არქეოლოგებმა ეგვიპტეში 2 600 წლის ქილა აღმოაჩინეს, რომელიც ოქროს ნაკეთობებით არის სავსე. მასში ღვთაებების ოჯახის იშვიათ სტატუეტსაც მიაგნეს. ვარაუდობენ, რომ მას ამულეტის დანიშნულება ჰქონდა.

ამ საგანძურს გუნდმა კარნაკის ტაძარში მიაკვლია, ლუქსორის (ძველი თებეს) მახლობლად. ის 4 000 წლის წინ ააგეს, მაგრამ მუდმივად ფართოვდებოდა და ახლდებოდა. იქ სხვადასხვა ღვთაებას ეთაყვანებოდნენ, მათ შორის ამუნს, თებეს მთავარ ღვთაებას. აღმოჩენილ ნივთებში, ასევე, ოქროს მძივები, ამულეტები და სხვა ნაკეთობები ნახეს, რასაც ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრო ადასტურებს.

"ქილა კარნაკის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს", — განაცხადა აბდელღაფარ ვაგდიმ, გათხრებში მონაწილე არქეოლოგმა. "ეს ადგილი, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული და საწყობი შენობებისთვის იყო განკუთვნილი".

ფოტო: Egyptian Ministry of Tourism and Antiquities

ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი აღმოჩენა ოქროს სტატუეტია, რომელიც სამ ღვთაებას — ამუნს, მუტსა და ხონსუს ასახავს. ისინი ერთად დგანან და ოჯახს წარმოადგენენ. ამუნი თებეს მთავარი ღვთაება იყო, მისი მეუღლე მუტი კი ქალღმერთი. მესამე გამოსახულება მათი შვილია — ხონსუ, რომელიც მთვარის ღვთაებად მიიჩნევა. მსგავსი ნაკეთობა აქამდეც აღმოუჩენიათ, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მას ამულეტის დანიშნულება ჰქონდა.

"ამულეტზე თებეს სამეულის ეს გამოსახულება ღვთაებების ამ ოჯახისადმი ერთგულებას უნდა გამოხატავდეს", — აღნიშნავს ვაგდი. მისი აზრით, მფლობელს იმედი ჰქონდა, რომ ისინი მას დაიცავდნენ.

"ამუნის, მუტისა და ხონსუს ოქროს სამეული რთული ნაკეთობაა, რომელიც კარნაკის ტაძარს იდეალურად ერგება. სამლოცველო ზუსტად ამ სამი ღვთაების სათაყვანებლადაა აგებული", — ამბობს შელბი ჯასთლი, ეგვიპტოლოგი და პენსილვანიის უნივერსიტეტის ლექტორი.

ქილაში აღმოჩენილი ამულეტებიდან ზოგიერთი ე.წ. უაჯიტის ტიპისაა და თვალის ფორმა აქვს. ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ მას განკურნების ძალა ჰქონდა. "ეს ძვირფასი ნივთები იშვიათ მარაგს ან მალულ ‘განძს’ წარმოადგენს, თუმცა ჯერ კიდევ დაუდგენელია, რატომ მოათავსეს ძვირფასეულობა ქილაში", — აცხადებს პიტერ ბრენდი, ისტორიის პროფესორი მემფისის უნივერსიტეტიდან.

ფოტო: Egyptian Ministry of Tourism and Antiquities

ვაგდი ამბობს, რომ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ძვირფასეულობა შეიძლება ღვთაებებისადმი მიძღვნილი შესაწირი ან ტაძრისთვის გადაცემული საჩუქარი ყოფილიყო. კიდევ ერთი მოსაზრებით, ქილა უბრალოდ პოლიტიკური არეულობის დროს გადამალეს, რათა ნივთები შეენახათ.

"ოქროს ამდენი ლამაზი ნაკეთობის ერთად ნახვა, თანაც ადგილზე, რომელიც საფლავთან არაა დაკავშირებული, იშვიათობაა", — აღნიშნავს ჯასთლი.

სამკაულების ისტორიის მკვლევარმა ჯეკ ოგდენმა აღნიშნა, რომ ისინი დასამარხად იყო შექმნილი და არა ყოველდღიურად სატარებლად. ასევე, იგი არ გამორიცხავს აზრს, რომ ერთ-ერთმა მძარცველმა ოქროულობა ახლო საფლავიდან მოიპარა, თუმცა შემდეგ მისი დამალვა მოუწია.

"ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ განძი ძველი საფლავის მძარცველმა შენახვის მიზნით ტაძარში დამალა, თუმცა მის წასაღებად არასდროს დაბრუნებულა", — განაცხადა ოგდენმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.