შერჩევის განსხვავებული წესი ექნება. ეს არ იქნება ერთიანი, უსაფრთხოების სამსახურში მიღების ჩვეულებრივი წესი. ეს საკითხები განსაკუთრებულ კონფიდენციალურობას საჭიროებს და რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ის ავტონომიური იქნება.

ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს უფროსი უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან, ასევე სადაზვერვო საქმიანობის ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და დაამტკიცებს სადაზვერვო დავალებებისა და სადაზვერვო ღონისძიებების გეგმებს. თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, გამოსცემს ნორმატიულ აქტებს.

აქაც ავტონომიურობას მეტყველებს ის, რომ ამ აქტებს დამოუკიდებლად ამ სფეროებში გამოსცემს სააგენტოს უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში," — განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.